Facebook Twitter
ბს-207-201(კ-09) 24 ივნისი, 2009 წელი

ბს-207-201(კ-09) 24 ივნისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ. ა-ძე, ლ. თ-ძე, მ. ქ-იანი

დავის საგანი – კვების კომპენსაციის ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.08წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

03.10.07წ. ქ. ... ცენტრალური სამხედრო სანატორიუმ «...» ყოფილმა თანამშრომლებმა, მ. ა-ძემ, ლ. თ-ძემ და მ. ქ-იანმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მიუღებელი ხელფასისა და თანხის მიუღებლობით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება მოითხოვეს. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ მსახურობდნენ ქ. ... ცენტრალურ სამხედრო სანატორიუმ ,,...”. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მიუღებელი დარჩათ სახელფასო დავალიანება მ. ა-ძეს – 550,5 ლარის, ლ. თ-ძეს – 1060,34 ლარისა და მ. ქ-იანს - 575,34 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.11.07წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქრთველოს თავდაცვის სამინისტროს მ. ა-ძის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანება 550.05 ლარი, ლ. თ-ძეს სასარგებლოდ _ 1060.34 ლარი, მ. ქ-იანის სასარგებლოდ _ 575.34 ლარი, მოსარჩელეებს ზიანის ანაზღაურებასა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარი ეთქვათ უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.08წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით განმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის, 37-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კანონმდებლობის საფუძველზე ეკისრებოდა შრომითი გასამრჯელოს გაცემის ვალდებულება, სამხედრო მოსამსახურეს მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი ნორმის ფარგლებში უნდა მისცემოდა თანამდებობრივი სარგო, სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი კომპენსაცია და ამ დანამატების გაცემა ხორციელდებოდა ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. ხსენებული სამართლის ნორმა მოსარჩელეს ანიჭებდა შესაძლებლობას, სახელმწიფოსაგან მოეთხოვა მიუღებელი შრომითი გასამრჯელო. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 29.04.09წ. განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მ. ქ-იანისთვის 139.80 ლარის, ლ. თ-ძისათვის 347.48 ლარის და მ. ა-ძისათვის 191.72 ლარის კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად. საკასაციო საჩივარი მ. ა-ძის, ლ. თ-ძის და მ. ქ-იანის სასარგებლოდ ხელფასის, მატერიალური დახმარებისა და ჯილდოს ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მ. ქ-იანის, ლ. თ-ძისა და მ. ა-ძის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, მ. ქ-იანის, ლ. თ-ძისა და მ. ა-ძის სარჩელი კვების კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

«სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის მე-12 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა და ფორმის ტანსაცმელი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია. «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანახმად, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) თანამდებობრივი სარგოს გარდა მიეკუთვნება აგრეთვე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონით არის გათვალისწინებული. სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურის პერიოდში, «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ შრომით გასამრჯელოსთან (ხელფასთან) ერთად, იღებს კომპენსაციას სასურსათო უზრუნველყოფის _ ულუფის სახით. კვების კომპენსაცია წარმოადგენს «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 12.3 მუხლით განსაზღვრული სასურსათო ულუფის კომპენსაციას. «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 1341 მუხლით რეგლამენტირებულია საჯარო მოსამსახურეზე წინა წლებში წარმოშობილი დავალიანების ანაზღაურება. შესაბამისი წლების სახელმწიფო ბიუჯეტების შესახებ კანონებით აღიარებულია წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის უზრუნველყოფის სახეს და ამავდროულად, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. ხელფასი განსხვავდება უზრუნველყოფის სახისაგან _ სასურსათო ულუფისაგან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან სასურსათო ულუფა წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის მიერ მისაღები კომპენსაციის სახეს, ხანდაზულობის გამომრიცხავი კანონმდებლობის ხსენებული ნორმები აღნიშნულ კომპენსაციაზე ვერ გავრცელდება. სამხედრო მოსამსახურეზე სასურსათო ულუფის ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციის გაცემის ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა და ამ ვალდებულების შესრულების მოთხოვნის მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. აღნიშნული ვადა უნდა აითვალოს სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუქცევით. საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელეებს მისაღები აქვთ 1998-2000 წწ. კვების კომპენსაცია(ს.ფ.40-42). ვინაიდან სარჩელის აღძვრის მომენტისათვის (03.10.07წ.) გასული იყო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, მათი მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში დაცული შპს სანატორიუმ ,,...” 26.09.07წ. ¹122, 13.09.07წ. ¹121 და 19.07.07წ. ¹111 ცნობების თანახმად 1998-2000 წ.წ. პერიოდში მოსარჩელეების კუთვნილი კვების კომპენსაციის ოდენობა მ. ქ-იანისთვის - 139,80 ლარს, ლ. თ-ძისთვის - 347,48 ლარს, ხოლო მ. ა-ძისთვის – 191,72 ლარს შეადგენს. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება სამინისტროსათვის მოსარჩელეების სასარგებლოდ კვების კომპენსაციის თანხების დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში მოსარჩელეების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. აღნიშნულის გათვალისწინებით სამინისტროს მ. ქ-იანისთვის – 435,54 ლარის, ლ. თ-ძისთვის – 712,86 ლარისა და მ. ა-ძისთვის – 358,33 ლარის ანაზღაურება უნდა დეკისროს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.08წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.11.07წ. გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მ. ქ-იანის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის – 139.80 ლარის, ლ. თ-ძის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის – 347,48 ლარისა და მ. ა-ძის სასარგებლოდ კვების კომპენსაციის – 191,72 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. არ დაკმაყოფილდეს მ. ქ-იანის, ლ. თ-ძისა და მ. ა-ძის სარჩელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის კვების კომპენსაციის დაკისრების ნაწილში;

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.11.07წ. გადაწყვეტილებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.08წ. განჩინების კანონიერ ძალაში შესული ნაწილების გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისროს მ. ქ-იანის სასარგებლოდ - 435,54 ლარის, ლ. თ-ძის სასარგებლოდ - 712,86 ლარისა და მ. ა-ძის სასარგებლოდ - 358,33 ლარის ანაზღაურება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.