Facebook Twitter

ბს-200-194(კ-09) 4 მაისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. მ-შვილისა და ლ. ს-შვილის წარმომადგენელ ნ. წ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2002 წლის 4 დეკემბერს ტ. ბ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობის, დედოფლისწყაროს რაიონის მიწის მართვის სამმართველოს, დედოფლისწყაროს რაიონის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიისა და დედოფლისწყაროს რაიონის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, ხოლო მესამე პირებად მიუთითა ლ. ს-შვილსა და ნ. მ-შვილზე. მოსარჩელემ მოითხოვა: დედოფლისწყაროს რაიონის მიწის მართვის სამმართველოს 1999 წლის 20 ოქტომბრის ¹69 ბრძანების ბათილად ცნობა მოსარჩელისთვის იჯარის შეწყვეტის ნაწილში და მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმება; დედოფლისწყაროს რაიონის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის 2001 წლის 18 იანვრის დადგენილების ბათილად ცნობა ლ. ს-შვილზე 20 ჰა და ნ. მ-შვილზე 12 ჰა მიწის ფართობის გამოყოფის ნაწილში; დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობის 2001 წლის 9 თებერვლის ¹8 დადგენილების იმავე ნაწილში ბათილად ცნობა; დედოფლისწყაროს რაიონის გამგეობასა და ლ. ს-შვილს, ასევე ნ. მ-შვილს შორის 2001 წლის 6 მარტს გაფორმებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულებების გაუქმება; საიჯარო მიწის ფართობის მოსარჩელისთვის დაბრუნება.

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ტ. ბ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა.

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ს-შვილმა და ნ. მ-შვილმა.

მოცემული საქმე არაერთხელ განიხილა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველო.

ბოლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინებით ლ. ს-შვილისა და ნ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-შვილისა და ლ. ს-შვილის წარმომადგენელმა ნ. წ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-შვილისა და ლ. ს-შვილის წარმომადგენელ ნ. წ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ლ. ს-შვილს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნათელა მაისაშვილისა და ლალი სეხნიაშვილის წარმომადგენელ ნ. წ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 სექტემბრის განჩინება;

3. ლ. ს-შვილს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის 70 პროცენტი _ 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.