ბს-206-200(კ-09) 9 მარტი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მ. მ.-თვის ხელფასის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების – 759,52 ლარის ანაზღაურების ნაწილში არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობებდა ამავე ნაწილში არასწორი განჩინების მიღებას. საკასაციო საჩივარი დასახელებულ ნაწილში არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ამ ნაწილში არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრის ამავე ნაწილში განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მ. მ.-თვის კვების კომპენსაციის – 778,80 ლარის ანაზღაურების ნაწილში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განჩინება ამავე ნაწილში განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მ. მ.-თვის კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მ. მ.-თვის ხელფასის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების – 759,52 ლარის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 მარტის განჩინება მ. მ.-ის ხელფასის, ჯილდოსა და მატერიალური დახმარების ანაზღაურების ნაწილში;
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მ. მ.-თვის კვების კომპენსაციის – 778,80 ლარის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად და ამ ნაწილში საკასაციო საჩივარი განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.