ბს-267-257(კ-09) 20 მარტი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს «...» (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) (მოპასუხეები)
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შ.პ.ს ,,...-ის» წარმომადგენელმა 2008 წლის 22 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 17 იანვრის ¹72 ბრძანების, მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 30 ოქტომბრის ¹966 და ¹967 საგადასახადო მოთხოვნების, მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2007 წლის 30 ოქტომბრის ¹1597 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველი საბჭოს 2008 წლის 12 სექტემბრის ¹05-04/8532 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.
შ.პ.ს ,,...-ის” წარმომადგენელმა 2008 წლის 13 ოქტომბერს დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 17 იანვრის ¹72 ბრძანების, მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 30 ოქტომბრის ¹966 და ¹967 საგადასახადო მოთხოვნების, მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2007 წლის 30 ოქტომბრის ¹1597 ბრძანების, მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 18 ოქტომბრის ¹816 საგადასახადო მოთხოვნის, 2007 წლის 16 ოქტომბრის ¹1490 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველი საბჭოს 2008 წლის 12 სექტემბრის ¹05-04/8532 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შ.პ.ს ,,...-ის» სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 17 იანვრის ¹72 ბრძანების, მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 30 ოქტომბრის ¹966 და ¹967 საგადასახადო მოთხოვნების, მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2007 წლის 30 ოქტომბრის ¹1597 ბრძანების, მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 18 ოქტომბრის ¹816 საგადასახადო მოთხოვნის, 2007 წლის 16 ოქტომბრის ¹1490 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველი საბჭოს 2008 წლის 12 სექტემბრის ¹05-04/8532 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს «...-მა».
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინებით შპს «...-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სადავო ¹966 და ¹967 საგადასახადო მოთხოვნები გამოცემულია საგადასახადო კოდექსის 113-ე მუხლის საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საწარმოს დირექტორმა 2007 წლის 23 სექტემბრის წერილით აცნობა საგადასახადო ორგანოს, რომ ყველა დოკუმენტი ასახულია საბუღალტრო ანგარიშებში და გათვალისწინებულია ინვენტარიზაციის დროს წარდგენილ ნაშთებში; ამიტომ სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვერ მოესწრო დოკუმენტაციის მოწესრიგება. სასამართლომ მიუთითა, რომ შემოწმების მიმდინარეობის პერიოდში საწარმოს წარმომადგენელს საგადასახადო ორგანოსათვის არ წარუდგენია პრეტენზია იმის თაობაზე, რომ რაიმე დოკუმენტაცია მათთვის ხელმიუწვდომელი იყო; აღნიშნული გარემოება სადავო გახდა მხოლოდ საწარმოსათვის შემოწმების არასასურველი აქტის შედგენის შემდეგ და არა უშუალოდ შემოწმების მიმდინარეობისას. სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ საწარმოს ბუღალტერმა 2007 წლის 18 ოქტომბრის მიმართვით აცნობა მსხვილ გადამხდელთა ინსპექციას იმის თაობაზე, რომ ქვეკონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები ვერ იქნა მოძიებული; ასევე დამკვეთებთან გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტებში გახარჯული მასალები გათვალისწინებულია, ხოლო დოკუმენტაციის მოპოვების შემთხვევაში აცნობებდა მათ დამატებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საწარმოს საქმიანობის ადგილზე შემოწმების ჩატარების ფორმალური წესის დაუცველობა არ უნდა ჩაითვალოს სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელე შემოწმების არაკანონიერად მიჩნევის საფუძვლად მიიჩნევს არა წარდგენილი დოკუმენტაციის საგადასახადო ორგანოს მიერ არასწორ შეფასებას, არამედ იმას, რომ გარკვეული მტკიცებულებების მოძიება, რომელსაც ითხოვენ შემმოწმებლები, ვერ მოხერხდა მათგან დამოუკიდებელი მიზეზების შედეგად, თუმცა ვერ ადასტურებენ ამ პოზიციას სათანადო მტკიცებულებებით.
სააპელაციო სასამრთლომ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლი და მიუთითა, რომ თუ სადავოა დავის საგნის სამართლებრივი მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი; ხოლო აქტით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა_არარსებობის დადგენის სადავოობის შემთხვევაში, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი თანაბრად უნდა განაწილდეს.
სასამართლომ არ გაიზიარა ასევე აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ იყო სრულყოფილად გამოკვლეული და შეფასებული.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «...-მა» და მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის მეორე ნაწილი, ასევე ამავე კოდექსის 125-ე მუხლის მეორე ნაწილი.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმება არ ჩატარებულა გადასახადის გადამხდელის სამუშაო ადგილას და სამუშაო საათებში, იგი ჩატარდა ფაქტიურად შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კაბინეტებში, რითაც მისი აზრით, დაირღვა საგადასახადო კოდექსის 113-ე მუხლის მოთხოვნები.
კასატორი მიუთითებს, რომ აქტის შემდგენლებს არ შეუმოწმებიათ ამოღებული დოკუმენტაცია სრულად. ამასთან მათი შუამდგომლობა ექპერტიზის დანიშვნაზე არ დააკმაყოფილა; ხოლო სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162 მუხლი.
კასატორის განმარტებით, საგადასახადო შემოწმების აქტში გამოსაქვით თანხებში არ ჩაითვალა ქვეკონტრაქტორებზე გადახდილი თანხები, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი შესრულების გარეშე ვერ შედგებოდა დამკვეთთან მიღება-ჩაბარების აქტები. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ შეისწავლა მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება შესრულებული სამუშაოსა და მასალების გამიჯვნის შესაძლებლობა და ხელფასის ორჯერ დარიცხვის შეუძლებლობა.
კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლი და 104-ე მუხლი, როდესაც შემოწმების შედეგად შემოსავლებში ჩათვლილ იქნა უპროცენტო სესხი (პარტნიორის სესხი). კასტორს მიაჩნია, რომ სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა საგადასახადო კოდესის 143-ე მუხლი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «...-ის» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შპს «...-ის» საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან შპს «...-ს» საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე გადაუვადდა საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა, შესაბამისად მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი – 8000 ლარის 30%_2400 (ორი ათას ოთხასი) ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული შპს «...-ის» საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინებაზე;
2. დაეკისროს შპს «...-ის» საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის 2400 (ორიათასოთხასი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.