ბს-243_233(კ_09) 29 აპრილი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ნ. დ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ 1) ა. და მ. შ-ძეები (მოპასუხე)
2) ხელვაჩაურის რაიონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისია (მოპასუხე)
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. დ-ძემ 2008 წლის აპრილში სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების მ. და ა. შ-ძეებისა და ხელვაჩაურის რაიონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ა. და მ. შ-ძეებზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება.
ა. და მ. შ-ძეებმა 2008 წლის მაისში სარჩელით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ხელვაჩაურის რაიონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ნაზი დუმბაძის მიმართ და მოითხოვეს ხელვაჩაურის რაიონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც 0,202 ჰა მიწის ნაკვეთი ნ. დ-ძის საკუთრებად იქნა აღიარებული. ასევე მოითხოვეს ¹6035 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა.
ა. და მ. შ-ძეების წარმომადგენელმა 2008 წლის 29 მაისს შუამდგომლობით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული ორი საქმის ერთ წარმოებად გაერთიანება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 მაისის განჩინებით ა. და მ. შ-ძეების წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ნ. დ-ძის სარჩელი ა. და მ. შ-ძეებისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ და ა. და მ. შ-ძეების სარჩელი ნ. დ-ძისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ გაერთიანდა ერთ წარმოებად.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ. დ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 26 დეკემბრის ¹13 საოქმო გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების უფლების მოწმობები ¹3137, ¹3131 და ასევე გაუქმდა საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერები ა. და მ. შ-ძეებზე; მოსარჩელეების ა. და მ. შ-ძეების სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 4 თებერვლის საოქმო გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება ნ. დ-ძის სახელზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ და შესაბამისად ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების უფლების მოწმობა ¹6035.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. და მ. შ-ძეებმა, ნ. დ-ძემ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. დ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მ. და ა. შ-ძეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ხელვაჩაურის რაიონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 26 დეკემბრის ¹13 საოქმო გადაწყვეტილება; ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. დ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის რაიონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 26 დეკემბრის ¹13 საოქმო გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ა. და მ. შ-ძეებისათვის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი @¹3137, ¹3131 საკუთრების მოწმობები; ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერები ა. და მ. შ-ძეებზე; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. დ-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ. დ-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნლოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. დ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე რ. დ-ძეს გადახდილი აქვს საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 210 (ორასათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ნ. დ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე;
2. რ. დ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორასათი) ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.