ბს-246-236(კ-09) 30 მარტი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ი/მ “...-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ნოემბრის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2009 წლის 16 თებერვლის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ ი/მ “...-ის” საკასაციო საჩივარს თან არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, ამასთან, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ იყო გათავისუფლებული საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების და არც “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავდა გასაჩივრების საფუძვლებს (კასაციის მიზეზები) და მასში პროცესუალური დარღვევების თაობაზე სრულყოფილად არ იყო მითითებული. აღნიშნული განჩინებით კასატორ ი/მ “...-ს” დაევალა, ხარვეზის შესახებ იმავე განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში შემოეტანა სრულყოფილი საკასაციო საჩივარი იმდენ ასლად, რამდენი მხარეც იყო საქმეში და წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა, გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზების ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინებიდან ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 თებერვლის ხარვეზის შესახებ განჩინება, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე _ ქ. ბათუმი, ...-ის ქ. ¹51, ი/მ “...-ს” პირადად ჩაჰბარდა 2009 წლის 26 თებერვალს და შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადა ი/მ “...ს” ეწურებოდა 2009 წლის 5 მარტს.
2009 წლის 5 მარტს ი/მ “...-მ” საქართველოს უზენაეს სასამართლოში ფოსტის მეშვეობით წარმოდგენილ დაზუსტებულ საკასაციო საჩივარს დაურთო სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2009 წლის 10 მარტის განჩინებით მიიჩნია, რომ მართალია, ი/მ “...-მ” უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის ქვითარი, მაგრამ ი/მ “...-ს” სრულად არ შეუვსია ზემოაღნიშნული ხარვეზი, რადგან მას უზენაეს სასამართლოში არ წარმოუდგენია დავის საგნის ღირებულების 5%-ის _ 890 ლარის გადახდის ქვითარი, ანუ მას სახელმწიფო ბაჟის სახით, გადასახდელი ჰქონდა დარჩენილი 590 ლარი. აღნიშნული განჩინებით ი/მ “...-ს” გაუგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 თებერვლის ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილი შესაბამისი ხარვეზის შევსების _ დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის _ 590 ლარის გადახდის ქვითრის უზენაეს სასამართლოში წარმოდგენის ვადა 14 დღით. კასატორს განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში შესაბამისი ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი. შესაბამისად, ი/მ “...-ს” ხარვეზის შევსების ვადა ამოეწურა 2009 წლის 19 მარტს.
2009 წლის 31 მარტს ი/მ “...-მ” საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას ფოსტის მეშვეობით მიმართა განცხადებით და ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის 10 დღით გაგრძელება იმ მოტივით, რომ იგი არის შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმით დაავადებული. ი/მ “...-მ” ხსენებულ განცხადებას დაურთო შაქრიანი დიაბეტით დაავადებულის პოლისი, რომელშიც მითითებულია მოსახლეობის სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ი/მ “...-ის” განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორ ი/მ “...-ს” მისთვის მიცემულ ვადაში არ შეუვსია შესაბამისი ხარვეზი და არ წარმოუდგენია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 590 ლარის გადახდის ქვითარი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება ი/მ “...-ის” საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას, ხოლო თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, ი/მ “...-ის” საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველი დარჩეს ი/მ “…-ის” საკასაციო საჩივარი;
2. თ გ.-ს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა _ 300 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.