ბს-1722-1676(2კ-08) 1 აპრილი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – დ. მ-ძე
დავის საგანი – კვების კომპენსაციის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.08წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
27.11.07წ. დ. მ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს. მოსარჩელემ მოპასუხე თავდაცვის სამინისტროსათვის 1985 ლარისა და 19 თეთრის გადახდის დაკისრება მოითხოვა. გარდა ამისა, დ. მ-ძემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ ითხოვდა თავდაცვის სამინისტროსათვის დავალიანების დროულად აუნაზღაურებლობის შედეგად მიყენებული ზიანის, 3000 ლარისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯების 500 ლარის დაკისრებას.
22.01.07წ. დ. მ-ძემ სასამართლო სხდომაზე, თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 28.12.07წ. ¹3-11\10395 ცნობის საფუძველზე, დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და სახელფასო დავალიანების, 1035 ლარისა და 15 თეთრის, სანივთე ქონების კომპენსაციის, 1008 ლარისა და 24 თეთრის, დავალიანების დროულად აუნაზღაურებლობის შედეგად მიყენებული ზიანის, 3000 ლარისა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ხარჯების, 500 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.01.08წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დ. მ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი სახელფასო დავალიანების სახით 1035 ლარისა და 15 თეთრის გადახდა, დ. მ-ძეს უარი ეთქვა დავალიანების დროულად აუნაზღაურებლობის შედეგად მიყენებული ზიანის, 3000 ლარისა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ხარჯის, 500 ლარის ანაზღაურებაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 37.1 მუხლის შესაბამისად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რომელიც მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს, დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 24.10.07წ. ¹9/3403 წერილი და საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 28.12.07წ. ცნობა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას შესაბამის საბიუჯეტო ასიგნებათა არსებობის შემთხვევაში სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, რითაც აღიარებულია მოპასუხის მხრიდან სახელფასო დავალიანების არსებობა. სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, მითითებული გარემოება ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის კანონიერი საფუძველია. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 1341 მუხლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან განთავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანებების დაფარვის წესის შესაბამისად. სახელმწიფო წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების არსებობას აღიარებდა აგრეთვე «საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონით. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის – 1008.24 ლარის ანაზღაურების თაობაზე, სასამართლომ მოთხოვნის ეს ნაწილი ხანდაზმულად მიიჩნია. ამ მოთხოვნის მიმართ, სასამართლოს აზრით, ვრცელდება სკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, ვინაიდან ხსენებული დავალიანება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აგრეთვე შრომის კოდექსისათვის უკუძალის მინიჭება და მის საფუძველზე თანხის დაყოვნებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%-ის ანაზღაურება. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადვოკატის დახმარებისათვის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა, რის გამოც მისი მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებლად მიიჩნია. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებული იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დ. მ-ძის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.08წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დ. მ-ძის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცველელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პიტველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და დ. მ-ძემ. კასატორმა დ. მ-ძემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 08.04.08წ. განჩინების გაუქმება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის თანხის დაკისრებაზე მოსარჩელისათვის უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 11.03.09წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი კვების კომპენსაციის, 572 ლარისა და 89 თეთრის, ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დ. მ-ძის სასარგებლოდ ხელფასის, მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, დაუშვებლად იქნა მიჩნეული აგრეთვე დ. მ-ძის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დ. მ-ძის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის _ 572 ლარისა და 89 თეთრის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; დ. მ-ძის სარჩელი კვების კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
«სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანახმად, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) თანამდებობრივი სარგოს გარდა მიეკუთვნება აგრეთვე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონით არის გათვალისწინებული. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის პერიოდში, «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, იღებს კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის _ ულუფის სახით. კვების კომპენსაცია წარმოადგენს «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 12.3 მუხლით განსაზღვრული სასურსათო ულუფის კომპენსაციას. «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341 მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება. შესაბამისი წლების სახელმწიფო ბიუჯეტების შესახებ კანონებით აღიარებულია წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან _ სასურსათო ულუფისაგან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, ხანდაზულობის გამომრიცხავი კანონმდებლობის ხსენებული ნორმები აღნიშნულ კომპენსაციაზე ვერ გავრცელდება. სამხედრო მოსამსახურეზე სასურსათო ულუფის ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციის გაცემის ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა და ამ ვალდებულების შესრულების მოთხოვნის მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. აღნიშნული ვადა უნდა აითვალოს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუქცევით. საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელეს მისაღები აქვს 1998-2000 წლების კვების კომპენსაცია(ს.ფ. 31). ვინაიდან სარჩელის აღძვრის მომენტისათვის (17.11.07წ.) გასული იყო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, მისი მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის 28.12.07წ., ¹3-11/10395 ცნობა, რომლის თანახმად, 1998-2000 წ.წ. პერიოდში დ. მ-ძის კუთვნილი კვების კომპენსაციის ოდენობა შეადგენს 572 ლარსა და 89 თეთრს, არ წარმოადგენს ვალის აღიარებას. ცნობა ინფორმაციულ ხასიათს ატარებს და ადასტურებს არა მოპასუხის მიერ დავალიანების აღიარებას, არამედ ფაქტს იმის შესახებ, თუ რა თანხა ერგებოდა მოსარჩელეს. ფაქტის და სარჩელის აღიარება არ არის იდენტური ცნებები, ფაქტის აღიარება არის მტკიცებულება, ხოლო სარჩელის აღიარება არის დისპოზიციური პრინციპიდან გამომდინარე განკარგვითი აქტი, ფაქტის აღიარება არ ნიშნავს სარჩელის აღიარებას. რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 24.10.07წ. ¹9/3403 წერილს, ამ წერილით აღიარებულია სახელფასო დავალიანება, რომლითაც არ არის მოცული კვების კომპენსაცია. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება სამინისტროსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის თანხების დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. აღნიშნულის გათვალისწინებით სამინისტროს მოსარჩელე დ. მ-ძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელფასო დავალიანება – 462 ლარი და 26 თეთრი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.08წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.01.07წ. გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დ. მ-ძის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის – 572 ლარის და 89 თეთრის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. არ დაკმაყოფილდეს დ. მ-ძის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კვების კომპენსაციის _ 572 ლარის და 89 თეთრის დაკისრების ნაწილში;
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.01.07წ. გადაწყვეტილების და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.04.08წ. განჩინების კანონიერ ძალაში შესული ნაწილების გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დ. მ-ძის სასარგებლოდ დაეკისროს 462 ლარი და 26 თეთრი (ოთხასსამოცდაორი ლარი და ოცდაექვსი თეთრი);
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.