ბს-235-229(კ-09) 11 აპრილი, 2012 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 260-ე მუხლის შესაბამისად განიხილა შპს ,,...”-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 14 მაისის ¹ბს-235-229(კ-09) განჩინების შესწორების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლს 18 აგვისტოს შპს “...-მა” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიმართ.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 2006 წლის 26 ივლის, შპს “...-მა” მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციიდან მიიღო საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად დღგ-ს გადასახადში დაერიცხა 107186,47 ლარი. აღნიშნული დარიცხვა განხორციელდა მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 26 ივლისის ¹379 ბრძანების საფუძველზე, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის 2006 წლის 4 ივლისის ¹16/4/5/2/6-978 წერილით ინსპექციას დაევალა გაეუქმებინა შპს “...-ის” მიერ უსაქონლო ოპერაციებზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებული ჩათვლები. მოსარჩელე აღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნას და ბრძანებას არ დაეთანხმა და მიუთითა, რომ ისინი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ შპს “...” იყო სამშენებლო კომპანია, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა მშენებლობა და სარემონტო სამუშაოების განხორციელება. შესაბამისად, მას ხშირად უხდებოდა სამშენებლო მასალების შეძენა ამ საქმიანობის წარმართვისათვის. ის სამშენებლო მასალები, რომლებზეც გამოწერილი იყო ანგარიშ-ფაქტურები, გამოყენებულ იქნა ფინანსური პოლიციის შენობის რემონტისათვის, ასევე შპს “მ-ის” სარემონტო სამუშაოებზე და სხვა კომპანიებთან ურთიერთობის დროს. აღნიშნულს ადასტურებდა სარჩელზე თანდართული ხელშეკრულებები დასახელებული ორგანიზაციებისათვის სარემონტო სამუშაოების ჩატარების შესახებ. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, ყველა ანგარიშ-ფაქტურა თვით საგადასახადო ინსპექციაში იყო დაწყვილებული, რაც გულისხმობდა, რომ დღგ-ს თანხა ფაქტობრივად გადახდილი და შესული იყო სახელმწიფო ბიუჯეტში. დანართში მითითებულ ყველა ანგარიშ-ფაქტურას კი ახლდა სასაქონლო ზედნადები.
მოსარჩელის განმარტებით, შპს “...-ის” მიერ არ დარღვეულა საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმები და ხსენებული კოდექსის 247-ე მუხლის შესაბამისად, მას უფლება ჰქონდა განეხორციელებინა დღგ-ს ჩათვლა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 26 ივლისის ¹379 ბრძანებისა და ¹549 საგადასახადო მოთხოვნის (შეტყობინება) ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 სექტემბრის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი ჩაება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 21 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საპროცესო უფლებამონაცვლედ საქმეში დაშვებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა ინსპექცია და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით შპს “...-ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 26 ივლისის ¹379 ბრძანება და 2006 წლის 26 ივლისის ¹549 მოთხოვნა; მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციას შპს “...-ის” საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებული ჩათვლების გაუქმებისა და დღგ-ს გადასახადში თანხის დარიცხვის საკითხის გადასაწყვეტად, საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციამ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “...-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება შპს “...-მა” საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს “...-ის” საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 14 მაისის განჩინებით შპს “...-ის” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
2012 წლის 6 აპრილს შპს ,,...”-ის დირექტორმა თ. ს-შვილმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 14 მაისის განჩინებაში შესწორების შეტანა, კერძოდ, შპს ,,...-ის” ნაცვლად საფირმო სახელწოდების შპს ,,...”-ის მითითება მოითხოვა. Gგანმცხადებელმა განცხადებას დაურთო შპს ,,...”-ის სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას და მიიჩნევს, რომ ხსენებული განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 14 მაისის ¹ბს-235-229(კ-09) განჩინებაში შპს ,,...-ის“ სახელწოდებას უნდა დაემატოს მისი საფირმო სახელწოდება შპს ,,...“ და უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: შპს ,,...” _ შპს ,,...”.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 399-ე, 372-ე მუხლებით, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,...”-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 14 მაისის ¹ბს-235-229(კ-09) განჩინების შესწორების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 14 მაისის ¹ბს-235-229(კ-09) განჩინებაში შპს ,,...-ის“ სახელწოდებას დაემატოს მისი საფირმო სახელწოდება შპს ,,...“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: შპს ,,...” _ შპს ,,...”.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.