ბს-186-180(კ-09) 28 აპრილი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2006 წლის 5 დეკემბერს გ. ს-შვილმა სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში თელავის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა თელავის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2006 წლის 10 ნოემბრის ბრძანების ¹05/11 გაუქმება, თელავის საგადასახადო ინსპექციას დავალებოდა ჩამოეწერა გ. ს-შვილისათვის არასწორად დარიცხული თანხები 11743 ლარის ოდენობით და ასევე თელავის საგადასახადო ინსპექციის ¹52 შეტყობინების გაუქმება (იხ. ს.ფ 2-4)
თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე თელავის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 24 ოქტომბრის ¹52 შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ, 2006 წლის 10 ნოემბრის ¹@05/511 ბრძანება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
2007 წლის 14 სექტემბერს გ. ს-შვილმა განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა თელავის საგადასახადო ინსპექციისათვის პროცესის ხარჯების ანაზღაურების შესახებ.
თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 სექტემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით მოსარჩელე გ. ს-შვილის განცხადება დაკმაყოფილდა; თელავის საგადასახადო ინსპექციას დაეკისრა გ. ს-შვილის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 353 ლარის ოდენობით.
თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 31 აგვისტოსა და 21 სექტემბრის დამატებითი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის საგადასახადო ინსპექციამ და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გ. ს-შვილისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ასევე თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 სექტემბრის დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის უარის თქმა სასამართლო ბაჟის ანაზღაურებაზე (იხ. ს.ფ 83-84; 89-90)
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. თელავის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 31 აგვისტოსა და 2007 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებები დარჩა უცვლელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურმა ცენტრმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 მაისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 126-133).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 13 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურმა ცენტრმა და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:
კასატორის მოსაზრებით საკასაციო საჩივარი დასაშვებია, რამდენადაც სასამართლომ არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე; 284-ე მუხლები. შესაბამისად კასატორს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია ადმინისტრაციოული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» პუნქტის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.