ბს-264-254(4კ-09) 19 მაისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორები: 1. ლ. ღ-ძე (მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ასევე ვ. ნ-ძის, ი. თ-შვილის, შ. მ-შვილის, ი. ღ-იასა და გ. გ-ძის სარჩელებზე), წარმომადგენლები _ გ. კ-ძე, ი. დ-ძე; 2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ასევე ვ. ნ-ძის, ი. თ-შვილის, შ. მ-შვილის, ი. ღ-იასა და გ. გ-ძის სარჩელებზე მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფლებამონაცვლე); 3. ქ. თბილისის მერია (მოპასუხე ვ. ნ-ძის, ი. თ-შვილის, შ. მ-შვილის, ი. ღ-იასა და გ. გ-ძის სარჩელზე), წარმომადგენელი _ ნ. ს-შვილი; 4. ა. გ-იანი (მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ასევე ვ. ნ-ძის, ი. თ-შვილის, შ. მ-შვილის, ი. ღ-იასა და გ. გ-ძის სარჩელებზე), წარმომადგენელი _ პ. კ-ძე
მოპასუხე ვ. ნ-ძის, ი. თ-შვილის, შ. მ-შვილის, ი. ღ-იასა და გ. გ-ძის სარჩელზე _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელი _ მ. ჭ-ძე
მოსარჩელეები: 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, წარმომადგენელი _ ვ. გ-შვილი; 2. ვ. ნ-ძე, წარმომადგენელი _ თ. კ-ძე, ი. თ-შვილი, შ. მ-შვილი, ი. ღ-ია და გ. გ-ძე, წარმომადგენელი _ მ. ჯ-ძე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განჩინება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ ბრძანების ბათილად ცნობა, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობისა და მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა, ხელშეკრულების, თანამდევი შედეგებით, ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანა
ვ. ნ-ძის, ი. თ-შვილის, შ. მ-შვილის, ი. ღ-იასა და გ. გ-ძის სარჩელის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ ბრძანების ბათილად ცნობა, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობისა და მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა, ხელშეკრულების, თანამდევი შედეგებით, ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანით უძრავი ქონების აღრიცხვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელზე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ დადგენილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2003 წლის 1 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხე ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართ, ხოლო მესამე პირებად მიუთითა ა. გ-იანსა და ლ. ღ-ძეზე.
მოსარჩელის განმარტებით, თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1953 წლის 20 იანვრის ¹2248 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შუამდგომლობა და მას გამოეყო ქ. თბილისში, ... (ყოფილი ...) ქ. ¹25-ში მდებარე 1,33 ჰა მიწის ნაკვეთი ნაგებობით. საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1975 წლის 3 თებერვლის ¹75-პ გადაწყვეტილებით ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მიერ გამოთავისუფლებული შენობებიდან, ... ¹25-ში მდებარე შენობა, 829 კვ.მ ფართით, ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საიდანაც 451 კვ.მ შენობის მე-2 სართულზე, უნდა გამოეყენებინა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ხოლო 288 კვ.მ იჯარით გადაეცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი სოციოლოგიის კათედრას, სისხლის სამართლის სოციოლოგიის ლაბორატორიისათვის. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მიწის ფართობის გადაცემის ან გამიჯვნის შესახებ არაფერი არ იყო მითითებული. 1987 წლის 20 აპრილის B¹002634 სახელმწიფო აქტის საფუძველზე, თავდაცვის სამინისტროს ¹194 სამხედრო ქალაქზე გაიცა აღნიშნული 1,33 ჰა მიწის ფართობი, უვადო და უსასყიდლო სარგებლობაში, მიწათსარგებლობის გეგმის თანახმად. ¹194 სამხედრო ქალაქის ხსენებულ 1,33 ჰა მიწის ფართობზე განლაგებული იყო 8 შენობა-ნაგებობა, რომელთაგან ერთ-ერთი შენობის ნაწილი (საერთო ფართის _ 1081 კვ.მ-დან 829 კვ.მ) ბალანსიდან ბალანსზე გადაცემული იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროზე. 1997 წელს ¹194 სამხედრო ქალაქის 1,33 ჰა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობანი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1997 წლის 10 მარტის ¹2-56 ბრძანებით, ლიკვიდირებული მეფრინველეობის მრეწველობის სახკორპორაციის აპარატის ბალანსზე დაფუძნდა შპს «...» და იგი დაექვემდებარა მეცხოველეობის სანაშენე საქმის დეპარტამენტს, რომელიც ისანი-სამგორის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 13 ივნისის დადგენილებით გატარდა რეგისტრაციაში საზოგადოების დამფუძნებლის _ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ და მის დირექტორად დაინიშნა ბ. გ-ძე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹194 სამხედრო ქალაქის 1,33 ჰა-ზე განთავსებული აღნიშნული ქონებისÄ_ შენობა-ნაგებობების და მიწის ნაკვეთის ნაწილი ყოფილმა შპს «...», იმჟამად შპს «...», ტექინვენტარიზაციის ბიუროს, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მეშვეობით და ხელშეწყობით, უკანონოდ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, აღრიცხა თავის სახელზე, რითაც გაზარდა თავისი საწესდებო ქონება, ხოლო ბ. გ-ძემ, ა. წ-იამ, მ. გ-ავამ, ა. გ-იანმა და ლ. ღ-ძემ კანონის დარღვევით მიიღეს აღნიშნული ქონება, მაშინ, როდესაც ხსენებული მიწის ნაკვეთი დამაგრებული იყო თავდაცვის სამინისტროზე, ისევე, როგორც ¹194 სამხედრო ქალაქის ლაბორატორია.
მოსარჩელის მტკიცებით, ტექინვენტარიზაციის ბიუროდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარედგინა 1998 წლის 5 ივნისის, 1998 წლის 8 ივნისის და 2001 წლის 19 ივნისის ტექნიკური პასპორტები, გაცემული შპს «...» სახელზე, ქ. თბილისში, ... ქ. ¹25-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე, რომლებიც მომზადებულ იქნა საკუთრებისა და კანონიერების დამადასტურებელი ყოველგვარი იურიდიული საბუთის გარეშე, რითაც მასზე დამაგრებულ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარგებლობაში გადაცემული მიწის ნაკვეთის ნაწილი და ¹194 სამხედრო ქალაქის ლაბორატორიის ერთსართულიანი შენობა, საერთო ფართით _ 303 კვ.მ, რასაც ადასტურებდა ტექბიუროს მიერ ამ სამინისტროსთვის გადაცემული 2001 წლის 25 დეკემბრის ¹24-2838 წერილიც. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 2 ივლისის ¹3გ/ად-157-კ-03 (სხვა საქმეზე) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ და დადასტურებულ იქნა, რომ 1997 წელს ¹194 სამხედრო ქალაქის 1,33 ჰა, მდებარე ქ. თბილისში, ... (ყოფილი ...) ქ. ¹25-ში და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, პრეიუდიციის პრინციპიდან გამომდინარე, მტკიცებას არ საჭიროებდა, რომ სადავო ქონება წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქონებას.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოსარჩელის განმარტებით, სახეზე იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უძრავი ქონების პრივატიზება, მაშინ, როდესაც «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 მუხლის «თ» ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საშტატო და სარეზერვო ქონება პრივატიზებას არ ექვემდებარებოდა. შესაბამისად, დარღვეული იყო აღნიშნული კანონის ნორმა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა: ფიზიკურ პირთა ჯგუფის წარმომადგენელ ა. გ-იანზე ქ. თბილისში, ... ქ. ¹25-ში მდებარე საწყობის ტიპის შენობაზე, 303,5 კვ.მ ფართით და მასზე დამაგრებულ 718 კვ.მ მიწის ფართობზე (¹194 სამხედრო ქალაქის ლაბორატორიის ფართზე) ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 2002 წლის 10 მაისს გაცემული ¹23/1625-კ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა; ხსენებული მოწმობის გაცემის საფუძვლების _ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს ¹1-4/211 ბრძანების, 2002 წლის 8 მაისის ¹28 მიღება-ჩაბარების აქტისა და 2002 წლის 8 მაისის ¹1599/1 ხელშეკრულების, თანამდევი შედეგებით, ბათილად ცნობა; საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 18 ნოემბრის საოქმო განჩინებით ლ. ღ-ძე და ა. გ-იანი ამორიცხულ იქნენ მესამე პირთა სიიდან და საქმეში ჩაბმულ იქნენ მოპასუხეებად.
2004 წლის 2 ნოემბერს ვ. ნ-ძემ, ი. თ-შვილმა, შ. მ-შვილმა, ი. ღ-იამ და გ. გ-ძემ (წარმომადგენლები _ მ. ჯ-ძე და ტ. კ-შვილი) სარჩელი აღძრეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხეების _ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს, ა. გ-იანისა და ლ. ღ-ძის მიმართ.
ვ. ნ-ძემ, ი. თ-შვილმა, შ. მ-შვილმა, ი. ღ-იამ და გ. გ-ძემ (წარმომადგენლები _ მ. ჯ-ძე და ტ. კ-შვილი) მიუთითეს იმავე გარემოებებსა და საფუძვლებზე, რაც მითითებული ჰქონდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზემოაღნიშნულ სარჩელში და დამატებით განმარტეს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 2 ივლისის ¹3გ/ად-157-კ-03 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001 წლის 17 მაისის ¹1-3/136 ბრძანება, თანამდევი შედეგებით და შპს «...» (შპს «...» სამართალმემკვიდრე) საწესდებო კაპიტალიდან ამოირიცხა 795 კვ.მ მიწის ნაკვეთი; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001 წლის 9 მარტის ¹1-3/336 ბრძანება ქ. თბილისში, ... ქ. ¹25-ში მდებარე შენობის პირველი სართულის 198,8 კვ.მ ფართის შესაბამის პირთა ჯგუფისათვის (ა. გ-იანი, ბ. გ-ძე, ა. წ-აია, მ. გ-ავა) გადაცემის თაობაზე, თანამდევი შედეგებით. შესაბამისად, აღნიშნული 198,8 კვ.მ ფართი ამოირიცხა შპს «...» საწესდებო კაპიტალიდან; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001 წლის 18 მაისის ¹871-კ საკუთრების მოწმობა ქ. თბილისში, ... ქ. ¹25-ში მდებარე 795 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და შენობის პირველი სართულის 198,8 კვ.მ ფართის ფიზიკური პირებისათვის (ა. გ-იანი, ბ. გ-ძე, ა. წ-აია, მ. გ-ავა) გადაცემის თაობაზე, თანამდევი შედეგებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აღნიშნული გადაწყვეტილებით ცალსახად იყო დადგენილი, რომ ქ. თბილისში, ... ქ. ¹25-ში მდებარე 1,33 ჰა მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული ყველა შენობა-ნაგებობა ეკუთვნოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნებოდა შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარად იყო დაკავშირებული მიწასთან. შესაბამისად, უდავო იყო, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ 1,33 ჰა მიწის ნაკვეთზე განლაგებული სადავო (ლაბორატორიის) შენობა ეკუთვნოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. ამასთან, აღსანიშნავი იყო, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2002 წლის 18 აპრილის ¹84 ბრძანებით სადავო ფართი გადაკეთდა საცხოვრებელ ფართად და ჩაირიცხა თავდაცვის სამინისტროს საბინაო ფონდში, როგორც სამსახურებრივი საცხოვრებელი, კერძოდ _ ... ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხედრო მეტროლოგიური ლაბორატორიის შენობები ¹194 სამხედრო ქალაქში. აღნიშნულის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს 2002 წლის 16 ივლისის ¹8/1130 წერილით ქ. თბილისის მერს ეთხოვა, აღრიცხვაზე აეყვანა აღნიშნული შენობა, რის საფუძველზეც, ამ მოსარჩელეებზე გაიცა ბინის ორდერები. როგორც ირკვეოდა, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ, პრაქტიკულად, გაყიდა ის საცხოვრებელი ფართი, რომელზედაც ამ მოსარჩელეების სახელზე გაცემული იყო ორდერები, რითაც აშკარად ილახებოდა ამავე მოსარჩელეების კანონიერი უფლებები და ინტერესები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. ნ-ძემ, ი. თ-შვილმა, შ. მ-შვილმა, ი. ღ-იამ და გ. გ-ძემ (წარმომადგენლები _ მ. ჯ-ძე და ტ. კ-შვილი) თავიანთ სარჩელში მიუთითეს იმავე სასარჩელო მოთხოვნებზე, რაც მითითებული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზემოხსენებულ სარჩელში, მათ შორის, მოითხოვეს საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანით ქ. თბილისში, ... ქ. ¹25-ში მდებარე უძრავი ქონების _ საწყობის ტიპის შენობის, 303,5 კვ.მ ფართით და მასზე დამაგრებული 718 კვ.მ მიწის ფართობის (¹194 სამხედრო ქალაქის ლაბორატორიის ფართი) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელზე აღრიცხვა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 19 ნოემბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საქმეები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ასევე ვ. ნ-ძის, ი. თ-შვილის, შ. მ-შვილის, ი. ღ-იასა და გ. გ-ძის სარჩელების გამო, გაერთიანდა ერთ წარმოებად.
2004 წლის 19 ნოემბერს ვ. ნ-ძემ, ი. თ-შვილმა, შ. მ-შვილმა, ი. ღ-იამ და გ. გ-ძემ (წარმომადგენლები _ მ. ჯ-ძე და ტ. კ-შვილი) დაზუსტებული სარჩელი აღძრეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხეების _ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს, ქ. თბილისის მერიის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ა. გ-იანისა და ლ. ღ-ძის მიმართ.
ვ. ნ-ძემ, ი. თ-შვილმა, შ. მ-შვილმა, ი. ღ-იამ და გ. გ-ძემ (წარმომადგენლები _ მ. ჯ-ძე და ტ. კ-შვილი) დამატებით განმარტეს, რომ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ წარდგენილი პრივატიზაციის სრული მასალებიდან გაირკვა, რომ სადავო ობიექტის პრივატიზება განხორციელდა «ქ. თბილისის მუნიციპალური საკუთრების 2002 წლის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ» ქ. თბილისის მთავრობის 2002 წლის 14 თებერვლის ¹02.09.36 დადგენილების თანახმად, რომლის შესაბამისადაც, სადავო ობიექტი, მდებარე ქ. თბილისში, ... ქ. ¹25-ში, ჩასმულ იქნა საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში და დაექვემდებარა პრივატიზებას. ამდენად, სადავო ობიექტის პრივატიზების საფუძველს წარმოადგენდა ქ. თბილისის მთავრობის აღნიშნული დადგენილება, რომელიც მიღებული იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებით დადგენილი იყო, რომ ქ. თბილისში, ... ქ. ¹25-ში მდებარე ¹194 სამხედრო ქალაქის 1,33 ჰა მიწის ფართობი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობანი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შესაბამისად, სადავო ობიექტი (ლაბორატორიის შენობა) წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე (მფლობელობაში) არსებულ ქონებას. ზემოთ მითითებული პრივატიზაციის სრული მასალებიდან, აგრეთვე, გაირკვა, რომ სადავო პრივატიზებული შენობის პრივატიზება ასევე განხორციელდა ქ. თბილისის ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემული სადავო შენობის 2001 წლის 9 ნოემბრის ტექნიკური პასპორტის საფუძველზე, რომელიც გაცემულ იქნა საკუთრებისა და კანონიერების დამადასტურებელი იურიდიული საბუთის, ანუ ყველანაირი საფუძვლის გარეშე და მის მესაკუთრედ ჩაითვალა საბინაო-საექსპლუატაციო ცენტრი. ამასთან, აღნიშნული შენობის ტექნიკური პასპორტის დამზადება და გაცემა ტექაღრიცხვის სამსახურს დაავალა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ, რაც დასტურდებოდა მისი 2001 წლის 2 ნოემბრის ¹2-22/0189 წერილით, ხოლო ქ. თბილისის ტექაღრიცხვის სამსახურის 2001 წლის 25 დეკემბრის ¹24-2838 წერილით დადგენილი იყო, რომ ქ. თბილისში, ... ქ. ¹25-ში მდებარე ერთსართულიანი შენობის, საერთო ფართით _ 303 კვ.მ, ბალანსმფლობელის თაობაზე ტექაღრიცხვის სამსახურისათვის ცნობილი არ იყო, ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ კი გაცემულ იქნა შენობის ტექპასპორტის კორექტირებული ვარიანტი. ქ. თბილისის ტექაღრიცხვის სამსახურმა უსაფუძვლოდ გასცა სადავო შენობაზე ტექნიკური პასპორტი ისე, რომ არ დაუდგენია და არ გაურკვევია სადავო შენობის მფლობელის ვინაობა. ზემოხსენებული მოსარჩელეები წარმოადგენდნენ სადავო ფართის მფლობელებს, რომელთა ინტერესები აშკარად ილახებოდა სადავო შენობის უკანონოდ ჩატარებული პრივატიზაციით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ. ნ-ძემ, ი. თ-შვილმა, შ. მ-შვილმა, ი. ღ-იამ და გ. გ-ძემ (წარმომადგენლები _ მ. ჯ-ძე და ტ. კ-შვილი) დამატებით მოითხოვეს: ქ. თბილისის მთავრობის 2002 წლის 14 თებერვლის ¹02.09.36 დადგენილების ნაწილობრივ _ ქ. თბილისში, ... ქ. ¹25-ში არსებული 304 კვ.მ საცხოვრებელი ფართის პრივატიზების ნაწილში ბათილად ცნობა; ქ. თბილისში, ... ქ. ¹25-ში მდებარე შენობაზე ქ. თბილისის ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემული 2001 წლის 9 ნოემბრის ტექნიკური პასპორტის ბათილად ცნობა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ვ. ნ-ძის, ი. თ-შვილის, შ. მ-შვილის, ი. ღ-იასა და გ. გ-ძის სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, ქ. თბილისში, ... ქ. ¹25-ში მდებარე შენობაზე ქ. თბილისის ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემული 2001 წლის 9 ნოემბრის ტექნიკური პასპორტის ბათილად ცნობის თაობაზე, გამოყოფილ იქნა ცალკე წარმოებად და განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს.
მოგვიანებით, მოცემული საქმე განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო განცხადება, ასევე ვ. ნ-ძის, ი. თ-შვილის, შ. მ-შვილის, ი. ღ-იასა და გ. გ-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ ფიზიკურ პირთა ჯგუფის წარმომადგენელ ა. გ-იანზე გაცემული 2002 წლის 10 მაისის ¹23/1625-კ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ქ. თბილისში, ... ქ. ¹25-ში მდებარე საწყობის ტიპის შენობაზე, 303,5 კვ.მ ფართით, დამაგრებულ 718 კვ.მ მიწის ფართობზე (¹194 სამხედრო ქალაქის ლაბორატორიის ფართზე გაცემული); ბათილად იქნა ცნობილი ამ მოწმობის გაცემის საფუძვლები _ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს ¹1-4/211 ბრძანება, 2002 წლის 8 მაისის ¹28 მიღება-ჩაბარების აქტი და 2002 წლის 8 მაისის ¹1599/1 ხელშეკრულება, თანამდევი შედეგებით; ნაწილობრივ _ ქ. თბილისში, ... გამზ. ¹25-ში მდებარე 304 კვ.მ საცხოვრებელი ფართის პრივატიზების ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მთავრობის 2002 წლის 14 თებერვლის ¹02.09.36 დადგენილება; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, რათა აღრიცხულიყო აღნიშნული უძრავი ქონება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელზე.
საქალაქო სასამართლომ საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 2 ივლისის ¹3გ/ად-157-კ-03 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები: თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა 1953 წლის 20 იანვრის ¹2248 გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შუამდგომლობა და მას გამოეყო ქ. თბილისში მიწის ნაკვეთი ნაგებობებით, კერძოდ, ... (ყოფილი ...) ქ. ¹25-ში მდებარე 1,33 ჰა მიწის ფართობი. 1987 წლის 20 აპრილის ¹002634 სახელმწიფო აქტის საფუძველზე, თავდაცვის სამინისტროს ¹194 სამხედრო ქალაქზე გაიცა აღნიშნული 1,33 ჰა მიწის ფართობი, უვადო და უსასყიდლო სარგებლობაში, მიწათსარგებლობის გეგმის თანახმად. ¹194 სამხედრო ქალაქის ხსენებულ 1,33 ჰა მიწის ფართობზე განლაგებული იყო 8 შენობა-ნაგებობა, რომელთაგან ერთ-ერთი შენობის ნაწილი (საერთო ფართის _ 1081 კვ.მ-ის 829 კვ.მ) ბალანსიდან ბალანსზე გადაცემული იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროზე. 1997 წელს ¹194 სამხედრო ქალაქის 1,33 ჰა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობანი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001 წლის 17 მაისის ¹1-3/136 ბრძანება, თანამდევი შედეგებით და შპს «...» (შპს «...» სამართალმემკვიდრე) საწესდებო კაპიტალიდან ამოირიცხა 795 კვ.მ მიწის ნაკვეთი; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001 წლის 9 მარტის ¹1-3/336 ბრძანება ქ. თბილისში, ... ქ. ¹25-ში მდებარე შენობის პირველი სართულის 198,8 კვ.მ ფართის შესაბამის პირთა ჯგუფისათვის (ა. გ-იანი, ბ. გ-ძე, ა. წ-აია, მ. გ-ავა) გადაცემის თაობაზე, თანამდევი შედეგებით. შესაბამისად, აღნიშნული 198,8 კვ.მ ფართი ამოირიცხა შპს «...» საწესდებო კაპიტალიდან; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001 წლის 18 მაისის ¹871-კ საკუთრების მოწმობა ქ. თბილისში, ... ქ. ¹25-ში მდებარე 795 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და შენობის პირველი სართულის 198,8 კვ.მ ფართის ფიზიკური პირებისთვის (ა. გ-იანი, ბ. გ-ძე, ა. წ-აია, მ. გ-ავა) გადაცემის თაობაზე, თანამდევი შედეგებით.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ, როგორც მოპასუხე ორგანიზაციის _ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ წარმოდგენილი პრივატიზაციის მასალებიდან გაირკვა, სადავო ობიექტის პრივატიზება განხორციელდა «ქ. თბილისის მუნიციპალური საკუთრების 2002 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ» ქ. თბილისის მთავრობის 2002 წლის 14 თებერვლის ¹02.09.36 დადგენილების თანახმად, რომლის შესაბამისად, სადავო ობიექტი, მდებარე ქ. თბილისში, ... ქ. ¹25-ში, ჩასმულ იქნა საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში და დაექვემდებარა პრივატიზებას. ამდენად, სადავო ობიექტის პრივატიზების საფუძველს წარმოადგენდა ქ. თბილისის მთავრობის სადავო დადგენილება, რომელიც მიღებული იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე.
საქალაქო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქმის მასალებში არსებული ნახაზებითა და რუკებით დადგენილი იყო, რომ სადავო შენობა განთავსებული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე მყოფი 1,33 ჰა მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. თბილისში, ... გამზირის ¹25-ში, აგრეთვე, დადგენილი იყო, რომ 1997 წლის 5 ივლისის ¹2 და 1997 წლის 18 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტებით სადავო შენობა გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რაც ასევე დასტურდებოდა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საბინაო-საექსპლუატაციო განყოფილების 2001 წლის 2 თებერვლის ¹04/1/19 და 2002 წლის 28 ივნისის ¹54/154/2 წერილითა და მოხსენებითი ბარათით.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს განეკუთვნებოდა შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარად იყო დაკავშირებული მიწასთან. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზემოაღნიშნულ 1,33 ჰა მიწის ნაკვეთზე განლაგებული შენობა-ნაგებობა ეკუთვნოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რომელმაც თავისი 2002 წლის 18 აპრილის ¹84 ბრძანებით სადავო ფართი ჩარიცხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბინაო ფონდში, რის საფუძველზეც, ვ. ნ-ძეზე, ი. თ-შვილზე, შ. მ-შვილზე, ი. ღ-იასა და გ. გ-ძეზე გაიცა ბინის ორდერები. შესაბამისად, ხსენებული მოსარჩელეები წარმოადგენდნენ სადავო ფართის მფლობელებს, რომელთა ინტერესები შეილახა სადავო შენობის მოპასუხე ორგანიზაციის მიერ ჩატარებული პრივატიზაციით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის ქონების პრივატიზება, მაშინ, როდესაც «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 მუხლის «თ» ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საშტატო და სარეზერვო ქონება პრივატიზაციას არ ექვემდებარებოდა. შესაბამისად, დარღვეული იყო აღნიშნული კანონის ნორმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ღ-ძემ და ა. გ-იანმა, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველო შეიცვალა მისი უფლებამონაცვლე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროთი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ლ. ღ-ძისა და ა. გ-იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება; ლ. ღ-ძესა და ა. გ-იანს სოლიდარულად გადახდათ სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ «ქ. თბილისის მუნიციპალური საკუთრების 2002 წლის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ» ქ. თბილისის მთავრობის 2002 წლის 14 თებერვლის ¹02.09.36 დადგენილებით მიღებულ იქნა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს წინადადება და დამტკიცდა ქ. თბილისის მუნიციპალური საკუთრების 2002 წლის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა, რომელიც შეიცავდა ... გამზირის ¹25-ში მდებარე არასაცხოვრებელ, 304 კვ.მ ფართს. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსთან არსებული საკონკურსო კომისიის სხდომის ¹121 ოქმით ქ. თბილისში, ... გამზირის ¹25-ში მდებარე საწყობის ტიპის შენობაზე გამართულ კონკურსში გამარჯვებულად ჩაითვალა ფიზიკურ პირთა ჯგუფი (წარმომადგენელი _ ა. გ-იანი). ხსენებული ობიექტი გაყიდულ იქნა 9000 აშშ დოლარად. 2002 წლის 8 მაისის მიღება-ჩაბარების ¹28 აქტის თანახმად, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს საპრივატიზებო კომისიის თავმჯდომარემ 2002 წლის 23 აპრილს ქ. თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, ... გამზირის ¹25-ში მდებარე საწყობის ტიპის შენობის გასაყიდად გამართულ კონკურსში გამარჯვებულ ფიზიკურ პირთა წარმომადგენელ ა. გ-იანს ჩააბარა ქ. თბილისში, ... გამზირის ¹25-ში მდებარე საწყობის ტიპის შენობა, რომლის ფართობი იყო 303,5 კვ.მ, მის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის ფართობი კი _ 718 კვ.მ, ღირებულებით _ 8923,99 აშშ დოლარი, რომელსაც გააჩნდა დანამატი საკონკურსო კომისიის 2002 წლის 23 აპრილის საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე და შეადგენდა 9000 აშშ დოლარს, რომელშიც დამატებული იყო მიწის საპრივატიზებო ღირებულება და იგი შეადგენდა 3446,40 აშშ დოლარს. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 2002 წლის 1 მაისის ¹1-4/211 ბრძანებით დამტკიცდა საკონკურსო კომისიის 2002 წლის 23 აპრილის სხდომის ოქმით დადგენილი შედეგები ობიექტებზე, მათ შორის, ოქმი ¹121, ... გამზირის ¹25-ში მდებარე სასაწყობო ტიპის შენობის (303,5 კვ.მ) პრივატიზების შესახებ (პუნქტი 1.5). საქმეში არსებული ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილესა და ფიზიკურ პირთა ჯგუფის წარმომადგენელ ა. გ-იანს შორის დადებული 2002 წლის 8 მაისის სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, კონკურსში გამარჯვებულ ფიზიკურ პირთა ჯგუფის წარმომადგენელმა, მყიდველად წოდებულმა ა. გ-იანმა, საკუთრებაში მიიღო ქ. თბილისის მერიის კუთვნილი ქონება _ ... ¹25-ში მდებარე საწყობის ტიპის შენობა. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 2002 წლის 10 მაისს გაცემული ¹23/1625-კ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის მიხედვით, ფიზიკურ პირთა ჯგუფის წარმომადგენელ ა. გ-იანს საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ... გამზირის ¹25-ში მდებარე საწყობის ტიპის შენობა, 303,5 კვ.მ ფართით და პრივატიზებულ ობიექტზე დამაგრებული მიწა, ფართობით _ 718 კვ.მ (დასაზუსტებელი). ხსენებული მოწმობის გაცემის საფუძველი იყო 2002 წლის 1 მაისის ¹1-4/211 ბრძანება, 2002 წლის 8 მაისის ¹28 მიღება-ჩაბარების აქტი და 2002 წლის 8 მაისის ¹1599/1 ხელშეკრულება. საჯარო რეესტრის 2002 წლის 13 მაისის ამონაწერის თანახმად, ... გამზირის ¹25-ში მდებარე ¹122/10 ნაკვეთი აღრიცხული იყო ა. გ-იანისა და ლ. ღ-ძის საერთო საკუთრებად, რომლის საფუძვლადაც მითითებული იყო 2002 წლის 10 მაისს გაცემული ¹23/1625-კ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა (ტ. 1, ს.ფ. 219-220, 44, 18, 42-43, 36-39, 17, 19-20).
სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1991 წლის 11 ნოემბრის ¹793 ბრძანებულებით საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებად გამოცხადდა საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული საბჭოთა არმიის კუთვნილი ქონება. საქმეში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს ინფრასტრუქტურის ¹1 ბაზის უფროსის მიერ გაცემული 2003 წლის 14 მარტის ¹90 ცნობის თანახმად, ... ¹25-ში განთავსებული მეტროლოგიური ლაბორატორია, მიმდებარე ტერიტორიით _ 1,3 ჰა, ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის ¹1 რეგიონული ბაზის ბალანსზე. საქმეში წარმოდგენილი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურის სამმართველოს 2006 წლის 4 მაისის ¹952 წერილი ლ. ღ-ძისადმი, რომელშიც მითითებული იყო, რომ ¹194 სამხედრო ქალაქის ლაბორატორიის მიღება-ჩაბარების 1997 წლის 18 ივლისის აქტში ლაბორატორიაზე დამაგრებული მიწის ფართი არ მოხვდა იმიტომ, რომ აღნიშნული აქტის შედგენის მომენტისთვის ¹194 სამხედრო ქალაქისთვის მიკუთვნებული მიწის მთლიანი ფართობი, საცხოვრებელ ფონდებთან ერთად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უკვე მიღებული ჰქონდა 1997 წლის 5 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტით. ამიტომ, განხორციელდა მიწის გარეშე ლაბორატორიის მიღება (ტ. 1,Äს.ფ. 6-11, 82, 108-109, 15, ტ. 2, ს.ფ. 31).
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა «სამხედრო მოსამსახურეების საბინაო პირობების გაუმჯობესების შესახებ» საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2002 წლის 18 აპრილის ¹84 ბრძანებაზე, რომლითაც საცხოვრებელ ფართად გადაკეთდა და როგორც სამსახურებრივი საცხოვრებელი, თავდაცვის სამინისტროს საბინაო ფონდში ჩაირიცხა ... ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხედრო მეტროლოგიური ლაბორატორიის შენობა. 2002 წლის 12 ივნისს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებულ იქნა ინფრასტრუქტურის მთავარ სამმართველოსთან შეთანხმებული, ... გამზირის ¹25-ში არსებული, სამხედრო ლაბორატორიის შენობის საცხოვრებელ ბინად გადაკეთების პროექტი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარმა სამმართველომ ქ. თბილისის მერს 2002 წლის 16 ივლისის ¹8/1130 წერილით სთხოვა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2002 წლის 18 აპრილის ¹84 ბრძანებით, სამხედრო მოსამსახურეების საბინაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, გადაკეთდა რა საცხოვრებელ ფართად და თავდაცვის სამინისტროს საბინაო ფონდში ჩაირიცხა ... ქ. ¹25-ში მდებარე ყოფილი სამხედრო მეტროლოგიის ლაბორატორიის შენობა _ 303 კვ.მ, ლიტ. «ბ», დაევალებინა მისდამი დაქვემდებარებული სათანადო სამსახურისათვის, ხსენებული შენობის, როგორც საცხოვრებლის, აღრიცხვაზე აყვანა. აღნიშნულ საცხოვრებელ სადგომზე ქ. თბილისის მერიის მიერ გაცემულ იქნა ორდერები (ტ. 1, ს.ფ. 99, 13, 101, 194-197).
სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2001 წლის 19 ივნისს ... გამზირის ¹25-ში მდებარე ერთსართულიან შენობაზე (მითითებული იყო ლიტერი «ბ») შედგენილ იქნა პასპორტი შპს «...», ხოლო გრაფაში _ «საკუთრების დამადასტურებელი საბუთები» მიეთითა _ «საკუთრებისა და კანონიერების დამადასტურებელი იურიდიული საბუთების გარეშე». ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ 2001 წლის 2 ნოემბრის ¹2-22/0189 წერილით ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს უფროსისაგან მოითხოვა ქეთევან წამებულის გამზირის ¹25-ში, ცალკე მდგომ ერთსართულიან შენობაზე ტექნიკური პასპორტის გაცემა. 2001 წლის 9 ნოემბერს აღნიშნულ შენობაზე შედგენილ იქნა ტექნიკური პასპორტი საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტზე და გრაფაში _ «საკუთრების დამადასტურებელი საბუთები» კვლავ მიეთითა _ «საკუთრებისა და კანონიერების დამადასტურებელი იურიდიული საბუთების გარეშე», ამასთან, მითითებული იყო ლიტერი «ა». საქმეში არსებული ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2001 წლის 4 ოქტომბრის ¹242209 და 2001 წლის 25 დეკემბრის ¹24-2838 წერილებით საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, 2001 წლის 27 სექტემბრის ¹51-389/5-1 და 2001 წლის 29 ნოემბრის ¹51-389/5-ს მიმართვებზე ეცნობა, რომ ... ქ. ¹25-ში მდებარე ერთსართულიანი შენობის, საერთო ფართით _ 303 კვ.მ, ბალანსმფლობელი ტექაღრიცხვის სამსახურისათვის ცნობილი არ იყო (ტ. 1, ს.ფ. 88, 96, 51, 97).
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნულით დასტურდებოდა, რომ პრივატიზება განხორციელდა ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ შედგენილი სადავო შენობის ტექნიკური პასპორტის საფუძველზე, რომელიც გაიცა საკუთრებისა და კანონიერი ფლობის დამადასტურებელი იურიდიული საბუთის გარეშე, ანუ საბინაო ტრესტი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ჩაითვალა მესაკუთრედ. საქმის მასალებში არ არსებობდა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ აღნიშნული შენობა მუნიციპალურ საკუთრებას წარმოადგენდა. ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის შესაბამისი წერილებით დადასტურებული იყო, რომ ხსენებული შენობის ბალანსმფლობელი მისთვის ცნობილი არ იყო. საქმის მასალებით უტყუარად დასტურდებოდა, რომ მეტროლოგიური ლაბორატორიის ერთსართულიანი შენობა, რომელიც პრივატიზების მასალებში საწყობის ტიპის შენობად იყო მითითებული, ეკუთვნოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რომელმაც იგი თავისი ბრძანებით ჩარიცხა ამ სამინისტროს საბინაო ფონდში, რომელზედაც გაცემულ იქნა ორდერები.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მთავრობას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, უნდა გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და ამავე კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ადმინისტრაციულ წარმოებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობის უზრუნველყოფით, განეხილა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს წინადადება ობიექტის საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში შეტანის თაობაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ ყოფილა და რომლის შესრულებისას მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, ანუ სახეზე იყო ხსენებული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რასაც შედეგად მოჰყვა შემდგომი დარღვევები. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ბათილი იყო იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზედაც დაიდო ხელშეკრულება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ ¹194 სამხედრო ქალაქის გენერალურ გეგმაზე მითითება, რომელზედაც ლაბორატორიის შენობა სამხედრო ქალაქის ფარგლებს გარეთ იყო მოქცეული, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად არ მიიჩნია, ვინაიდან აღნიშნული გეგმით დასტურდებოდა, რომ იგი შედგენილი იყო რა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1953 წლის დადგენილებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთზე, ფართით _ 1,33 ჰა, მითითებული ჩანახაზი აღნიშნულ გეგმაზე შესრულდა 2006 წლის 2 ივნისს, ანუ მას შემდეგ, რაც ¹122/10 ნაკვეთი საჯარო რეესტრში აპელანტებზე აღირიცხა. ანალოგიური ვითარება იყო 2005 წლის 10 მარტის ¹10305, 2006 წლის 2 ივნისის ¹ვი/287 წერილებსა და სიტუაციურ გეგმასთან მიმართებაში (ტ. 1, ს.ფ. 300, ტ. 2, ს.ფ. 32-35).
სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლსა და 312-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითება ასევე არ მიიჩნია სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად, ვინაიდან დასტურდებოდა, რომ 2001 წლის 19 ივნისის ტექნიკური პასპორტი გაცემული იყო შპს «...». საქმეში არსებულ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის პირველი მოადგილის 2001 წლის 20 ივლისის ¹04-389/5-1 წერილში ქ. თბილისის ტექაღრიცხვის ბიუროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსადმი აღნიშნული იყო, რომ ა. გ-იანის 2001 წლის 25 ივნისის ¹389/5-1 განცხადებით წარედგინათ ქ. თბილისის ტექაღრიცხვის ბიუროს მიერ შპს «...» ფონდმფლობელობაზე 2001 წლის 19 ივნისს გაცემული ¹007312 ტექნიკური პასპორტი ერთსართულიან შენობაზე, მდებარე ქ. თბილისში, ... ქ. ¹25-ში, საერთო ფართით _ 303 კვ.მ (ლიტ. «ბ») და განმცხადებელი ითხოვდა ხსენებულ შენობაზე საკუთრების დადასტურებას. აღნიშნული პასპორტი გაცემული იყო საკუთრებისა და კანონიერების დამადასტურებელი იურიდიული საბუთების გარეშე. ამ წერილით სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის პირველი მოადგილე წერილის ადრესატებს ატყობინებდა, რომ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1975 წლის 3 თებერვლის ¹75-რ განკარგულებით ორსართულიანი შენობა, მდებარე ქ. თბილისში, ... ქ. ¹25-ში, საერთო ფართით _ 829 კვ.მ (ლიტ. «ა») გადაეცა საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შემდგომში აღნიშნული შენობის ბალანსმფლობელი გახდა 100%-იანი წილით დაფუძნებული შპს «...», რომლის პრივატიზება განხორციელდა და აღნიშნულ წილზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე ერთსართულიანი, 303 კვ.მ საერთო ფართის შენობა (ლიტ. «ბ») შპს «...» ბალანსზე არ ირიცხებოდა, მის საწესდებო კაპიტალში არ ყოფილა შეტანილი და შესაბამისად, აღნიშნულ საზოგადოებას არავითარი შეხება არ ჰქონია ხსენებულ შენობასთან. ამ წერილის ავტორმა მოითხოვა აღნიშნული შენობის ბალანსმფლობელის გარკვევა, ¹007312 ტექნიკურ პასპორტში ცვლილების შეტანა და კორექტირებული ვარიანტის მიწოდება. საქმეში ასევე არსებულ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მოადგილის 2001 წლის 29 ნოემბრის ¹51-389/5-1 წერილში ა. გ-იანისადმი აღნიშნული იყო, რომ ქ. თბილისში, ... ქ. ¹25-ში მდებარე ერთსართულიანი, 303 კვ.მ საერთო ფართის შენობა შპს «...» არ ირიცხებოდა და შესაბამისად, მის საწესდებო კაპიტალში არ ყოფილა შეტანილი, რაზედაც 2001 წლის 20 ივლისის ¹04-389/5-1 და 2001 წლის 27 სექტემბრის ¹51-389/5-1 წერილებით ეცნობა მას და ქ. თბილისის ტექაღრიცხვის ბიუროს, რომელმაც უსაფუძვლოდ გასცა აღნიშნულ შენობაზე 2001 წლის 19 ივნისის ¹007312 ტექნიკური პასპორტი და ზემოხსენებულ წერილებზე პასუხი არ წარადგინა (ს.ფ. 81, 91).
სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ სადავო პრივატიზება განხორციელდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი სწორად დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ აპელანტებს მათი გამაბათილებელი არგუმენტები სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ. საქმის მასალებით არ დასტურდებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ იმ გარემოებათა არსებობა, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო, რის გამოც სააპელაციო საჩივარი იყო უსაფუძვლო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ღ-ძემ (წარმომადგენლები _ ი. დ-ძე, გ. კ-ძე), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასრულად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი მხარე და განჩინების იურიდიული დასაბუთება არასაკმარისად, ცალმხრივად განახორციელა, რის გამოც შეუძლებელია განჩინების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება. სახეზეა ყველა აუცილებელი დოკუმენტი, რომლებიც ქმნიდა სრულ საფუძველს და აძლევდა კანონიერ შესაძლებლობას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს, კანონმდებლობის შესაბამისად განეხორციელებინა ქონების პრივატიზაცია, ხოლო ამ კასატორს _ სრულ კანონიერ უფლებას, შესაბამისი პროცედურების განხორციელების შემდეგ, მოეხდინა საკუთრების უფლების რეგისტრაცია. სასამართლომ არ დაადგინა, შედის თუ არა სადავო მიწის ნაკვეთი (ფართით _ 718 კვ.მ), მდებარე ქ. თბილისში, ... ქ. ¹25-ში და მასზე არსებული 303,5 კვ.მ ნაგებობა 1,33 ჰა მიწის ნაკვეთის ფარგლებში, რომელიც 1953 წელს გადაეცა ჯერ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქს, ხოლო 1997 წელს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ამასთან, არ გაარკვია სადავო ქონების სტატუსი. სასამართლოს დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან. საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად თავდაცვის სამინისტროს მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი შესაბამისი ბალანსები. 1987 წლის 20 აპრილის ¹002634 სახელმწიფო აქტის მიწათსარგებლობის გეგმის მიხედვით, სადავო მიწის ნაკვეთი (718 კვ.მ) არ შედის ¹194 სამხედრო ქალაქის საზღვრებში. ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების თბილისის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის უფროსის მ/შ-ის 2006 წლის 2 ივნისის წერილის მიხედვით, რომელიც ეყრდნობა «თბილისში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქზე შენობა-ნაგებობებით დაკავებული მიწის ნაკვეთების დამაგრების შესახებ» თბილქალაქსაბჭოს ¹2448 გადაწყვეტილებას და 1987 წლის 20 აპრილის ¹002634 სახელმწიფო აქტს, 0,25 ჰა, რომელიც ეკუთვნის ლაბორატორიას (მდებარე ... ¹25-ში), არ შედის ¹194 სამხედრო ქალაქის შემადგენლობაში. საქმეში წარმოდგენილია შპს «...» მიერ შესრულებული გეგმა-ნახაზი, საიდანაც ცალსახად ჩანს, რომ 718 კვ.მ სადავო მიწის ნაკვეთი არ შედის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქისათვის გადაცემული 1,33 ჰა მიწის ნაკვეთის ფარგლებში. საქმეში არსებული ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის უფროსის 2005 წლის 10 მარტის ¹ღ-5 წერილი ადასტურებს აღნიშნულ გარემოებას. სასამართლომ არავითარი შეფასება არ მისცა აღნიშნულ მტკიცებულებებს და არ ჩამოაყალიბა მოსაზრებები, რომლებითაც უარყო ხსენებული მტკიცებულებები.
კასატორის მტკიცებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ უკანონოდ განხორციელდა სადავო ქონების საბინაო ფონდში ჩარიცხვა. ქ. თბილისის მერიას მხოლოდ 2002 წლის 16 ივლისს ეცნობა აღნიშნულის თაობაზე და ეთხოვა ზემოხსენებული შენობის, როგორც საცხოვრებლის, აღრიცხვაზე აყვანა. საქმეში არსებული თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამმართველოს წერილებიდან ჩანს, რომ სადავო ქონება, თითქოს 2 მიღება-ჩაბარების აქტით აქვს მიღებული თავდაცვის სამინისტროს, კერძოდ, 1997 წლის 5 ივლისის აქტით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე გადაეცა ¹194 სამხედრო ქალაქისთვის მიკუთვნებული მიწის მთლიანი ფართობი, საცხოვრებელ ფონდებთან ერთად, ხოლო 1997 წლის 18 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტში მხოლოდ ლაბორატორიაა მითითებული. სასამართლოს არც ამ დოკუმენტებზე უმსჯელია საფუძვლიანად. სასამართლოს საერთოდ არ გაუმახვილებია ყურადღება საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის 1991 წლის 11 ნოემბრის ¹793 ბრძანებულებასა და საქართველოს უზენაესი საბჭოს იმავე წლის 25 ნოემბრის ¹819 დადგენილებაზე, რომელთა თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული საბჭოთა არმიის კუთვნილი სამხედრო ბაზები და სხვა სამხედრო ქონება საქართველოს რესპუბლიკის (ანუ სახელმწიფოს და არა კონკრეტული უწყების) საკუთრებად გამოცხადდა. საქმეში არსებული საქართველოს შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსის 2006 წლის 2 მაისის წერილში აღნიშნულია, რომ 2001 წლის ოქტომბრის მდგომარეობით შედგენილ «თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული სამხედრო ქალაქებისა და ცალკეული ობიექტების სამხედრო დანიშნულებისა და გამოყენების ნუსხის» მიხედვით, ... გამზირის ¹25-ში არსებული ¹194 სამხედრო ქალაქის ლაბორატორია და ყოფილი საქვაბე არ წარმოადგენს საშტატო და სარეზერვო ქონებას. ასეთ ვითარებაში, სასამართლოს არ გააჩნდა «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის «თ” ქვეპუნქტის გამოყენების იურიდიული საფუძველი.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის უსაფუძვლო არგუმენტებზე დაყრდნობით მიუთითა, რომ ქ. თბილისის მთავრობა არ იყო უფლებამოსილი, საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხა დაემტკიცებინა, ხოლო სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს არ ჰქონდა უფლება, ამ ნუსხით გათვალისწინებული ქონების პრივატიზება მოეხდინა. «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხის დამტკიცება წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების კომპეტენციას, ხოლო მე-6 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ქონების მართვა და პრივატიზება წარმოადგენდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების კომპეტენციას. სადავო ქონება თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არ ირიცხებოდა, ხოლო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალ უფლებამოსილ სტრუქტურებს შეეძლოთ მოეხდინათ ნებისმიერი სახელმწიფო ქონების პრივატიზება, რაც პირდაპირ არ იყო აკრძალული კანონით, მიუხედავად იმისა, ირიცხებოდა თუ არა ეს ქონება თავად ამ უწყების თუ სხვა სახელმწიფო უწყების ბალანსზე. საქმეში არსებული მასალებიდან, კერძოდ, სადავო ნაგებობის ტექნიკური პასპორტიდან ირკვევა, რომ აღნიშნული ქონება პრივატიზების მომენტისათვის რეგისტრირებული იყო არა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, არამედ ქ. თბილისის მერიის საბინაო ტრესტის სახელზე. გარდამავალ პერიოდში ტექაღრიცხვის სამსახურების მიერ რეგისტრირებულ მონაცემებს გააჩნდა ისეთივე იურიდიული ძალა, რაც ამჟამად გააჩნია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურების მიერ რეგისტრირებულ მონაცემებს. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნაგებობა ტექაღრიცხვის სამსახურში რეგისტრირებული იყო საბინაო ტრესტის სახელზე. აღნიშნულ ჩანაწერზე საჩივარი (სარჩელი) პრივატიზაციის დასრულებამდე შეტანილი არ ყოფილა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, განჩინება დააფუძნა «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე. სასამართლოს არ გააჩნდა აღნიშნული მუხლის გამოყენების საფუძველი, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ სადავო ქონება წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს საშტატო ან სარეზერვო ქონებას, რაც დასტურდება საქმეში არსებული საქართველოს შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურის სამმართველოს 2006 წლის 2 მაისის ¹919 წერილით. «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონი კრძალავს თავდაცვის სამინისტროს მხოლოდ საშტატო და სარეზერვო ქონების პრივატიზებას. სასამართლოს არანაირი საფუძველი არ გააჩნდა, სადავო ქონება ჩაეთვალა იმ კატეგორიის ქონებად, რომლის პრივატიზებასაც კრძალავს «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონი. სასამართლომ უტყუარად არ დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო ქონება (პრივატიზებული შენობა-ნაგებობა) მდებარეობს თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემულ 1,33 ჰა მიწის ნაკვეთზე. ამ მიწის ნაკვეთის თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემის აქტში არაფერია ნათქვამი ამავე ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების შესახებ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქმეზე სწორი და დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოსატანად, რადგან თუ დადგინდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ პრივატიზებული ქონება არ შედის თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემულ 1,33 ჰა მიწის ნაკვეთის ფართში, სასარჩელო მოთხოვნასაც გამოეცლება ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-იანმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ სადავო ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებული აქტები «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის «თ” ქვეპუნქტზე დაყრდნობით, ბათილად ცნო ისე, რომ არ დაუდგენია, რომ სადავო უძრავი ქონება წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საშტატო ან სარეზერვო ქონებას, არ მიუთითებია სამართლებრივ აქტზე ან მტკიცებულებაზე, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ქონების აღნიშნული სტატუსი და შეფასება არ მიუცია მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისათვის, რომლებიც გამორიცხავდა სადავო ქონების საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საშტატო ან სარეზერვო ქონებად მიჩნევის შესაძლებლობას. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ვერ განმარტა, სადავო ქონება საშტატო იყო თუ სარეზერვო და საქმეში არსებული რომელი მტკიცებულებით დასტურდებოდა სადავო ქონების ასეთი სტატუსი. საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ის გარემოება, რომ სადავო უძრავი ქონება წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საშტატო ან სარეზერვო ქონებას. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურის სამმართველოს 2006 წლის 2 მაისის ¹919 წერილიდან ირკვევა, რომ სადავო ქონება არ წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს საშტატო ან სარეზერვო ქონებას. საქმეში ასევე არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მიერ 2001 წლის 30 ოქტომბერს დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ობიექტების ნუსხაში სადავო უძრავი ქონება არ ფიგურირებს არც საშტატო და არც სარეზერვო ქონების სტატუსით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ქონება არ წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საშტატო ან სარეზერვო ქონებას. შესაბამისად, არ არსებობდა «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის «თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, პრივატიზების შესახებ სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი. ამდენად, სასამართლომ სათანადოდ არ დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და არ მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება.
კასატორის მტკიცებით, სადავო უძრავი ქონება წარმოადგენდა სახელმწიფო და არა კერძო საკუთრების ობიექტს. ამდენად, სადავო ქონების აღრიცხვით (ტექნიკური ინვენტარიზაციით) სამართლის რაიმე ნორმის დარღვევა არ მომხდარა, ასეთ ნორმაზე ვერც სასამართლომ მიუთითა და შესაბამისად, მას არ დაუდასტურებია სადავო პრივატიზების კანონის დარღვევით განხორციელება. ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2001 წლის 9 ნოემბრის ტექნიკური პასპორტის კანონიერება მოცემულ საქმეზე თავდაპირველად წარმოადგენდა დავის საგანს, თუმცა ტექნიკური პასპორტის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნა გამოიყო მოცემული საქმიდან, განხილულ იქნა ცალკე წარმოებად და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 მარტის განჩინებით, რომელიც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის განჩინებით, აღნიშნული საქმის წარმოება შეწყდა, მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ სარჩელზე უარის თქმის მოტივით. აქედან გამომდინარე, ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2001 წლის 9 ნოემბრის ტექნიკური პასპორტის კანონიერება მოცემულ საქმეზე დავის საგანს არ წარმოადგენდა და შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობით სააპელაციო სასამართლო გასცდა დავის საგანს.
კასატორის განმარტებით, თავდაცვის სამინისტრო, როგორც იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ადმინისტრაციული ორგანო, არ შეიძლება იყოს საკუთრების უფლების სუბიექტი. საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ის გარემოება, რომ სადავო ქონება დადგენილი წესით გამოეყო (გადაეცა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. სადავო ქონება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაცემული არ ჰქონია არც უსასყიდლო უზუფრუქტის და არც თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე, სახელმწიფო ქონების ამა თუ იმ სახელმწიფო ორგანოსათვის გადაცემის სხვა წესი კი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. ამდენად, სადავო ქონებაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ გააჩნდა არც საკუთრების და არც სარგებლობის უფლება. სადავო ქონებაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს არ წარმოადგენს ასევე აღნიშნულ სამინისტროსა და საქართველოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო დაჯგუფებას შორის გაფორმებული ყოფილი ¹194 სამხედრო ქალაქის მიღება-ჩაბარების აქტი. სადავო ქონება გადაცემული არ ყოფილა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ¹194 სამხედრო ქალაქისათვის. შესაბამისად, საქართველოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო დაჯგუფების სარდლობას არ შეეძლო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გადაეცა უფლება, რომელიც თავად მას არ ჰქონდა. აღნიშნულ გარემოებებს სასამართლომ არ მისცა სათანადო შეფასება. საქმეში წარმოდგენილი, სპეციალისტის მიერ შედგენილი სიტუაციური გეგმით დასტურდება, რომ ყოფილი ¹194 სამხედრო ქალაქისა და სადავო უძრავი ქონების საზღვრები არც ერთ წერტილში არ კვეთს ერთმანეთს. ამდენად, სადავო ნაგებობა არ მდებარეობს ყოფილი ¹194 სამხედრო ქალაქისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქს, ხოლო შემდგომ _ რუსეთის ფედერაციის სამხედრო დაჯგუფების სარდლობას ამ ქონებაზე არანაირი უფლება არ გააჩნდა და შესაბამისად, არარსებულ უფლებას იგი ვერ გადასცემდა სხვა სუბიექტს. სადავო ქონების პრივატიზებას არ შეუცვლია და არც შეეძლო შეეცვალა 1987 წლის 20 აპრილის ¹003634 უვადო მიწათსარგებლობის უფლების სახელმწიფო აქტში მოცემული, ყოფილი ¹194 სამხედრო ქალაქისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის გეგმა, ამ ნაკვეთის კონტურები, კოორდინატები და მდებარეობა. ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის უფროსის 2005 წლის 10 მარტის ¹ღ-5 წერილითაც დადასტურებულია ის ფაქტი, რომ სადავო უძრავი ქონება არ არის მოქცეული ყოფილი ¹194 სამხედრო ქალაქისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის საზღვრებში. ამდენად, ყოფილი ¹194 სამხედრო ქალაქისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი არ მოიცავს სადავო მიწის ნაკვეთს და აქედან გამომდინარე _ აღნიშნულ ნაკვეთზე არსებულ ნაგებობას.
კასატორის მტკიცებით, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2002 წლის 18 აპრილის ¹84 ბრძანებაზე, რომლითაც სადავო ნაგებობა ჩაირიცხა საბინაო ფონდში, ასევე _ აღნიშნულ ნაგებობასთან დაკავშირებით გაცემულ ორდერებზე. ამ ბრძანებით არ შეიძლება დადასტურდეს სადავო უძრავი ქონების კუთვნილება. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა და შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ ხსენებული ბრძანება გამოცემულია მას შემდეგ, რაც აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა შესაბამის კასატორთა სახელზე და ამდენად, იგი წარმოადგენდა კერძო საკუთრების ობიექტს. თავდაცვის მინისტრის მითითებული ბრძანებისა და ბინის ორდერების კანონიერება დავის საგანს წარმოადგენს სხვა ადმინისტრაციულ საქმეზე, რომლის წარმოებაც შეჩერებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 მარტის ¹3/153-06 განჩინებით, მოცემული დავის გადაწყვეტამდე. ამდენად, სადავო პრივატიზების კანონიერების შემოწმების შედეგები წარმოადგენს საფუძველს, კრიტერიუმს თავდაცვის მინისტრის ხსენებული ბრძანებისა და ბინის ორდერების კანონიერების შესამოწმებლად და არა პირიქით. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ შესაბამის კასატორებზე ვერ გავრცელდება უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენის დაცვის გარანტიები.
კასატორის განმარტებით, დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონების განკარგვა განხორციელდა პრივატიზების წესით. სადავო არ არის ის ფაქტიც, რომ აღნიშნული ქონება წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. საბინაო ტრესტის სახელზე სადავო ქონების აღრიცხვა არ ნიშნავს იმას, რომ საბინაო ტრესტი წარმოადგენდა ქონების მესაკუთრეს. ქონების მესაკუთრე იყო სახელმწიფო, ხოლო საბინაო ტრესტი _ ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ბალანსზეც აღირიცხა აღნიშნული ქონება. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ, თითქოს შესაბამისი კასატორები არ წარმოადგენენ სადავო ქონების კეთილსინდისიერ შემძენებს. სააპელაციო სასამართლომ, მოახდინა რა სადავო ქონების შპს «...” სახელზე არასწორად აღრიცხვის ფაქტის კონსტატაცია, იურიდიულად არ დაასაბუთა, თუ რა ნიშნით გამორიცხავდა აღნიშნული შესაბამის კასატორთა, როგორც სადავო უძრავი ქონების შემძენთა, კეთილსინდისიერებას. როდესაც სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს სადავო ურთიერთობის წარმოშობის მომენტში მოქმედი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით, ვალდებულია მიუთითოს გარემოებებზე, რომლებიც სამართლებრივად გამორიცხავს სადავო საკითხის იმგვარ გადაწყვეტას, როგორც ეს მოცემულია გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჩაბმის შემთხვევაში, სადავო საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რომ არ მიუთითა, თუ სამართლის რომელი ნორმა გამორიცხავდა სადავო ქონების საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში შეტანას.
კასატორის მტკიცებით, არასწორია ასევე სააპელაციო სასამართლოს მითითება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რადგან ამ ნაწილში მითითებული ადმინისტრაციული აქტი ნიშნავს ისეთ ადმინისტრაციულ აქტს, რომელსაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება უშუალოდ მოჰყვება, როგორც ადმინისტრაციული აქტის აღსრულების სამართლებრივი შედეგი. ასეთ ადმინისტრაციულ აქტად ვერ ჩაითვლება საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ ქ. თბილისის მთავრობის 2002 წლის 14 თებერვლის ¹02.09.36 დადგენილება, რადგან იგი მიმართული არ ყოფილა კონკრეტული ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების ან მისი პირობების დადგენისაკენ. მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ აქტს, რომლის საფუძველზეც დაიდო სადავო ადმინისტრაციული ხელშეკრულება, წარმოადგენს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 2002 წლის 1 მაისის ¹1-4/211 ბრძანებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის 2002 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება (ოქმი ¹121), რომლითაც კონკურსში გამარჯვებულებად გამოცხადდნენ შესაბამისი კასატორები და დადგინდა მათთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება. აღნიშნული ადმინისტრაციული აქტების კანონიერებაზე რაიმე პრეტენზია არ არსებობს. ქ. თბილისის მთავრობის 2002 წლის 14 თებერვლის ¹02.09.36 დადგენილება ლოგიკურად მიჩნეულ უნდა იქნეს აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, აქედან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით. აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს წარმოადგენს ასევე ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 2002 წლის 1 მაისის ¹1-4/211 ბრძანებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის 2002 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება (ოქმი ¹121), 2002 წლის 10 მაისის ¹23/1625-კ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და მიღება-ჩაბარების აქტი. ამავე დროს, საქმის მასალებით დადგენილია, რომ აღნიშნული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე, შესაბამის კასატორებს განხორციელებული აქვთ იურიდიული მნიშვნელობის მქონე არაერთი ქმედება, კერძოდ, მათ გადაიხადეს პრივატიზებული ქონების ღირებულება და სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღრიცხეს საკუთარ სახელზე. შესაბამის კასატორებს გააჩნიათ კანონიერი ნდობა აღნიშნული აქტების მიმართ. ასეთ ვითარებაში, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4-5 ნაწილების მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია ისეთი საჯარო ან კერძო ინტერესის არსებობა, რომელიც თავისი მნიშვნელობით, გადაწონიდა შესაბამის კასატორთა საკუთრების უფლებას და აქედან გამომდინარე _ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ძალაში დატოვების ინტერესს (შესაძლებლობას). ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. «საქართველოს დედაქალაქის _ ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 დეკემბრის ¹685 ბრძანებულების 21-ე მუხლით განისაზღვრა ქ. თბილისის მთავრობის უფლებამოსილება, კერძოდ, ამ მუხლის «ო” ქვეპუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მთავრობის განსაკუთრებულ გამგებლობას განეკუთვნება კანონმდებლობით დადგენილი წესით მიწათსარგებლობის საკითხების გადაწყვეტა და მიწის ნაკვეთების მართვა. «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილებას სახელმწიფო მიწის სარგებლობაში ან საკუთრებაში გაცემის შესახებ იღებენ შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის რაიონის, ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, ამ კანონის, «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, «წიაღის შესახებ” საქართველოს კანონის და ამ კანონების შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.
კასატორის მტკიცებით, ქ. თბილისის მთავრობის 2002 წლის 14 თებერვლის ¹02.09.36 დადგენილებით მიღებულ იქნა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს წინადადება და დამტკიცდა ქ. თბილისის მუნიციპალური საკუთრების 2002 წლის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა დანართის თანახმად, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და რაიონულ გამგეობებთან. ამ დანართის მიხედვით, ერთ-ერთ ობიექტს წარმოადგენს ისანი-სამგორის რაიონში, ქ. ... გამზ. ¹25-ში მდებარე საცხოვრებელი ფართი. აღნიშნული სასამართლოს არ გაუთვალისწინებია, რის გამოც უსაფუძვლოა სასამართლოს მოსაზრება, რომ ტექნიკური პასპორტი გაცემულია საკუთრებისა და კანონიერების დამადასტურებელი იურიდიული საბუთების გარეშე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1515-ე მუხლის შესაბამისად, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემული დოკუმენტები იმავე იურიდიული მნიშვნელობის მქონეა, რაც საჯარო რეესტრის მიერ გაცემული დოკუმენტაცია, ხოლო საქმეში წარმოდგენილ, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემულ ცნობაში მესაკუთრედ მითითებულია საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტი, რომელიც წარმოადგენდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში მყოფ ორგანოს. სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება, რომ სადავო ფართი არ შედის იმ 1,33 ჰა მიწის ნაკვეთის შემადგენლობაში, რომელიც წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკუთრებას, კერძოდ, შპს «...” სიტუაციური გეგმიდან და ¹194 სამხედრო ქალაქის (დასახლების) მიწის საზღვრების გეგმიდან ჩანს, რომ 718 კვ.მ სადავო მიწის ნაკვეთი არ შედის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქისათვის გადაცემული 1,33 ჰა მიწის ნაკვეთის ფარგლებში. სასამართლომ არ მიუთითა, თუ რომელი ნახაზის საფუძველზე მიაკუთვნა სადავო ფართი სამხედრო ოლქისათვის გადაცემულ მიწის ნაკვეთს. ამასთან, სასამართლო უსაფუძვლოდ დაეყრდნო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2002 წლის 18 აპრილის ¹48 ბრძანებას, რადგან სადავო ქონება არც ამიერკავკასიის სამხედრო ოლქს და არც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში არ გადასცემია. აღნიშნული ბრძანება მიღებულია სადავო ქონების საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში შეტანისა და ბინის ორდერების გაცემის შემდეგ, რის საფუძველზეც მოხდა შესაბამის მოპასუხეთა საკუთრების უფლების აღრიცხვა საჯარო რეესტრში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და საქმის ფაქტობრივი გარემოებები.
კასატორის განმარტებით, გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია თბილისის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებლის წერილი, რომლიდანაც ირკვევა, რომ მიწის ნაკვეთი, 0,25 ჰა ფართობით, რომელიც ეკუთვნოდა ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფის 112-ე ლაბორატორიას, მდებარე ... (ყოფილი ... ქ.) ¹25-ში, არ შედის ¹194 საცხოვრებელი სამხედრო ქალაქის შემადგენლობაში, რაც დასტურდება «ქ. თბილისში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქზე შენობა-ნაგებობებით დაკავებული მიწის ნაკვეთების დამაგრების შესახებ” თბილქალაქსაბჭოს ¹2248 გადაწყვეტილებით და 1987 წლის 20 აპრილის ¹002634 სახელმწიფო აქტით. უსაფუძვლოა სასამართლოს მითითება «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის «თ” ქვეპუნქტზე. სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რადგან ამ მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ქონებიდან პრივატიზებას არ ექვემდებარება თავდაცვის სამინისტროს სისტემის საშტატო და სარეზერვო ქონება. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსის პასუხის თანახმად, 2001 წლის ოქტომბრის მდგომარეობით შედგენილ «თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული სამხედრო ქალაქებისა და ცალკეული ობიექტების სამხედრო დანიშნულებისა და გამოყენების ნუსხის” მიხედვით, ¹194 სამხედრო ქალაქის ლაბორატორია და ყოფილი საქვაბე, მდებარე ... გამზ. ¹25-ში, არ წარმოადგენს საშტატო და სარეზერვო ქონებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. ღ-ძის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ა. გ-იანისა და ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, 2009 წლის 26 თებერვლის განჩინებების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივრები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 მარტის განჩინებით ლ. ღ-ძის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ა. გ-იანისა და ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით, 2009 წლის 5 მაისს, 14.30 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ლ. ღ-ძის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ა. გ-იანისა და ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის 1991 წლის 11 ნოემბრის ¹793 ბრძანებულებით საქართველოს რესპუბლიკის საკუთრებად გამოცხადდა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული საბჭოთა არმიის კუთვნილი ქონება (ტ. 1, ს.ფ. 82). საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 2 ივლისის ¹3გ/ად-157-კ-03 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (ტ. 1, ს.ფ. 6-11) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი და სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001 წლის 17 მაისის ¹1-3/355 ბრძანება, თანამდევი შედეგებით და შპს «..» საწესდებო კაპიტალიდან ამოირიცხა 795 კვ.მ მიწის ნაკვეთი; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001 წლის 9 მარტის ¹1-3/336 ბრძანება ქ. თბილისში, ... ქ. ¹25-ში მდებარე შენობის პირველი სართულის 198,8 კვ.მ ფართის შესაბამის პირთა ჯგუფისათვის (ა. გ-იანი, ბ. გ-ძე, ა. წ-აია, მ. გ-ავა) გადაცემის თაობაზე, თანამდევი შედეგებით; შესაბამისად, აღნიშნული 198,8 კვ.მ ფართი ამოირიცხა შპს «...» საწესდებო კაპიტალიდან და ცვლილებები განხორციელდა სამეწარმეო და საჯარო რეესტრში; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001 წლის 18 მაისის ¹871-კ საკუთრების მოწმობა ქ. თბილისში, ... ქ. ¹25-ში მდებარე 795 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და შენობის პირველი სართულის 198,8 კვ.მ ფართის ფიზიკური პირებისთვის (ა. გ-იანი, ბ. გ-ძე, ა. წ-აია, მ. გ-ავა) გადაცემის თაობაზე, თანამდევი შედეგებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003 წლის 2 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები: თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1953 წლის 20 იანვრის ¹2248 გადაწყვეტილებით ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მას გამოეყო ქ. თბილისში მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით, კერძოდ, ... (ყოფილი ...) ქ. ¹25-ში მდებარე 1,33 ჰა მიწის ფართობი; საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1975 წლის 3 თებერვლის ¹75-რ განკარგულების მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა ქ. თბილისში, ... (...) ქ. ¹25-ში მდებარე შენობა 829 კვ.მ ფართით, საიდანაც შენობის 541 კვ.მ ფართი მე-2 სართულზე უნდა გამოეყენებინა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ხოლო შენობის 288 კვ.მ ფართი პირველ სართულზე იჯარით უნდა გადაეცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი სოციოლოგიის კათედრის სისხლის სამართლის სოციოლოგიის ლაბორატორიისათვის; აღნიშნულ განკარგულებაში მიწის ფართობის გადაცემის შესახებ მითითებული არ იყო; 1987 წლის 20 აპრილის ¹002634 სახელმწიფო აქტის საფუძველზე, ¹194 სამხედრო ქალაქზე, მიწათსარგებლობის გეგმის თანახმად, გაიცა აღნიშნული 1,33 ჰა მიწის ფართობი, უვადო და უსასყიდლო სარგებლობაში. ¹194 სამხედრო ქალაქის აღნიშნულ 1,33 ჰა მიწის ფართობზე განლაგებული იყო შენობა-ნაგებობები, რომელთაგან ერთ-ერთი შენობის 829 კვ.მ ფართი ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს. 1997 წელს ¹194 სამხედრო ქალაქის 1,33 ჰა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. შპს «...» წინამორბედი იყო შპს «...».
საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების მიხედვით, ასევე დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის პირველი მოადგილის 2001 წლის 20 ივლისის ¹04-389/5-1 წერილში (ტ. 1, ს.ფ. 81) ქ. თბილისის ტექაღრიცხვის ბიუროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსადმი მითითებულია, რომ ა. გ-იანის 2001 წლის 25 ივნისის ¹389/5-1 განცხადებით წარდგენილი იყო ქ. თბილისის ტექაღრიცხვის ბიუროს მიერ შპს «...» ფონდმფლობელობაზე 2001 წლის 19 ივნისს გაცემული ¹007312 ტექნიკური პასპორტი ერთსართულიან შენობაზე ქ. თბილისში, ... ქ. ¹25-ში, საერთო ფართით _ 303 კვ.მ (ლიტ. «ბ») და განმცხადებელი ითხოვდა ხსენებულ შენობაზე საკუთრების დადასტურებას; აღნიშნული პასპორტი გაცემული იყო «საკუთრებისა და კანონიერების დამადასტურებელი იურიდიული საბუთების გარეშე». სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ამ წერილით ადრესატებს აცნობა, რომ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1975 წლის 3 თებერვლის ¹75-რ განკარგულებით ორსართულიანი შენობა, მდებარე ქ. თბილისში, ... ქ. ¹25-ში, საერთო ფართით _ 829 კვ.მ (ლიტ. «ა») გადაეცა საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შემდგომში აღნიშნული შენობის ბალანსმფლობელი გახდა 100%-იანი სახელმწიფო წილით დაფუძნებული შპს «...», რომლის პრივატიზება განხორციელდა და აღნიშნულ წილზე გაიცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა; ამდენად, ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე ერთსართულიანი, 303 კვ.მ საერთო ფართის შენობა (ლიტ. «ბ») შპს «...» ბალანსზე არ ირიცხებოდა, მის საწესდებო კაპიტალში არ ყოფილა შეტანილი და შესაბამისად, აღნიშნულ საზოგადოებას არავითარი შეხება არ ჰქონია ხსენებულ შენობასთან. ხსენებული წერილის ავტორმა მოითხოვა აღნიშნული შენობის ბალანსმფლობელის გარკვევა, ¹007312 ტექნიკურ პასპორტში ცვლილების შეტანა და მისთვის კორექტირებული ვარიანტის მიწოდება. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მოადგილის 2001 წლის 29 ნოემბრის ¹51-389/5-1 წერილში (ტ. 1, ს.ფ. 91) ა. გ-იანისადმი აღნიშნულია, რომ ქ. თბილისში, ... ქ. ¹25-ში მდებარე ერთსართულიანი, 303 კვ.მ საერთო ფართის შენობა შპს «...» ბალანსზე არ ირიცხებოდა და შესაბამისად, მის საწესდებო კაპიტალში არ ყოფილა შეტანილი, რაზედაც 2001 წლის 20 ივლისის ¹04-389/5-1 და 2001 წლის 27 სექტემბრის ¹51-389/5-1 წერილებით ეცნობა მას და ქ. თბილისის ტექაღრიცხვის ბიუროს, რომელმაც უსაფუძვლოდ გასცა აღნიშნულ შენობაზე 2001 წლის 19 ივნისის ¹007312 ტექნიკური პასპორტი და ზემოხსენებულ წერილებზე პასუხი არ წარუდგენია.
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების შესაბამისად, ასევე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: «ქ. თბილისის მუნიციპალური საკუთრების 2002 წლის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ» ქ. თბილისის მთავრობის 2002 წლის 14 თებერვლის ¹02.09.36 დადგენილებით (ტ. 1, ს.ფ. 89-90) მიღებულ იქნა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს წინადადება და დამტკიცდა ქ. თბილისის მუნიციპალური საკუთრების 2002 წლის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა, რომელშიც შეტანილი იყო ... გამზირის ¹25-ში მდებარე 304 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსთან არსებული საკონკურსო კომისიის სხდომის ¹121 ოქმით (ტ. 1, ს.ფ. 44) ქ. თბილისში, ... გამზირის ¹25-ში მდებარე საწყობის ტიპის შენობაზე (303,5 კვ.მ) 2002 წლის 23 აპრილს გამართულ კონკურსში გამარჯვებულად ჩაითვალა ფიზიკურ პირთა ჯგუფი (წარმომადგენელი _ ა. გ-იანი) და ხსენებული ობიექტი გაყიდულ იქნა 9000 აშშ დოლარად. 2002 წლის 8 მაისის მიღება-ჩაბარების ¹28 აქტის (ტ. 1, ს.ფ. 41) თანახმად, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს საპრივატიზებო კომისიის თავმჯდომარემ 2002 წლის 23 აპრილს ა. გ-იანს ჩააბარა ქ. თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, ... გამზირის ¹25-ში მდებარე საწყობის ტიპის შენობა, რომლის ფართობი იყო 303,5 კვ.მ, მის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის ფართობი კი _ 718 კვ.მ, ღირებულებით _ 8923,99 აშშ დოლარი, რომელსაც გააჩნდა დანამატი საკონკურსო კომისიის 2002 წლის 23 აპრილის საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე და შეადგენდა 9000 აშშ დოლარს, რომელშიც დამატებული იყო მიწის საპრივატიზებო ღირებულება და იგი შეადგენდა 3446,40 აშშ დოლარს. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 2002 წლის 1 მაისის ¹1-4/211 ბრძანებით (ტ. 1, ს.ფ. 42-43) დამტკიცდა საკონკურსო კომისიის 2002 წლის 23 აპრილის სხდომის ოქმით დადგენილი შედეგები კონკრეტულ ობიექტებზე, მათ შორის, ოქმი ¹121, ... გამზირის ¹25-ში მდებარე საწყობის ტიპის შენობის (303,5 კვ.მ) პრივატიზების შესახებ (პუნქტი 1.5). ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილესა და ფიზიკურ პირთა ჯგუფის წარმომადგენელ ანზორ გაბიანს შორის დადებული 2002 წლის 8 მაისის ¹1599/1 სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების (ტ. 1, ს.ფ. 36-39) მიხედვით, მყიდველად წოდებულმა ა. გ-იანმა საკუთრებაში მიიღო ქ. თბილისის მერიის კუთვნილი ქონება _ ... ¹25-ში მდებარე საწყობის ტიპის შენობა. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მიერ 2002 წლის 10 მაისს გაცემული ¹23/1625-კ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის (ტ. 1, ს.ფ. 17) მიხედვით, ა. გ-იანს საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ... გამზირის ¹25-ში მდებარე საწყობის ტიპის შენობა, 303,5 კვ.მ ფართით და პრივატიზებულ ობიექტზე დამაგრებული მიწა, ფართობით _ 718 კვ.მ, ხსენებული მოწმობის გაცემის საფუძვლებად კი მიეთითა 2002 წლის 1 მაისის ¹1-4/211 ბრძანებაზე, 2002 წლის 8 მაისის ¹28 მიღება-ჩაბარების აქტსა და 2002 წლის 8 მაისის ¹1599/1 ხელშეკრულებაზე.
საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების მიხედვით, აგრეთვე, დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2002 წლის 18 აპრილის ¹84 ბრძანებით (ტ. 1, ს.ფ. 99) ... ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხედრო მეტროლოგიური ლაბორატორიის შენობები ¹194 სამხედრო ქალაქში გადაკეთდა საცხოვრებელ ფართად და ჩაირიცხა თავდაცვის სამინისტროს საბინაო ფონდში, როგორც სამსახურებრივი საცხოვრებელი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს 2002 წლის 16 ივლისის ¹8/1130 წერილით (ტ. 1, ს.ფ. 12) ქ. თბილისის მერს ეთხოვა, ... ქ. ¹25-ში მდებარე ყოფილი სამხედრო მეტროლოგიური ლაბორატორიის შენობის, ფართით _ 303 კვ.მ, როგორც საცხოვრებლის, აღრიცხვაზე აყვანის სათანადო სამსახურისათვის დავალება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს ინფრასტრუქტურის ¹1 რეგიონალური ბაზის უფროსის მიერ გაცემული 2003 წლის 14 მარტის ¹90 ცნობის (ტ. 1, ს.ფ. 15) თანახმად, ქ. თბილისში, ... ¹25-ში განთავსებული მეტროლოგიური ლაბორატორია, მიმდებარე ტერიტორიით _ 1,3 ჰა, ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის ¹1 რეგიონალური ბაზის ბალანსზე. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსადმი ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2001 წლის 4 ოქტომბრის ¹242209 წერილის (ტ. 1, ს.ფ. 97) თანახმად, ... ქ. ¹25-ში მდებარე ერთსართულიანი შენობის, საერთო ფართით _ 303 კვ.მ, ბალანსმფლობელი ამ ტექაღრიცხვის სამსახურისათვის ცნობილი არ იყო. საქართველოს შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურის სამმართველოს 2006 წლის 4 მაისის ¹952 წერილში ლ. ღ-ძისადმი (ტ. 2, ს.ფ. 31) მითითებულია, რომ ¹194 სამხედრო ქალაქის ლაბორატორიის მიღება-ჩაბარების 1997 წლის 18 ივლისის აქტში ამ ლაბორატორიაზე დამაგრებული მიწის ფართი არ მოხვდა იმიტომ, რომ აღნიშნული აქტის შედგენის მომენტისთვის ¹194 სამხედრო ქალაქისთვის მიკუთვნებული მიწის მთლიანი ფართობი, საცხოვრებელ ფონდებთან ერთად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უკვე მიღებული ჰქონდა 1997 წლის 5 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტით და სწორედ ამიტომ განხორციელდა მიწის გარეშე ლაბორატორიის მიღება.
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ კასატორები ძირითადად სადავოდ ხდიან ორ საკითხს _ სადავო ქონების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემას და ამ ქონების სტატუსს, ასევე სადავო 718 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული 303,5 კვ.მ ნაგებობის 1,33 ჰა მიწის ნაკვეთის, რომელიც 1953 წელს გადაეცა ჯერ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქს, ხოლო 1997 წელს _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ფარგლებში მოქცეულად მიჩნევა-არმიჩნევას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მთავრობას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, უნდა გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და ამავე კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ადმინისტრაციულ წარმოებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობის უზრუნველყოფით, განეხილა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს წინადადება ობიექტის საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში შეტანის თაობაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ ყოფილა და რომლის შესრულებისას მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სადავო პრივატიზება განხორციელდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით.
საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორ ლ. ღ-ძის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სახეზეა ყველა აუცილებელი დოკუმენტი, რომლებიც ქმნიდა სრულ საფუძველს და აძლევდა კანონიერ შესაძლებლობას პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს, კანონმდებლობის შესაბამისად განეხორციელებინა ქონების პრივატიზაცია, ასევე ვერ გაიზიარებს ლ. ღ-ძის მიერ მისი საკასაციო საჩივრის დასასაბუთებლად 1987 წლის 20 აპრილის ¹002634 სახელმწიფო აქტის მიწათსარგებლობის გეგმაზე, ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების თბილისის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ნაწილის უფროსის მ/შ-ის 2006 წლის 2 ივნისის წერილზე, შპს «...» მიერ შესრულებულ გეგმა-ნახაზსა და ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის უფროსის 2005 წლის 10 მარტის ¹ღ-5 წერილზე მითითებას, რომელთა თანახმად, ამ კასატორის მტკიცებით, 718 კვ.მ სადავო მიწის ნაკვეთი არ შედის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქისათვის გადაცემული 1,33 ჰა მიწის ნაკვეთის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს სადავო ქონების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გადაცემის სამართლებრივ საფუძვლებზე, კერძოდ, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 23 აპრილის ¹446 დადგენილებაზე, რომლითაც ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების ობიექტებისა და ქონების პირად მემკვიდრედ ჩაითვალა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო, ასევე _ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 9 ოქტომბრის ¹984 დადგენილებაზე, რომელშიც საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული, ყოფილი საკავშირო სამხედრო უწყებათა ქონების ერთადერთ სამართალმემკვიდრედ განისაზღვრა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო და აღნიშნული ქონება ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს, მისი შეიარაღებული ძალების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაქმნელად, სხვა მესაკუთრეზე გასხვისების უფლების გარეშე. ამდენად, სადავო ქონების ბალანსმფლობელი იყო სწორედ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რის გამოც ობიექტურად შეუძლებელი იყო სადავო ქონების მუნიციპალური დაქვემდებარების ქონებად მიჩნევა და შესაბამისად, მუნიციპალური ქონების სამართლებრივი რეჟიმის კონტექსტის ფარგლებში მისი პრივატიზებისადმი დაქვემდებარება. შესაბამისად, იურიდიულად შეუძლებელია ხსენებული სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უფლების არსებობის უარყოფა კასატორების მიერ მითითებულ რაიმე მტკიცებულებაზე დაყრდნობით.
რაც შეეხება სადავო ქონების სტატუსს, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ, მართალია, საქართველოს შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსის 2006 წლის 2 მაისის ¹919 წერილში ლ. ღ-ძისადმი (ტ. 2, ს.ფ. 21) აღნიშნულია, რომ 2001 წლის ოქტომბრის მდგომარეობით შედგენილ «თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული სამხედრო ქალაქებისა და ცალკეული ობიექტების სამხედრო დანიშნულებისა და გამოყენების ნუსხის» მიხედვით, ... გამზირის ¹25-ში არსებული ¹194 სამხედრო ქალაქის ლაბორატორია და ყოფილი საქვაბე არ წარმოადგენს საშტატო და სარეზერვო ქონებას და ხსენებულ ნუსხაში არ არის მითითებული აღნიშნული ობიექტების ამგვარი სტატუსი, მაგრამ აღნიშნული ვერ იქნება მიჩნეული წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძვლად, რადგან ხსენებული წერილის გაგზავნის დროისათვის დასახელებულ ობიექტებს მართლაც აღარ გააჩნდა საშტატო ან სარეზერვო ქონების სტატუსი, მას შემდეგ, რაც გამოიცა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2002 წლის 18 აპრილის ¹84 ბრძანება და ყოფილი სამხედრო მეტროლოგიური ლაბორატორიის შენობები ¹194 სამხედრო ქალაქში გადაკეთდა საცხოვრებელ ფართად და შესაბამისად, მიიღო ახალი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბინაო ფონდის სტატუსი.
ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უძრავი ქონება რეალურად შეიძლება არსებობდეს სამ, კერძოდ, საბინაო ფონდის, საშტატო ან სარეზერვო რეჟიმში, ხოლო სადავო ქონებას საბინაო ფონდის სტატუსი მიენიჭა მოგვიანებით, მანამდე კი იგი წარმოადგენდა საშტატო ან სარეზერვო ქონებას. სადავო ქონების სტატუსი მისი პრივატიზებისას არ ყოფილა გაურკვეველი და გასაჩივრებული ბრძანების გამოცემამდე და სადავო ქონების პრივატიზებამდე, მისი კონსტატირება შესაძლებელი იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით, კანონით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების ფარგლებში, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ კი აღნიშნული არ გააკეთა, ანუ ხსენებულმა სამმართველომ ადმინისტრაციული წარმოების განმსაზღვრელი ნორმების რეალიზების ნაცვლად, მოახდინა შესაბამისი კანონის ამკრძალავ ნორმაში საგნობრივად მოქცეული ქონების პრივატიზება, რაც ობიექტურად ადასტურებს მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი სარჩელების საფუძვლიანობას და იმავდროულად, აფუძნებს ამავე საქმეზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების უსაფუძვლობას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 მუხლით (იმ დროისათვის არსებული რედაქცია), კონკრეტიზებული სახით იყო რეგლამენტირებული სახელმწიფო ქონება, რომელიც პრივატიზებას არ ექვემდებარებოდა, კერძოდ, ხსენებული მუხლის «თ» ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებიდან პრივატიზებას არ ექვემდებარებოდა თავდაცვის სამინისტროს სისტემის საშტატო და სარეზერვო ქონება. ამდენად, აღნიშნული ნორმით პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად იყო აკრძალული თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული იმ ქონების პრივატიზება, რომელსაც გააჩნდა საშტატო ან სარეზერვო სტატუსებიდან ერთ-ერთი მათგანი. ამასთან, ამ შემთხვევაში, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სადავო ქონების სტატუსის ხსენებული ორი სტატუსის ფარგლებში კონკრეტიზაციას, რადგან სამართლებრივად არარსებული რაიმე სხვა სტატუსის ლოგიკური გამორიცხვის შედეგად, სადავო ქონების სტატუსის ხსენებული ორი სტატუსის ფარგლებში ამგვარი ალტერნატიული შეფასება (საბინაო ფონდის სტატუსში მის ტრანსფორმირებამდე) მთლიანად შეესაბამება იმჟამად მოქმედი «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 მუხლის «თ» ქვეპუნქტის იმპერატიულ, ამკრძალავ ნორმას. აქედან გამომდინარე, კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზეა ხსენებული ნორმის დარღვევა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების ფარგლებში, მათ შორის, კასატორ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ, კასაციის მიზეზად «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის (იმჟამად არსებული რედაქცია) გამოყენების უსაფუძვლობაზე მითითებას სადავო ქონების სტატუსზე აპელირებით.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმება კასატორ ა. გ-იანის მიერ კასაციის პროცესუალურ მიზეზად იმაზე მითითებას, რომ, ვინაიდან ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2001 წლის 9 ნოემბრის ტექნიკური პასპორტის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნა გამოიყო მოცემული საქმიდან, განხილულ იქნა ცალკე წარმოებად და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 მარტის განჩინებით, რომელიც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 მარტის განჩინებით, აღნიშნული საქმის წარმოება შეწყდა, მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ სარჩელზე უარის თქმის მოტივით, ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2001 წლის 9 ნოემბრის ტექნიკური პასპორტის კანონიერებაზე მსჯელობით სააპელაციო სასამართლო გასცდა დავის საგანს.
ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა და იგი არ გასცდენია დავის საგანს _ მას არ უმსჯელია ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2001 წლის 9 ნოემბრის ტექნიკური პასპორტის კანონიერებაზე, არამედ სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ მიუთითა ხსენებული ტექნიკური პასპორტის გრაფაზე _ «საკუთრების დამადასტურებელი საბუთები» და ამ გრაფაში კონსტატირებულ გარემოებაზე _ «საკუთრებისა და კანონიერების დამადასტურებელი იურიდიული საბუთების გარეშე», ანუ სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ ერთ-ერთი მტკიცებულების სახით მოიხსენია აღნიშნული პასპორტი სადავო ქონებაზე განხორციელებული პრივატიზების კანონიერების შემოწმებისას, რაც არ ნიშნავს მისი მხრიდან ამ პასპორტის კანონიერების შეფასებას.
საკასაციო სასამართლო სადავო ქონებაზე განხორციელებული პრივატიზების უკანონობის გამო, ვერ დაეთანხმება კასატორ ა. გ-იანის მოსაზრებას უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენებად შესაბამისი კასატორების მიჩნევის თაობაზე. ამდენად, სადავო ქონების საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით შესაბამის კასატორთა სახელზე აღრიცხვაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2002 წლის 18 აპრილის ¹84 ბრძანების გამოცემამდე, ვერ დააფუძნებს სადავო ქონების კერძო საკუთრების ობიექტად მიჩნევას.
საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორ ქ. თბილისის მერიის მიერ საკასაციო საჩივრის დასასაბუთებლად «საქართველოს დედაქალაქის _ ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 დეკემბრის ¹685 ბრძანებულებასა და «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” საქართველოს კანონზე მითითებას, რადგან ამ შემთხვევაში, სადავო ქონების პრივატიზების უკანონობას აფუძნებს სწორედ ხსენებული ქონების იმჟამად არსებული შესაბამისი სტატუსი.
რაც შეეხება სადავო 718 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული 303,5 კვ.მ ნაგებობის ¹194 სამხედრო ქალაქის 1,33 ჰა მიწის ნაკვეთის ფარგლებში მოქცეულად მიჩნევა-არმიჩნევის საკითხს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორთა მტკიცება აღნიშნულის თაობაზეც უსაფუძვლოა, რადგან სადავო ქონების ხსენებული 1,33 მიწის ნაკვეთის ფარგლებში არსებობის შესახებ ფაქტობრივი გარემოება დასტურდება მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მთელი რიგი, შესაბამისი პერიოდით დათარიღებული მტკიცებულებებით, რის გამოც კასატორების მიერ მითითებული, მოგვიანებით დათარიღებული მტკიცებულებებით ვერ გაბათილდება აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების არსებობა. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზემოთ მოხსენიებულ მტკიცებულებებზე, კერძოდ, მათ შორის, საქართველოს შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურის სამმართველოს 2006 წლის 4 მაისის ¹952 წერილზე ლ. ღ-ძისადმი, ასევე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს 2002 წლის 16 ივლისის ¹8/1130 წერილზე. გარდა ამისა, ამ საქმის მასალებით დასტურდება, რომ, როგორც დასახელებულ 1,33 ჰა მიწის ნაკვეთს, ისე სადავო 718 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ 303,5 კვ.მ ნაგებობას გააჩნია ერთი და იგივე მისამართი _ ... (ყოფილი ...) ქ. ¹25 და შესაბამისად, ყველა მათგანი შედის ერთიანი ტერიტორიის და მაშასადამე, ¹194 სამხედრო ქალაქის შემადგენლობაში.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორებს არ წამოუყენებიათ რაიმე დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საფუძვლად შეიძლებოდა დასდებოდა მათი საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ საქმეზე მიიღო კანონიერი განჩინება, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიერ, კონკრეტულ შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ლ. ღ-ძის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ა. გ-იანისა და ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ღ-ძის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ა. გ-იანისა და ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.