Facebook Twitter

¹ბს-179-173(კ-09) 30 სექტემბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შ. მ-ძე (მოსარჩელე)

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ _ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შ. მ-ძემ 2005 წლის ოქტომბერში სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 9 სექტემბრის ¹2504 ბრძანების ბათილად ცნობა მისი სამსახურიდან დათხოვნის ნაწილში, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 9 სექტემბრის ¹2504 ბრძანება და ადმინისტრაციულ ორგანოს – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა განსახილველი საკითხის გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შ. მ-ძემ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 თებერვლის განჩინებით შ. მ-ძისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 9 სექტემბრის ¹2504 ბრძანება და ადმინისტრაციულ ორგანოს – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა განსახილველი საკითხის გარემოებათა სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელე შ. მ-ძის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. მ-ძე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მეოთხე მუხლის შესაბამისად წარმოადგენდა საჯარო მოხელეს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნა განხორციელდა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მის მიმართ დათხოვნამდე გამოყენებული იქნა სხვა დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომები.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეხუთე მუხლის პირველი ნაწილისა და ამავე კოდექსის 53_ე მუხლების დარღვევაზე და განმარტა, რომ მოსარჩელის განთავისუფლების ბრძანების საფუძვლად მითითებულია ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21_ე მუხლის მეორე პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლებს, ხოლო ამავე პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი კი ითვალისწინებს პირის დათხოვნას სამსახურიდან სამსახურებრივი შეუსაბამობის გამო, თუმცა აღნიშნულ ბრძანებაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა მითითებული, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა შვებულებაში მყოფი მოსამსახურის სამსახურეობრივი შეუსაბამობა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, თუმცა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის სამსახურეობრივი შეუსაბამობის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოდგენილა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინსიტროს მიერ სადავო აქტის მიღებისას დარღვეულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-53-ე და 95-ე მუხლები.

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 11-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად სამხედრო მოსამსახურეებზე ეს კანონი ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან სპეციალური კანონმდებლობა არ არეგულირებს შვებულებაში მყოფ სამხედრო მოსამსახურესთან ურთიერთობებს, ამიტომ ამ შემთხვევაზე უნდა გავრცელდეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მოთხოვნები; ამ ნორმის თანახმად მოხელეს სამსახურეობრივი ურთიერთობა უჩერდება შვებულების პერიოდში, რაც ნიშნავს მის დროებით განთავისუფლებას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისაგან.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ გააჩნდა მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლები, ამასთან ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, ამდენად სადავო ბრძანება მიღებულია კანონსაწინააღმდეგოდ, რითაც სახეზეა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველი.

სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა, რომ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური ხელფასის სახით, რადგან ხელფასის გაცემის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს პირის განთავისუფლება სამსახურიდან, ხოლო ბრძანება მოსარჩელის განთავისუფლების შესახებ სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი, შესაბამისად არ არსებობს ხელფასის გაუცემლობის საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივნისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეამოწმა გასაჩივრებული ბრძანების ფაქტობრივი საფუძვლები.

კასტორი აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების წინ უნდა ჩატარებულიყო ადმინისტრაციული წარმოება, რაც მისი მტკიცებით უსაფუძვლოა, ვინაიდან შ. მ-ძის სამსახურიდან დათხოვნას წინ უძღვოდა დისციპლინარული წარმოება.

კასატორს ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია სასამართლოს დასაბუთება იმის შესახებ, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაუსაბუთებელია. გასაჩივრებული ბრძანებით ირკვევა, შ. მ-ძის განთავისუფლებას საფუძვლად დაედო მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაურის შუამდგომლობა, ხოლო აღნიშნულ შუამდგომლობას, თავის მხრივ, სამანდატო კომისიის სხდომის ოქმი, ხოლო სამართლებრივ საფუძვლად კი ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლი. ამდენად კასატორის მტკიცებით ბრძანება შეესებამება სზაკ-ის 53-ე მუხლს.

კასატორის განმატებით სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 111-ე მუხლი, რადგან ეს მუხლი არ მოიცავს განთავისუფლების აკრძალვას სამსახურეობრივი შეუსაბამობის ფაქტის დადგენისას.

კასატორმა საკასაციო სასამართლოს ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა მხოლოდ დათხოვნის ბრძანება, ხოლო ამ ბრძანების მიღებამდე ჩატარებული წარმოების სხვა აქტები არ გასაჩივრებულა. ამიტომ კასატორი თვლის, რომ ამ აქტის ბათილობამდე მასში მოყვანილი ყველა გარემოება უტყუარად დადგენილად ითვლება.

კასატორის განმარტებით, ასევე უსაფუძვლოა სასამართლოს გადაწყვეტილება სამინისტროზე ხელფასის განაცდურის დაკისრების ნაწილში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; შ. მ-ძის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, შ. მ-ძე 2004 წლის 28 დეკემბრიდან დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის ...-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის მატერიალური უზრუნველყოფის ოცეულის ... (სფ.11).

სფ. 57-ზე წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 9 სექტემბრის ¹2504 ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 ქვეითი ბრიგადის ...-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის მატერიალური უზრუნველყოფის ოცეულის ... (შტატი ¹8/591-01), უფროსი ლეიტენატი შ. ა. ძე მ-ძე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვითა და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნით), «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «დ» ქვეპუნქტის (სამსახურებრივი შეუსაბამობისათვის) თანახმად. ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო მეორე ქვეითი ბრიგადის მეთაურის 2005 წლის 1 სექტემბრის ¹1615 შუამდგომლობა. აღნიშნულის გამოცემის საფუძვლად კი მითითებული იქნა ს/ნ 20232-ის 2005 წლის 9 აგვისტოს სამანდატო კომისიის სხდომის ოქმი, საიდანაც ირკვევა, რომ მოსარჩელეს სამსახურიდან დათხოვნამდე სამსახურებრივი მოვალეობებისადმი გულგრილი დამოკიდებულებისა და სამსახურებრივი მოვალეობების არაკეთილსინდისიერი შესრულებისათვის 2005 წლის 16 ივნისსა და 2005 წლის 1 აგვისტოს დადებული ჰქონდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები საყვედურისა და სასტიკი საყვედურის სახით.

დადგენილია, რომ სამხედრო ნაწილის 20232 მეთაურის 2005 წლის 16 ივნისის ¹159 ბრძანებით ბატალიონის მეთაურის ბრძანების უგულებელყოფისათვის უფროს ლეიტენანტ შ. მ-ძეს გამოეცხადა საყვედური პირად საქმეში შეტანით (სფ. 61); ხოლო სამხედრო ნაწილის 20232-ის მეთაურის 2005 წლის 1 აგვისტოს ¹243 ბრძანებით სამსახურეობრივი მოვალეობებისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებისათვის და თავის სამსახურებრივი სუსტი კონტროლისათვის უფროს ლეიტენანტ საშტაბო და უზრუნველყოფის ასეულის მატერიალური უზრუნველყოფის ოცეულის ... შ. მ-ძეს სასტიკი საყვედური გამოეცხადა (სფ. 62). საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოტივს იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება შ. მ-ძისათვის დისციპლინური სახდელების დაკისრების თაობაზე საქმეში წარმოდგენილი ბრძანებების ფაქტობრივ გარემოებებს და ისე გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე4 ნაწილი.

მართალია მოსარჩელე სამხედრო ნაწილი 20232-ის მეთაურის 2005 წლის 15 აგვისტოს ¹88 ბრძანების თანახმად «კრწანისის» ეროვნულ სასწავლო ცენტრში სწავლების დამთავრებასთან დაკავშირებით ბატალიონის პირად შემადგენლობასთან ერთად გაშვებულ იქნა შვებულებაში 2005 წლის 15 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე ე.ი. იმ პერიოდში, როდესაც იგი დათხოვნილ იქნა სამსახურიდან, მაგრამ საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან განთავისუფლების შესაძლებლობას შვებულებაში ყოფნის პერიოდში; «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონი განსაზღვრავს საჯარო მოხელის შრომის უფლებების დაცვის გარანტიებს და ამ უფლებების დარღვევის სამართლებრივ შედეგებს. ერთ-ერთ ასეთ გარანტიას წარმოადგენს კონკრეტულ შემთხვევებში ადმინისტრაციისათვის მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების შეზღუდვის დაწესება. მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების დროისათვის მოქმედი აღნიშნული კანონის 111-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელი იყო მოხელის სამუშაოდან განთავისუფლება შემცირების, ასაკის ან ატესტაციის შედეგების გამო, ამავე კანონის 89-ე მუხლის «ბ»-»ი» ქვეპუნქტების საფუძველზე მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში. ამავე კანონის 89-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად კი სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძველს წარმოადგენს მოხელის შვებულებაში ყოფნა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, ვინაიდან შეიარაღებული ძალების რიგებიდან მოსარჩელის განთავისუფლების საფუძველი არ ყოფილა შტატების შემცირება, განსაზღვრული ასაკის მიღწევა ან ატესტაციის არადამაკმაყოფილებელი შედეგები და იგი სამსახურებრივი შეუსაბამობისათვის დაითხოვეს სამუშაოდან, რაც დასტურდება მოპასუხის მიერ შ. მ-ძისათვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის ღონისძიებების დაკისრებით, ამიტომ შვებულებაში ყოფნის პერიოდში მისი განთავისუფლება სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველს არ წარმოადგენს.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემული დავის გადასაწყვეტად სააპელაციო პალატას არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რადგან სასამართლომ არ დაასაბუთა, რატომ იყო შეუძლებელი სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტით, საქმეზე თვითონ მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის განჩინება უნდა გაუქმდეს და მოცემულ საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი. ეს მუხლი განსაზღვრავს პირობას, რომლის არსებობის შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს თვითონ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე ისე, რომ არ დააბრუნოს იგი ხელახლა განსახილველად უკან. ამგვარი პირობაა საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულად და სწორად დადგენა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ და ამ ფაქტების დადგენა საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები დადგენილია სრულად და სწორად, ე.ი. ფაქტობრივი თვალსაზრისით საქმე მზადაა გადასაწყვეტად, მაგრამ არასწორადაა შეფარდებული (გამოყენებული) კანონი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 9 სექტემბრის ¹2504 ბრძანება კანონიერია და მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შ. მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.