ბს-259-249(კ-09) 7 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი – ნინო გოგატიშვილი
კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს კონტროლის პალატა, წარმომადგენელი
ნ. ე-ია (მინდობილობა 12.12.08წ., ¹3/2211-01)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნ. ლ-იანი, წარმომადგენელი
პ. კ-ძე (რწმუნებულება 05.04.06წ., ¹3272)
დავის საგანი – სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.08წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. ლ-იანმა 06.07.07წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ და საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 07.06.07წ. ¹გან-147 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1992 წლის 28 აპრილიდან 2007 წლის 7 ივნისამდე მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატაში სხვადასხვა თანამდებობებზე. კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას, არ გააჩნდა არცერთი სახის დისციპლინარული გადაცდომა და მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 07.06.07წ. ბრძანებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობისა და სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევის გამო, რაც გამოიხატა კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანების შეუსრულებლობაში და 06.06.07წ. ოპერატიულ თათბირზე გამოუცხადებლობაში, საქართველოს კონტროლის პალატის ... ნ. ლ-იანი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2007 წლის 7 ივნისიდან. მოსარჩელის განმარტებით მისთვის ცნობილი იყო, რომ საქართველოს კონტროლის პალატის ცენტრალურ ოფისში 06.07.07წ. 18:30 საათზე იმართებოდა ოპერატიული თათბირი, ხოლო ის დეპარტამენტი, სადაც ნ. ლ-იანი მუშაობდა, იმყოფებოდა ქ. მცეთაში. საქართველოს კონტროლის პალატაში სამუშაო საათები იწყება 09:30 საათზე და მთავრდება 18:30 საათზე. ნ. ლ-იანს ევალებოდა, ადგილობრივი ბიუჯეტების დეპარტამენტში თანამშრომელთა სასახურში გამოცხადების და სამუშაო საათების დასრულების დროს სამსახურში მყოფი მუშაკების აღრიცხვის წარმოება. 06.06.07წ. მან საქართველოს კონტროლის პალატის ცენტრალური ოფისი დატოვა დაახლოებით 18 საათზე, რათა ჩასულიყო მცხეთაში და შეემოწმებინა სამუშაო საათების დასრულებამდე მუშაკთა ადგილზე ყოფნა, ქ. თბილისში დაბრუნდა 18:45 საათზე, შენობაში აღარ შეუშვეს დაცვის თანამშრომლებმა, რადგან ისინი ასრულებდნენ კონტროლის პალატის თავმჯდომარის დავალებას. მოსარჩელისთვის 07.06.07წ. ცნობილი გახდა, რომ ის გათავისუფლებული იყო და გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ოპერატიულ თათბირზე გამოუცხადებლობა, რაც მოსარჩელის მოსაზრებითYარ უნდა გამხდარიყო მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.12.07წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 07.06.07წ. ¹გან-147 ბრძანება ნ. ლ-იანის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, მოპასუხეს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და მის გამოცემამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაევალა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.08წ. განჩინებით საქართველოს კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.12.07წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა უხეში საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 78-ე მუხლით განსაზღვრულია დისციპლინურ გადაცდომათა სახეები, ხოლო ამავე კანონის 93-ე მუხლი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომელიც უფლებამოსილია სამსახურიდან გაანთავისუფლოს საჯარო მოხელე. სააპელაციო პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში სადავო არაა, რომ ოპერატიულ თათბირზე საპატიო მიზეზის გარეშე გამოუცხადებლობა წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას, ხოლო «საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად, კონტროლის პალატის თავმჯდომარე უფლებამოსილია გაანთავისუფლოს ამავე ორგანოს სტრუქტურული დანაყოფის უფროსის მოადგილე. აპელანტი ვერ ასაბუთებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობას და შეცვლის სავალდებულოობას, ვინაიდან სადავო აქტი გამოცემულია საქართველოს ზაკ-ის 96-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების იმპერატიულ მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის მასალებით უდავოდაა დადგენილი, რომ ნოდარ ლ-იანს არ მისცემია არანაირი შესაძლებლობა მიეღო მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. საქართველოს ზაკ-ის 95.2 მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ეცნობებინა მისთვის. უდავოდაა დადგენილი, რომ ადმინისტრაციული წარმოება 06.06.07წ., დაიწყო ოპერატიული თათბირის დამთავრების შემდეგ, რომელიც დაიწყო 18:30 საათზე და დასრულდა 7 ივნისს გამოცემული ბრძანებით, ცხადია დროის ასეთ მცირე მონაკვეთში შეუძლებელი იყო მხარის მიერ მისი კანონიერი უფლებების განხორციელება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.08წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო და საქალაქო სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ კონტროლის პალატამ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მიღებისას დაარღვია სზაკ-ის 52-ე, 53-ე, 95-ე, 96-ე, 97-ე, და 98-ე მუხლები. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებზე, მას არ უმსჯელია იმ სპეციალურ ნორმაზე, რომლითაც რეგულირდება საჯარო სამსახურში საჯარო მოსამსახურის შრომითი ურთიერთობა. ასეთ სპეციალურ ნორმას წარმოადგენს «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონი, რომლის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის «ა» ქვეპუნქტისა და 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გამოცემულ იქნა გათავისუფლების ბრძანება. მოსარჩელე ნ. ლ-იანის ოპერატიულ თათბირზე გამოუცხადებლობა კონტროლის პალატის მიერ შეფასდა დისციპლინურ გადაცდომად და სამსახურეობრივი მოვალეობის უხეშ დარღვევად, ნ. ლ-იანისთვის ცნობილი იყო ოპერატიული თათბირის დანიშვნის დრო და მას თათბირზე გამოუცხადებლობის ან შესაძლო დაგვიანების შესახებ წინასწარ არ გაუფრთხილებია სათანადო ხელმძღვანელი პირები, რის გამოც იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნული ქმედება განხორციელდა სპეციალური კანონის - «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მოთხოვნათა დაცვით, რომელიც ადგენს საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას.აღნიშნული კანონი არ ითვალისწინებს დისციპლინური პასუხისმგებლობის გატარების შემთხვევაში მოსამსახურისათვის რაიმე ახსნა-განმარტების ჩამორთმევის ვალდებულებას. კასატორის მოსაზრებით კონტროლის პალატას არ დაურღვევია ნ. ლ-იანის გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემისას ის კანონი, რომლითაც რეგულირდება საჯარო სამსახურსა და საჯარო მოსამსახურეს შორის შრომითი ურთიერთობა. ნ. ლ-იანის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაში მოცემულია საკანონმდებლო ნორმა, რომლის საფუძველზე გამოიცა გასაჩივრებული ბრძანება, ხოლო ბრძანების გამოცემას საფუძვლად დაედო კონტროლის პალატის გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის მოხსენებითი ბარათი. ნ. ლ-იანს სადავოდ არ გაუხდია თათბირზე დაგვიანება, მას თათბირზე გამოუცხადებლობის ან შესაძლო დაგვიანების შესახებ წინასწარ არ გაუფრთხილებია სათანადო ხელმძღვანელი პირები, რისი შესაძლებლობა მას რეალურად გააჩნდა. კონტროლის პალატას თავისი გადაწყვეტილება არ დაუფუძნებია ისეთ გარემოებებზე, ფაქტებზე, რომელიც არ ყოფილა გამოკვლეული და შესწავლილი. კასატორმა მიუთითა, რომ ნ. ლ-იანმა ვერც სასამართლო განხილვის პროცესში ვერ წარმოადგინა ისეთი ახსნა-განმარტება და მითუმეტეს წერილობითი მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულ შეუსრულებლობას და სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევას.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივრის მოსაზრებები არ ცნო და ითხოვა, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.08წ. განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანება (გადაწყვეტილება, განკარგულება) არის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის მე-4 თავით რეგლამენტირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებული დავების განხილვისას უნდა შემოწმდეს ამ საკითხებზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის შესაბამისობა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 თავით და «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის ნორმებით დადგენილ მოთხოვნებთან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის საფუძველზე საკასაციო პალატა მოცემულ საქმეზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე ნ. ლ-იანი მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატის ადგილობრივი .... საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 07.06.07წ. ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლად ბრძანებაში მიეთითა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის «ა» ქვეპუნქტი და 99-ე მუხლის მე-3 პუნქტი, სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა და სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა 06.06.07წ. ოპერატიულ თათბირზე გამოუცხადებლობაში. საკასაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.12.07წ. გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე ნ. ლ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 07.06.07წ. ¹გან-147 ბრძანება ნ. ლ-იანის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალა მოპასუხეს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობდა სადავო აქტის ბათილად ცნობის და სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოსათვის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ნ. ლ-იანი სარგებლობდა საჯარო მოსამსახურის, კერძოდ მოხელის სტატუსით და მასზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციოული კოდექსის და «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნები. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონით არ არის მოცული დისციპლინური წარმოების პროცედურები, შესაბამისად, მოხელის მიმართ დისციპლინური წარმოება ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა წარმართოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით.
საკასაციო პალატა იზიარებს საკასაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე, 53-ე 95-ე, 96-ე, 98-ე მუხლების დარღვევით გამოსცა ბრძანება ნ. ლ-იანის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ვინაიდან გადაწყვეტილება არ ეფუძნება იმ გარემოებებს, ფაქტებს, მტკიცებულებებს და არგუმენტებს, რომლებიც გამოკვლეული და შესწავლილი უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული წარმოების შედეგად. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო ბრძანება ფაქტობრივად გამოიცა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე, საქართველოს კონტროლის პალატის თავჯდომარის 07.06.07წ. ¹გან-147 ბრძანების საფუძველი გახდა გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის მიერ არასამუშაო დროს შედგენილი და კანცელარიაში გატარებული მოხსენებითი ბარათი, რომელიც 06.06.07წ. 1830 საათზე თავჯდომარის მიერ დანიშნული თათბირის ჩატარების შემდგომ არის შედგენილი. სადავო ბრძანება გამოიცა თათბირზე გამოუცხადებლობის მიზეზების გამორკვევის გარეშე, მოსარჩელეს არ მიეცა საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა, სზაკ-ის 95-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევით ადმინისტრაციულმა ორგანომ არ უზრუნველყო დაინტერესებული მხარის _ ნ. ლ-იანის ჩაბმა ადმინისტრაციულ წარმოებაში, მიუხედავად იმისა, რომ სადავო აქტით უარესდებოდა მისი სამართლებრივი მდგომარეობა. ბრძანების გამოცემისას არ შესწავლილა ნ. ლ-იანის მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ადგილი ჰქონდა არა გამოუცხადებლობას, არამედ თათბირზე დაგვიანებას, რაც გამოწვეული იყო დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობით, სამსახურის ადგილის – ... სხვა დასახელებულ პუნქტში – ქ. მცხეთაში განთავსებით, დაცვის კონტროლის პალატის შენობაში არ შეშვებით და სხვ. სასკ-ის მე-17.2 მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება სადავო აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. საქმეში არ მოიპოვება აქტის გამოცემამდე პროცედურის დაცვის, ნ. ლ-იანის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობის მტკიცებულებები. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორმა სადავო ბრძანების გამოცემისას დაარღვია სზაკ-ის მე-5 და 96.2 მუხლების მოთხოვნები, ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, მათ შორის, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების გარეშე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, შესაბამისად არსებობდა სასკ-ის 32-ე მუხლზე მითითებით სადავო აქტის ბათილად ცნობისა და საქმის გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემის საფუძველი. საკასაციო პალატა იზიარებს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე და დამატებით აღნიშნავს, რომ ხელფასის გაცემის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ მუშაკის გათავისუფლება სამსახურიდან, მოსარჩელის გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის გამო არარსებობს ხელფასის გაუცემლობის საფუძველი. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 37.1 მუხლის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია და არ არსებობს საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.09.08წ. განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.