ბს-1731-1685(კ-08) 9 მარტი, 2009 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა
კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე, მომხსენებელი _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე ა. ჭ.-ის სარჩელის გამო გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2008 წლის 30 დეკემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1731-1685(კ-08) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივრით განსახილველად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 31 დეკემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 მუხლის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საკასაციო საჩივრით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი (კასაციის მიზეზი) და არ შეიცავდა დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობა.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ასევე არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 396.2 მუხლის მოთხოვნას, რადგან საკასაციო საჩივარს ხელს აწერდა შ. ჭ.-ე, მაგრამ საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სსსკ-ის 98.1 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, შედგენილი შ. ჭ.-თვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი და ასეთი არც საქმეში იყო წარმოდგენილი. შესაბამისად, მითითებული ხარვეზის შესავსებად კასატორს მიეცა საპროცესო ვადა 10 დღე (იხ. ს.ფ. 120-121).
ხარვეზის შევსების მიზნით, 2009 წლის 27 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარმა სამმართველომ მომართა საკასაციო სასამართლოს და წარმოადგინა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი (იხ. ს.ფ. 126-139).
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 4 თებერვლის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა და დაევალა წარმოედგინა წერილობითი დადასტურება იმის თაობაზე, თუ როდის იქნა შეტანილი ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი საფოსტო განყოფილებაში (იხ. ს.ფ. 140-143).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორს საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 31 დეკემბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე, რაც გაგრძელებულ იქნა 2009 წლის 4 თებერვლის განჩინებით 5 დღით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 31 დეკემბრის განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კასატორს _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ჩაჰბარდა 2009 წლის 12 იანვარს /ს.ფ. 125/, ხარვეზის შევსების მიზნით კი, კასატორმა საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოში შემოიტანა 2009 წლის 27 იანვარს. ამასთან, საკასაციო საჩივარს დართული ჰქონდა კონვერტი, მაგრამ მასზე არ იყო მითითებული საფოსტო განყოფილებაში საკასაციო სასამართლოსათვის განკუთვნილი გზავნილის შეტანის თარიღი. ცდომილების თავიდან აცილების მიზნით, საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 4 თებერვლის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 5 დღით და დაევალა წარმოედგინა წერილობითი დადასტურება იმის თაობაზე, თუ როდის იქნა შეტანილი საკასაციო საჩივარი საფოსტო განყოფილებაში.
საკასაციო სასამართლოს მითითებული განჩინება კასატორს სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაჰბარდა 7 თებერვალს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით (იხ. ს.ფ. 146), მაგრამ კასატორმა ხარვეზი არ შეავსო და წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის არ მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396.3, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.