Facebook Twitter

ბს-1733-1687(კ-08) 5 იანვარი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე პაატა სილაგაძე

საკასაციო სასამართლო გაეცნო ს. გ-ის წარმომადგენლების _ მ. კ-სა და ე. მ-ის საკასაციო საჩივარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივლისის განჩინებაზე და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით, ვინაიდან არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის მოთხოვნებს. საქმის მასალებიდან, კერძოდ, გზავნილების ჩაბარების შესახებ საფოსტო შეტყობინებიდან (შპს “....”) ირკვევა, რომ ს. გ-ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ივლისის განჩინების ასლის შემცველი გზავნილი პირადად ჩაჰბარდა 2008 წლის 5 აგვისტოს (ს.ფ. 177), რაც დასტურდება ამავე გზავნილზე მითითებული თარიღითა და ს. გ-ის ხელმოწერით. აღნიშნული გარემოება ასევე დასტურდება შპს “სკს-ს” 2008 წლის 31 ოქტომბრის პასუხით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსადმი (ს.ფ. 186). ს. გ-ის წარმომადგენლებმა _ მ. კ-მ და ე. მ-მ აღნიშნულ განჩინებაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საკასაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით შეიტანეს 2008 წლის 29 ნოემბერს, რაც დასტურდება საფოსტო კონვერტზე (ს.ფ. 210) დასმული თარიღით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის მესამე წინადადების თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი _ წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის მესამე წინადადების შესაბამისად, ს. გ-ის საკასაციო საჩივარი შემოტანილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ერთთვიანი ვადის გადაცილებით, რადგან ხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადა მისთვის ამოიწურა 2008 წლის 5 სექტემბერს (პარასკევი), აღნიშნული ნაწილის ნორმის თანახმად კი, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. გ-ის წარმომადგენლების _ მ. კ-სა და ე. მ-ის საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, რის გამოც იგი უნდა დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 397-ე, 401-ე მუხლებით და

Dდ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ს. გ-ის წარმომადგენლების _ მ. კ-სა და ე. მ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის მოტივით;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.