Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-1724-1678(კ-08) 27 მაისი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავჯდომარე, მომხსენებელი)

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს “...” დირექტორის ა. მ-ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე _ შპს “...” დირექტორ ა. მ-ძის სარჩელის გამო მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ.

სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

შპს “...” დირექტორმა ა. მ-ძემ 2007 წლის ნოემბერში სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრში 2007 წლის 9 ოქტომბერს განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს “...” დირექტორის ა. მ-ძის სასარჩელო განცხადებას დაკმაყოფილებაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზესტაფონის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 9 ოქტომბრის საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ...” დირექტორმა ა. მ-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით შპს “...” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს ...” დირექტორმა ა. მ-ძემ.

საკასაციო პალატამ შპს ...” დირექტორის ა. მ-ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობების შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 5 იანვრის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებით შპს “...” დირექტორ ა. მ-ძეს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. მასვე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 5 იანვრის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება შპს ...” დირექტორ ა. მ-ძეს საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა 2009 წლის 8 იანვარს და ჩაჰბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით 2009 წლის 13 იანვარს. შესაბამისად, კასატორისთვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2009 წლის 14 იანვარს და ამოიწურა ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2009 წლის 20 იანვარს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ სამშაბათი; ხოლო, განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ შპს ,,...” დირექტორმა ა. მ-ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა 2009 წლის 11 მარტს ანუ სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს “...” დირექტორის ა. მ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან შპს ,,...” დირექტორ ა. მ-ძის საქმეზე ლ. მ-ძეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლების, ასევე ამავე კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველად იქნეს დატოვებული შპს ,,...” დირექტორის ა. მ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის განჩინებაზე;

2. ლ. მ-ძეს დაუბრუნდეს შპს “...” დირექტორის ა. მ-ძის საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.