ბს-1729-1683(2კ-08) 26 მარტი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრისა (საგადასახადო ინსპექციის) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 18 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ინდივიდუალურმა მეწარმეებმა “უ.-მ” და “გ.-მ” მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებით ითხოვდნენ ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 31 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის (ინდმეწარმე “გ.-ის” მიმართ) ნაწილობრივ ბათილად ცნობას, მიითებული აქტით დარიცხული გადასახადის 35726.25 ლარის 2667.50 ლარამდე შემცირებასა და ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 31 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის (ინდმეწარმე “უ.-ის” მიმართ) ნაწილობრივ ბათილად ცნობასა და აქტით დარიცხული 9978.12 ლარის 900 ლარამდე შემცირებას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 19 მაისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ინდმეწარმე “გ.-ისა” და ინდმეწარმე “უ.-ის” სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 31 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი ინდმეწარმე “გ.-ის” მიმართ და ამ აქტით დარიცხული გადასახადი 35 726,25 ლარი შემცირდა 8267,92 ლარამდე; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 31 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი ინდმეწარმე “უ.-ის” მიმართ და ამ აქტით დარიცხული 9978,12 ლარი შემცირდა 2500 ლარამდე.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებას საგადასახადო შემოწმების აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ქუთაისის საგადასახადო ინსპექციაზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და საქმეზე ახალი გადაწყვეტილებით აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის წარმომადგენელმა დააზუსტა სააპელაციო საჩივრის განაცხადი და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებისა და მისი წინმსწრები ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 მაისის განჩინების გაუქმება და სარჩელის დასაშვებობის შესამოწმებლად საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება, 2006 წლის 4 მაისის განჩინება და საქმე სარჩელის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ინდმეწარმეებმა _ “გ.-მ” და “უ.-მ”.
კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ინდივიდუალური მეწარმე “გ.-ის” ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის განჩინება უცვლელად დარჩა ინდივიდუალური მეწარმე “გ.-ის” სარჩელთან დაკავშირებით დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად ქუთაისის საქალაქო სასამართლოსათვის საქმის დაბრუნების ნაწილში; ხოლო საკასაციო საჩივარი ინდივიდუალური მეწარმე “უ.-ის” ნაწილში დაკმაყოფილდა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 24 ოქტომბრის განჩინება გაუქმდა ინდივიდუალური მეწარმე “უ.-ის” სარჩელის დასაშვებობის შესამოწმებლად ქუთაისის საქალაქო სასამართლოსათვის საქმის დაბრუნების ნაწილში და ინდივიდუალური მეწარმე “უ.-ის” ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად სარჩელის დასაშვებობის სტადიიდან დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
მითიებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ ,,უ.-მ”.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ივნისის განჩინებით ი/მ ,,უ-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ოქტომბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება ი/მ “უ.-ის” ნაწილში და ი/მ ,,უ.-ის” სარჩელის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს; საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 31 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობის ნაწილში ი/მ ,,უ.-ის” მიმართ და ამ აქტით დარიცხული 9 978,12 ლარის 2500 ლარამდე შემცირების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი/მ ,,უ.-ის” სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 31 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი ი/მ ,,უ.-ის” მიმართ, ამ აქტის საფუძველზე 2006 წლის 28 თებერვალს გაცემული ¹6 საგადასახადო მოთხოვნა და ამ აქტით დარიცხული 9978,12 ლარი შემცირდა 4500 ლარამდე; ი/მ ,,უ.-ის” სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება ქუთაისის საგადასახადო ინსპექციისათვის ი/მ ,,უ.-ის” სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევრის დაკისრების ნაწილში დარჩა უცვლელად.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ) და საქართველოს ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა.
კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების ი/ მ ,,უ.-ის” მიმართ 2005 წლის 31 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული 2006 წლის 28 თებერვლის ¹6 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობასა და ამ აქტით დარიცხული 9978, 12 ლარის 4500 ლარამდე შემცირების ნაწილში და ქუთაისის რეგიონალური ცენტრისათვის (საგადასახადო ინსპექციისათვის) სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის), ხოლო ამავე სასამართლოს 2009 წლის 16 იანვრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები. მხარეებს მიეცათ უფლება, ზემოაღნიშნული განჩინებების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრისა (საგადასახადო ინსპექციის) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მოსაზრებებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვეს მათი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, საკასაციო საჩივრებს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრისა (საგადასახადო ინსპექციის) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვათ განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურ ცენტრსა (საგადასახადო ინსპექციას) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვათ საკასაციო საჩივრების განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.