¹ბს-1719-1673(კ-08) 17 თებერვალი, 2009 წელი
ქ. თბილისი
მიღების ადგილი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2007 წლის 25 აპრილს ბ. მ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ბ. მ-ის აფხაზეთის საომარ მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ, რის საფუძველზეც მოხდებოდა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის გაცემა და კანონით გათვალისწინებული შეღავათების გაცრცელება-აღდგენა (იხ. ს.ფ. 2-4).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 11 ივნისის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი (იხ. ს.ფ. 25-26), ხოლო ამავე სასამართლოს 2007 წლის 25 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩართული ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი სსსკ-ის 86-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში ჩაერთო თანამოპასუხედ (იხ. ს.ფ. 36-37).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით ბ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და მოსარჩელე ბ. მ-ის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის თაობაზე ცნობის გაცემა (იხ. ს.ფ. 43-45).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 50-52).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ბ. მ-ის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა- არმონაწილეობის თაობაზე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში (იხ. ს.ფ. 76-82).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 მარტის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 86-99).
საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 31 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 103-104).
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:
კასატორის მოსაზრებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის «ა» და «გ» ქვეპუნქტების შესაბამისად.
კასატორის მითითებით, «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით სამინისტროს კომპეტენცია დგინდება კანონით ან კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე და ახორციელებს მისი კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საქმიანობას. ამავე კანონის 18.2 მუხლით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის ¹146 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულება.
კასატორის მითითებით, გასაჩივრებული აქტი გამოცემულია მითითებული დეპარტამენტის მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, კერძოდ, თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის ¹146 ბრძანების მე-6 მუხლის «ტ» პუნქტის შესაბამისად, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული ქმედების შედეგად, რაც მისი საარქივო მონაცემების გამოკვლევაში გამოიხატა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა უსაფუძვლოდ მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თავდაცვის სამინისტრომ არ განახორციელა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა და მტკიცებულებათა შეფასება, რადგან დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მისი კომპეტენციის ფარგლებში შემავალი ადმინისტრაციული წარმოების სახე _ საარქივო მასალების გამოკვლევა.
შესაბამისად, კასატორმა უსაფუძვლოდ მიიჩნია სასამართლოს მტკიცება, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ვინაიდან გასაჩივრებული აქტი გამოცემული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის დაცვით, საქართველოს თავადაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აპრილის ¹146 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების მე-6 მუხლის «ტ» პუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის «ზ» ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით.
ამდენად, კასატორის მითითებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებით შებოჭილი ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახეთა გამოყენების დასაშვებობისა და მიზანშეწონილობის დადგენა მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
კასატორს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიაჩნია უკანონოდ, იმ ნაწილში, რომლითაც მას დაევალა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში ბ. მ-ის მონაწილეობა-არმონაწილეობის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია საპროცესო კანონმდებლობა, კერძოდ: სსსკ-ის 105; 377.1 მუხლები, სასკ-ის მე-4 და მე-19 მუხლები, ასევე გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა- სსსკ-ის 393.3 მუხლი.
კასატორის მითითებით სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებანი, ასევე არ გაითვალისწინა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულება დამტკიცდა საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის ¹119 ბრძანებულებით, «საქართველოს მთავრობის, სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის 18.2 მუხლით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების მე-6 მუხლის «ტ» პუნქტით დეპარტამენტის ერთ-ერთი ფუნქციაა მოქალაქეთა განცხადებებისა და დეპარტამენტის საარქივო მასალების საფუძველზე, შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხული პირადი შემადგენლობის საბრძოლო მოქმედებებში შესაძლო მონაწილეობის დადასტურება ან უარყოფა სათანადო ცნობის გაცემით. დეპარტამენტი უფლებამოსილი არ არის გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის «ა-თ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მტკიცებულებათა გამოკვლევის სახეები, რადგან მისი დებულება ცალსახად მიუთითებს, რომ ე.წ. «ყვითელი ცნობის» გაცემა ან უარი მის გაცემაზე უნდა განხორციელდეს მხოლოდ დეპარტამენტის საარქივო მასალების საფუძველზე, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის «ზ» ქვეპუნქტით აგრეთვე მტკიცებულებათა გამოკვლევის ერთ-ერთ სახეს განეკუთვნება.
ამდენად, კასატორის მოსაზრებით, ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უარი «ყვითელი ცნობის» გაცემაზე იმ მოტივით, რომ საარქივო მასალებში არ მოიძებნება კონკრეტული ინფორმაცია, არ შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტად, რადგან დაცულია კანონმდებლობის მოთხოვნები.
კასატორის მითითებით, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია საპროცესო ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, სასამართლოს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად არ უნდა ეცნო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძველზე.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, არ გამოიყენა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 18.07.2001 წლის ¹155 ბრძანება, აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის 1995 წლის ¹144 ბრძანება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 18.07.2001 წლის ¹155 ბრძანების მეორე პუნქტით საბრძოლო მოკვლევა ტარდება სამინისტროსაგან უფლებამოსილი პირების ბრძანების საფუძველზე (მინისტრი, კადრების დეპარატემნტი), ხოლო ამავე ბრძანების მე-15 მუხლით საბრძოლო მოკვლევა უნდა დამტკიცდეს მინისტრის ბრძანებით. კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში არსებული საბრძოლო მოკვლევა არ პასუხობს მითითებული კანონმდებლობის იმპერატიულ მოთხოვნებს.
საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის 1995 წლის ¹144 ბრძანების მე-3 პუნქტი განსაზღვრავს იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომლითაც შეიძლება დადასტურდეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, ხოლო სარჩელზე თანდართული არცერთი დოკუმენტი არ შეესაბამება დასახელებულ ბრძანებას.
ამდენად, კასატორმა მიიჩნია, რომ მითითებული ბრძანებების გამოუყენებლობით სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა სრულიად განსახვავებული გადაწყვეტილება, რაც წარმოადგენს მისი გაუქმების კიდევ ერთ საფუძველს.
თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია სსსკ-ის 394-ე მუხლის «ე» და «ე1» ქვეპუნქტებით.
კასატორის მითითებით, გასაჩივრებული განჩინებიდან უდავოდ დგინდება, რომ სასამართლო განჩინების გამოტანისას დაეყრდნო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლებს. ამავე კოდექსის 4.3 მუხლის «დ» ქვეპუნქტით განსაზღვრულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების გამოყენების განსაკუთრებული წესი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, რაც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით არ არის დასაბუთებული და სახეზეა სსსკ-ის 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტით გათვალისწინებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და გამოიყენა კანონი (სსსკ-ის 393.2 მუხლი) რაც გახდა იურიდიულად დაუსაბუთებელი, არასრული (სსსკ-ის 394 მუხლის «ე», «ე1» პუნქტები) განჩინების გამოტანის საფუძველი.
კასატორის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32.4 მუხლი აქტის ბათილობას ითვალისწინებს, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. თავდაცვის სამინისტრო კი მოქმედებდა თავისი კონმპეტენციის ფარგლებში და 2007 წლის 11 აპრილის ¹2036 ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია შესაბამისი სამართლებრივი აქტების საფუძველზე დადგენილი პროცედურის დაცვით.
ამდენად, კასატორმა მიიჩნია, რომ სახეზეა კანონის არასწორად განმარტების, მისი არასწორად გამოყენების, არასრული და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების ფაქტი (იხ. ს.ფ. 108-114).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.