Facebook Twitter
ბს-223-217(კ-09)

ბს-223-217(კ-09) 18 ივნისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ზ. ბ-აია

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ სანივთე ქონების დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 12 ოქტომბერს ზ. ბ-აიამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1993 წლიდან მუშაობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2004 წლის 2 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ¹1/1137 ბრძანების საფუძველზე, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ავადმყოფობის გამო, დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2001-2003 წლებში სამხედრო სამსახურის გავლის დროს არ მიუღია ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონება, რომლის საკომპენსაციო თანხის დავალიანებამაც საერთო ჯამში 750 ლარი შეადგინა. მოსარჩელემ აღნიშნული თანხის ანაზღაურების მოთხოვნით არაერთხელ მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს, მაგრამ მათგან უარი მიიღო. შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსაგან 2001-2003 წლების სანივთე ქონების დავალიანების კომპენსაციის გადახდა 750 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. ბ-აიას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა სანივთე ქონების კომპენსაციის _ 750 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

აპელანტის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა 2001-2003 წლების სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრება. აპელანტის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაზე უნდა გავრცელებულიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან მოსარჩელემ სარჩელი სასამართლოში წარადგინა 2007 წლის 11 ოქტომბერს.

აპელანტის განმარტებით, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, სანივთე ქონების კომპენსაციის მოთხოვნის უფლება ჰქონდა პირს, რომელსაც სამხედრო მოსამსახურის სტატუსი გააჩნდა. აპელანტი აღნიშნავდა, რომ, ვინაიდან სარჩელის შეტანის დროისათვის მოსარჩელეს სამხედრო მოსამსახურის სტატუსი აღარ ჰქონდა, შესაბამისად მას აღარ გააჩნდა სანივთე ქონების კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ბ-აიას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, არ გაიზიარა სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები და დასკნები იმ ნაწილში, რომლითაც ზ. ბ-აიას სარჩელი კვების კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კვების კომპენსაციის სახით 750 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტი მხარის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტები _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2006 წლის 22 დეკემბრის ¹9/4172 და 2007 წლის 25 სექტემბრის 9/2928 წერილები, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 03727 სამხედრო ნაწილის მიერ გაცემული ცნობა საინფორმაციო ხასიათისაა და მოწმობს არა მოპასუხის მიერ დავალიანების აღიარებას, არამედ ფაქტს იმის შესახებ, თუ რა თანხა ერგებოდა მოსარჩელეს, რომელიც მას არ მიუღია. სააპელაციო სასამართლომ, აღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო ვალდებულების ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის და მისი დინების ხელახალი დაწყების საფუძველი არ არსებობდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-აიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 აპრილის განჩინებითAზ. ბ-აიას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ბ-აიას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოსარჩელე ზ. ბ-აია 1993 წლიდან მუშაობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2004 წლის 2 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ¹1/1137 ბრძანების საფუძველზე, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ავადმყოფობის გამო, დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან.

მოსარჩელეს 2001-2003 წლებში სამხედრო სამსახურის გავლის დროს არ მიუღია ნორმით გათვალისწინებული სანივთე ქონება, რომლის საკომპენსაციო თანხის დავალიანებამაც საერთო ჯამში 750 ლარი შეადგინა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ამავე კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2006 წლის 22 დეკემბრის ¹9/4172 წერილი საინფორმაციო ხასიათისაა და ის არ მოწმობს დავალიანების აღიარების ფაქტს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «მ» ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე, საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის, ამა თუ იმ პირზე გაცემული ცნობა, რომელიც შეიცავს პირის მიმართ ამ ორგანოს დავალიანების შესახებ ინფორმაციას, წარმოადგენს ამავე ორგანოში დაცულ და მის მიერ ინფორმაციის თავისუფლების ფარგლებში კანონით დადგენილი წესით გაცემულ საჯარო ინფორმაციას.

რაც შეეხება ვალის აღიარების საკითხს, საკასაციო სასამართლო განმარტავს: იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი განხილულ იქნეს ამ ორგანოს მიერ ვალის აღიარებად, მასში პირდაპირ, ნათლად და გარკვევით უნდა იყოს გამოხატული ადმინისტრაციული ორგანოს ნება ვალის გადახდის თაობაზე, ამასთან, იგი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ამავე ორგანოს მხრიდან ვალის გადახდის დაპირების ელემენტს, რომ ადმინისტრაციული ორგანო მომავალში დაუბრუნდება ამ საკითხს და/ან აანაზღაურებს დავალიანებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2006 წლის 22 დეკემბრის ¹9/4172 წერილის თანახმად, ზ. ბ-აიასათვის დავალიანების დაფარვა შესაძლებელი იყო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად. იმ ეტაპზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაეკმაყოფილებინა ზ. ბ-აიას თხოვნა, მაგრამ შესაბამისი წყაროს არსებობის შემთხვევაში, კვლავ დაუბრუნდებოდა მის მიმართ დავალიანებების ანაზღაურების საკითხის განხილვას (ს.ფ. 26).

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2006 წლის 22 დეკემბრის ¹9/4172 წერილით მოხდა ზ. ბ-აიას მიმართ სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანების აღიარება, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ზ. ბ-აიას უნდა აუნაზღაუროს აღნიშნული დავალიანება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად იმსჯელა მოსარჩელე ზ. ბ-აიასათვის კვების კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოსარჩელისათვის არა კვების კომპენსაციის თანხის, არამედ სანივთე ქონების კომპენსაციის თანხის ანაზღაურება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ. ბ-აიას საკასაციო საჩივარი მისთვის სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ბ-აიას სარჩელი სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზ. ბ-იას სასარგებლოდ დაეკისრება სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება 750 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტAა :

1. ზ. ბ-აიას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ზ. ბ-აიას სარჩელი სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზ. ბ-აიას სასარგებლოდ დაეკისროს სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება 750 ლარის ოდენობით;

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.