Facebook Twitter
ბს-268-258(კ-09)

ბს-268-258(კ-09) 16 ივნისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. ქ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ოქტომბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2007 წლის 6 აგვისტოს მ. ქ-ძემ სარჩელი აღძრა საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში სსიპ ... საჯარო სკოლის, საქართველოს განათლების სამინისტროს საგარეჯოს რაიონის რესურსცენტრისა და საქართველოს განათლების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2007 წლის 7 ივლისის ¹10 სხდომის ოქმისა და დირექტორის არჩევნების თაობაზე დადგენილების ბათილად ცნობა ძალაში შესვლის დღიდან (იხ. ს.ფ. 4-6).

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ქ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 107-110).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ქ-ძემ და მოითხოვა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 119-121).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 იანვრის განჩინებით მ. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეცა უფლებამოსილ _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (იხ. ს.ფ. 125-127).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 მარტის განჩინებით მ. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად, განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საკასაციო სასამართლოს (იხ. ს.ფ. 130-135).

საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ივნისის განჩინებით მ. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას (იხ. ს.ფ. 139-146).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით მ. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 164-170).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ქ-ძემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 180-188).

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 2 აპრილის განჩინებით მ. ქ-ძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 210-212).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს მხარეებმა.

კასატორმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:

კასატორის მოსაზრებით, საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავსი კატეგორიის საქმეებზე არ არსებობს პრაქტიკა. ამასთან, სასამართლოების მიერ დაირღვა მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები (იხ. ს.ფ. 234-235).

მოწინააღმდეგე მხარემ _ ... საჯარო სკოლის დირექტორმა არ ცნო საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებით, არასწორია კასატორის არგუმენტი, რომ სამეურვეო საბჭო არ იყო უფლებამოსილი ჩაეტარებინა არჩევნები და აერჩია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ კანონის თანახმად წარდგენილი დირექტორობის სამი კანდიდატიდან მისთვის მისაღები კანდიდატურა. მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, არჩევნების ჩატარების დროისათვის სკოლის სამეურვეო საბჭოს მეშვიდე წევრს შეწყვეტილი ჰქონდა უფლებამოსილება იმ საფუძვლით, რომ მისი შვილი უკვე აღარ იყო სკოლის მოსწავლე. მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებით, არ წარმოადგენდა ხელისშემშლელ ფაქტორს არჩევნების ჩატარებისა და მიღებული გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადების საფუძველი, რადგან არსებობს უამრავი შემთხვევა, როცა სამეურვეო საბჭოები ირჩევდნენ სკოლის დირექტორებს, არჩევნებში კი მონაწილეობას არ ღებულობდნენ მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლები, რადგან მათ უმეტესობას სკოლა უკვე დამთავრებული ჰქონდათ დირექტორების არჩევნების მომენტისათვის და აღარ ჰქონდათ კანონით უფლება, მონაწილეობა მიეღოთ სკოლებში სამეურვეო საბჭოს სხდომებზე საბჭოს წევრის სტატუსით, ხოლო ის მოსწავლეები, რომლებიც მე-10 კლასიდან მე-11 კლასში გადავიდნენ, ჩვეულებრივად მონაწილეობდნენ სამეურვეო საბჭოს სხდომებში და კენჭისყრაში. ასეთი საფუძვლით არაერთ სამეურვეო საბჭოს აკლდა წევრთა გარკვეული ნაწილი, მაგრამ ამას გავლენა არ მოუხდენია არჩევნების ჩატარებაზე იმ სკოლებში, რადგან სამეურვეო საბჭოს სხდომის და არჩევნების ჩატარებისათვის მთავარი ქვორუმის არსებობა იყო.

ამდენად, მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებით, მითითებული გარემოება ვერ გახდებოდა ხელისშემშლელი ფაქტორი არჩევნების ჩატრებისათვის. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში არ დარღვეულა ზოგადი განათლების შესახებ კანონი და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (იხ. ს.ფ. 225-233).

მოწინააღმდეგე მხარემ _ საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი არ დაეთანხმა საკასაციო საჩივარს უსაფძვლობის გამო.

მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, «ზოგადი განათლების შესახებ» კანონის 37.1 მუხლის თანახმად, სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არა უმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა არ უნდა იყო 6-ზე ნაკლები. ამავე კანონის 38.1 მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის ¹448 ბრძანების 4.7 მუხლის, ასევე 5.1 მუხლის თანახმად, სამეურვეო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სკოლის დირექტორს. ... საჯარო სკოლის დირექტორის არჩევნებისას სამეურვეო საბჭო იკრიბება სრული სიითი შემადგენლობით (6 წევრი), რომელიც კანონიერ საფუძველს აძლევდა ... სამეურვეო საბჭოს აერჩიათ სკოლის დირექტორი.

ამდენად, მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებით, არ არსებობის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.2 მუხლის შესაბამისად, არჩევნების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ამასთან, მე-7 წევრის მიერ ხმის მიცემა მ. ქ-ძის სასარგებლოდ არ გამოიწვევდა სხვა სამართლებრივ შედეგს (იხ. ს.ფ. 236-242).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. ქ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის მ. ქ-ძის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ მ. ქ-ძის მიერ კომპეტენტურად არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ არ არსებობს მ. ქ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. ქ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს _ მ. ქ-ძეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 30%-ის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რადგან საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 2 აპრილის განჩინებით, კასატორს სსსკ-ის 48-ე მუხლის შესაბამისად, გადაუვადდა საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამასთან, სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის სრული ოდენობის 70% ექვემდებარება დაბრუნებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორ მ. ქ-ძის მიერ საკასაციო საჩივარზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს სსსკ-ის 39.1 მუხლის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, 90 ლარს (300-ის 30%), რაც უნდა გადახდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ქ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს _ მ. ქ-ძეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის 30% _ 90 ლარის გადახდა შემდეგ ანგარიშზე: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900 (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი _ 300773150, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ 220101222);

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.