Facebook Twitter
ბს-1734-1688(კ-08)

ბს-1734-1688(კ-08) 15 აპრილი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ჯ-ავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. ჯ-ავამ 30.04.08წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 20.03.08წ. ¹14-14-26/795 წერილის ბათილად ცნობა და გაუცემელი სახელფასო დავალიანების – 13425 ლარისა და 62 თეთრის ანაზღაურება მოითხოვა.

საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს ნ. ჯ-ავამ სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა და საბოლოოდ 8589,62 ლარის, მათ შორის, 1998-2003 წლების სახელფასო დავალიანების – 609,92 ლარისა და 2005-2007 წლების იძულებითი განაცდურის – 7989,70 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.07.08წ. განჩინებით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო შეიცვალა სათანადო მოპასუხით - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოთი და საქმე განსახილველად დაექვემდებარა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 29.08.08წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალურ სამმართველოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 8598,92 ლარის დავალიანების ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალურმა სამმართველომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.08წ. გადაწყვეტილებით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 29.08.08წ. გადაწყვეტილება ნ. ჯ-ავასათვის იძულებითი განაცდურის – 7898,70 ლარის ანაზღაურების ნაწილში, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალურ სამმართველოს დაევალა ნ. ჯ-ავასთვის 01.12.05 წლიდან იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მისი სამსახურიდან გათავისუფლების დროისთვის არსებული საშტატო ნუსხით დადგენილი თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით, სახელფასო დავალიანების – 609, 92 ლარის ანაზღაურების ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.08წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ჯ-ავამ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით 8598,92 ლარის დავალიანების საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოსთვის დაკისრება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჯ-ავას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. ჯ-ავას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ჯ-ავას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.