Facebook Twitter

¹ბს-263-253(კ-09) 10 სექტემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ დ. ფ-უა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები): საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახური; ბორჯომის მუნიციპალიტეტი (დაბა ბაკურიანის საკრებულოს უფლებამონაცვლე); ნ. ქ-ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2003 წლის 20 იანვარს დ. ფ-უამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბორჯომის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ ბორჯომის რაიონის მიწისა და უძრავი ქონების რეგისტრატურის (ამჟამად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახური), ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანის საკრებულოს გამგეობისა და ნ. ქ-ძის მიმართ.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 1973 წლის 2 აპრილს გაცემული სამემკვიდრეო მოწმობის საფუძველზე, 1971 წლის 26 თებერვალს გარდაცვლილი მ. ფ-უას ქონებაზე მემკვიდრედ ცნობილ იქნა მოსარჩელის დედა _ თ. ფ-უა. 1998 წლის 7 ნოემბერს თ. ფ-უამ დაბა ბაკურიანში, ... ქ. ¹3-ში მდებარე ორსართულიანი სახლი უანდერძა მოსარჩელეს. აღნიშნული სახლი მდებარეობდა 1294 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელიც წარმოადგენდა ფ-უებისა და ნ. ქ-ძის საერთო საკუთრებას. თანამესაკუთრეებს შორის წლების განმავლობაში მიმდინარეობდა დავა მიწის ნაკვეთის გაყოფის შესახებ. საბოლოოდ, სპეციალური კომისიის მიერ მიღებული დასკვნის შესაბამისად, ნ. ქ-ძეს პირად სარგებლობაში გადაეცა 920 კვ.მ, ხოლო თ. ფ-უას _ 358 კვ.მ მიწის ნაკვეთი. თ. ფ-უას გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელე შეუდგა სამკვიდრო ქონების გადაფორმებისათვის შესაბამისი საბუთების შეგროვებას, ბორჯომის ტექბიუროში აიღო ცნობა-დახასიათება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ 1294 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნოდათ თ. ფ-უასა და ნ. ქ-ძეს. ამის შემდეგ მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს, სადაც აღმოჩნდა, რომ ნ. ქ-ძის სახელზე რეგისტრირებული იყო 1186,60 კვ.მ, ხოლო თ. ფ-უას სახელზე _ 159,96 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

მოსარჩელის განმარტებით, საკარმიდამო რუკა მიწათმომწყობმა შეადგინა ნ. ქ-ძის მეუღლის ზეგავლენით, რომელიც მუშაობდა ბაკურიანის სადაბო საკრებულოში. აღნიშნული რუკის მიხედვით, ფ-უების კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რომელიც თ. ფ-უას სამზარეულოს წინ მდებარეობდა, მოექცა ნ. ქ-ძის საკუთრებაში. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლის შესაბამისად, ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლები იყო განლაგებული, ითვლებოდა იმავე პირთა საკუთრებად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საჯარო რეესტრში მის სახელზე 159,96 კვ.მ მიწის ნაკვეთის აღრიცხვის შესახებ ჩანაწერში ცვლილების შეტანა იმგვარად, რომ აღნიშნული მიწის ფართი განსაზღვრულიყო 358 კვ.მ-ით.

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 16 სექტემბრის სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა: საჯარო რეესტრში მის სახელზე 159,96 კვ.მ მიწის ნაკვეთის აღრიცხვის შესახებ ჩანაწერში ცვლილების შეტანა იმგვარად, რომ აღნიშნული ფართი 338,23 კვ.მ-ით განსაზღვრულიყო. ასევე მოითხოვა, აღნიშნულ ფართში ნ. ქ-ძესთან თანაზიარი, საერთო გზის ნახ.რის _ 64,15 კვ.მ-ის გათვალისწინება.

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ. ფ-უას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის საჯარო რეესტრის ჩანაწერი დაბა ბაკურიანში, ... ქუჩის ¹3-ში თ. ფ-უას სახელზე რიცხული 159,96 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთის შესახებ და იგი შეიცვალა 338,23 კვ.მ-ით. აღნიშნულ ფართში გათვალისწინებულ იქნა ნ. ქ-ძესთან თანაზიარი, საერთო გზის ნახ.რი, ანუ 64,15 კვ.მ. ამავე მისამართზე ნ. ქ-ძის სახელზე აღირიცხა 882,41 კვ.მ მიწის ფართი, საერთო სარგებლობის გზისთვის გათვალისწინებული 64,15 კვ.მ-ის ჩათვლით; ბორჯომის რაიონის ტექაღრიცხვის ბიუროსა და საჯარო რეესტრს დაევალათ გადაწყვეტილების შესაბამისი ცვლილებების შეტანა სააქტო ჩანაწერებში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანის საკრებულომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ბორჯომის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ქ-ძემაც, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ფ-უას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ფ-უამ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მაისის განჩინებით დ. ფ-უას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 10 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანის საკრებულო შეიცვალა ბორჯომის მუნიციპალიტეტით (მუნიციპალიტეტის საკრებულო და მუნიციპალიტეტის გამგეობით).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და ნ. ქ-ძის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ფ-უას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დაბა ბაკურიანის საკრებულოს 1998 წლის 30 აპრილის ¹2 დადგენილებით ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში ... ქუჩა ¹3-ში ნ. ქ-ძეს და თ. ფ-უას საკუთრებაში გადაეცათ მიწის ნაკვეთი ფართით _ 1200 კვ.მ, მათ შორის საერთო სარგებლობის გზა _ 263,64 კვ.მ, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აწ გარდაცვლილ თ. ფ-უას (მამკვიდრებელს) და მოსარჩელე დ. ფ-უას (მემკვიდრე) სადავოდ არ გაუხდიათ ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურში 1999 წლის 1 სექტემბერს ნ. ქ-ძეზე დაბა ბაკურიანში, ... ქუჩა ¹3-ში მდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთის (1200 კვ.მ) ნაწილის რეგისტრაცია და არ მოუთხოვიათ ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში, ... ქუჩა ¹3-ში მდებარე უძრავი ქონების ნაწილის ნ. ქ-ძეზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის, სარეგისტრაციო ჩანაწერის საფუძვლის _ ბაკურიანის საკრებულოს 1998 წლის 21 აგვისტოს მიწის ¹646 მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებდა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლებოდა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდებოდა მათი უზუსტობა და მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის საჯარო რეესტრის ჩანაწერი ნ. ქ-ძის მიმართ ითვლებოდა სწორად და გააჩნდა იურიდიული ძალა. ამდენად, რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, ნ. ქ-ძესთან მიმართებაში (აღრიცხა 882,41 კვ.მ მიწის ფართი) და მხარეს მიაკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ფ-უამ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ იმსჯელა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მითითებულ გარემოებებზე, სადავო ურთიერთობებს არ შეუფარდა შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმები. ამასთან, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც ხსენებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 21 ივლისის ¹1197 წერილზე მითითებით აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის ნ. ქ-ძემ წარადგინა 1998 წლის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი. საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გენგეგმა _ ეზოს ნახაზი, რომელზეც დაშტრიხულით ნაჩვენებია 750,36 კვ.მ მიწის ფართი და საერთი გზა _ 263,64 კვ.მ. (სერვიტუტი), მთლიანად _ 1014 კვ.მ, რაც კასატორის განმარტებით, დაუზუსტებელი მონაცემებია, რამდენადაც ეზოს ნახაზი არ იყო შესრულებული კოორდინატთა სისტემაში. ¹1197 წერილში არ იყო მითითებული ნ. ქ-ძემ რა ნახაზი წარადგინა _ ბორჯომის ტექბიუროს სამსახურის მიერ გაცემული გენგეგმა, თუ თავად მის მიერ, თავისი სურვილით შედგენილი გეგმა-ნახაზი, რომელმაც გამოიწვია საჯარო რეესტრში უკანონო რეგისტრაცია. ამასთან, საჯარო რეესტრის მიერ გაცემული 1999 წლის 1 სექტემბრის საკადასტრო რუკა ეწინააღმდეგებოდა ბორჯომის ტექბიუროს სამსახურში არსებულ 1976 წლისა და 1989 წლის გეგმა-ნახაზებს და ბაკურიანის მშრომელა დეპუტეტების აღმასკომის 1976 წლის გადაწყვეტილებას, რაც სასამართლოს არ გამოუკვლევია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის ¹1197 წერილის თანახმად, გეგმის მიხედვით დარჩენილი იყო 159,96 კვ.მ ფართი, რომელიც დაარეგისტრირეს გარდაცვლილი თ. ფ-უას სახელზე, ხოლო 2005 წლის სამკვიდრო მოწმობით დ. ფ-უას სახელზე. ამდენად, ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს აღნიშნული მიწის ნაკვეთის თ. ფ-უას სახელზე რეგისტრაცია უნდა მიეხდინა შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ტექბიუროში არსებული ნახაზების მიხედვით.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა დაბა ბაკურიანის საკრებულოს 1998 წლის 30 აპრილის ¹2 დადგენილება და გადაწყვეტილებაში მიუთითა, თითქოს დაბა ბაკურიანის საკრებულოს 1998 წლის 30 აპრილის ¹2 დადგენილებით ნ. ქ-ძესა და თ. ფ-უას საკუთრებაში გადაეცათ 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. კასატორმა აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ბაკურიანის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 30 აპრილის ¹2 დადგენილებით დამტკიცდა მიწის რეფორმის კომისიის მიერ წარდგენილი სიები. ხსენებული სიის თანახმად თ. ფ-უას დაუკანონდა 0,03 ჰა, ხოლო ნ. ქ-ძეს 0,09 ჰა მიწის ნაკვეთი. ამასთან, არსად არ იყო ცალკე მითითებული საერთო სარგებლობის გზა _ 263,64 კვ.მ. ამდენად, კასატორმა მიუთითა, რომ დედამისზე რიცხული იყო 0,03 ჰა და არა 159 კვ.მ შესაბამისად, საჯარო რეესტრში მის სახელზე უნდა დარეგისტრირებულიყო 0,03 ჰა, რის თაობაზეც სარჩელი აღძრა როგორც კი მისთვის აღნიშნული ჩანაწერის თაობაზე გახდა ცნობილი.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ დ. ფ-უას სადავოდ არ გაუხდია ბორჯომის სარეგისტარციო სამსახურში 1999 წლის 1 სექტემბერს ნ. ქ-ძეზე დაბა ბაკურიანში, ... ქ. ¹3-ში მდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთის (1200 კვ.მ) ნაწილის რეგისტრაცია და არ მოუთხოვია დაბა ბაკურიანში, ... ქ. ¹3-ში მდებარე უძრავი ქონების ნაწილის ნ. ქ-ძეზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად _ მიწის მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა, რაც კასატორმა უსაფუძვლოდ მიიჩნია და განმარტა, რომ მიწის ნაკვეთის ¹646 მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულია რეფორმამდე არსებული ორი ოჯახის ფართობი, სულ _ 0,12 ჰა, რაც სადავო არ იყო, მათ ოჯახს ეკუთვნობდა 0,03 ჰა (ფაქტობრივად _ 338,23 კვ.მ), ნ. ქ-ძეს კი _ 0,09 ჰა. ამდენად, მოსარჩელეს ზიანი მოადგა მხოლოდ საჯარო რეესტრის მიერ თ. ფ-უას სახელზე განხორციელებული უკანონო ჩანაწერით.

კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ორივე რეგისტრაცია, როგორც თ. ფ-უას, ასევე ნ. ქ-ძის სახელზე, განხორციელდა დაუზუსტებელი მონაცემებით. ასეთ შემთხვევაში კი ხსენებულ ჩანაწერებზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უტყუარობისა და სისრულის პრეზუმციის გავრცელება დაუშვებელი იყო.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო ურთიერთობებს არ შეუფარდა შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმები და არ დაასაბუთა ამ ნორმების გამოყენების მართებულობა. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა და არ დაასაბუთა, საჯარო რეესტრის ჩანაწერში მითითებული მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხული მიწის ნაკვეთის ოდენობა (159 კვ.მ) რატომ არ შეესამებოდა აღნიშნული ჩანაწერის საფუძვლად მითითებული ადმინისტრაციულ აქტით გადაცემული მიწის ნაკვეთის ოდენობას (300 კვ.მ). არ დაადგინა შეესაბამებოდა თუ არა საკადასტრო რუკისა და დაბა ბაკურიანის საკრებულოს დადგენილებები ერთმანეთს. ამასთან, მიწის რა ფართზე ჰქონდა მოსარჩელეს მოთხოვნის იურიდიული საფუძველი.

კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48 დადგენილების მეხუთე პუნქტის საფუძველზე თ. ფ-უას საკუთრებაში გადავიდა რეფორმამდე მის კანონიერ სარგებლობაში არსებული 358 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაც აზომვისას 338 კვ.მ გამოვიდა. «სახელმწიფო რეესტრის შესახებ» საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე 2004 წლის 1 ივნისს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შენობები, მონაცემთა საინფორმაციო ბანკის და სხვა ქონება გადაეცა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. «უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე 2007 წლის 11 მაისის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის «გ» პუნქტით, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლო აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობდა უძრავ ნივთზე უფლების, მათში ცვლილებების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ¹313 ბრძანებით «უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ» ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანებით დამტკიცებულ «უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ» ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით დგინდებოდა მიწის ნაკვეთის ნაწილების ფართობები და საზღვრები, მაშინ მარეგისტრირებელი ორგანო ეყრდნობოდა ამ მონაცემებს. შესაბამისად, ბორჯომის რაიონის ბაკურიანის მშრომელთა დეპუტატების სადავო საბჭოს აღმასკომის 1976 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება 1976 წლის ბორჯომის ტექბიუროს გეგმა-ნახაზი, 1988 წლის ტექბიუროს გეგმა-ნახაზი, რომლებითაც დგინდებოდა მიწის ნაკვეთების ნაწილების ფართობები და მიჯნები, 1972 წლის 18 ივნისის ბაკურიანის მშრომელთა დეპუტატების სადაბო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილება, ბორჯომის რაიონული გამგეობის 1998 წლის 16 დეკემბრის ¹171 დადგენილება, ბაკურიანის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 30 აპრილის ¹2 დადგენილება თანდართული დამოწმებული სიით საჯარო რეესტრში თ. ფ-უას და დ. ფ-უას სახელზე 358 კვ.მ მიწის ფართის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, რაც ფაქტობრივად არის 358,29 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისა. ამდენად, საჯარო რეესტრის მიერ 2002 წელს განხორციელებული რეგისტრაცია, თ. ფ-უას სახელზე ბაკურიანის საკრებულოს 1998 წლის 30 აპრილის ¹2 დადგენილებისა და მასზე თანდართული სიის საფუძველზე უნდა შესწორდეს და განისაზღვროს 0,03 ჰა-ით (ფაქტობრივად _ 338,23 კვ.მ).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. ფ-უას საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 14 მაისის განჩინებით დ. ფ-უას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2009 წლის 25 ივნისს, 13.00 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ბორჯომის სახელმწიფო სანოტარო კანტორის მიერ 1973 წლის 2 აპრილს გაცემული სამემკვიდრეო მოწმობის (რეესტრი ¹1083) თანახმად, 1971 წელს მოქალაქე მ. ფ-უას, გარდაცვალების შემდეგ, ანდერძის საფუძველზე, მისი ქონების მემკვიდრედ ცნობილ იქნა თ. ფ-უა. მხედველობაში იქნა მიღებული სახლის ½1/2 ნაწილი, რომელიც მდებარეობდა ბორჯომის რაიონი, დაბა ბაკურიანში, ... ქ. ¹3-ში (I ტ., ს.ფ.9). 1988 წლის 4 მაისს შედგენილი დაბა ბაკურიანში, ... ქ. ¹3-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის თანახმად, თ. ფ-უას სახელზე აღრიცხული იყო სახლის 1/2, ხოლო სახლის 1/2 _ ნ. ქ-ძეზე (Iტ., ს.ფ. 10-11). ბორჯომის რაიონული გამგეობის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 23.VIII.2002წ. ¹177 ცნობა-დახასიათების მიხედვით (გაიცა დ. ფ-უაზე მემკვიდრეობის გასაფორმებლად) დაბა ბაკურიანში, ... ქ. ¹3-ში მდებარე სახლთმფლობელობა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მასალებში პირადი საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო მოქალაქეებზე _ თ. ფ-უაზე სახლის 1/2, ხოლო ნ. ქ-ძეზე სახლის 1/2 (Iტ., ს.ფ. 18). ბორჯომის რაიონის ბაკურიანის მშრომელთა დეპუტატების სადაბო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1976 წლის 29 ოქტომბრის ¹21 ოქმის თანახმად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ნ. ქ-ძესა და დ. ფ-უას (თ. ფ-უას მეუღლე) შორის მიწის ნაკვეთების გამიჯვნის შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ იმ გარემოებაზეც, რომ «დაბა ბაკურიანის საკრებულოს ტერიტორიაზე სამოსახლო და საბოსტნე ნაკვეთების დამტკიცების შესახებ» ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 30 აპრილის სხდომის დადგენილებით, ბაკურიანში 1000 კომლს დაუმტკიცდა საკუთრებაში 121,11 ჰა მიწის ნაკვეთი; მათ შორის, ნ. ქ-ძეს ზონარგაყრილი წიგნით ჰქონდა – 0,09 ჰა, რასაც ფაქტიურად ფლობდა, ხოლო თ. ფ-უას – 0,03 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო ბორჯომის რაიონული გამგეობის 1998 წლის 16 დეკემბრის ¹171 დადგენილების თანახმად, დამტკიცდა ბაკურიანის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 30 აპრილის ¹2 დადგენილება «დაბა ბაკურიანში მცხოვრებ მოქალაქეებისათვის მიწის ფართობის დამტკიცების შესახებ და დაბაში მცხოვრებ 999 კომლს საკუთრების უფლებით გამოეყო საკარმიდამო მიწის ფართობები» (I ტ., ს.ფ. 178-181).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ დაბა ბაკურიანის საკრებულოს 1998 წლის 30 აპრილის ¹2 დადგენილებით ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში, ... ქ. ¹3-ში ნ. ქ-ძეს და თ. ფ-უას საკუთრებაში გადაეცათ მიწის ნაკვეთი ფართით _ 1200 კვ.მ, კერძოდ, ნ. ქ-ძეს _ 0,09 ჰა, ხოლო თ. ფ-უას _ 0,03 ჰა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი 2002 წლის 13 სექტემბერს გაცემული მიწის (უძრავი ქონების) საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, თ. ფ-უას საკუთრებას წარმოადგენს შენობა-ნაგებობა და მიწის ნაკვეთი 159,96 კვ.მ, რომლის მახასიათებელია _ სარეგისტრაციო ზონა: ბორჯომი _ კოდი 64; სექტორი: დ. ბაკურიანის საკრებულო _ კოდი 10; კვარტლის ¹02; ნაკვეთის ფუნქცია _ სასოფლო-სამეურნეო, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია _ სამკვიდრო მოწმობა დამოწმებული 02.04.73 წელს, ბორჯომის ნოტარიუსის თ. ჩ-შვილის მიერ, რეესტრის ¹1083; დაბა ბაკურიანის საკრებულოს 1998 წლის 30 აპრილის ¹2 დადგენილება (Iტ., ს.ფ. 19).

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად გამოცხადების შედეგად, ხოლო იმავე კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლბრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საროცესო კოდექსის თანახმად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი, ასევე რეალაქტი, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დ. ფ-უა არის თ. ფ-უას შვილი, მემკვიდრე 1998 წლის 7 ნოემბრის ანდერძის საფუძველზე და აგრეთვე, პირველი რიგის მემკვიდრე კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან, რომელმაც მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ (თ. ფ-უა გარდაიცვალა 2001 წლის 18 იანვარს) მიიღო თ. ფ-უას სამკვიდრო ქონება, კერძოდ _ მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა (სახლის წილი), რომელიც მდებარეობს მისამართზე: დაბა ბაკურიანი, ... ქ. ¹3.

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო რეესტრის სადავო ჩანაწერი ეხება თ. ფ-უას სამემკვიდრეო ქონებას და მისი მემკვიდრეა დ. ფ-უა, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი, კერძოდ, საჯარო რეესტრის სადავო ჩანაწერი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას _ საკუთრების უფლებას, რის გამოც იგი მოცემულ დავაზე წარმოადგენს სათანადო მოსარჩელეს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 30 აპრილის ¹2 დადგენილებით, რომლითაც ფაქტიურად განხორციელდა დაბა ბაკურიანში მცხოვრები პირების სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის დაკანონება, თ. ფ-უას დაუმტკიცდა 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაც სიცოცხლეში სადავოდ არ გაუხდია ამ უკანასკნელს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ფ-უას გარდაცვალების დროისათვის (გარდაიცვალა 2001 წლის 18 იანვარს) ფაქტიურად გააჩნდა 0,03 ჰა მიწის ნაკვეთი და შესაბამისად თ. ფ-უას სამკვიდრო ქონებაც, რომელიც მემკვიდრეობით მოსარჩელემ მიიღო, შეადგენდა 0,03 ჰა-ს. ამდენად, სწორედ აღნიშნული მიწის ნაკვეთი უნდა აღრიცხულიყო საკუთრების უფლებით თ. ფ-უას სახელზე საჯარო რეესტრში და არა 159,96 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რასაც ადგილი აქვს მოცემულ შემთხვევაში.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 21 ივლისის ¹1197 წერილობითი ინფორმაციის თანახმად, 1999 წლის 1 სექტემბერს ნ. ქ-ძემ დაბა ბაკურიანში, ... ქ. ¹3-ში მდებარე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა შემდეგი დოკუმენტები: 1998 წლის 12 აგვისტოს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების ¹646 აქტი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გენგეგმა (ეზოს ნახაზი), რომელშიც დაშტრიხულით ნაჩვენებია 750,36 კვ.მ მიწის ფართი და საერთო გზა 263,64 კვ.მ (სერვიტუტი), მთლიანად 1014 კვ.მ (დაუზუსტებელი, რამდენადაც ეზოს ნახაზი არ იყო შესრულებული კოორდინატთა სისტემაში), რის საფუძველზეც ნ. ქ-ძის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა დაბა ბაკურიანში, ... ქ. ¹3-ში მდებარე 1014 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელშიც შედიოდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, ფართით _ 750,36 კვ.მ და საერთო სარგებლობის გზა, ფართით 263,64 კვ.მ (სერვიტუტი). საკრებულოს მიერ 1999 წელს წარმოდგენილი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გენგეგმის მიხედვით დარჩენილი იყო 159,96 კვ.მ (დაუზუსტებელი) მიწის ნაკვეთი, რომელიც დარეგისტრირდა გარდაცვლილი თ. ფ-უას სახელზე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული მიწის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძვლად მითითებულია ბაკურიანის საკრებულოს გემგეობის 1998 წლის 30 აპრილის ¹2 დადგენილება, რომლის თანახმადაც, როგორც ზემოთ აღინიშნა ნ. ქ-ძეს ზონარგაყრილი წიგნით ჰქონდა _ 0,09 ჰა მიწის ნაკვეთი, რასაც ფაქტიურად ფლობდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრში სადავო ჩანაწერის რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი «მიწის რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონით (ძალადაკარგულია «უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის ¹2635 კანონით) დადგენილი იყო უძრავი ქონების მიმართ უფლებათა სახელმწიფო რეგისტრაციის წესი. კერძოდ, აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოადგენდა სააღრიცხვო ბარათში ჩანაწერის, შენიშვნის ან აღწერის შეტანას და უძრავი ქონების გრაფიკულ ასახვას ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, მიწის მიმართ უფლებათა სახელმწიფო რეგისტრაცია წარმოადგენდა საქართველოს მიწის კადასტრის შემადგენელ ნაწილს და შეიცავდა აუცილებელ მონაცემებს მიწის ნაკვეთის და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების ობიექტების საზღვრების, რაოდენობრივი და სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო რეგისტრაცია საქართველოს ტერიტორიაზე ხდებოდაAსაჯარო რეესტრში ამ კანონით განსაზღვრული ჩანაწერის წარმოების ერთიანი სისტემით. ხსენებული კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით, პირველადი რეგისტარცია შეიძლება მომხდარიყო ორ საფუძველზე: მიწის და სხვა უძრავი ქონების ობიექტებზე უფლებების დადგენისა და ამ ქონებაზე უფლებების გადასვლის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლოს «მიწის რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონის კომპლექსური ანალიზის შედეგად მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრში ქონებაზე ამა თუ იმ უფლებათა რეგისტრაცია მხოლოდ ამ ქონების მესაკუთრის უფლებამოსილებას წარმოადგენდა, ანუ მხოლოდ მესაკუთრეს შეეძლო მის საკუთრებაში არსებული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. სწორედ აღნიშნული საფუძველია განმტკიცებული «მიწის რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 14 ნოემბრის დადგენილებაშიც, რომელიც საკუთრების რეგისტრაციისას სავალდებულოდ მიიჩნევდა საქართველოს მოქალაქეთათვის მიწის საკუთრებაში გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენას.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, როგორც ნ. ქ-ძის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, აგრეთვე თ. ფ-უას საკუთრების უფლების რეგისტრაცია სადავო მიწის ნაკვეთზე უნდა განხორციელებულიყო მათზე აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის დამადატურებელი დოკუმენტაციის (სხვა დოკუმენტებთან ერთად) _ ბორჯომის რაიონული გამგეობის 1998 წლის 16 დეკემბრის ¹171 დადგენილების და «დაბა ბაკურიანში მცხოვრებ მოქალაქეთათვის მიწის ფართობების დამტკიცების შესახებ» ბაკურიანის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 30 აპრილის ¹2 დადგენილების საფუძველზე და შესაბამისად, სადაც განსაზღვრულია თ. ფ-უას და ნ. ქ-ძისათვის დაკანონებული მიწის ნაკვეთის ფართობები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულის შეუსრულებლობამ პირდაპირი და უშუალო ზიანი მიაყენა თ. ფ-უას და შემდგომ დ. ფ-უას, როგორც მის მემკვიდრეს, რაც საჯარო რეესტრის სადავო ჩანაწერში ცვლილების შეტანის საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ დ. ფ-უას სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში აღრიცხვა, კერძოდ, საჯარო რეესტრის შესაბამის ჩანაწერში ცვლილებების შეტანით მისი საკუთრების უფლების 338,23 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლები არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარებებიდან. კერძოდ, მოსარჩელე მიწის ხსენებულ ოდენობას ბორჯომის რაიონის მშრომელთა დეპუტატების სადაბო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1976 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით მიუთითებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ ხსენებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანის საკრებულოს გამგეობის 1998 წლის 30 აპრილის სხდომის დადგენილებით, რომლითაც ფაქტიურად განხორციელდა დაბა ბაკურიანში მცხოვრები პირების სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების დაკანონება, თ. ფ-უას დაუმტკიცდა 0,03 ჰა მიწის ნაკვეთი, რაც სიცოცხლეში სადავოდ არ გაუხდია ამ უკანასკნელს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თ. ფ-უას სამკვიდრო ქონება, რომელიც მემკვიდრეობით მოსარჩელემ მიიღო, შეადგენდა 0,03 ჰა-ს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. ფ-უას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ფ-უას სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალება დაბა ბაკურიანში, ... ქუჩის ¹3-ში თ. ფ-უას სახელზე განხორციელებულ ჩანაწერში ცვლილების შეტანა და მასზე რეგისტრირებული 159,96 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ნაცვლად 0,03 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის (საერთო გზის ნახევრის გათვალისწინებით) მითითება ნ. ქ-ძის სახელზე განხორციელებული ჩანაწერის შეცვლით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დ. ფ-უას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. დ. ფ-უას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს დაბა ბაკურიანში, ... ქუჩის ¹3-ში თ. ფ-უას სახელზე განხორციელებულ ჩანაწერში ცვლილების შეტანა და მასზე რეგისტრირებული 159,96 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მაგივრად 0,03 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთის (საერთო გზის ნახევრის გათვალისწინებით) მითითება ნ. ქ-ძის სახელზე განხორციელებული ჩანაწერის შეცვლით;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.