ბს-1718-1672 (კ-08) 24 ივნისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (მოსარჩელე; მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ს-ძე (მოპასუხე; მოსარჩელე შეგებებულ
სარჩელში)
დავის საგანი: სარჩელში _ საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება
შეგებებულ სარჩელში _ სააგარაკე კოტეჯის საკუთრებაში
გადაცემა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ 2004 წლის აგვისტოში სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ა. ს-ძის მიმართ და მოითხოვა 1998 წლის 27 თებერვლის ¹სქმდ-5/430 საიჯარო ხელშეკრულების მოშლა, მოპასუხისათვის საიჯარო დავალიანების და ჯარიმის გადახდევინების დაკისრება და მოპასუხის მფლობელობიდან მის მიერ დაკავებული ფართის გამოთხოვა.
ა. ს-ძემ 2005 წლის თებერვალში შეგებებული სარჩელი აღძრა მოპასუხე ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართ, მესამე პირი _ თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის დაბა წყნეთის გამგეობა და მოითხოვა 1998 წლის 27 თებერვლის იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა, საიჯარო ქონების საკუთრებაში გადაცემა, რადგან ბინა მის მიერ მთლიანად გამოსყიდული იყო დაბა წყენეთში, ... ქუჩაზე მდებარე ¹...-ე საცხოვრებელ სააგარაკო კოტეჯზე საერთო ფართით 75,8 კვ. მ.
ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა; დაკმაყოფილდა ა. ს-ძის შეგებებული სარჩელი და დაბა წყნეთში, ... ქუჩაზე მდებარე ¹...-ე საცხოვრებელი სააგარაკო კოტეჯი საერთო ფართობით 75.8 კვ. მეტრი გადაეცა საკუთრებაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა Qქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 7 თებერვლის განჩინებით საქმეში დაბა წყნეთის გამგეობის უფლებამონაცვლედ ჩაება დაბა წყნეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება; ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქ. თბილისის ქონების მართვის დეპარტამენტსა და ა. ს-ძეს შორის 1998 წლის 27 თებერვალს ¹სქმდ-5/430 დადებული საიჯარო ხელშეკრულება; ა. ს-ძეს დაევალა 2328 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში ოდენობით საიჯარო ქირის დავალიანების და ჯარიმის გადახდა.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ს-ძემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 იანვრის განჩინებით ა. ს-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტსა და ა. ს-ძეს შორის 1998 წლის 27 თებერვალს გაფორმდა ¹სქმდ-5/430 საიჯარო ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით დაბა წყნეთში, ... ქუჩაზე მდებარე 75,8 კვ.მ. საერთო ფართის, ¹... საცხოვრებელ სააგარაკო კოტეჯზე, საპრივატიზებო ღირებულებით 3580 აშშ დოლარი. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ა. ს-ძის მიერ საპრივატიზებო ღირებულების 3580 აშშ დოლარის გადახდა და აღნიშნული აღიარებულია ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მთავარი ბუღალტრის ნ. ნ-შვილის მიერ 2007 წლის 21 თებერვალს გაცემული ცნობით. 1998 წლის 27 თებერვლის საიჯარო ხელშეკრულების 2.2 მუხლის თანახმად მოიჯარე ვალდებული იყო გადაეხადა საიჯარო ქირა 358 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხის ოდენობით, ექვს თვეში ერთხელ. ამავე ხელშეკრულების 2.4 პუნქტის მიხედვით მხარეები შეთანხმდნენ, რომ საიჯარო ქირა არ წარმოადგენ იჯარით აღებული ქონების გამოსასყიდს და გამოიყენება მეიჯარის მიერ დადგენილი წესის მიხედვით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ სარჩელის აღძვრამდე ა. ს-ძეს საიჯარო ქირა გადახდილი არ ჰქონია. მან საიჯარო ქირის და ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები სასამართლოში წარმოადგინა საკასაციო საჩივრის შემოტანისას, რომელთა შეფასების შესაძლებლობაც სააპელაციო სასამართლოს საქმის ხელახალი განხილვისას მიეცა. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით კი ა. ს-ძემ 2007 წლის 6 თებერვალს გადაიხადა საიჯარო ქირის სახით გადასახდელი_3680,20 ლარი, 15 თებერვალს კი ჯარიმის სახით_613 ლარი. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მთავარი ბუღალტრის ნ. ნ-შვილის მიერ 2007 წლის 21 თებერვალს გაცემული ცნობის მიხედვით ა. ს-ძეს გადახდილი აქვს საპრივატიზებო ღირებულება: კერძოდ, 1998 წლის 22 იანვარს 473,70 ლარი, ანუ 357 აშშ დოლარი, 2004 წლის 30 დეკემბერს 3100,96 ლარი, ანუ 1703 აშშ დოლარი, 2005 წლის 2 თებერვალს 1363 ლარი, ანუ 750 დოლარი, 2005 წლის 10 იანვარს 1 378, 30 ლარი, ანუ 770 აშშ დოლარი, სულ 3580 აშშ დოლარის შესაბამისი ლარი; საიჯარო ქირა: 2000 წლის 8 მარტს 701, 60 ლარი, ანუ 357 აშშ დოლარი, 2007 წლის 6 თებერვალს _3695,20 ლარი, ანუ 2149 აშშ დოლარი. საპრივატიზებო ღირებულება და საიჯარო ქირა დაფარულია სრულად, 2007 წლის 15 თებერვალს გადაიხადა ჯარიმა 613 ლარი ანუ 358 აშშ დოლარი.
სააპელაციო პალატამ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე და 131-ე მუხლები და უსაფუძვლოდ მიიჩნია სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოთხოვნის ხანდაზმულობის მოტივით, ამავე დროს სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მოპასუხის მიერ აღიარებაზე მითითება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ განჩინების გამოტანისას არ გამოიყენა კანონი, რომლიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, კასატორის აზრით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის საფუძველზე, საქმეში წარდგენილი ქ.თბილსის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ გაცემული ცნობა სასამართლომ არასწორად მიიჩნია სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ 1998 წლის 27 თებერვალს ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტსა და მოქ. ა.სულაძეს შორის გაფორმდა საჯარო ხელშეკრულება, გამოსყიდვის უფლებით დ.წყნეთში, ... ქუჩაზე მდებარე ¹... საცხოვრებელ სააგარაკო კოტეჯზე საერთო ფართით 75,8 კვ.მ, საპრივატიზებო ღირებულებით 3580 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხით ეროვნულ ვალუტაში. ხელშეკრულების 2.2 მუხლის თანახმად “მოიჯარე” ვალდებული იყო გადაეხადა საიჯარო ქირა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში თანაბარწილად. ხელშეკრულების 3.1 მუხლის შესაბამისად ქონების გამოსასყიდი თანხის 51% ა. ს-ძეს უნდა დაეფარა ერთ წელიწადში 1999 წლის 27 თებერვლამდე, ხოლო დარჩენილი ღირებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობით გადაეხადა ყოველწლიურად. ს-ძისათვის ცნობილი იყო მის მიერ ნაკისრი ზემოაღნიშნული ვალდებულებები, მაგრამ იგი თავს არიდებდა მათ შესრულებას.
კასატორმა მიუთითა “სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობათა შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში “მოიჯარე” ღებულობს გაფრთხილებას წერილობითი სახით და ჯარიმდება საიჯარო ქონების საბოლოო ფასის 10%-ით. მოსარჩელეს ¹2-22/249 გაფრთხილება გაეგზავნა 2004 წლის 4 თებერვალს, ხოლო ამავე დებულების III პუნქტის შესაბამისად საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა დაუცველობით გამოვლენილი შემთხვევა განიხილება საიჯარო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ინიციატივად «მეიჯარის” მიერ.
კასატორის განმარტებით, ა. ს-ძის მიერ ვალდებულებები შესრულებული იქნა ხელშეკრულების პირობების მრავალჯერადი დარღვევით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ოქტომბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტსა და ა. ს-ძეს შორის 1998 წლის 27 თებერვალს გაფორმდა ¹სქმდ-5/430 საიჯარო ხელშეკრულება, რომლითაც ა. ს-ძეს იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გადაეცა დაბა წყნეთში, ... ქუჩაზე მდებარე 75,8 კვ.მ. საერთო ფართი, ¹... საცხოვრებელ სააგარაკო კოტეჯი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 10 წლის ვადით, კერძოდ, 1998 წლის 27 თებერვლიდან 2008 წლის 27 თებერვლამდე, აღნიშნული ობიექტის საპრივატიზებო ღირებულებამ შეადგინა 3580 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში; ამ ხელშეკრულებით განისაზღვრა ასევე საიჯარო ქირის გადახდის წესი და პირობები, კერძოდ, საიჯარო ქირის ოდენობა განისაზღვრა მოცემული ობიექტის კონკურსზე დაფიქსირებული საბოლოო საპრივატიზებო ღირებულების 3580 აშშ დოლარის 10 %-ის ოდენობით, ანუ 358 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, ხოლო მისი გადახდა უნდა განხორციელებულიყო ექვს თვეში ერთხელ, წელიწადში ორჯერ, თანაბარწილად. ხელშეკრულების 2.4 მუხლით საიჯარო ქირა არ წარმოადგენს იჯარით აღებული ქონების გამოსასყიდ თანხას და იგი გამოიყენება მეიჯარის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად (ს.ფ.5-7).
ს.ფ.74-ზე წარმოდგენილი ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მთავარი ბუღალტრის ნ. ნ-შვილის მიერ 2007 წლის 21 თებერვალს გაცემული ცნობით ირკვევა, რომ 1998 წლის 27 თებერვალს საიჯარო ხელშეკრულების თანახმად მოიჯარე ა. ს-ძემ იჯარა გამოსყიდვის უფლებით აიღო დ.წყნეთში მდებარე ¹... საცხოვრებელი სააგარაკო კოტეჯი ღირებულებით 3580 აშშ დოლარის შესაბამისი ლარი და წლიური საიჯარო ქირა 358 აშშ დოლარის შესაბამისი ლარი; მას გადახდილი აქვს საპრივატიზაციო ღირებულება: 1998 წლის 22 იანვარს 473, 70 ლარი ანუ 357 აშშ დოლარი, 2004 წლის 30 დეკემბერს 3100 ლარი ანუ 1703 აშშ დოლარი, 2005 წლის 2 თებერვალს 1363 ლარი ანუ 750 აშშ დოლარი, 2005 წლის 10 იანვარს 1378, 30 ლარი ანუ 770 აშშ დოლარი, სულ 3580 აშშ დოლარის შესაბამისი ლარი. 2000 წლის 8 მარტს 701,60 ლარი ანუ 357 აშშ დოლარი, 2007 წლის 6 თებერვალს 3695, 20 ლარი ანუ 2149 აშშ დოლარი, სულ 2005 აშშ დოლარის შესაბამისი ლარი. საპრივატიზაციო ღირებულება და საიჯარო ქირა დაფარულია სრულად, 2007 წლის 15 თებერვალს გადაიხადა ჯარიმა 613 ლარი ანუ 358 აშშ დოლარი. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი ქვითრებითა და სალაროს შემოსავლის ორდერებით დადგენილია ასევე, რომ ა. ს-ძემ 2007 წლის 6 თებერვალს გადაიხადა საიჯარო ქირის სახით გადასახდელი_3,695,20 ლარი, ამავე წლის 15 თებერვალს კი ჯარიმის სახით_613 ლარი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2007 წლის 21 თებერვლისათვის ე.ი. საიჯარო ხელშეკრულების ვადაში ა. ს-ძის მიერ საპრივატიზაციო ღირებულება და საიჯარო ქირა დაფარულია სრულად. 1998 წლის 27 თებერვლის საიჯარო ხელშეკრულების 6.3 მუხლის თანახმად კი საიჯარო ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლება, თუ მოიჯარემ მთლიანად გამოისყიდა საიჯარო ქონება. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს ა. ს-ძის შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.