Facebook Twitter

ბს-251-241(კ-09) 20 მარტი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ლ. ქ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა და ნ. ქ.-ის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ განცხადების საფუძვლიანობა.

2007 წლის 18 ივნისს ნ. ქ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე აჭარის ა/რ კონტროლის პალატის მიმართ და მოპასუხის მიერ 2007 წლის 18 მაისს შედგენილი სსიპ «სოფელ ...-ის საჯარო სკოლის» ¹59/01-11 თემატური შემოწმების აქტის, როგორც უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ბათილად ცნობა მოითხოვა, რადგან ხსენებულ აქტში მითითებული გარემოებები, მოსარჩელის აზრით, არასწორად იყო შეფასებული და განმარტებული.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ქ...-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ კონტროლის პალატის 2007 წლის 18 მაისის ¹59/01-11 თემატური შემოწმების აქტი საშუალო სკოლის ადმინისტრაციისა და ტექპერსონალისათვის საშტატო განრიგის საფუძველზე 2006 წლის თებერვლიდან 2007 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ხელფასების გაცემის უკანონოდ შეფასების ნაწილში და სკოლის მასწავლებლებისათვის 2006 წლის 1 იანვრიდან 2007 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ხელფასების გაცემის უკანონოდ შეფასების ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში აჭარის ა/რ კონტროლის პალატის 2007 წლის 18 მაისის ¹59/01-11 თემატური შემოწმების აქტი დარჩა ძალაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ კონტროლის პალატამ. აპელანტმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებეზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ქ.-მაც, რომელმაც ხსენებული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ნ. ქ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება აჭარის ა/რ კონტროლის პალატის 2007 წლის 18 მაისის «თემატური შემოწმების აქტი» სკოლის მასწავლებლებისათვის 2001 წლის 1 იანვრიდან 2007 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ხელფასის უკანონოდ შეფასების ნაწილში; დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

2009 წლის 22 იანვარს ლ. ქ.-მ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომელშიც აღნიშნა, რომ ნ. ქ.-ს 2008 წლის 25 დეკემბრამდე უნდა შეეტანა საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, მაგრამ 2008 წლის 11 დეკემბერს გარდაიცვალა. განცხადების ავტორმა მიუთითა, რომ იგი იყო აწ გარდაცვლილი ნ. ქ.-ის შვილი, რის გამოც ითხოვა ნ. ქ.-ის უფლებამონაცვლედ ცნობა და საკასაციო საჩივრის შეტანისთვის დადგენილი საპროცესო ვადის აღდგენა.

2009 წლის 16 თებერვალს ლ. ქ.-მ საკასაციო საჩივარი წარადგინა ქუთაისის სააპელციო სასამართლოში იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. კასატორმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო გაეცნო ლ. ქ.-ის განცხადებასა და საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ პროცესებში უფლებამონაცვლეობის საფუძველია სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა. საპროცესო უფლებამონაცვლეობა არის მხარეებისა და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობის ერთ-ერთი საფუძველია მოქალაქის გარდაცვალება, თუ სადავო სამართალურთიერთობა დასაშვებად მიიჩნევს უფლებამონაცვლეობას.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნულ ნორმის შინაარსს და აღნიშნავს, რომ მოქალაქის გარდაცვალება მხოლოდ მაშინ იწვევს საპროცესო უფლებამონაცვლეობას, როდესაც სადავო სამართალურთიერთობაში დასაშვებია უფლებამონაცვლეობა. შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია, გამოიკვლიოს და დაადგინოს, მატერიალური სამართლის კუთხით რამდენადაა დასაშვები გარდაცვლილის უფლებამონაცვლით ჩანაცვლება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სსიპ «სოფელ ...-ის საჯარო სკოლის» დირექტორი ნ. ქ.-ე სადავოდ ხდიდა აჭარის ა/რ კონტროლის პალატის მიერ 2007 წლის 18 მაისს შედგენილი სსიპ «სოფელ ...-ის საჯარო სკოლის» ¹59/01-11 თემატური შემოწმების აქტის კანონიერებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დავის საგნიდან გამომდინარე, ხსენებული მოთხოვნის უფლება ვერ გადავა ნ. ქ.-ის შვილზე _ ლ. ქ.-ეზე. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ლ. ქ.-ის მიერ ზემოაღნიშნული სადავო აქტის ბათილად ცნობის კანონიერი ინტერესიც, რის გამოც ლ. ქ.-ე მოცემულ საქმეში ვერ ჩაებმება ნ. ქ.-ის უფლებამონაცვლედ და ვერ ჩაითვლება საკასაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილ პირად.

საკასაციო სასამართლო დამატებით ლ. ქ.-ის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზეც, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ვერ იმსჯელებს საკასაციო საჩივრის შეტანის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი საპროცესო ვადის აღდგენაზე, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე და ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე მუხლებით, 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ქ.-ის განცხადება ნ. ქ.-ის უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. განუხილველი დარჩეს ლ. ქ.-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის მოტივით;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.