¹ბს-176-170 (კ-09) 21 ივლისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, წარმომადგენელი მ. მ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ შპს «...», წარმომადგენელი ა. კ-შვილი
მესამე პირები: 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, წარმომადგენელი კ. ლ-ძე
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი, წარმომადგენელი ს. კ-ძე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივნისის განჩინება
სარჩელის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 10 ივლისს შპს «...» სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო «აღმოსავლეთის», საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო «აღმოსავლეთის» 2006 წლის 17 აპრილის ¹11-1146 საგადასახადო მოთხოვნისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2006 წლის 12 ივნისის ¹07-15/12700 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
მოსარჩელის მტკიცებით, საგადასახადო მოთხოვნა ემყარებოდა შემდეგ მოტივებს: შპს «...» მიერ დაგვიანებით, 2006 წლის 10 აპრილს მოხდა ¹2341, 2342, 2343 დეკლარაციების წარდგენა და გადასახადების გადახდა.
ავსტრიული კომპანიის მიერ 2006 წლის იანვარ-თებერვალში სარეალიზაციოდ გაგზავნილი სხვადასხვა დასახელებისა და ასორტიმენტის ძეხვით დატვირთული ავტომანქანები ნატახტარში შევიდნენ შესაბამისად 2006 წლის 22 თებერვალს, 2006 წლის 3 მარტს და 2006 წლის 16 მარტს ტვირთის განბაჟების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ შპს «...» - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს, საბაჟო «ნატახტარს» ტვირთის თითოეული პარტიის შემოსვლისთანავე დაუყოვნებლივ წარუდგინა შესული საქონლის საბაჟო გაფორმებისათვის აუცილებელი ყველა დოკუმენტაცია, მას ტვირთი 2006 წლის 10 აპრილამდე არ განუბაჟებია. გაჭიანურებული განბაჟების აღმოფხვრის მიზნით შპს «...» არაერთი წერილით მიმართა საბაჟო დეპარტამენტის უფროსს, თუმცა მას არავითარი რეაგირება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით არ მოუხდენია. მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლის 23 თებერვალს საბაჟო დეპარტამენტისა და ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ გახსნილ იქნა ავტომანქანა-მაცივარი სარეგისტრაციო ნომრით 33 7007/432 (პირველი პარტია) და 10 სახეობის ძეხვიდან მოხდა სხვადასხვა რაოდენობის სინჯების აღება გამოკვლევისათვის, ერთი ეგზემპლარი გაიგზავნა ვეტერინარიის დეპარტამენტის საქართველოს ვეტერინარული დიაგნოსტიკისა და ექსპერტიზის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიაში, მეორე გადაეცა მოსარჩელეს, ხოლო მესამე დარჩა ავტომანქანაში. მიუხედავად არაერთგზის წერილობითი მოთხოვნისა, შეფერხდა ასევე საქონლის ვეტერინალური შემოწმება და შესაბამისი დასკვნის გაცემა, რამაც ხელი შეუშალა ასევე განბაჟების პროცედურას. ამის შემდეგ, შპს «...» 2006 წლის 31 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს საბაჟო დეპარტამენტის წინააღმდეგ საქონლის განბაჟების მოთხოვნით.
მოსარჩელის მტკიცებით, ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ დროული განუბაჟებლობა მოხდა საბაჟო დეპარტამენტის ბრალით, ფინანსური პოლიციის უფროსის 2005 წლის 27 დეკემბრის ¹26-1/3642 წერილობით დავალებაზე დაყრდნობით, მასზე არ გაიცა საქონლის შიდა საბაჟო ტრანზიტის ფორმა ¹1, რაც აუცილებელი იყო დეკლარაციის შევსებისათვის, ამის გამო დეკლარანტმა უარი განაცხადა დეკლარაციის შევსებაზე. წარმოშობილი პრობლემის გადაწყვეტა რეალურად მოხერხდა მხოლოდ 2006 წლის 10 აპრილს.
მოსარჩელე _ შპს «...» 2006 წლის 02 აგვისტოს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის თაობაზე, მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო «აღმოსავლეთის» და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ და საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის განუბაჟებლობით მიღებული როგორც ფაქტობრივი დანაკლისის _ ზიანის, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით 255 874 ლარის დაკირება მოითხოვა. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ შპს «...» მიერ ტვირთის განუბაჟებლობით გამოწვეული ზიანი შეადგენს კვების პროდუქტების შენახვისათვის ტემპერატურული რეჟიმის შესანარჩუნებლად შეძენილი საწვავის ღირებულებას _ 11 283 ლარს, ა/მანქანების მოცდენისათვის გადახდილ ჯარიმას _ 49 585 ლარს და საბაჟო ტერმინალში ა/მანქანების დგომისათვის სატერმინალო მომსახურეობისათვის გადახდილ თანხას _ 1695 ლარს. რაც შეეხება მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილ ზიანს, გამოწვეულია საქონლის განუბაჟებლობის გამო შპს-ს მუშაობის შეჩერებით და საქონლის ტერმინალში დაკავებულ 47 დღეზე შეადგენს 193 311 ლარს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით შპს «...» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რეგიონალური საბაჟო «აღმოსავლეთის» 2006 წლის 17 აპრილის 11-1146 საგადასახადო მოთხოვნა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2006 წლის 12 ივნისის ¹07-15-12700 გადაწყვეტილება. მოპასუხეებს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რეგიონალურ საბაჟო «აღმოსავლეთს» და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტს დაეკისრათ მიყენებული ზიანის 62 563 ლარის ანაზღაურებს შპს «...» სასარგებლოდ. მოსარჩელის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის _ 19334 ლარის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად სცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2006 წლის 24 თებერვალს შპს «...» დირექტორმა წერილით მიმართა საბაჟო დეპარტამენტის უფროსს და მოითხოვა შპს «...» საქონლის დროული განბაჟება. 2006 წლის 16 მარტის ¹3/14 წერილით შპს «...» დირექტორი საბაჟო დეპარტამენტის უფროსს სთხოვდა საქონლის განუბაჟებლობის შემთხვევაში ნება დაერთოთ მოეხდინათ პროდუქციის უკან გაგზავნა ავსტრიის რესპუბლიკაში. 2006 წლის 31 მარტს წარდგენილი სარჩელით შპს «...» ითხოვდა საბაჟო დეპარტამენტის დავალდებულებას, განეხორციელებია 3 ა/მანქანა-მაცივრით შემოტანილი ძეხვის განბაჟებისათვის აუცილებელი საბაჟო გაფორმება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის 2005 წლის 27 დეკემბრის ¹26-1/3642 წერილით ფინანსური პოლიცია ითხოვდა შპს «...» ხელმძღვანელ პირთა მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიებისას გამოვლენილი გარემოებების დადასტურების მიზნით საბაჟოს მიერ ადგილზე შემოწმებულიყო ავსტრიული ფირმიდან შემოტანილი პროდუქციის სტანდარტებთან შესაბამისობა. შპს «...» 2006 წლის 17 აპრილს წარედგინა ¹11-1146 საგადასახადო დავალება საბაჟო დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისა და საბაჟო გადასახადების დაგვიანებით გადახდის გამო 4905,03 ლარზე. შპს «...» შესაგებელი 17.04.2006 წლის ¹11-1146 საგადასახადო მოთხოვნაზე საბაჟო «აღმოსავლეთის» მიერ არ დაკმაყოფილდა, რაც მხარის მიერ გასაჩივრებულ იქნა საბაჟო დეპარტამენტში. საბაჟო დეპარტამენტში საქმის ზეპირი მოსმენისას მხარეს მიეცა საკუთარი მოსაზრებების და დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოკვლეულ იქნა საჩივრის ავტორის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მას 2006 წლის 22 თებერვალს საბაჟო გაფორმების ჯგუფის მთავარმა ინსპექტორმა არ გადასცა შიდა საბაჟო ტრანზიტის ფორმა ¹1 და ხელი შეუშალა დეკლარანტის მიერ დეკლარაციის დროულად შევსებას. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოსმენილ იქნა ასევე მოწვეულ პირთა ახსნა-განმარტებები. აღნიშნულის საფუძველზე, საბაჟო დეპარტამენტის 25.05.2006 წლის ¹15/14157 გადაწყვეტილებით შპს «...» საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან მიჩნეულ იქნა, რომ საბაჟო ორგანოების მხრიდან შპს «...» ტვირთის დეკლარირებისას რაიმე დაბრკოლება არ შექმნია და დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენა გამოწვეული იყო მხარის წარმომადგენლების ბრალით. საბაჟო დეპარტამენტმა გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ საგადასახადო მოთხოვნის გაცემისას დარღვეული იყო საგადასახადო კოდექსის 127-ე და 128-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ შედგენილი არ იყო სამართალდარღვევის ოქმი და საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გაფორმებული არ იყო ბრძანებით, რაც არ წარმოადგენდა კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, შპს «...» მიმართ საგადასახადო სანქციის გამოყენება მიჩნეულ იქნა მართლზომიერად. ასევე კანონიერად იქნა მიჩნეული საურავის დარცხვა საგადასახადო კოდექსის 129-ე მუხლის საფუძველზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული 17.04.2006 წლის ¹11-1146 საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისას დარღვეული იყო საგადასახადო კოდექსის 52-ე, მე-80 და 127-ე მუხლები, ვინაიდან საქმეზე შედგენილი არ იყო სამართალდარღვევის ოქმი, არ იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც გამოცემული უნდა ყოფილიყო ბრძანების სახით. რეგიონალური საბაჟო «აღმოსავლეთის» 17.04.2006 წლის ¹11-1146 საგადასახადო მოთხოვნისა და საბაჟო დეპარტამენტის 2006 წლის 12 ივნისის ¹07-15-12700 გადაწყვეტილების მიღებისას შესწავლილი არ იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რითაც დარღვეული იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 96-ე მუხლის მოთხოვნები, რაც ამავე კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმოადგენდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების _ საბაჟო დეპარტამენტის 17.04.2006 წლის ¹11-1146 საგადასახადო მოთხოვნის და საბაჟო დეპარტამენტის 2006 წლის 12 ივნისის ¹07-15-12700 გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ აუდიტორის დასკვნისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ტერმინალში ტვირთის დაყოვნებით შპს «...» მიადგა შემდეგი სახის მატერიალური ზიანი: კვების პროდუქტების შენახვის ტემპერატურული რეჟიმის შესანარჩუნებლად საწვავის შეძენისათვის 11 283 ლარი, გადამზიდავი კომპანიისათვის ა/მანქანების მოცდენისათვის გადახდილი ჯარიმა _ 49 585 ლარი და საბაჟო ტერმინალში მანქანების დგომისათვის გადახდილი 1695 ლარი სატერმინალო მომსაუხრება, რაც ჯამში შეადგენს 62 563 ლარს. რაც შეეხება მიუღებელ შემოსავალს 47 დღეზე შეადგინა 193 311 ლარი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-208-ე მუხლებისა და სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე დაყრდნობით საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს «...» უნდა ანაზღაურებოდა მიყენებული მატერიალური ზიანი 62 563 ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში იყო უსაფუძვლო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და რეგიონალურმა საბაჟო «აღმოსავლეთმა», რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოსაზრებით სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილი იყო კანონის დარღვევით, სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების გარეშე, კერძოდ სასამართლომ ისე დააკმაყოფილა სარჩელი, რომ არ მიუთითებია ისეთ არსებით გარემოებაზე, რასაც შეეძლო ხელი შეეშალა მოსარჩელისათვის საბაჟო დეკლარაციის წარდგენაში. სასამართლოს ასევე არ მიუთითებია ისეთ მტკიცებულებაზე, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარდგენის ან წარდგენილი დეკლარაციის მიღებაზე საბაჟო ორგანოს უარს. სასამართლოს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისას ასევე არ მიუთითებია ისეთ არსებით დარღვევაზე, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სააპელაციო საჩივრის ავტორი ასევე უკანონოდ მიიჩნევს გადაწყვეტილებას ზიანის დაკისრების ნაწილში და განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ საბაჟო სატვირთო დეკლარაციის წარდგენისას, საბაჟო ორგანომ დაყოვნების გარეშე მოახდინა საქონლის გაფორმება, ვინაიდან საბაჟო კოდექსის 134-ე და 124-ე მუხლებზე დარდნობით საქონლის საბაჟო გაფორმება ვერ დამთავრდებოდა თუ არ იქნებოდა გადახდილი ყველა გადასახადი, მოსაკრებელი თუ სხვა გადასახდელები. იმპორტზე გაფორმებული საბაჟო სატვირთო დეკლარაციის მიხედვით გადასახადების გადახდა შპს «...» განახორციელა 10 აპრილს, ამავე დღეს წარუდგინა საბაჟო ორგანოს ყველა სახის სახელმწიფო კონტროლის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, მათ შორის ვეტერინალური სერთიფიკატი. ამგვარად, საბაჟო ორგანო 2006 წლის 10 აპრილზე ადრე ვერ გააფორმებდა საქონელს მოსარჩელისათვის სასურველ საბაჟო რეჟიმში. სააპელაციო საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ «სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ» კანონის თანახმად, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურს საქონლის მოთხოვნებთან დოკუმენტური შესაბამისობის მიუხედავად საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში უფლება ჰქონდა მიეღო სათანადო ზომები. ფინანსური პიოლიციის 2005 წლის 27 დეკემბრის წერილის თანახმად, უნდა მომხდარიყო შპს «...» მიერ წარმოებული პროდუქტის შემოტანის შემთხვევაში მისი ხარისხისა და სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხის ადგილზე გარკვევა. «ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, ფინანსური პოლიციის აღნიშნული მოთხოვნა სავალდებულო იყო შესასრულებლად ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, მათ შორის საბაჟო ორგანოსათვის. ამდენად, საბაჟო ორგანოს არანაირი ბრალი არ მიუძღვის შპს «...» მიერ იმპორტირებული საქონლის საბაჟო გაფორმების დაყოვნების ან მისთვის რაიმე ზიანის მიყენებაში. სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის დაკისრება კანონიერ საფუძველს მოკლებულია.
რეგიონალურმა საბაჟო «აღმოსავლეთმა» წარდგენილი სააპელაციო საჩივრით მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება გამოტანილი იყო კანონის დარღვევით, სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების გარეშე, კერძოდ სასამართლომ ისე დააკმაყოფილა სარჩელი, რომ არ მიუთითებია ისეთ არსებით გარემოებაზე, რასაც შეეძლო ხელი შეეშალა მოსარჩელისათვის საბაჟო დეკლარაციის წარდგენაში. სასამართლოს ასევე არ მიუთითებია ისეთ მტკიცებულებაზე, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარდგენის ან წარდგენილი დეკლარაციის მიღებაზე საბაჟო ორგანოს უარს. სასამართლოს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისას ასევე არ მიუთითებია ისეთ არსებით დარღვევაზე, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სააპელაციო საჩივრის ავტორი ასევე უკანონოდ მიიჩნევს გადაწყვეტილებას ზიანის დაკისრების ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორებმა ვერ შეძლეს მათი გაბათილება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარდგენილი სააპელაციო საჩივრები იყო უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორი დაეთანხმა სააპელაციო საჩივარში მითითებულ სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებს. კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლო ისე დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს, რომ არც უმსჯელია საქმის იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც წარდგენილ იქნა აპელანტების მიერ და აბათილებდნენ მოწინააღმდეგე მხარის მიერ მითითებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს. სააპელაციო სასამართლოს ასევე არ დაუსაბუთებია რაში მდგომარეობდა საბაჟო ორგანოს ბრალი ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში. კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარე სარჩელით აღიარებს შპს «...» პროდუქციის 4 სახეობაზე საერთაშორისო სტანდარტებთან ხარისხის შეუსაბამობის დადასტურებას ექსპერიზის მიერ. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოებს არ დაუდგენიათ საქმეზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის უფლებამონაცვლე, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიაჩნია. კასატორი თვლის, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, ასევე სახეზეა სსსკ-ის 394-ე მუხლის «ე» და «ე1» ქვეპუნქტებით დადგენილი საფუძვლები, კერძოდ სასამართლომ სასამართლომ არ გამოიყენა სადავო პერიოდში მოქმედი საბაჟო კოდექსის 82, 86-ე, 88-ე, 90-ე, 124-ე მუხლები, «სურსათის უვნებლობისა და ხარსხის შესახებ» კანნონის მე-11 მუხლი, არასწორად განმარტა ამავე კოდექსის 134-ე მუხლი და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლი. გამოიყენა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 12 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული და მხარეებს მიეცათ 10 დღის ვადა მოსაზრებების წარმოსადგენად.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ 2009 წლის 05 მარტს წარმოდგენილი მოსაზრებით, საკასაციო საჩივრის ავტორი ეთანხმება კასაციის მოტივებს და მიიჩნევს, რომ საკასაციო საცივარი აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რადგან ამ სფეროს მარეგულირებელი ნორმების კანონშესაბამისი განმარტება მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
2009 წლის 09 მარტს, მოწინააღმდეგე მხარე შპს «...» მიერ წარმოდგენილ იქნა საკასაციო პასუხი, სადაც მითითებულია, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები. რაც შეეხება არსებით მხარეს, მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, მოწმეების მ. თ-ძის, მ. ი-შვილის ჩვენებები, აღნიშნულ საკითხზე სატელევიზიო სიუჟეტების ტექსტური გაშიფვრა გამორიცხავს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ განბაჟებისას არანაირ ხელშეშლას მოპასუხისა და მესამე პირის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება ფინანსური პოლიციის 2005 წლის 27 დეკემბრის წერილს, შპს «...» მიიჩნევს კანონიერ საფუძველს მოკლებულად და თვლის, რომ აღნიშნული წერილი გამოცემულია უფლებამოსილების გადამეტებით და მას არ გააჩნდა იურიდიული ძალა, ვინაიდან შემოტანილი პროდუქტებისა და ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა წარმოადგენდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების პრეროგატივას. ფინანსური პიოლიციის მოთხოვნა არ შეესაბამებოდა «ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ» კანონის მე-7 მუხლით დადგენილ ოპერტიულ-სამეძებრო ღონისძიებების რომელიმე სახეს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო დეპარტამენტის მიერ სურსათის ხარისხში ეჭვის შეტანას და ფიტოსანიტარული სერთიფიკატის მოთხოვნას, საბაჟო კოდექსის 124-ე მუხლის შესაბამისად მაშინ, როცა საქონელს გააჩნდა სურსათის დდოკუმენტალურად დასაბუთებული შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან, მოსაზრების ავტორი მცდარად მიიჩნევს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის უფროსმა 2005 წლის 27 დეკემბრის ¹26-1/3642 წერილით თხოვნით მიმართა საბაჟო დეპარტამენტის უფროსს, ადგილზე მომხდარიყო ავსტრიული კომპანია «...» მიერ შემოტანილი პროდუქციის სტანდარტთან შესაბამისობის საკითხის ადგილზე გარკვევა და გადაწყვეტა, ვინაიდან შპს «...» ხელმძღვანელ პირთა მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ შპს «...» მიერ ავსტრიიდან იმპორტირებული ძეხვეულის რამდენიმე სახეობა ხარისხობრივად არ აკმაყოფილებდა მოქმედ სტანდარტებს. ასევე გამოძიებისათვის ცნობილი გახდა, რომ შპს «...» ავსტრიელი მომწოდებელი ხორცის პროდუქტების მწარმოებელი ფირმა «...» საკუთარი სახელით ახორციელებდა იგივე წარმოების პროდუქციის იმპორტს საქართველოში. შპს «...» მიერ 2006 წლის 22 თებერვალს, 3 მარტს და 16 მარტს საქართველოში შემოტანილ იქნა იმავე მწარმოებლის ხორცის პროდუქცია და განბაჟების მიზნით ტვირთი შეტანილ იქნა ნატახტარის საბაჟო გამშვებ პუნქტში. შპს «...» დირექტორის მიერ საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მიმართ წარდგენილ იქნა არაერთი წერილობითი თხოვნა, ვინაიდან დროულად არ ხორციელდებოდა საქონლის განბაჟება, დაევალებიათ ნატახტარის საბაჟო გამშვები პუნქტისათვის მოეხდინათ შპს «...» პროდუქციის განბაჟება, ასევე ითხოვდა ნება დაერთოთ მოეხდინათ პროდუქციის გაგზავნა ავსტრიის რესპუბლიკაში იმ შემთხვევაში თუკი არ მოხდებოდა საქონლის განბაჟება, რადგან შპს-ს ადგებოდა ზიანი. 2006 წლის 10 აპრილს ¹ც2341, ც2342, ც2343 დეკლარაციების წარდგენის შემდგომ მოხდა აღნიშნული პროდუქციის განბაჟება. 2006 წლის 17 აპრილს შპს «...» საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალურ საბაჟო «აღმოსავლეთის» მიერ წარედგინა ¹11-1146 საგადასახადო მოთხოვნა. შპს «...» დავა წამოიწყო საბაჟო ორგანოში და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2006 წლის 12 ივნისის ¹07-15/12700 გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებებს და თვლის, რომ მოცემული დავის მართებულად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, საბაჟო «აღმოსავლეთმა» საერთოდ არ გამოსცა ბრძანება გადასახადისა და სანქციის მოსარჩელისათვის დარიცხვის თაობაზე და არ აცნობა ამის შესახებ მას, როგორც გადასახადის გადამხდელს. კასატორი არათუ სადავოდ არ ხდის ამ გარემოებას, არამედ მიუთითებს, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს ისეთ არსებით დარღვევას, რასაც შესაძლოა გამოეწვია გასაჩივრებული აქტის ბათილობა. საკასაციო სასამართლო კასატორის ამ მოსაზრებას ვერ დაეთანხმება და აღნიშნავს, რომ საბაჟო «აღმოსავლეთმა» ისე გამოსცა 2006 წლის 17 აპრილს ¹11-1146 საგადასახადო მოთხოვნა, რომ არ მიუღია რაიმე გადაწყვეტილება გადასახადისა და სანქციის მოსარჩელისათვის დარიცხვის თაობაზე, არ გაუფორმებია იგი შესაბამისი ბრძანებით და მათთვის ამის შესახებ წერილობით არ უცნობებია, ანუ დაარღვია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები _ საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესი _ მას ამ კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას უნდა შეედგინა სამართალდარღვევის ოქმი და გამოეცა ამავე კოდექსის 127-ე მუხლის მე-15 ნაწილით (2007 წლის 11 ივლისამდე არსებული რედაქცია) რეგლამენტირებული ბრძანება. მხარემ სადავოდ გახადა ასევე საბაჟო დეპარტამენტის 2006 წლის 12 ივნისის ¹07-15/12700 გადაწყვეტილება შპს «...» საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ შპს «...» საჩივრის განხილვა მოხდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 თავით დადგენილი ნორმების დაცვით, საქმეზე ჩატარდა მარტივი ადმინისტრაციული წარმოება, მოსმენილ იქნა მხარის და მის მიერ დასახელებულ პირთა ახსნა-განმარტებები, საშუალება მიეცა წარედგინა დამატებითი დოკუმენტაცია, საკასაციო პალატა თვლის, რომ განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეაფასა გასაჩივრებული საგადასახადო მოთხოვნის კანონთან შესაბამისობა და უსაფუძვლოდ მიიჩნია საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე და 128-ე მუხლების მოთხოვნების დარღვევა კანონის ისეთ დარღვევად, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საბაჟო «აღმოსავლეთის» 2006 წლის 17 აპრილს ¹11-1146 საგადასახადო მოთხოვნა და საბაჟო დეპარტამენტის მიერ შპს «...» საჩივრის გახილვის საფუძველზე მიღებული 2006 წლის 12 ივნისის ¹07-15/12700 გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს, მათი მომზადებისა და გამოცემის დროს არსებითად იქნა დარღვეული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, მათი ბათილად ცნობის საფუძველია.
საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილშიც და თვლის, რომ კასატორს არ წარმოუდგენია რაიმე დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2006 წლის 22 თებერვალს, 3 მარტს და 16 მარტს შპს «...» მიერ საქართველოში შემოტანილი ავსტრიული კომპანიის ხორც-პროდუქტების განბაჟება განხორციელდა 2006 წლის 10 აპრილს. შპს «...» დირექტორმა არაერთგზის (23 თებერვალს, 24 თებერვალს, 10 მარტს, 16 მარტს, 30 მარტს) წერილობით მიმართა საბაჟო ორგანოებს და მოითხოვა იმპორტირებული საქონლის საბაჟო გაფორმებასთან დაკავშირებული პრობლემის დროულად გადაწყვეტა, იგი ასევე მიუთითებდა საქონლის განუბაჟებლობით შპს-სათვის მიყენებულ ზიანზე. დადგენილია, რომ იმტორტირებულ საქონელს გააჩნდა ხარისხის საერთაშორისო სერთიფიკატი. საბაჟო ტერმინალში მოხდა შეტანილი საქონლის სინჯების აღება ლაბორატორიული შემოწმების მიზნით. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელემ საბაჟო დეკლარაცია და გაფორმებისათვის საჭირო დოკუმენტები წარადგინა მხოლოდ 10 აპრილს, რის შემდეგაც კანონით დადგენილ ვადაში მოხდა პროდუქციის განბაჟება და საბაჟო ორგანოს ბრალი არ მიუძღვის შპს «...» მიერ პროდუქციის დროულად განუბაჟებლობით განცდილი ზიანის დადგომაში. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართალია, შპს «...» სხვადასხვა უწყებისადმი გაგზავნილ წერილებში დაფიქსირებული არ არის საბაჟო «აღმოსავლეთის» მიერ დეკლარაციის მიუღებლობის ფაქტი, მაგრამ მასში დააფიქსირებულია ლაბორატორიული შემოწმების მიზნით პროდუქციის განბაჟების დაყოვნების ფაქტი და ითხოვდა რეაგირებას. კასატორს საქმის განხილვის არც ერთ სტადიაზე არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ განბაჟების მთხოვნელ პირს განემარტა საბაჟო კოდექსის 134-ე მუხლისა და ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 13 ივლისის ¹481 ბრძანებით დამტკიცებულ სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციის მე-8-მე-11 მუხლების დანაწესზე, რომელთა თანახმად, განბაჟების მსურველს შეეძლო წარედგინა დეკლარაცია თანდართული დოკუმენტაციით და საბაჟო ორგანო არ იყო უფლებამოსილი უარი განეცხადებია მათ მიღებაზე, ხოლო პროდუქციის შემოწმების საჭიროება ხელს ვერ შეუშლიდა დეკლარაციის წარდგენას, რის შემდგომ საბაჟო ორგანო უფლებამოსილი იქნებოდა დამატებით მოეთხოვა ესა თუ ის დოკუმენტაცია.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატა მართებულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებებს მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილშიც და არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილის გაუქმების საფუძველი.
საკასაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება საქმის განხილვისას ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის უფლებამონაცვლეობის დაუდგენლობის გამო სააპელაციო პალატის განჩინების აბსოლუტური გაუქმების საფუძვლად მითითებას და მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის ¹170 ბრძანებით ფინანსური პოლიციის, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების უფლებამოვალეობები გადაეცა შემოსავლების სამსახურს. დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოწვეული იყო და მონაწილეობას ღებულობდა სათანადოდ უფლებამოსილი პირის მიერ. ამდენად, კასატორის მოსაზრება უსაფუძვლოა და გაზიარებული ვერ იქნება სასამართლოს მიერ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, სრულად დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, სამართლებრივ შეფასებებს, დამატებით მიუთითა მათზე და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივნისის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.