Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-225-219(კ-09) 2 აპრილი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შსს სსიპ «დაცვის პოლიციის დეპარტამენტის» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 03.10.08წ. განჩინებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.08წ. განჩინებით სსიპ «დაცვის პოლიციის დეპარტამენტის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.03.08წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ «დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა», რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მოპასუხე შპს «...» მის სასარგებლოდ ხელშეკრულებით ნაკისრი 7583.18 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 19.02.09წ. განჩინებით შსს სსიპ «დაცვის პოლიციის დეპარტამენტს» ხარვეზის შესავსებად _ სახელმწიფო ბაჟის 379 ლარის გადახდის ქვითრის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოსადგენად მიეცა ვადა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღე. აღნიშნული განჩინების კასატორისთვის ჩაბარების შესახებ უზენაეს სასამართლოში შემოსული დასტურიდან ირკვევა, რომ კასატორს ხსენებული განჩინება 27.02.09წ. ჩაჰბარდა, ხოლო ხარვეზის შევსების ბოლო ვადა იყო 06.03.09წ. ოცდაოთხი საათი. მიუხედავად ამისა, სსიპ «დაცვის პოლიციის დეპარტამენტის» მიერ მითითებული ხარვეზი არ იქნა შევსებული და არც ხარვეზის ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიუმართავს უზენაესი სასამართლოსთვის, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შსს სსიპ «დაცვის პოლიციის დეპარტამენტის» საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.10.08წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.