Facebook Twitter
ბს-213-207(კ-09)

ბს-213-207(კ-09) 3 ივნისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. კ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ა. კ-შვილმა 30.07.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა სოხუმის რაიონულ და საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის აფხაზეთის სამმართველოსა და საქართველოს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ქუთაისის განყოფილების მიმართ. მოსარჩელემ საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში 02.08.93წ.-დან ჩარიცხულად ცნობა, საბრძოლო მოქმედების ზონაში ყოფნისა და საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ ცნობის გაცემა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის პირადობის მოწმობის გაცემა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის პენსიის 01.08.06წ.-დან და ადვოკატის მომსახურების ხარჯების - 300(სამასი) ლარის ანაზღაურების მოპასუხეებისთვის დაკისრება მოითხოვა.

სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 16.11.07წ. გადაწყვეტილებით, ა. კ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელე ცნობილ იქნა საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ჩარიცხულად 02.08.93წ.-დან 16.09.93წ.-მდე, მოპასუხეებს – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის აფხაზეთის სამმართველოს დაევალა ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანად ა. კ-შვილის აღიარებასთან დაკავშირებით სათანადო ცნობისა და მოწმობის გაცემა, სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ქუთაისის განყოფილებას დაევალა მოსარჩელისათვის 01.08.06წ. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის გაუცემელი პენსიის გაცემა-ანაზღაურება, ა. კ-შვილს უარი ეთქვა საადვოკატო ხარჯების ანაზღაურების მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.08წ. საოქმო განჩინებით სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტო საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.07.08წ. განჩინებით აპელანტის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 16.11.07წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-შვილმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15.07.08წ. განჩინების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. კ-შვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 16.11.07წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული იქნა ურთიერთდაკავშირებული სასარჩელო მოთხოვნები, რის გამოც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ა. კ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა განხილული უნდა იქნეს მთლიანობაში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მისი გასაჩივრებით მთლიანად შეჩერდა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა. კ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. კ-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.