Facebook Twitter

ბს-1725-1679(კ-08) 30 ივნისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ა. შ-ძე, პ. ბ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოს დაცვის ინსპექციის დასავლეთის ცენტრალური ბიურო

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ა. შ-ძემ და პ. ბ-ძემ სარჩელი აღძრეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხე - გარემოს დაცვის ინსპექციის დასავლეთ ცენტრალური ბიუროს მიმართ, რომლითაც მოითხოვეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

საქმის გარემოებები:

2007 წლის 19 სექტემბერს ა. შ-ძე და პ. ბ-ძე იმყოფებოდნენ სოფელ ..., ყვირილას სანაპიროზე, სადაც პირუტყვს აძოვებდნენ. ამ დროს მათთან მივიდნენ გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლები, რომლებმაც აღმოაჩინეს მდინარის პირას დაყრილი სილიკუმმანგანუმი და შეადგინეს სამართალდარღვევათა ოქმი. მოსარჩელეებმა მოაწერეს სამართალდარღვევათა ოქმს ხელი ისე, რომ არ გაუცნობიერებიათ მოსალოდნელი შედეგები. მათ გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებმა განუმარტეს, რომ აღნიშნულ სამართალდარღვევაზე ჯარიმა შეადგენდა 10-15 ლარს. ამასთან, მოსარჩელეებს ეგონათ, რომ აქტს ხელს აწერდნენ როგორც მოწმეები უკანონოდ მოპოვებული სილიკუმმანგანუმის აღმოჩენის შესახებ. 2007 წლის 14 ნოემბერს მოსარჩელეებმა მიიღეს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ და ისინი დაჯარიმდნენ 1100 ლარით.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის დასავლეთ ცენტრალური ბიუროს ზესტაფონის განყოფილების მიერ შედგენილი ¹013960 ოქმი, ასევე შესაბამისი ¹15088 დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ა. შ-ძის მიმართ, ასევე ¹013963 ოქმი და შესაბამისი ¹15090 დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ პ. ბ-ძის მიმართ, უკანონო იყო და ექვემდებარებოდა ბათილად ცნობას, რამდენადაც მოსარჩელეები მიიჩნიეს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ისე, რომ არ გამოუკვლევიათ, ვის მიერ იყო ჩადენილი აღნიშნული სამართალდარღვევა. დადგენილებაში ასევე მითითებული იყო, რომ მოსარჩელეები არ გამოცხადდნენ ადმინისტრაციული საქმის განხილვაზე, რაც სინამდვილეს არ შეეფერებოდა, რამდენადაც მათთვის არავის შეუტყობინებია საქმის განხილვის შესახებ.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები მითითებული არ არის.

საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე გარემოს დაცვის ინსპექციის დასავლეთ ცენტრალური ბიუროს წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ ა. შ-ძე და პ. ბ-ძე უკანონოდ მოიპოვებდნენ სილიკუმმანგანუმს, რისთვისაც შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი. დაინიშნა სამართალდარღვევის საქმის განხილვა, რაც მოსარჩელეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით, მაგრამ ისინი არ გამოცხადდნენ საქმის განხილვაზე. შესაბამისად, დადგენილება მათი დაჯარიმების თაობაზე კანონის დაცვით იყო მიღებული /იხ. სხდომის ოქმი/.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ა. შ-ძისა და პ. ბ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

ოქმის შემდგენის, მოწმის სახით დაკითხულ ა. გ-იანის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2007 წლის 19 სექტემბერს ა. შ-ძე და პ. ბ-ძე სათანადო ნებართვის გარეშე მოიპოვებდნენ სილიკუმმანგანუმის ქერქულ ნარჩენებს, რაზეც შედგა სათანადო ოქმი. საქმეში წარმოდგენილი ¹44/18, ¹43/18 შეტყობინებით დადასტურდა, რომ ა. შ-ძესა და პ. ბ-ძეს ეცნობათ სამართალდარღვევის საქმის განხილვის დღე.

საქალაქო სასამართლომ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601.1 მუხლი და განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილი იყო, თუ იგი ეწინააღმდეგებოდა კანონს ან არსებითად დარღვეული იყო მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. კონკრეტულ შემთხვევაში, დადასტურებული იყო, რომ მოსარჩელეებმა ჩაიდინეს საქართველოს სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, კერძოდ, ისინი მოიპოვებდნენ სილიკუმმანგანუმს სათანადო ლიცენზიის გარეშე. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე სათანადო უფლებამოსილი პირების მიერ შედგა სამართალდარღვევის ოქმები ა. შ-ძის მიმართ - ¹013960 ოქმი და პ. ბ-ძის მიმართ - ¹013963 ოქმი.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252.2 მუხლის თანახმად, 571-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება სავალდებულო იყო და თუ იგი თავს არიდებდა გამოცხადებას, ასეთი პირი შეიძლებოდა იძულებით მოეყვანათ, რაც მოპასუხე მხარეს არ განუხორციელებია, თუმცა, სასამართლოს დასკვნით, კანონით გათვალისწინებული წარმოების დარღვევის შემთხვევაშიც, მოცემულ საკითხზე არ იქნებოდა მიღებული სხვაგვარი გადაწყვეტილება და აღნიშნული დარღვევა არ იყო არსებითი ხასიათის, რის გამოც არ არსებობდა სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები /იხ.ს.ფ. 50-53/.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. შ-ძემ და პ. ბ-ძემ, რომლებმაც მოითხოვეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:

აპელანტების მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონო იყო და ექვემდებარებოდა გაუქმებას. სადავო ოქმების მიღების შემდეგ მოსარჩელეებმა გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ აღნიშნული სილიკუმმანგანუმის ნარჩენები მოპოვებული იყო მათი თანასოფლელის, სოფელ ... მცხოვრები – გ. ქ-ძის მიერ. ამასთან, მათ არავითარი შეტყობინება არ მიუღიათ სამართალდარღვევის საქმის განხილვის თაობაზე. ამდენად, აღნიშნულთან დაკავშირებით, უსაფუძვლო იყო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივაცია /იხ.ს.ფ. 59-68/.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ა. შ-ძისა და პ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება. ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ¹013963 ოქმით დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 19 სექტემბერს ქ. ზესტაფონში, მდინარე ყვირილას სანაპიროზე პ. ბ-ძე სათანადო ნებართვის გარეშე მოიპოვებდა სილიკუმმანგანუმის ქერქულ ნარჩენებს, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა სამართალდარღვევას. ოქმს დაეთანხმა პ. ბ-ძე, რაც დადასტურებულია ხელმოწერით. მითითებული ოქმით ასევე დადასტურდა, რომ ოქმის ერთი ასლი ჩაჰბარდა სამართალდამრღვევს - პ. ბ-ძეს. საქმეში წარმოდგენილი 2007 წლის 19 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, დადასტურებულია, რომ გარემოს დაცვის ინსპექციის დასავლეთის ცენტრალური ბიუროს უფროსმა სპეციალისტმა პ. ბ-ძისაგან მიიღო უკანონოდ მოპოვებული 10 კგ. წიდა. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2007 წლის 5 ნოემბრის ¹15090 დადგენილებით პ. ბ-ძეს დაედო ადმინისტრაციული სახდელი – ჯარიმა 1100 ლარის ოდენობით. საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით დადასტურდა, რომ გარემოს დაცვის ინსპექციის დასავლეთის ცენტრალური ბიუროს მიერ გაგზავნილი გზავნილი პ. ბ-ძეს ჩაჰბარდა 2007 წლის 14 ნოემბერს. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ¹013960 ოქმის თანახმად, 2007 წლის 19 სექტემბერს, ქ. ზესტაფონში, მდინარე ყვირილას სანაპიროზე ა. შ-ძე სათანადო ნებართვის გარეშე მოიპოვებდა სილიკუმმანგანუმის ქერქულ ნარჩენებს, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა სამართალდარღვევას. ოქმს დაეთანხმა ა. შ-ძე, რაც დადასტურებულია ოქმზე თავისივე ხელმოწერით. მითითებული ოქმით ასევე დადასტურდა, რომ ოქმის ერთი ასლი ჩაჰბარდა სამართალდამრღვევს – ა. შ-ძეს. საქმეში წარმოდგენილი 2007 წლის 19 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, დადასტურებულია, რომ გარემოს დაცვის ინსპექციის დასავლეთის ცენტრალური ბიუროს უფროსმა სპეციალისტმა ა. შ-ძისაგან მიიღო უკანონოდ მოპოვებული 10 კგ წიდა. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2007 წლის 5 ნოემბრის ¹15088 დადგენილებით ა. შ-ძეს დაედო ადმინისტრაციული სახდელი – ჯარიმა 1100 ლარის ოდენობით. საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით დადასტურდა, რომ გარემოს დაცვის ინსპექციის დასავლეთის ცენტრალური ბიუროს მიერ გაგზავნილი გზავნილი ა. შ-ძეს ჩაჰბარდა 2007 წლის 14 ნოემბერს.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლის შესაბამისად, წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, იწვევდა დაჯარიმებას ათასიდან ათას ხუთას ლარამდე. ამავე კოდექსის 236-ე მუხლის თანახმად, საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენდა ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზეც დადგინდებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობა ან არარსებობა, პირის ბრალეულობა მის ჩადენაში და სხვა გარემოებები, რომლებსაც მნიშვნელობა ჰქონდათ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. აღნიშნული გარემოებები კი დგინდებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებითა და სხვა დოკუმენტებით. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ უტყუარ მტკიცებულებას წარმოადგენდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, რომლებიც შედგენილი იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასაბუთება იმის შესახებ, რომ საქმეში წარდგენილი ¹44/18 და ¹43/18 შეტყობინებებით დადასტურდა ა. შ-ძისა და პ. ბ-ძისათვის სამართალდარღვევის საქმის განხილვის დღის შესახებ შეტყობინება. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ¹15088 და ¹15090 დადგენილებები მიღებული იყო 2007 წლის 5 ნოემბერს, ხოლო საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ¹44/18 და ¹43/18 შეტყობინებებით, დადასტურდა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოს დაცვის ინსპექციის დასავლეთის ცენტრალური ბიუროს მიერ გაგზავნილი გზავნილები ა. შ-ძესა და პ. ბ-ძეს ჩაჰბარდათ 2007 წლის 14 ნოემბერს. თუმცა აღნიშნული არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო ისეთ არსებით დარღვევად, რომლის არარსებობის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა სადავო აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა /იხ.ს.ფ. 126-133/.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. შ-ძემ და პ. ბ-ძემ და მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:

კასაციის მოტივი:

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი ექვემდებარება გაუქმებას. 2007 წლის 19 სექტემბერს ა. შ-ძე და პ. ბ-ძე იმყოფებოდნენ სოფელ ცხრაწყაროში, მდინარე ყვირილას სანაპიროზე, სადაც პირუტყვს აძოვებდნენ. ამ დროს მათთან მივიდნენ გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლები, რომლებმაც აღმოაჩინეს მდინარის პირას დაყრილი სილიკუმმანგანუმი და შეადგინეს სამართალდარღვევათა ოქმი. მოსარჩელეებმა მოაწერეს სამართალდარღვევათა ოქმს ხელი. მათ განუმარტეს, რომ ისინი ხელს აწერდნენ არა მათ მიერ ჩადენილ სამართალდარღვევაზე, არამედ, როგორც მოწმეები, რომ ინსპექციის მიერ აღმოჩენილ იქნა სამართალდარღვევა. 2007 წლის 14 ნოემბერს მოსარჩელეებმა მიიღეს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ და ისინი დაჯარიმდნენ 1100 ლარით.

კასატორების განმარტებით, მოპასუხე მხარემ ისინი შეიყვანა შეცდომაში. გარკვეული ხნის შემდეგ მათ მიიღეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ¹013863, ¹013960, ¹15088 და ¹15090 ოქმები ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ისე, რომ არც საქმის განხილვის შესახებ შეუტყობინებიათ მათთვის და არც განხილვას დასწრებიან, რაც ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ითვლება არსებით დარღვევად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განჩინება ეწინააღმდეგება კანონს, რაც ზემდგომი სასამართლოს მიერ ექვემდებარება გაუქმებას.

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 28 აპრილის განჩინებით ა. შ-ძისა და პ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. “გ” პუნქტის საფუძველზე /პროცესუალური კასაცია/.

მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი შეპასუხება საკასაციო საჩივართან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების, საქმის მასალების გაცნობისა და ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა. შ-ძისა და პ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაირღვა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393.2, 394 “ე” მუხლების მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, სწორი შეფასება არ მისცა საქმის მასალებს, განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულ და გადაწყვეტილ იქნა საპროცესო ნორმებით დადგენილი მოთხოვნების უგულებელყოფით, სასამართლო აქტი არ შეიცავს დასაბუთებულ მსჯელობას სააპელაციო საჩივრის მოტივებზე, არ არის გაქარწყლებული აპელანტის მოსაზრებები, ისე არის მიჩნეული დაუსაბუთებლად და კანონშეუსაბამოდ.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ¹013963 ოქმის თანახმად, 2007 წლის 19 სექტემბერს ქ. ზესტაფონში, მდინარე ყვირილას სანაპიროზე პ. ბ-ძე სათანადო ნებართვის გარეშე მოიპოვებდა სილიკუმმანგანუმის ქერქულ ნარჩენებს, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა სამართალდარღვევას. ოქმს დაეთანხმა პ. ბ-ძე, რაც დადასტურებულია ხელმოწერით /იხ.ს.ფ. 28/. მითითებული ოქმით ასევე დადასტურდა, რომ ოქმის ერთი ასლი ჩაჰბარდა სამართალდამრღვევს - პ. ბ-ძეს. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2007 წლის 5 ნოემბრის ¹15090 დადგენილებით პ. ბ-ძეს დაედო ადმინისტრაციული სახდელი – ჯარიმა 1100 ლარის ოდენობით /იხ.ს.ფ. 30/. საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით დადასტურდა, რომ გარემოს დაცვის ინსპექციის დასავლეთის ცენტრალური ბიუროს მიერ გაგზავნილი გზავნილი პ. ბ-ძეს ჩაჰბარდა 2007 წლის 14 ნოემბერს /იხ.ს.ფ. 31/. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ¹013960 ოქმის თანახმად, 2007 წლის 19 სექტემბერს, ქ. ზესტაფონში, მდინარე ყვირილას სანაპიროზე ა. შ-ძე სათანადო ნებართვის გარეშე მოიპოვებდა სილიკუმმანგანუმის ქერქულ ნარჩენებს, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა სამართალდარღვევას /იხ.ს.ფ. 32/. ოქმს დაეთანხმა ა. შ-ძე, რაც დადასტურებულია ოქმზე თავისივე ხელმოწერით. მითითებული ოქმით ასევე დადასტურდა, რომ ოქმის ერთი ასლი ჩაჰბარდა სამართალდამრღვევს – ა. შ-ძეს. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს 2007 წლის 5 ნოემბრის ¹15088 დადგენილებით ა. შ-ძეს დაედო ადმინისტრაციული სახდელი – ჯარიმა 1100 ლარის ოდენობით /იხ.ს.ფ. 30/. საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით დადასტურდა, რომ გარემოს დაცვის ინსპექციის დასავლეთის ცენტრალური ბიუროს მიერ გაგზავნილი გზავნილი ა. შ-ძეს ჩაჰბარდა 2007 წლის 14 ნოემბერს /იხ.ს.ფ. 35/.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სსსკ-ის 105.2. მუხლის მოთხოვნები, რომლის მიხედვით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემული საქმის განხილვისას სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის მასალები, დადგენილად მიჩნეული გარემოებები არ ჰპოვებს დადასტურებას შესაბამისი მტკიცებულებებით, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს კი არ მიეცა ობიექტური შეფასება, შესაბამისად, სასამართლოს დასკვნები სრულიად დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.

სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე მთელი რიგი გარემოებები, კერძოდ, სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ საქმეში წარმოდგენილ 2007 წლის 19 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტებს, რომლის თანახმად გარემოს დაცვის ინსპექციის დასავლეთის ცენტრალური ბიუროს უფროსმა სპეციალისტმა პ. ბ-ძისაგან მიიღო უკანონოდ მოპოვებული 10 კგ წიდა /იხ.ს.ფ. 29/, ასევე გარემოს დაცვის ინსპექციის დასავლეთის ცენტრალური ბიუროს უფროსმა სპეციალისტმა ა. შ-ძისაგან მიიღო უკანონოდ მოპოვებული 10 კგ წიდა /იხ.ს.ფ. 33/.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით, ოფიციალობის პრინციპის საფუძველზე მოიპოვოს მტკიცებულებებები, რათა სარწმუნოდ იქნეს დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, ნამდვილად მოსარჩელეების მიერ მოხდა თუ არა სამართალდარღვევის ჩადენა _ სათანადო ნებართვის გარეშე სილიკუმმანგანუმის ქერქული ნარჩენების მოპოვება. სააპელაციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს აპელანტების მიერ დასახელებული პირის გ. ქ-ძის მოწმედ დაკითხვა სსსკ-ის XVIII თავის შესაბამისად, სასამართლოს გამოძახებული ჰყავდა იგი მოწმედ /იხ.ს.ფ. 25/, მაგრამ მისი არ გამოცხადება /იხ.ს.ფ. 44/, არ შეფასებულა სასამართლოს მიერ სსსკ-ის 145-ე მუხლით განსაზღვრულ მოწმის მოვალეობის შეუსრულებლობად და სასამართლოს არ შეუფარდებია კანონით გათვალისწინებული სანქცია. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აპელანტთა მთავარი არგუმენტი სამართალდარღვევაში მათი არაბრალეულობის დასამტკიცებლად იყო სწორედ გიორგი ქებაძის, როგორც ლიცენზირებული პირის მიერ სილიკუმმანგანუმის მოპოვება სწორედ ამ ტერიტორიაზე. შესაბამისად, სასამართლო დავის სამართლიანად და კანონიერად გადაწყვეტას სწორედ ამ მტკიცებულების /გ. ქ-ძის ჩვენება/ გამოკვლევა და ობიექტური შეფასება განაპირობებს. ამასთან, სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა გამოითხოვოს მტკიცებულებები და სარწმუნოდ დაადგინოს ქ. ზესტაფონში, მდინარე ყვირილას სანაპიროზე, სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე, არის თუ არა საერთოდ გაცემული ლიცენზია _ ნებართვა, რომელიმე ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, სილიკუმმანგანუმის ქერქული ნარჩენების მოპოვებაზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული დავის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-დადგენის კანონისმიერი ვალდებულება, კერძოდ, არ გამიჯნა უდავო და სადავო ფაქტები. მსჯელობის დიდი ნაწილი მიუძღვნა უდავო ფაქტების დადგენას, ხოლო სადავო ფაქტების მიმართ, ძირითადი სადავო ფაქტობრივი გარემოება საერთოდ გამოუკვლეველი დატოვა. ადმინისტრაციული წარმოების სტადიაზე პროცედურული დარღვევა ისე შეაფასა არაარსებითად, რომ არ დაუსაბუთებია, რამ გამოიწვია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პროცედურული მოქმედების იგნორირება და რაში გამოიხატება დარღვევის არაარსებითი ხასიათი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა წარმოადგენს სამართალდარღვევის შედარებით მსუბუქ ფორმას და მისი ჩადენისას გათვალისწინებულია პასუხისმგებლობის ადეკვატურად ნაკლებად მკაცრი ზომები. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ეს სახე არ არის დაკავშირებული ადამიანის თავისუფლების მკაცრ შეზღუდვასთან, არ იწვევს ნასამართლობასა და სხვა იმგვარად მძიმე შედეგს, რომელიც დგება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში და სასჯელის შეფარდების დროს.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევები საქართველოში მოწესრიგებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩამდენს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-6 მუხლით ადმინისტრაციულ გადაცდომად მიჩნეულია ქმედება, რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამავე კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრულია თუ რომელი ადმინისტრაციული სახდელების სახეები შეიძლება დაეკისროთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.

საკასაციო სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ წიაღით სარგებლობა, სათანადო ლიცენზიის გარეშე, იწვევს დაჯარიმებას ათასიდან ათას ხუთას ლარამდე. ამავე კოდექსის 236.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზეც დადგინდებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობა ან არარსებობა, პირის ბრალეულობა მის ჩადენაში და სხვა გარემოებები, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, ეს მონაცემები დგინდება შემდეგი საშუალებებით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტებებით, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით... და სხვა დოკუმენტებით. ამასთან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ უტყუარ მტკიცებულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო პროცედურების ჩაუტარებლობა არღვევს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ მოთხოვნას პროცედურული დემოკრატიის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის ხარისხი თავის მხრივ, უზრუნველყოფს სახელმწიფოს ქვეშევრდომების კანონიერ მოლოდინს _ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მმართველობის განხორციელება კანონიერების პრინციპის საფუძველზე, რასაც ადმინისტრაციულ სამართალში კანონიერი ნდობის უფლება ეწოდება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს წარმოადგენს კანონიერი ნდობა.

კანონიერი ნდობის უფლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს, რადგან ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობას თავისი არსით სუბორდინაციული ხასიათი გააჩნია. კანონიერი ნდობის უფლება იცავს პირს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომის და მომავალში განსახორციელებელი მოქმედების შეუსრულებლობისაგან. აღნიშნული ინსტიტუტის სრულფასოვანი დამკვიდრება უზრუნველყოფს მმართველობის კანონიერებას, სტაბილურობას, მის ავტორიტეტს საზოგადოებაში.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენა და დამრღვევის დასჯა ემსახურება მმართველობის კანონიერებას, საჯარო წესრიგს, ხოლო პროცედურული მოქმედებების ჩატარების ვალდებულება _ კერძო ინტერესის _ ადამიანის უფლების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფას. ასეთის იგნორირების პირობებში ირღვევა ადმინისტრაციული სამართლის ასევე უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი _ კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1. მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.

საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 252.1 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ის გარემოება, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ¹15088 და ¹15090 დადგენილებები მიღებულია 2007 წლის 5 ნოემბერს, ხოლო ¹44/18 და ¹43/18 შეტყობინებებით საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ, დადასტურდა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოს დაცვის ინსპექციის დასავლეთის ცენტრალური ბიუროს მიერ გაგზავნილი გზავნილები ა. შ-ძესა და პ. ბ-ძეს ჩაჰბარდათ 2007 წლის 14 ნოემბერს /იხ.ს.ფ. 31, 35/, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით არ წარმოადგენს არსებით პროცედურულ დარღვევას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს ზემომოყვანილი კანონის იმპერატიული დანაწესის სწორი ინტერპრეტაციიდან. ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაში დამრღვევის მოწვევის ვალდებულება უზრუნველყოფს პირის უფლებას ისარგებლოს საპროცესო უფლებებით და მათი მეშვეობით დაიცვას თავისი მატერიალური უფლებები. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში პირის პროცედურული უფლებების, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს პროცედურული ვალდებულებების სასამართლოს ამგვარი შეფასება ადმინისტრაციული წარმოების ინსტიტუტის მნიშვნელობისა და როლის დაკნინებას გამოიწვევს. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობა ნიშნავს მის ხელმისაწვდომობას და პირის კონსტიტუციურ უფლებათა გარანტირებულ სარგებლობას.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებს არ მიეცათ შესაძლებლობა, ესარგებლათ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებებით, რასაც სააპელაციო სასამართლომ ობიექტური და მიუკერძოებელი შეფასება უნდა მისცეს საქმის ხელახალი განხილვისას.

საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციით დადგენილი ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალიზაცია მნიშვნელოვნად არის განპირობებული სასამართლო ხელისუფლების როლით, სასამართლოს მიერ ობიექტური, მიუკერძოებელი და კვალიფიციური მართლმსაჯულების განხორციელებით, ვინაიდან სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას _ მართლმსაჯულებას, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ეს მოიცავს არა მხოლოდ კონკრეტული კონფლიქტების (დავები) გადაწყვეტას, არამედ, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა საქმიანობაზე სასამართლო კონტროლის განხორციელებას.

სასამართლო კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებებზე უზრუნველყოფს დარღვეული უფლების აღდგენას, კანონის უზენაესობის დამკვიდრებას, ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ნორმებით მკაცრად რეგლამენტირებულ ჩარჩოში მოქცევას, ეფექტური დაცვის რეალიზაციას და ა.შ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მიუკერძოებელ, ობიექტურ და სამართლიან ადმინისტრაციულ მართლმსაჯულებას უდიდესი როლი გააჩნია საქართველოს, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნაში, მეტიც, ეფექტიანმა მართლმსაჯულებამ შეუქცევადი უნდა გახადოს ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება და ადამიანის უფლებების პატივისცემა, მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების სამართლით ბოჭვა, სახელმწიფო ინსტიტუტების ავტორიტეტის და ნდობის, ეროვნული სახელმწიფოს განცდის ხარისხის ამაღლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 412.2 მუხლის შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც, სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. ამდენად, სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემომითითებული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.4. მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები უნდა გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 257-ე, 372-ე, 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. შ-ძისა და პ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.