ბს-260-250(კ-09) 22 აპრილი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. მ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 18 აპრილს ნ. მ-შვილმა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითოვა სამსახურში უკანონოდ გათავისუფლების გამო, იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის ხელფასის ანაზღაურება.
განმცხადებელი განცხადებით ითხოვდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დაკისრებოდა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში – 2004 წლის 1 ოქტომბრიდან 2008 წლის 21 იანვრამდე, 14200 ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. მ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ნ. მ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 14200 ლარის ოდენობით.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დაეკისრა ნ. მ-შვილის სასარგებლოდ ხელფასის ანაზღაურება, იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში – 2004 წლის 1 ოქტომბრიდან 2008 წლის 21 იანვრამდე – გათავისუფლებამდე არსებული ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს 36 ლარის ოდენობით.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-შვილმა.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმებას, რომლითაც უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 27თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2009 წლის 20 თებერვლის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად ნ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
2009 წლის 16 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მოსაზრებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ნ. მ-შვილის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, ნ. მ-შვილის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ნ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ნ. მ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უარი ეთქვას ნ. მ-შვილს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.