Facebook Twitter
ბს-250-240(კ-09)

ბს-250-240(კ-09) 25 მაისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ბ. დ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 დეკემბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ბ. დ-ძემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მ. გ-ელის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის სარდაფის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის დავალება (იხ.ს.ფ. 2-5, ტ. I).

ბ. დ-ძემ საქალაქო სასამართლოში წარდგენილ დამატებითი სარჩელით მოპასუხეების მ. გ-ელის, ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოსა და ქ. ბათუმის არქმშენინსპექციის მიმართ, მოითხოვა სარდაფის რეკონსტრუქციის და სარდაფში სავაჭრო წერტილის მოწყობის პროექტების, შენობის იერსახის შეცვლის ნებართვის, მშენებლობის დაწყების ნებართვის და არქმშენინსპექციის დასკვნის ბათილად ცნობა, ასევე ზიანის ანაზღაურება (იხ.ს.ფ. 84-85, ტ. I)

საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 ივნისის საოქმო განჩინებით ბ. დ-ძის სარჩელზე ზიანის ანაზღაურების ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება მოსარჩელის მიერ უარის თქმის გამო (იხ.ს.ფ. 44, ტ. II)

საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით ბ. დ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე მ. გ-ელს დაევალა ქ. ბათუმში ... ქ. ¹45-ში მდებარე თავისი საცხოვრებელი ბინის ქვეშ განთავსებულ სარდაფში მოწყობილი წყლის სატუმბი მოწყობილობის მოშლა და მასვე აეკრძალა შემდგომში სარდაფში წყლის საქაჩის მოწყობა; დანარჩენ ნაწილში ბ. დ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ.ს.ფ.86-90,ტ. II).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. დ-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ.ს.ფ. 96-106, ტ. II)

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 დეკემბრის განჩინებით ბ. დ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 248-255, ტ. II).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. დ-ძემ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება (იხ. ს.ფ. 283-289, ტ. II).

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 18 მარტის განჩინებით ბ. დ-ძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ.).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა კასატორის ბ. დ-ძის წარმომადგენელმა გ. წ-ძემ, რომელშიც აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის საფუძველზე ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას, რამდენადაც სახეზე არ იყო საკასაციო საჩივრების საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობები.

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს მოწინააღმდეგე მხარეებმა რომელშიც აღნიშნეს, რომ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის საფუძველზე არ ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბ. დ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის _ ბ. დ-ძის საკასაციო საჩივარი და საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ბ. დ-ძის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ბ. დ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის _ ბ. დ-ძის სახელზე გ. წ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, გ. წ-ძეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. დ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორის _ ბ. დ-ძის სახელზე გ. წ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან გ. წ-ძეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.