ბს-216-210(კ-09) 7 ივლისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი – გ. ილინა
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი, წარმომადგენელი _ მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ი/მ «ე. ა-აია»
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ივნისის განჩინება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ი/მ «ე. ა-აიამ» სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 12 ოქტომბრის ¹315010 ბრძანების ბათილად ცნობა /იხ.ს.ფ. 2-3/.
საქმის გარემოებები:
2007 წლის 1 ოქტომბერს მოსარჩელე მივიდა მე-4 კვარტლის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნიშნის ასაღებად. ინსპექტორმა ნ. ც-ძემ შეადგინა საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ ოქმი ¹315010, ი/მ «ე. ა-აიას» მიერ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნიშნის დაგვიანებით გატანის თაობაზე. ი/მ «ე. ა-აიას» 2007 წლის 13 ნოემბერს ჩაჰბარდა საგადასახადო მოთხოვნა ¹315010, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 133.1 მუხლის საფუძველზე, დაერიცხა ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ¹50 ბრძანების 4.2 მუხლის თანახმად, ი/მ «ე. ა-აიას» მე-3 საანგარიშო კვარტლისათვის განკუთვნილი ნიშნების მოხსნა უნდა განეხორციელებინა 2007 წლის 30 სექტემბერს, ვინაიდან აღნიშნული თარიღი იყო კვირა დღე, სსკ-ის 4.7 მუხლის შესაბამისად, ვადა გაგრძელდა 1 ოქტომბრის დღის ბოლომდე და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის ინსპექტორ ნ. ც-ძის მიერ შედგენილი ოქმი, რომელსაც დაეყრდნო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის ¹315010 ბრძანება, საფუძველს მოკლებული იყო.
სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:
მოსარჩელის განმარტებით, საგადასახადო კოდექსის 133.1 მუხლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის მიერ შემოსავლებისა და ხარჯების, აგრეთვე გადასახადებით დასაბეგრი სხვა ობიექტების აღრიცხვის წესის დარღვევა ჩადენილი ერთ საგადასახადო პერიოდში, იწვევდა დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის, შემოსავლებისა და ხარჯების, აგრეთვე გადასახადებით დასაბეგრი სხვა ობიექტების აღრიცხვის წესის დარღვევად ითვლებოდა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის ან/და დალუქვის გარეშე შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის არსებობა.
ამასთან, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციისა და დამაგრების წესებს არეგულირებდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 იანვრის ¹50 ბრძანება, რომლის 4.2 მუხლის თანახმად, ყოველი საანგარიშო კვარტლისათვის განკუთვნილი ნიშნების დამაგრება ხდებოდა თამაშების დაწყების კალენდარული კვარტლის პირველ დღეს და იხსნებოდა საანგარიშო პერიოდის (კვარტლის) ბოლო დღეს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 4.7 მუხლის მიხედვით, თუ ვადის ბოლო დღე ემთხვეოდა არასამუშაო დღეს, ვადა გრძელდებოდა შემდეგი სამუშაო დღის ბოლომდე. ამდენად, სადავო ბრძანება საფუძველს მოკლებული იყო და ექვემდებარებოდა ბათილად ცნობას.
საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციამ არ ცნო ი/მ «ე. ა-აიას» სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ სასარჩელო განცხადება უსაფუძვლო იყო და არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას, ვინაიდან საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლების მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სრული შესაბამისობით, კერძოდ, კანონის სრული დაცვით შედგა სამართალდარღვევის ოქმი, რაც დაეყრდნო მომსახურების სამმართველოს ვაკე-საბურთალოს ინსპექციის განყოფილების უფროსის მ. ლ-შვილის მოხსენებით ბარათს /იხ. სხდომის ოქმი/.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ი/მ «ე. ა-აიას» სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 23 ოქტომბრის საგადასახადო მოთხოვნა ¹315010 და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 12 ოქტომბრის ¹315010 ბრძანება; მოპასუხეს დაეკისრა ი/მ «ე. ა-აიას» მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა მის სასარგებლოდ, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვაკე-საბურთალოს განყოფილების საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ ¹315010 ოქმის თანახმად, გაირკვა, რომ ი/მ «ე. ა-აიას» მიერ დაგვიანებით მოხდა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნიშნის გატანა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 12 ოქტომბრის ¹315010 ბრძანების თანახმად, საგადასახადო ინსპექციის უფროსმა 2007 წლის 1 ოქტომბერს განიხილა ¹315010 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მასზე დართული მასალებით ი/მ «ე. ა-აიას» მიმართ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე და 133-ე მუხლების საფუძველზე, ი/მ «ე. ა-აიას» პასუხისმგებლობის ზომად სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით. საქალაქო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დადგენა, რომლითაც მოსარჩელის მხრიდან დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 133.1 მუხლის მოთხოვნები.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლებს განსაზღვრავდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1.2 მუხლი. აღნიშნული ნორმის თანხმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილი იყო, თუ იგი ეწინააღმდეგებოდა კანონს ან არსებითად დარღვეული იყო მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქალაქო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლი და განმარტა, რომ საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებდნენ, განიხილავდნენ და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებდნენ საგადასახადო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. საგადასახადო ინსპექციის უფლებამოსილი პირი გადასახადის გადამხდელთან ან სხვა ვალდებულ პირთან ამავე კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენისას ადგენდა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს, სადაც ამავე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული იყო, მოქმედების ჩატარების ადგილი და თარიღი, მოქმედების დაწყებისა და დასრულების დრო და ა.შ, რაც მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მიერ დარღვეული იყო.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საგადასახადო კოდექსის 133.1 მუხლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის მიერ შემოსავლებისა და ხარჯების, აგრეთვე გადასახადებით დასაბეგრი სხვა ობიექტების აღრიცხვის წესის დარღვევა, ჩადენილი ერთ საგადასახადო პერიოდში, იწვევდა დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული იყო, რომ ამ მუხლის მიზნებისათვის, შემოსავლებისა და ხარჯების, აგრეთვე გადასახადებით დასაბეგრი სხვა ობიექტების აღრიცხვის წესის დარღვევად ითვლებოდა პირველადი დოკუმენტების, სასაქონლო ზედნადებების, საბუღალტრო აღრიცხვის რეგისტრების უქონლობის ან დადგენილი წესის დარღვევით მათი წარმოება, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის ან/და დალუქვის გარეშე შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის არსებობა და ა.შ.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 იანვრის ¹50 ბრძანებით დამტკიცდა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციისა და დამაგრების, დაზიანებული ნიშნების შეცვლის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესები. აღნიშნული წესის 4.2 მუხლის თანახმად, ყოველი საანგარიშო კვარტლისათვის განკუთვნილი ნიშნების დამაგრება ხდებოდა თამაშების დაწყების კალენდარული კვარტლის პირველ დღეს და იხსნებოდა საანგარიშო პერიოდის (კვარტლის) ბოლო დღეს. საქმეში წარდგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში შენიშვნის გრაფაში მითითებული იყო, რომ მოსარჩელეს განაცხადი შეტანილი და თანხა გადახდილი ჰქონდა 2007 წლის 27 სექტემბერს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადა განისაზღვრებოდა კონკრეტული კალენდარული თარიღით ან დროის მონაკვეთით, რომელიც გამოიანგარიშებოდა წლებით, თვეებით ან დღეებით, ან იმ გარემოებებზე მითითებით, მთავრდებოდა თუ არა ვადის ბოლო თვის შესაბამის რიცხვში, ხოლო თუ ვადის ბოლო დღე ემთხვეოდა არასამუშაო დღეს, ვადა გრძელდებოდა შემდეგი სამუშაო დღის ბოლომდე.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი, ეკისრებოდა მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული ყოფილიყო სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი/მ «ე. ა-აიას» სარჩელი საფუძვლიანი იყო და ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას /იხ.ს.ფ. 46-49/.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
აპელანტის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა და უსაფუძვლოდ ბათილად ცნო საგადასახადო მოთხოვნა ¹315010, რამდენადაც მიუთითა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 იანვრის ¹50 ბრძანების მე-4 მუხლზე, რომელიც ეხებოდა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნიშნის დამაგრების და არა მოსაკრებლის ნიშნების მიღების წესს. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილ იქნა არა მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნიშნის დამაგრების წესის დარღვევისათვის, არამედ მოსაკრებლის ნიშნის დაგვიანებით გატანისათვის.
ამასთან, საგადასახადო კოდექსის 133.1 მუხლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის მიერ შემოსავლებისა და ხარჯების, აგრეთვე გადასახადებით დასაბეგრი სხვა ობიექტების აღრიცხვის წესის დარღვევა, ჩადენილი ერთ საგადასახადო პერიოდში, იწვევდა დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული იყო, რომ ამ მუხლის მიზნებისათვის, შემოსავლებისა და ხარჯების, აგრეთვე გადასახადებით დასაბეგრი სხვა ობიექტების აღრიცხვის წესის დარღვევად ითვლებოდა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნის ან/და დალუქვის გარეშე შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის არსებობა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 იანვრის ¹50 ბრძანებით დამტკიცდა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციისა და დამაგრების, დაზიანებული ნიშნების შეცვლის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესები. აღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლის I-III ნაწილები არეგულირებდა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების მიღებას, რაც დარღვეულ იქნა ი/მ «ე. ა-აიას» მიერ, რაზეც შედგა სამართალდარღვევის ოქმი ¹315010. აქედან გამომდინარე, სამართალდარღვევის ოქმი და ბრძანება შედგენილი იყო კანონის სრული დაცვით. ი/მ «ე. ა-აია» ვალდებული იყო, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ნიშანი აეღო არა კვარტლის დასაწყისში, არამედ წინა კვარტლის განმავლობაში, მომდევნო საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე.
ამასთან, «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის 5.1. მუხლის «ლ» და «უ» პუნქტების თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო, საგადასახადო, საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები - სარჩელებზე გადასახადების, მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახდელების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების დაბრუნების შესახებ /იხ.ს.ფ. 54-64/.
სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით მოწინააღმდეგე მხარეს _ ი/მ «ე. ა-აიას» წერილობითი შეპასუხება არ წარმოუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ივნისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად იქნა დატოვებული საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო საჩივრის ავტორმა ვერ შეძლო მითითებული დასკვნების გაბათილება, რის გამოც მათი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ ი/მ «ე. ა-აიას» მე-3 საანგარიშო კვარტლისათვის განკუთვნილი ნიშნების მოხსნა უნდა განეხორციელებინა 2007 წლის 30 სექტემბერს (კვირა დღეს), რაც მან განახორციელა მომდევნო დღეს, 2007 წლის 1 ოქტომბერს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების თანახმად, მოქმედება, რომლის განხორციელებისათვის დადგენილი იყო ვადა, შეიძლებოდა განხორციელებულიყო ამ ვადის ბოლო სამუშაო დღის დამთავრებამდე, თუ ვადის ბოლო დღე ემთხვეოდა არასამუშაო დღეს, ვადა გაგრძელდებოდა შემდეგი სამუშაო დღის ბოლომდე.
სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ი/მ «ე. ა-აიამ» საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 იანვრის ¹50 ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში განახორციელა საანგარიშო კვარტლისათვის განკუთვნილი ნიშნების მოხსნა და მის მიერ არ დარღვეულა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 133-ე მუხლის მოთხოვნები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის, «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან /იხ.ს.ფ. 98-104/.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:
კასატორის მითითებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 იანვრის ¹50 ბრძანებით დამტკიცდა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციისა და დამაგრების, დაზიანებული ნიშნების შეცვლის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესები. აღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლის I-III ნაწილები არეგულირებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების მიღებას, რაც დარღვეულ იქნა ი/მ «ე. ა-აიას» მიერ, რაზეც შედგა სამართლდარღვევის ოქმი ¹315010. აქედან გამომდინარე, ნათლად ჩანს, რომ სამართალდარღვევის ოქმი და ბრძანება შედგენილია კანონის სრული დაცვით. ი/მ «ე. ა-აია» ვალდებული იყო, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ნიშანი აეღო არა კვარტლის დასაწყისში, არამედ წინა კვარტლის განმავლობაში, მომდევნო საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე.
სასამართლომ არასწორად იმსჯელა და უსაფუძვლოდ ცნო ბათილად საგადასახადო მოთხოვნა ¹315010, რამდენადაც მიუთითა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 იანვრის ¹50 ბრძანების მე-4 მუხლზე, რომელიც ეხება სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნიშნის დამაგრების და არა მოსაკრებლის ნიშნების მიღების წესს. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილ იქნა არა მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნიშნის დამაგრების წესის დარღვევისათვის, არამედ მოსაკრებლის ნიშნის დაგვიანებით გატანისათვის.
სასამართლომ ასევე არასწორად შეაფასა ის გარემოება, რომ თითქოს კვარტლის ბოლო დღე დაემთხვა არასამუშაო დღეს. ოქმში მითითებულია, რომ მეწარმემ განაცხადი შეიტანა 27 სექტემბერს, მას შეეძლო სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნიშანი გაეტანა მომდევნო, ან ნებისმიერ დღეს, მხოლოდ წინა კვარტლის განმავლობაში და არა კვარტლის დასაწყისში, როცა უკვე უნდა მომხდარიყო ნიშნების დამაგრება.
კასატორი არ იზიარებს სასამართლოს განმარტებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციაზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილშიც. «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის 5.1. მუხლის «ლ» და «უ» პუნქტების თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო, საგადასახადო, საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები - სარჩელებზე გადასახადების, მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახდელების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე, ასევე საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან - ყველა საქმეზე /იხ.ს.ფ. 112-120, ტ. I/.
საკასაციო საჩივართან დაკავშირებით მოწინააღმდეგე მხარეს _ ი/მ «ე. ა-აიას» წერილობითი შეპასუხება არ წარმოუდგენია.
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 11 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. «ა» პუნქტის საფუძველზე /აბსოლუტური კასაცია/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაანალიზების, გამოცხადებულ მხარეთა წარმომადგენლების განმარტებების მოსმენისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ივნისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეული არ არის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა კანონი, საპროცესო ნორმები არ დარღვეულა, სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებსა და სამართლებრივ შეფასებებს, კერძოდ, სსსკ-ის 105.2. მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემული საქმის განხილვისას სასამართლოს მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის მასალები, დადგენილად მიჩნეული გარემოებები დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს მიეცა ობიექტური შეფასება, შესაბამისად, სასამართლოს დასკვნები დასაბუთებულია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში თბილისის რეგიონალური ცენტრის მიერ წარმოდგენილი არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2. მუხლის საფუძველზე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვაკე-საბურთალოს განყოფილების საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ ¹315010 ოქმის თანახმად, ი/მ «ე. ა-აიას» მიერ დაგვიანებით მოხდა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ნიშნის გატანა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 12 ოქტომბრის ¹315010 ბრძანების თანახმად, საგადასახადო ინსპექციის უფროსმა 2007 წლის 1 ოქტომბერს განიხილა ¹315010 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მასზე დართული მასალები ი/მ «ე. ა-აიას» მიმართ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე და 133-ე მუხლების საფუძველზე, ი/მ «ე. ა-აიას» პასუხისმგებლობის ზომად სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ საქმის წარმოება და მისი განხილვა, აგრეთვე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით.
საგადასახადო კოდექსის 133.1. (2008 წლის 26 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მუხლის თანახმად გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის მიერ შემოსავლებისა და ხარჯების, აგრეთვე გადასახადებით დასაბეგრი სხვა ობიექტის აღრიცხვის წესის დარღვევა, ჩადენილი ერთ საგადასახადო პერიოდში, იწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. კოდექსის 133.5 მუხლის თანახმად კი, ამ მუხლის მიზნებისთვის შემოსავლებისა და ხარჯების, აგრეთვე გადასახადებით დასაბეგრი სხვა ობიექტების აღიცხვის წესის დარღვევად ითვლება სათამაშო ბიზნესის გადასახადის გადახდის ნიშნის ან/და დალუქვის გარეშე შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის არსებობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 იანვრის ¹50 ბრძანებით დამტკიცდა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციისა და დამაგრების, დაზიანებული ნიშნების შეცვლის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტის დალუქვის წესი. მითითებული წესის 1.1. მუხლის თანახმად, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ ნიშანში იგულისხმება თამაშების მოწყობის დროს სათამაშო მაგიდებსა და სათამაშო აპარატებზე, ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროებზე მისამაგრებელი ნიშანი, რომელიც ადასტურებს მოსაკრებლის გადახდას და თამაშების მოწყობის უფლებას თამაშების მოწყობის ადგილებზე სათამაშო მაგიდებისა და აპარატების დადგმასა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს, სალაროების მოწყობაზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 იანვრის ¹50 ბრძანებით დამტკიცდა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციისა და დამაგრების, დაზიანებული ნიშნების შეცვლის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტის დალუქვის წესის მე-2 მუხლით დადგენილია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების გაცემის წესი, კერძოდ, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შესაძენად სათამაშო ბიზნესის მომწყობი პირი ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში წარადგენს განაცხადს მოსაკრებლის გადახდის ნიშნების მოთხოვნაზე, სადაც მითითებული უნდა იყოს მოქმედი და სარეზერვო (გამოუყენებელი) სათამაშო მაგიდებისა და აპარატების, აგრეთვე ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების რაოდენობა. განაცხადს თან უნდა ერთოდეს სათამაშო ბიზნესის ორგანოებზე დადგენილი წესით აღებული ლიცენზიის ან ნებართვის ასლი და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი /მუხლის 2.1./. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელის მიერ გადახდის დამადასტურებელი ნიშნების მიღება ხდება შესაბამის ტერიტორიულ საგადასახადო ინსპექციაში, დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული მოსაკრებლის განაკვეთების მიხედვით /მუხლი 2.2/. ამავე წესის მე-3 მუხლის მიხედვით, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების მიღება თამაშების მომწყობ პირთა მიერ უნდა მოხდეს ყოველი საანგარიშო პერიოდის (კვარტლის) დაწყებამდე, წინა კვარტლის განმავლობაში.
ამავე წესის 4.2 მუხლის თანახმად, ყოველი საანგარიშო კვარტლისათვის განკუთვნილი ნიშნების დამაგრება ხდება თამაშების დაწყების კალენდარული კვარტლის პირველ დღეს და იხსნება საანგარიშო პერიოდის (კვარტლის) ბოლო დღეს.
საგადასახადო კოდექსის 4.1. მუხლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადა განისაზღვრება კონკრეტული კალენდარული თარიღით ან დროის მონაკვეთით, რომელიც გამოიანგარიშება წლებით, თვეებით ან დღეებით, ან იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს. კოდექსის 4.2. მუხლის თანახმად კი ამ კოდექსით დადგენილი ვადის ათვლა იწყება შესაბამისი მოქმედების განხორციელების მომდევნო დღიდან. ამ კოდექსის მიზნებისთვის დღე შეიძლება იყოს სამუშაო ან კალენდარული. თუ ეს არ არის მითითებული, ამ შემთხვევაში დღე არის სამუშაო დღე. ამასთანავე, ამ კოდექსის მიზნებისთვის, სამუშაო დღე ემთხვევა კალენდარულ დღეს, გარდა შაბათისა, კვირისა და საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული უქმე დღეებისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასაციის მოტივს, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეულია აღნიშნული წესის მე-2 მუხლის I-III ნაწილები, რაც არეგულირებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების მიღებას, რამდენადაც მოსარჩელე ი/მ «ე. ა-აიას» მე-3 საანგარიშო კვარტლისათვის განკუთვნილი ნიშნების მოხსნა უნდა განეხორციელებინა 2007 წლის 30 სექტემბერს, რომელიც ემთხვეოდა კვირა დღეს. მოსარჩელემ ნიშნების მოხსნა განახორციელა მომდევნო დღეს, 2007 წლის 1 ოქტომბერს, რაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, შესრულდა კანონით დადგენილ ვადაში, რამდენადაც საგადასახადო კოდექსის 4.5 მუხლის თანახმად, ვადა, რომელიც გამოიანგარიშება თვეებით, მთავრდება ვადის ბოლო თვის შესაბამის რიცხვში. საგადასახადო კოდექსის 4.6. და 4.7. მუხლების თანახმად, მოქმედება, რომლის განხორციელებისათვის დადგენილი იყო ვადა, შეიძლებოდა განხორციელებულიყო ამ ვადის ბოლო სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის ბოლომდე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1. მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული. კონკრეტულ შემთხვევაში კანონმდებლობის აღნიშნული მოთხოვნები უგულებელყოფილ იქნა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, რამდენადაც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო შეეფასებინა და ემსჯელა, არსებობდა თუ არა რეალურად მოსარჩელისათვის პასუხისმგებლობის /ჯარიმის/ დაკისრების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60I.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, ხოლო, ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი/მ «ე. ა-აიამ» საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 იანვრის ¹50 ბრძანებით დამტკიცებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, რეგისტრაციისა და დამაგრების, დაზიანებული ნიშნების შეცვლის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტის დალუქვის წესით განსაზღვრულ ვადებში განახორციელა საანგარიშო კვარტლისათვის განკუთვნილი ნიშნების მოხსნა და შესაბამისად, მის მიერ არ დარღვეულა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 133-ე მუხლის მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად, რამდენადაც მისი გამოცემის დროს დარღვეულია საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ზემომითითებული მოთხოვნები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასაციის მოტივს, «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს მე-5 მუხლის «ლ» ქვეპუნქტით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო, საგადასახადო, საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები სარჩელზე გადასახადის, მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახდელების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხის დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე, შესაბამისად, განჩინება აღნიშნულ ნაწილშიც უკანონოა, რამდენადაც საგადასახადო ორგანოს არასწორად დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 53.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებასაც, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, დაეკისრება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ იმ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.1. მუხლის თანახმად კი, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს _ თბილისის რეგიონალურ ცენტრს სსსკ-ის 53.1. საფუძველზე სწორად დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა ი/მ «ე. ა-აიას» სასარგებლოდ. ამასთან, კასატორს საკასაციო სამართალწარმოებაზე სასამართლო ხარჯების სახით უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სსსკ-ის 53.2. მუხლის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 26I.3, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 257-ე, 372-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა:
თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ივნისის განჩინება; თბილისის რეგიონალურ ცენტრს დაეკისროს სასამართლო ხარჯის სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.