ბს-236-230(კ-09) 22 ივლისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორი (მოსარჩელე) _ ე. ქ-ავა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, წარმომადგენლები _ დ. ბ-შვილი, თ. მ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 დეკემბრის განჩინება
სარჩელის საგანი _ იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებულად აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ე. ქ-ავამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მან 2002 წელს ჩააბარა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურაში, რომელიც 2005 წელს წარმატებით დაამთავრა, ხოლო 2006 წლის 18 თებერვალს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის აკადემიური ხარისხი. 2007 წლის 20 ივლისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადდა კონკურსი, ხოლო 2007 წლის 12 სექტემბერს, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე არ იქნა დაშვებული კონკურსის მეორე ეტაპზე _ გასაუბრებაზე, შემდეგი მოტივით: «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ასისტენტ-პროფესორად შეიძლებოდა არჩეულიყო დოქტორი ან დოქტორანტი. იმავე კანონის 89-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების მიხედვით კი, ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოპოვებული მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი გათანაბრებული იყო დოქტორის აკადემიურ ხარისხთან. ამ მუხლის მე-9 პუნქტი ვრცელდებოდა, აგრეთვე, პირებზე, რომლებიც გახდნენ ან გახდებოდნენ ასპირანტები (მაძიებლები) და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ კანონის შესაბამისი სადისერტაციო საბჭოს შექმნამდე მოიპოვებდნენ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხს, მაგრამ არა უგვიანეს 2006 წლის 31 დეკემბრისა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს (დოქტორანტურის) დებულება დამტკიცდა 2006 წლის 23 დეკემბერს და იგი ძალაში შევიდა 2006 წლის 1 იანვარს. «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ე. ქ-ავას მიერ მოპოვებული მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი არ უთანაბრდებოდა დოქტორის აკადემიურ ხარისხს, იგი ამასთანავე, არ იყო დოქტორანტი და ამდენად, ვერ აკმაყოფილებდა «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს.
მოსარჩელის მტკიცებით, «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, მის მიერ 2006 წლის 18 სექტემბერს მოპოვებული მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი ვერ გაუთანაბრდებოდა დოქტორის აკადემიურ ხარისხს, თუ მისი დისერტაციის დაცვის დროისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე შექმნილი იქნებოდა «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო. 2006 წლის 18 სექტემბერს, მოსარჩელის მიერ საკანდიდატო დისერტაციის დაცვის დროს, მართალი იყო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე შეიქმნა სადისერტაციო საბჭოს დებულება და დამტკიცდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 23 დეკემბრის ¹264 ბრძანებით, რომლის საფუძველსაც წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ¹473 ბრძანებულების მე-2 პუნქტის «ქ» ქვეპუნქტი, თუმცა თვითონ იურიდიული ფაკულტეტის ახალი სადისერტაციო საბჭო არ არსებობდა. «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სადისერტაციო საბჭოების შედგენისა და თავმჯდომარის არჩევის წესს განსაზღვრავდა აკადემიური საბჭო, ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად. 2006 წლის თებერვალში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო არ არსებობდა და მაშასადამე, «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოც არ იყო შექმნილი.
მოსარჩელის განმარტებით, დისერტაციის დაცვა წარმოადგენდა პროცედურას, რომელიც განისაზღვრებოდა არა დისერტაციის დაცვის უშუალო თარიღით, არამედ _ დისერტაციის დასაცავად წარდგენის თარიღით. მოსარჩელის სადისერტაციო ნაშრომი სადისერტაციო საბჭოში წარდგენილი იყო 2005 წლის 22 აპრილიდან, სადისერტაციო ნაშრომის აპრობაციის გავლის დღიდან და ფაქტობრივად, 2005 წლის აპრილიდან დაიწყო მისი სადისერტაციო ნაშრომის დაცვის პროცედურა, რაც გაგრძელდა 2006 წლის 18 თებერვლამდე და დამთავრდა დისერტაციის დაცვით. 2006 წლის 1 იანვარს ძალაში შესული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტურატურის დებულების 26-ე პუნქტის მოქმედება, რომელიც ითვალისწინებდა ახალი სადისერტაციო წესების ამოქმედებას იმ პირთა მიმართ, რომლებიც ამ დებულების ძალაში შესვლამდე გახდნენ ასპირანტები და ჩააბარეს ყველა ე.წ. საკანდიდატო მინიმუმი, მოსარჩელეზე ვერ გავრცელდებოდა, ვინაიდან საკანდიდატო მინიმუმების ჩაბარების შემდეგ, 2005 წლის 22 აპრილს მისმა სადისერტაციო ნაშრომმა დადგენილი წესით გაიარა აპრობაცია და მის მიმართ უკვე დაწყებული იყო სადისერტაციო ნაშრომის დაცვის პროცედურა. ხსენებული დებულება არ შეიცავდა რაიმე წესს დისერტანტთა სტატუსის მქონე პირთა მიმართ არსებული ურთიერთობების ახლებურად მოწესრიგების შესახებ.
მოსარჩელის მტკიცებით, მისი დისერტაციის დაცვის დღის დანიშვნის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 9 იანვრის ბრძანების მიხედვით, მას უფლება მიეცა, დაეცვა სადისერტაციო ნაშრომი არსებული სადისერტაციო საბჭოს წინაშე და წარდგენილიყო სადისერტაციო საბჭოს მოქმედი შემადგენლობის წინაშე. თუ 2006 წლის 1 იანვარს ძალაში შესული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულება, იმავდროულად, ითვალისწინებდა ახალი სადისერტაციო საბჭოს შექმნასაც და თუ შექმნილი იყო ახალი სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობა, მაშინ გაუგებარი იყო, რატომ არ უზრუნველყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანატმა მოსარჩელის დისერტაციის დაცვა ახალი წესების შესაბამისად, ახალი საბჭოს წინაშე. «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 2006 წლის 1 იანვრის დებულების მე-3 პუნქტის თანახმად, სადისერტაციო საბჭო შედგებოდა ფაკულტეტის ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის სადისერტაციო ნაშრომის დაცვას ესწრებოდნენ და მაშასადამე, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მას მიანიჭეს სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის იმჟამადაც მოქმედმა პროფესორებმა და ასოცირებულმა პროფესორებმა, ხოლო ორივე სადისერტაციო საბჭოში არსებული წევრები ერთსა და იმავე პიროვნებებს წარმოადგენდნენ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ე. ქ-ავამ მოითხოვა, «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების თანახმად, მის მიერ 2006 წლის 18 თებერვალს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წინაშე დაცული დისერტაციის შედეგად, მისთვის მინიჭებული იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებულად აღიარება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით ე. ქ-ავას სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ე. ქ-ავას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქალაქო სასამართლომ, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს 2006 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით (ოქმი ¹27) ე. ქ-ავას მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომის ¹1 ოქმით, კონკურსის მეორე ეტაპზე, გასაუბრებაზე დაშვებულ არ იქნა ე. ქ-ავა, იმ საფუძვლით, რომ მის მიერ მოპოვებული მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი არ უთანაბრდებოდა დოქტორის აკადემიურ ხარისხს, იგი არ იყო დოქტორანტი და ამდენად, ვერ აკმაყოფილებდა «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ¹473 ბრძანებულების მე-2 პუნქტის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილებით, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 23 დეკემბრის ¹264 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულება.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ასისტენტ-პროფესორად შეიძლებოდა არჩეულიყო დოქტორი ან დოქტორანტი. იმავე კანონის 89-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოპოვებული მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი გათანაბრებული იყო დოქტორის აკადემიურ ხარისხთან.
საქალაქო სასამართლომ, საქმის მასალების მიხედვით, ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა 2006 წლის 18 თებერვალს, ხოლო «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონი ძალაში შევიდა 2005 წლის 10 იანვარს. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მოიპოვა მითითებული კანონის ძალაში შესვლის შემდეგ. «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-9 პუნქტი ვრცელდებოდა, აგრეთვე, პირებზე, რომლებიც გახდნენ ან გახდებოდნენ ასპირანტები (მაძიებლები) და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ კანონის შესაბამისი სადისერტაციო საბჭოს შექმნამდე მოიპოვებდნენ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხს, მაგრამ არა უგვიანეს 2006 წლის 31 დეკემბრისა.
საქალაქო სასამართლომ, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ¹473 ბრძანებულების მე-2 პუნქტის «ქ» ქვეპუნქტის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილებით, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელის 2005 წლის 23 დეკემბრის ¹264 ბრძანებით დამტკიცებულ იქნა იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულება, რომელიც ძალაში შევიდა 2006 წლის 1 იანვრიდან. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დასტურდებოდა ის ფაქტი, რომ აღნიშნული დებულების დამტკიცებით შეიქმნა იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო. ამასთან, ის ფაქტი, რომ მითითებული საბჭო შექმნის მომენტიდან ფუნქციონირებდა, დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, კერძოდ, სადისერტაციო საბჭოს 2006 წლის 9-13 იანვრის, 2006 წლის 3 თებერვლისა და 2006 წლის 14 მარტის სხდომის ოქმებით, ასევე _ 2006 წლის 13 იანვრის ხმის დამთვლელი კომისიის სხდომის ოქმით. ამდენად, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისი ახალი სადისერტაციო საბჭოს შექმნის შემდეგ მოიპოვა მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ სადისერტაციო ნაშრომის სადისერტაციო საბჭოს წინაშე წარდგენა ნიშნავდა დისერტაციის დაცვას და ვინაიდან სადისერტაციო ნაშრომის აპრობაციის გავლის დღიდან დაიწყო ნაშრომის დაცვის პროცედურა, ნაშრომი დაცულად ითვლებოდა ახალი სადისერტაციო საბჭოს შექმნამდე.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-10 პუნქტი დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებას უკავშირებდა არა სადისერტაციო ნაშრომის დაცვის პროცედურის დაწყებას, არამედ _ ახალი სადისერტაციო საბჭოს შექმნამდე მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოპოვებას, ანუ პირისათვის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მინიჭების მომენტს, მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი კი მოსარჩელეს მიენიჭა 2006 წლის 18 თებერვალს.
საქალაქო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ვალდებული იყო, უზრუნველეყო მოსარჩელის დისერტაციის დაცვა ახალ სადისერტაციო საბჭოში. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის ასეთი ვალდებულების არსებობისათვის სულ ცოტა, საჭირო იყო, მოსარჩელეს ოფიციალური მიმართვით გამოეხატა ნება, რომ თავისი სადისერტაციო ნაშრომი დაეცვა ახალი სადისერტაციო საბჭოს წინაშე, რაც მას არ გაუკეთებია და შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, არც იურიდიული ფაკულტეტის დეკანი იყო ვალდებული, უზრუნველეყო მისი დისერტაციის დაცვა ახალ სადისერტაციო საბჭოში.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო, დაესაბუთებინა თავისი სარჩელი და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებული იყო, წარედგინა წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დასასაბუთებლად ვერ შეძლო წარმოედგინა მტკიცებულებები, რის გამოც მისი სასარჩელო მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ქ-ავამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 დეკემბრის განჩინებით ე. ქ-ავას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის პრეტენზია იყო დაუსაბუთებელი, ვინაიდან სახეზე არ იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნია, რომ აპელანტმა ვერ გააბათილა ისინი. სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებზე მოპასუხე აპელირებდა პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას, რაზეც შესაბამისი პასუხი იქნა გაცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ქ-ავამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და მიღებულია სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა და საქმის მასალების არასწორი შეფასებით. სასამართლომ არ მოახდინა გადასაჭრელი პრობლემის სწორი შეფასება, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.
კასატორი მიუთითებს სარჩელში მოყვანილ გარემოებებსა და არგუმენტებზე და განმარტავს, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია ახალი აკადემიური საბჭოს შექმნის უფლებამოსილება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ერთპიროვნული ბრძანებით გადასაწყვეტ საკითხად და არ გაითვალისწინა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ¹473 ბრძანებულება აწესრიგებს არა ახალი სადისერტაციო საბჭოების შექმნის წესს, არამედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ცალსახად აძლევს უფლებას, გარდამავალ პერიოდში დაამტკიცოს სადისერტაციო საბჭოების დებულებანი, რომელთა საფუძველზედაც უნდა ემუშავათ მოქმედ საბჭოებს. «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონი ითვალისწინებს ახალი სადისერტაციო საბჭოების შექმნის შესაძლებლობას ფაკულტეტის საბჭოს მიერ, რომელიც უნდა დაემტკიცებინა უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს. გარდამავალ პერიოდში შეუძლებელი იყო ახალი სადისერტაციო საბჭოს შექმნა, რამდენადაც არ იყო შექმნილი ფაკულტეტის საბჭო და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, რომელიც აუცილებელი იყო ახალი სადისერტაციო საბჭოს შესაქმნელად.
კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ დისერტაციის დაცვა ე.წ. ძველი წესების შესაბამისად, ითვალისწინებდა კონკრეტული პროცედურის გავლას, ასევე _ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 28 ივნისის ¹316 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოში მეცნიერებათა ხარისხის მინიჭების წესის შესახებ დებულება», რომლის საფუძველზეც მოხდა კასატორის მიერ დისერტაციის დაცვა. სწორედ აღნიშნული დებულება განმარტავს დისერტაციის დაცვის პროცედურას, რომელიც იწყება დისერტაციის წინასწარი დაცვით და მთავრდება დისერტაციის საჯარო დაცვით, ანუ იგი იწყება სადისერტაციო ნაშრომის აპრობაციით, რომელიც კასატორმა გაიარა 2005 წლის აპრილში. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ კასატორის იმჟამინდელი სტატუსი განიხილებოდა სწორედ ძველი დებულების შინაარსის თანახმად.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ იმსჯელა იმაზე, თუ რამდენად უნდა გავრცელებულიყო 2006 წლის 1 იანვრის დებულება კონკრეტულად ე. ქ-ავაზე, მაშინ, როდესაც მას ამ დებულების ძალაში შესვლამდე ჰქონდა დისერტანტის სტატუსი და მის მიმართ დაწყებული იყო დისერტაციის დაცვის პროცედურა. კასატორს ასპირანტურა დამთავრებული ჰქონდა 2005 წელს და შესაბამისად, აპრობაციის გავლის შემდგომ გააჩნდა დისერტანტის სტატუსი. სასამართლომ არ გამოიკვლია აღნიშნული ფაქტი და არ იმსჯელა კასატორის იმჟამინდელი სტატუსის შესახებ. ახალი სადისერტაციო საბჭო შეიქმნა ისე, რომ ძველი არ გაუქმებულა. სადისერტაციო საბჭო, რომლის წინაშეც კასატორმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ნამდვილად იყო უნივერსიტეტის ორგანიზაციული ერთეული, ხოლო რექტორის მოვალეობის შემსრულებელი _ უფლებამოსილი ორგანო, სადისერტაციო საბჭოების საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
კასატორის მტკიცებით, ვინაიდან მან საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა მოქმედი საბჭოსა და ამავდროულად, უფლებამოსილი ორგანოს წინაშე, რის საფუძველზეც მის მიმართ გამოიცა აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მას გააჩნია კანონიერი ნდობა ამ აქტის მიმართ. უფრო მეტიც, კასატორი ვერ დაიცავდა დისერტაციას პარალელურად მოქმედი საბჭოს წინაშე, ვინაიდან უნივერსიტეტის წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, ე.წ. ახალი საბჭო, ფაქტობრივად, შეიქმნა 2006 წლის 13 იანვარს. გაურკვეველია უნივერსიტეტის პოზიცია კასატორის დისერტაციის დაცვის ფაქტის აღიარებისა და ამის პარალელურად, ამ დისერტაციის დაცვის სამართლებრივი შედეგების უარყოფის შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 მარტის განჩინებით ე. ქ-ავას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2009 წლის 23 ივნისს, 14.30 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ე. ქ-ავას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა სააპელაციო პალატის 04.12.08 წ. განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.
ე. ქ-ავას საკასაციო პრეტენზია ემყარება იმ მოსაზრებას, რომ დისერტაციის დაცვის დროს, მართალია, თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 23.12.05 წ. ¹264 ბრძანებით დამტკიცებული იყო თსუ იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულება, მაგრამ თავად იურიდიული ფაკულტეტის ახალი სადისერტაციო საბჭო არ არსებობდა, ვინაიდან მისი შექმნა არ წარმოადგენდა თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით ერთპიროვნულად გადასაწყვეტ საკითხს. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას, ვინაიდან კანონით გათვალისწინებული საკითხის სხვაგვარად მოწესრიგება საქართველოს პრეზიდენტის 08.06.05 წ. ¹473 ბრძანებულებით ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სათანადო სტრუქტურული ერთეულების შექმნამდე, გარდამავალ პერიოდში არ შეფერხებულიყო დაწესებულების საგანმანათლებლო თუ ორგანიზაციული საქმიანობა. ამავე ბრძანებულების მე-2 მუხლის «ქ» ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ დამტკიცებული იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულება ძალაში შევიდა 01.01.2006 წლიდან. საქმეში წარმოდგენილია სადისერტაციო საბჭოს 2006 წლის 9-13 იანვრის სხდომის ოქმი ¹1 (ს.ფ. ტ. 1, 33-34), სხდომაზე არჩეულ იქნა საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი, ასევე საქმეში დაცულია 03.02.06 წ. და 14.03.06 წ. სხდომის ოქმები, საიდანაც დგინდება, რომ ახალი სადისერტაციო საბჭო ე. ქ-ავას მიერ დისერტაციის დაცვის დროისათვის შეკრებილი იყო. უსაფუძვლოა ასევე კასატორის მოსაზრება მასთან დაკავშირებით, რომ ხარისხის მინიჭება განისაზღვრება არა დისერტაციის დაცვის უშუალო თარიღით, არამედ დისერტაციის წარდგენის თარიღით, ამ შემთხვევაში 22.04.05 წლიდან _ სადისერტაციო ნაშრომის აპრობაციის გავლის დღიდან. საქართველოს პრეზიდენტის 28.06.03 წ. ¹316 ბრძანებულებით (ძალადაკარგულია 06.04.07 წლიდან) დამტკიცებული საქართველოში სამეცნიერო ხარისხების მინიჭების წესის შესახებ დებულებითა და ინსტრუქციით გაწერილი იყო სამეცნიერო ხარისხის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურები, რომლის თანახმად, დისერტაციის სადისერტაციო საბჭოში წარდგენა წარმოადგენდა მისი წინასწარი განხილვისა და დასაცავად მიღების საფუძველს, ხოლო სამეცნიერო ხარისხის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა ყოფილიყო დისერტაციის საჯარო დაცვის შემდგომ სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე. სამეცნიერო ხარისხის მინიჭება წარმოადგენდა განგრძობით პროცედურას და ე. ქ-ავას სადისერტაციო ნაშრომს აპრობაციის შემდგომ გასავლელი ჰქონდა რიგი საფეხურები, რომელთა დაუცველობა გამორიცხავდა მაძიებლისათვის ხარისხის მინიჭებას. ამდენად, ე. ქ-ავამ იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მოიპოვა «უმაღლესი განათლების შესახებ» კანონის ძალაში შესვლის შემდეგ 2006 წლის 18 თებერვალს, მაშინ, როდესაც თსუ-ს ახალი სადისერტაციო საბჭო უკვე ფუნქციონირებდა.
«უმაღლესი განათლების შესახებ» კანონის 89-ე მუხლის მე-9 პუნქტი ითვალისწინებს ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოპოვებული მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებას. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-9 პუნქტი ვრცელდება აგრეთვე პირებზე, რომლებიც გახდნენ ან გახდებოდნენ ასპირანტები (მაძიებლები) და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ კანონის შესაბამისი სადისერტაციო საბჭოს შექმნამდე მოიპოვებდნენ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხს, მაგრამ არა უგვიანეს 2006 წლის 31 დეკემბრისა. კანონის ეს ნორმა გამორიცხავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ახალი სადისერტაციო საბჭოს ამოქმედების შემდგომ მოპოვებული მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის დოქტორის აკადემიურ ხარსხთან გათანაბრებას.
საკასაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სადისერტაციო საბჭოს თავად უნდა უზრუნველეყო მისი დისერტაციის დაცვა ახალი საბჭოს წინაშე, ვინაიდან კანონმდებელი, მართალია, უშვებს «უმაღლესი განათლების შესახებ» კანონის ამოქმედების შემდეგ მეციერებათა კანდიდატის ხარისხის მინიჭებას, მაგრამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ახალი სადისერტაციო საბჭოს შექმნის შემდეგ მინიჭებული მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის გათანაბრებას დოქტორის ხარისხთან დაუშვებელად მიიჩნევს. კანონის ეს დათქმა ხარისხის მაძიებელ პირს ანიჭებდა უფლებამოსილებას თავად განესაზღვრა თუ რა წესით სურდა მას ხარისხის მოპოვება, რათა შემდგომში იგი მოქცეულიყო ახლადამოქმედებული კანონის რეგულირების სფეროში.
საკასაციო პალატა ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ე. ქარდავას მიერ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მოპოვებულ იქნა თსუ-ში ახალი სადისერტაციო საბჭოს ამოქმედების შემდეგ. «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-10 პუნქტი გამორიცხავს ამავე კანონით გათვალისწინებული სადისერტაციო საბჭოს ამოქმედების შემდგომ მოპოვებული სამეცნიერო ხარისხის გათანაბრებას დოქტორის ხარისხთან, ამდენად, ე. ქ-ავას საკასაციო მოთხოვნა უსაფუძვლოა, მას არ წარმოუდგენია ისეთი დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია რაც გამოიწვევდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.
საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, სრულად დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, სამართლებრივ შეფასებებს, დამატებით მიუთითა მათზე და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ქ-ავას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.