Facebook Twitter
ბს-23-23(კ-09)

ბს-23-23(კ-09) 8 აპრილი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ კ. ს-ოვი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ 1) შპს «...» (მესამე პირი)

2) ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების

საქალაქო სამსახური (მოპასუხე)

მესამე პირი _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისრაციუო სამსახური

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

კ. ს-ოვმა 2007 წლის ივნისში სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამასახურისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირი შპს «...» და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2007 წლის 25 მაისის ¹118 ბრძანების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქ. თბილისში ... ¹24-ში კ. ს-ოვის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთის დაზუსტებული 828 კვ.მ ფართის და აღნიშნულ ფართზე განთავსებული სახლთმფლობელობის რეგისტრაციაში გატარება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე კ. ს-ოვის წარმომადგენლის მ. პ-შვილის განცხადება სარჩელის ნაწილობრივ გამოხმობის შესახებ; განუხილველად იქნა დატოვებული ადმინისტრაციული საქმე კ. ს-ოვის სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, კერძოდ კ. ს-ოვის კუთვნილი უძრავი ქონების დაზუსტებული ფართის რეგისტრაციაში გატარების თაობაზე მოთხოვნის ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2007 წლის 25 მაისის ¹118 ბრძანება, მოსარჩელე კ. ს-ოვის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, … ¹24-ში მდებარე სახლთმფლობელობისა და მასზე რიცხულ მიწის ნაკვეთის გეგმაში მესამე პირის შ.პ.ს. «...» საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლებისა და საკადასტრო რუკით დადგენილი საზღვრების გათვალისწინებით ცვლილებების შეტანის შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «...-მა» და ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს «...-ის» და ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამასახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; კ. ს-ოვის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კ. ს-ოვმა და მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ კ. ს-ოვის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას კ. ს-ოვის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან კ. ს-ოვს გადახდილი აქვს საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული კ. ს-ოვის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე;

2. კ. ს-ოვს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%

_ 210 (ორას ათი) ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.