Facebook Twitter
ბს-220-214(კ-09) 10 აპრილი, 2009წ

ბს-220-214(კ-09) 10 აპრილი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 27 ივლისს ინდმეწარმე ,,...” ვ. გ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე გორის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა გორის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 21 ივლისის ¹1940/2450, 2007 წლის 17 ივლისის ¹2367 საგადასახადო მოთხოვნების, გორის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 10 ივლისის ადმინისტრაციული აქტისა და გორის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 18 ივლისის ¹1002 ბრძანების ბათილად ცნობა.

გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით ინდმეწარმე ,,...’’ ვ. გ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი გორის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 18 ივლისის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ¹1002 ბრძანება; გორის საგადასახადო ინსპექციას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციამ, რომელმაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ) და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 20 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი იყო დაუსაბუთებელი საკასაციო საჩივარი. შესაბამისად, კასატორს დაევალა, წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი. განჩინებაში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

აღნიშნული განჩინება კასატორს გაეგზავნა 2009 წლის 20 თებერვალს. საქართველოს უზენაეს სასამართლოში არ დაბრუნებულა საფოსტო გზავნილის დასტური, რის გამოც კასატორს განმეორებით გაეგზავნა ზემოაღნიშნული განჩინება 2009 წლის 16 მარტს. საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო გზავნილის დასტურიდან ირკვევა, რომ კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 20 თებერვლის განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2009 წლის 20 მარტს.

2009 წლის 19 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ) საკასაციო პალატის 2009 წლის 20 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და წარმოადგინა საკასაციო საჩივარი, რომელიც კვლავ არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ საფუძვლებს.

საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლი შეიცავს იმ ჩამონათვალს, რომელსაც უნდა პასუხობდეს საკასაციო საჩივარი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება. მოცემულ შემთხვევაში კასატორმა ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, კვლავ დაუსაბუთებელი საკასაციო საჩივარი წარმოადგინა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.