ბს-270-260 (კ-09) 12 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ შპს «...»
მესამე პირი _ სს «...»
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინება
სარჩელის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს «...» სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ და მოითხოვა შპს «...» ¹478 ლიცენზიის გაუქმების შესახებ მოპასუხის 2004 წლის 10 სექტემბრის ¹462/4 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ასევე მოპასუხის დავალდებულება, მოეხდინა ¹478 ლიცენზიის მოდიფიცირება - 500 ვტ-დან 2 კვტ-მდე სიმძლავრის გაზრდის შესახებ შემდეგი საფუძვლებით:
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ 17.04.1998 წელს გაიცა ლიცენზია ¹478 სს «...» სახელზე, რომელიც ითვალისწინებდა ქ. თბილისში სატელევიზიო მაუწყებლობას 38-ე სატელევიზიო არხზე 500 კვ.ტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით. სს «...» კომისიის (30.03.01წ.) გადაწყვეტილებით, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ» კანონის 54-ე მუხლისა და ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილ იქნა კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში. კომისიის 2003 წლის 26 დეკემბრის ¹652 გადაწყვეტილებით, სს «...» ¹478 ლიცენზიას გაუგრძელდა მოქმედების ვადა. ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 5 აგვისტოს დადგენილებით (რეგისტრაციის ¹5ბ-264) სს «...» ნატურით გამოყოფის შედეგად მისი უფლებამონაცვლე, ¹478 ლიცენზიის ფლობისა და გამოყენების საკითხებში, გახდა შპს «...». 2004 წლის 10 სექტემბერს სკეკ-მა მიიღო გადაწყვეტილება ¹462/4, რომლითაც შპს «...» გაუუქმა ¹478 ლიცენზია.
სკეკ-მა თავის 2004 წლის 10 სექტემბრის ¹462/4 გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო «ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის» 25.06.04 წლის ¹383/2 წერილი და მის საფუძველზე 18-19 აგვისტოს ჩატარებული მონიტორინგის შედეგები, რომლის თანახმად, ზემოხსენებული სამსახური სკეკ-ს ატყობინებდა, რომ სს «...» მინიჭებულ 38-ე სატელევიზიო არხზე 2003 წლიდან მაუწყებლობა ხორციელდებოდა პერიოდულად, ხოლო ბოლო სამი თვის განმავლობაში შეჩერებული იყო. იმავე სამსახურის მონაცემებით, 38-ე სატელევიზიო არხზე მაუწყებლობა არ მიმდინარეობდა არა სამი თვის განმავლობაში, არამედ 2004 წლის 25 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით მთელი დღის განმავლობაში, 14 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით, ხოლო 3 და 6 ივლისს ჩართული იყო სს «...» არხი-ტიხარი მაუწყებლობის გარეშე. ე.ი. წარდგენილი იყო ურთიერთგამომრიცხავი შინაარსის დოკუმენტები. ელექტრომაგნიტურ თავსებადობასა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის წერილის საწინააღმდეგოდ, სკეკ-ში წარდგენილ იქნა შპს «...» ხელმძღვანელობის 07.09.2004 წლის ¹09/296 წერილი, რომლის თანახმად, 38-ე სიხშირის ტელეარხზე 2004 წლის აპრილში, მაისსა და ივნისში თბილისის სატელევიზიო ანძიდან ხორციელდებოდა მაუწყებლობა რეგულარულად. მხოლოდ 10 აპრილიდან 25 ივნისამდე პერიოდში, ანტენების დაზიანების გამო, მუშაობა მიმდინარეობდა შემცირებული სიმძლავრით.
მოსარჩელის აზრით, თუ კომისიაში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაწყებული იყო შპს «...» 25.06.2004 წერილის საფუძველზე, მაშინ 12.07.2004 წლისათვის საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაწყებული უნდა ყოფილიყო, თანახმად ,,საქმიანობის მარეგულირებელი წესების» მე-4 და მე-6 მუხლებისა. აღნიშნულს გამორიცხავს სკეკ-ის 12.07.2004 წლის ¹02/1084-04 წერილი, რომლის თანახმად, ამ დროისათვის კომისიას ადმინისტრაციული წარმოება ¹478 ლიცენზიის გაუქმების შესახებ დაწყებული არ ჰქონდა. 2004 წლის 13 აგვისტოს შპს «...» გენერალურმა დირექტორმა ¹3/33 წერილით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რითაც ითხოვდა სალიცენზიო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანას, ვინაიდან 38-ე დეციმეტრულ სატელევიზიო არხზე ¹478 ლიცენზიით მაუწყებლობას ახორციელებდა შპს «...». იმავე დღეს დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, რის შესახებაც ტელერადიოკომპანიის ხელმძღვანელობისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ ერთი თვის შემდეგ. ამასთან, სს «...» 01.07.2004 წლის განცხადებით მიმართა სკეკ-ს ¹478 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ» კანონის 39-ე მუხლის საფუძველზე, მაუწყებლობის გაძლიერების მიზნით, საპასუხოდ, სკეკ-მა გააუქმა ლიცენზია. საკითხის საჯარო ადმინისტრაციული წესით განხილვისას რაკი კომისიამ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში უპირატესობა მიანიჭა ,,ელექტრომაგნიტურ თავსებადობისა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის» წერილს, სკეკ-ის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-11 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, წერილობით დასაბუთებაში უნდა მიეთითებინა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, რაც კომისიას არ გაუკეთებია. ზაკ-ის 177-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და ექვემდებარება გასაჩივრებას. მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ სკეკ-მა მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, თუ სკეკ-ი მიიჩნევდა, რომ მაუწყებლობა გადიოდა არარეგულარულად, მაშინ უნდა შეეჩერებინა ლიცენზიის მოქმედება და არ გაეუქმებინა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს «...» სარჩელი.
საოლქო სასამართლოს 2005 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს შპს «...» და სს «...», რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 07.04.2005 წლის გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით და 394-ე მუხლის ,,ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევებით. სასამართლოს მიერ არ იყო გამორკვეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები. გადაწყვეტილება იურიდიულად იმდენად დაუსაბუთებელი იყო, რომ შეუძლებელი იყო გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება.
საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ საოლქო სასამართლოს არ გაურკვევია, რა დროიდან გახდა შპს «...» ¹478 ლიცენზიის მფლობელი და რა უფლება-მოვალეობები გადაეცა მას, კერძოდ, ეკისრებოდა თუ არა შპს «...» პასუხისმგებლობა ადრინდელი ლიცენზიანტის დარღვევებზე, რაც დაფიქსირებული იყო შპს «...» 25.06.2004 წლის წერილში. საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა შპს «...» წესდება და ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რის გამოც საკასაციო პალატამ შეუძლებლად მიიჩნია სკეკ-ის 10.09.2004 წლის ¹462/4 გადაწყვეტილების საფუძვლიანობის შემოწმება. საკასაციო პალატამ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია საოლქო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ადგილი ჰქონდა ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის არაერთ შეწყვეტის ფაქტს, ვინაიდან საქმის მასალებში წარდგენილი არ იყო ¹478 ლიცენზია და მისი დანართი, შესაბამისად, უცნობი იყო სასამართლოსათვის, რა პირობებს ითვალისწინებდა ¹478 ლიცენზია. ასევე საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს არ უმსჯელია თუ რა იგულისხმებოდა საქმიანობის შეწყვეტაში, კერძოდ, საზოგადოების მიერ არასისტემატური მაუწყებლობა, რაც დასტურდებოდა შპს «...» დასკვნით, წარმოადგენდა საქმიანობის შეწყვეტას, თუ უნდა განხილულიყო, როგორც ლიცენზიის მფლობელის მიერ, ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობა, რაც სამართლებრივად განსხვავებულ შედეგს (ლიცენზიის შეჩერებას) იწვევდა.
საკასაციო პალატამ მოსარჩელის მეორე მოთხოვნის _ მოდიფიცირებული ლიცენზიის გაცემის დავალების ნაწილში გადაწყვეტილება მიიჩნია სრულად დაუსაბუთებლად, ვინაიდან საქმეში არ არსებობდა შპს «...» განცხადება ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 20 ივნისის განჩინებით შპს «...» სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 10 სექტემბრის ¹462/4 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მიღების დავალდებულების თაობაზე, რომლითაც ¹478 ლიცენზია მოდიფიცირდებოდა 500 ვტ-დან 2 კვტ-მდე სიმძლავრის გაზრდით, მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საქმის წარმოება ამ ნაწილში შეწყდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის _ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 10 სექტემბრის ¹462/4 გადაწყვეტილება შპს «...» ¹478 ლიცენზიის გაუქმების შესახებ და მასვე დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა-შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ სს ««...» სახელზე 1998 წლის 17 აპრილს გაცემულ იქნა ¹478 ლიცენზია, რომელიც ითვალისწინებდა სატელევიზიო მაუწყებლობას ქ. თბილისში 38-ე სატელევიზიო დეციმეტრულ არხზე 500 კვტ. გადამცემის გამოყენებით. მანვე 2001 წლის 30 მარტს ¹196 გადაწყვეტილებით გაიარა ხელახალი რეგისტრაცია და შეტანილ იქნა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში. სკეკ-ს 2003 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაგრძელდა ¹478 ლიცენზიის მოქმედების ვადა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 05 აგვისტოს დადგენილების საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ შპს «...» წარმოადგენდა სს «...» ნატურით გაყოფის შედეგად შექმნილ ახალ საწარმოს, მის უფლებამონაცვლესა და სამართალმემკვიდრეს განკერძოებული კაპიტალის ფარგლებში, ასევე 38-ე სიხშირის დეციმეტრული სატელევიზიო არხის ¹478 ლიცენზიის, ამ ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ქონების ფლობის საკითხებთან მიმართებაში. თავის მხრივ, შპს «...» 2004 წლის 09 აგვისტოს შეერწყა შპს «...» და ეწოდა შპს «...».
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არ იყო დასაბუთებული ის გარემოება, თუ რამ განაპირობა ამ სახის გადაწყვეტილების მიღება. კერძოდ, გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად დაედო რა შპს «...» 25.06.04 წლის ¹384/2 წერილი, სადაც დაფიქსირებული იყო სს «ქვემო ქართლის ტელერადიოკომპანიისათვის» ¹478 ლიცენზიით მინიჭებულ სატელევიზიო არხზე 2003 წლიდან მაუწყებლობის პერიოდულად განხორციელება, ხოლო 2004 წლის აპრილი-ივნისის თვეებში მაუწყებლობის შეჩერება, ასევე ამავე სამსახურის 2004 წლის 9 სექტემბრის ინფორმაცია _ 2004 წლის ივნისი-აგვისტოს თვეებში არასისტემური ტელემაუწყებლობის შესახებ. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ იგივე სამსახურის _ შპს «...» 2004 წლის 9 სექტემბრის ¹550/2 წერილზე თანდართულ რადიომონიტორინგის ჯგუფის უფროსის მოხსენებით ბარათში მითითებული იყო საწინააღმდეგო, ხოლო შპს «...» 2004 წლის 1 სექტემბრის ¹09/291 და 7 სექტემბრის ¹09/295 და ¹09/296 წერილები არსებითად აბათილებდნენ კომისიის მიერ მოპოვებულ ფაქტებს. ამავე წერილსა და თანდართული მასალის ანალიზის შედეგად პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ გაუგებარი იყო, რომელი ტელეკომპანიის შესახებ არსებულ ინფორმაციას დაეყრდნო კომისია გადაწყვეტილების მიღებისას, ვინაიდან მონიტორინგის ჯგუფის უფროსის მოხსენებით ბარათში მითითებული იყო, რომ დავალების შესაბამისად წარდგენილი მონაცემები ეხებოდა თV-4-ს, რომელიც მაუწყებლობდა 38-ე არხზე. ასევე კომისიის ტექნიკური აპარატის მონიტორინგის სამსახურის 2004 წლის 18-19 აგვისტოს შედეგების თანახმად, 38-ე დეციმეტრულ სიხშირეზე მითითებული იყო ქვემო ქართლის ტელევიზია, რომელიც არ გადიოდა ეთერში. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია ის გარემოებაც, თუ რა მონაცემებს დაეყრდნო ადმინისტრაციული ორგანო ტელეკომპანიის ეთერში გასვლის საკითხის დადგენისას.
საქალაქო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შპს «...» 2004 წლის 9 სექტემბრის ¹550/2 წერილში მითითებული იყო სს «...» მიერ 2003 წელს არასისტემური ტელემაუწყებლობის თაობაზე, რაც 2003 წლის 26 დეკემბერს, ¹478 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას, არ გამხდარა სადავო, ხოლო სადავო გადაწყვეტილებაში არ იყო დასაბუთებული სააქციო საზოგადოების უფლებამონაცვლისათვის ლიცენზიის გაუქმების საფუძველად ამ დარღვევის მითითების მართლზომიერება. ამასთან, შპს «...», რომელიც მხოლოდ 2004 წლის 12 აგვისტოს გახდა ლიცენზიის მფლობელი, იყო თუ არა პასუხისმგებელი ადრინდელი ლიცენზიის მფლობელის მიერ 2003 წლის განმავლობაში, 2004 წლის ივნისსა და ივლისის თვეებში ტელემაუწყებლობის განუხორციელებლობაზე. სადავო გადაწყვეტილება ასევე არ შეიცავდა დასაბუთებას იმის თაობაზე, ლიცენზიის გადაცემის შემდეგ 2004 წლის 18 აგვისტოს სარელეო ხაზის დაზიანების გამო ტელემაუწყებლობის პერიოდული შეჩერება, რატომ იქნა მიჩნეული მაუწყებლობის შეწყვეტად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება შპს «...» სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დაეთანხმა მათ სამართლებრივ შეფასებას.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საკასაციო წესით გაასაჩივა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.
კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი შეფასება მისცა მათ. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლოს მოსაზრება შპს «...» 2004 წლის 25 ივნისის ¹384/2 და 2004 წლის 9 სექტემბრის ¹550/2 წერილების წინააღმდეგობრიობაზე, არასწორია, ვინაიდან მათში დაფიქსირებულია ს.ს «...» მიერ შესაბამის პერიოდებში მაუწყებლობის შეჩერების ფაქტი. ამასთან, კომისიის გადაწყვეტილება ეფუძნება საქმეში არსებული მტკიცებულებების სრულ გამოკვლევა-შესწავლის შედეგად დადგენილ გარემოებებს. გადაწყვეტილება შეიცავს ზაკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ წერილობით დასაბუთებას, რომელიც წინ უძღვის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს.
კასატორი ასევე არ ეთანხმება სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ შპს «...» 2004 წლის 1 სექტემბრის ¹09/291 და 7 სექტემბრის ¹09/295 და ¹09/296 წერილები არსებითად აბათილებდნენ კომისიის მიერ მოპოვებულ ფაქტებს. «...» მიერ შემოწმების ჩატარებისას სამსახური აღჭურვილი იყო შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობით და შექმნილი იყო ყველა საჭირო პირობა რადიომონიტორინგის ზუსტად განხორციელებისათვის. კომისიამ «...» 2004 წლის 7 სექტემბრის ¹09/296 წერილში დაფიქისრებული ინფორმაციის გასაბათილებლად მიუთითა საქმეში არსებულ შპს «...» 2004 წლის 7 ივლისის ¹3/25 წერილზე, რომლის თანახმად, შპს «...» არ ფუნქციონირებდა და მუშაობის დაწყებას აპირებდა 2005 წლის 1 იანვრიდან. აღნიშნულის გამო კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად მიანიჭა უპირატესობა შპს «...» წერილებს.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას კომისიას არ დაუდგენია 38-ე სატელევიზიო არხზე ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის შეწყვეტა. საქმეში წარმოდგენილი შპს «...» 2004 წლის 7 ივლისის ¹3/25 და 2004 წლის 6 აგვისტოს ¹3/30 წერილები, შპს «...» 2004 წლის 25 ივნისის ¹384/2 წერილი, კომისიის აპარატის ტექნიკური მონიტორინგის სამსახურის 2004 წლის 18-19 აგვისტოს მონიტორინგის შედეგები, რეგულირების საფასურის ყოველწლიური გაანგარიშება, კანონისა და კომისიის მოთხოვნის მიუხედავად, კომისიაში სამაუწყებლო ბადის წარუდგენლობა, კასატორის მოსაზრებით, ერთობლიობაში ადასტურებენ შპს «...» მიერ ტელემაუწყებლობის შეწყვეტის ფაქტს. იმ შემთხვევაშიც, თუ შპს «...» 2004 წლის 17 აგვისტომდე ახდენდა «...»-ის პროგრამის მაუწყებლობას, ხოლო 19 აგვისტოდან «...» პროგრამის ტრანსლირებას 24 საათიან რეჟიმში, იმ დროს მოქმედი «კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ» კანონის პირველი მუხლის «ჰ4» ქვეპუნქტის შესაბამისად, არ უნდა იქნეს მიჩნეული ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებად.
საკასაციო საჩივრის ავტორი ასევე არ დაეთანხმა სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ სს «...» კანონიერი თხოვნის (სიმძლავრის 2 კვტ.-მდე გაზრდის) უგულვებელყოფამ ხელი შეუწყო შემდგომში არასრული მაუწყებლობის გაგრძელებას და გახდა მიზეზი პრეტენზიის არსებობისა. კომისიამ დამატებით მიუთითა სპეციალური პროგრამის მეშვეობით შედგენილ რუკაზე, სადაც წითლადაა აღნიშნული 500 კვ.მ. სიმძლავრის გადაცემის გამოყენებით მაუწყებლობის მაღალი ხარისხით გავრცელების ზონა, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ თბილისს, არამედ მის შემოგარენსაც.
კასატორი ასევე არ დაეთანხმა სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, თითქოს კომისიას არ გამოურკვევია და არ დაუდგენია თუ რა დროიდან გახდა შპს «...» ¹478 ლიცენზიის მფლობელი და რა უფლებამოვალეობები გადაეცა მას. კომისიის გადაწყვეტილებაში ასახულია შპს «...» სს «...» უფლებამონაცვლეობის და სამართალმემკვიდრეობის ფაქტი. ამდენად, კომისიამ შპს «...» დაუშვა ადმინისტრაციულ წარმოებაში როგორც სს-ს უფლებამონაცვლე. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ შპს «...» სავალდებულო ხასიათი შეიძინა სს «...» დაკავშირებით განხორციელებულმა ადმინისტრაციული წარმოების ყველა პროცედურამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 26.02.09 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული. ამავე პალატის 11.05.09 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა საქმის განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს «...» სახელზე 1998 წლის 17 აპრილს გაიცა ¹478 ლიცენზია, რომელიც ითვალისწინებდა სატელევიზიო მაუწყებლობას ქ. თბილისში 38-ე სატელევიზიო არხზე 500 კვტ. გადამცემის გამოყენებით. 2001 წლის 30 მარტს ¹196 გადაწყვეტილებით სს «...» გაიარა ხელახალი რეგისტრაცია და იგი შეტანილ იქნა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში, ხოლო სკეკ-ს 2003 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუგრძელდა ¹478 ლიცენზიის მოქმედების ვადა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 05 აგვისტოს დადგენილების თანახმად, შპს «...» წარმოადგენდა სს «...» ნატურით გაყოფის შედეგად შექმნილ ახალ საწარმოს, მის უფლებამონაცვლესა და სამართალმემკვიდრეს განკერძოებული კაპიტალის ფარგლებში, აგრეთვე 38-ე სიხშირის დეციმეტრული სატელევიზიო არხის ¹478 ლიცენზიის, ამ ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ქონების ფლობის საკითხებთან მიმართებაში. თავის მხრივ, შპს «...» 2004 წლის 09 აგვისტოს შეერწყა შპს «...» და ეწოდა შპს «...». რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 12 აგვისტოს დადგენილებით სამეწარმეო რეესტრში განხორციელდა ცვლილებების რეგისტრაცია, კერძოდ დადგინდა შპს «...» სამართლამემკვიდრეობა და უფლებამონაცვლეობა შპს «...»-ს მიმართ, ყველა საკითხში, მათ შორის სატელევიზიო მაუწყებლობა სატელევიზიო არხებზე, ¹1141 და ¹478 ლიცენზიების ფლობისა და გამოყენების საკითხებში. ტელერადიოკომპანია «...» 2004 წლის 13 აგვისტოს ¹3/33 წერილით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას წარედგინა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 5, 9 და 12 აგვისტოს დადგენილებები და ეთხოვა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. თავის მხრივ, სააქციო საზოგადოების რეორგანიზაციამდე ქვემო ქართლის ტელეკომპანიის დირექტორმა, 2004 წლის 30 ივნისს წერილით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რომლითაც ითხოვდა თბილისში მაუწყებლობისათვის მიცემულ ლიცენზიაში მითითებული სიმძლავრის მოდიფიკაციისათვის 2 კილოვატამდე გაზრდას, მაუწყებლობის ტექნიკური ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. დადგენილია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სს «...» ამ მოთხოვნის თაობაზე რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია.
დადგენილია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 10 სექტემბრის ¹462/4 გადაწყვეტილებით შპს «...» გაუუქმდა ¹478 ლიცენზია კომისიაში შესული დოკუმენტაციის, ჩატარებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისას მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის საფუძველზე და მიჩნეულ იქნა, რომ 38-ე სატელევიზიო არხზე ქ. თბილისში მაუწყებლობა მიმდნარეობდა არარეგულარულად და არასისტემურად. ამდენად, აღნიშნული ფაქტი, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, მიჩნეულ იქნა სატელევიზიო არხზე მაუწყებლობის _ ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის არაერთხელ შეწყვეტად, რაც «კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ» კანონის მე-40 პირველი პუნქტის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა რა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიიჩნია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 10 სექტემბრის ¹462/4 გადაწყვეტილება მიღებული იყო ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ამასთან გადაწყვეტილება არ შეიცავდა დასაბუთებას, რატომ დაეფუძნა მხოლოდ «...» არასრულყოფილ ინფორმაციას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 10 სექტემბრის ¹462/4 გადაწყვეტილებაში ასახვა ჰპოვა ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებზე მსჯელობამ, მათში ურთიერთგამომრიცხავი მონაცემების არსებობის თაობაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, კომისიამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო 38-ე სატელევიზიო არხზე ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის არაერთხელ შეწყვეტის ფაქტი.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე და განმარტავს, რომ დავის საგანს წარმოადგენს 38-ე სატელევიზიო არხზე გაცემული ¹478 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება. «...» 25.06.04 წლის ¹384/2 წერილის (ტ. I, ს.ფ. 14) თანახმად, 2004 წლის 24 ივნისს ჩატარებული სატელევიზიო არხების რადიოსაკონტროლო გაზომვითი სამუშაოების საფუძველზე დადგინდა, რომ 38-ე სატელევიზიო არხზე 2003 წლიდან მაუწყებლობა ხორციელდებოდა პერიოდულად, ხოლო ბოლო სამი თვის განმავლობაში მაუწყებლობა იყო შეჩერებული. შპს «...» 2004 წლის 07 სექტემბრის ¹09/296 წერილით (ტ. I, ს.ფ. 15) დგინდება, რომ 2004 წლის აპრილის, მაისის და ივნისის თვეებში თბილისის სატელევიზიო ანძიდან ტელერადიოკომპანია «...» მაუწყებლობა ხორციელდებოდა რეგულარულად, მხოლოდ 10.04.04 წლიდან 25.06.04 წლამდე მუშაობდა შემცირებული სიმძლავრით ანტენების დაზიანების გამო. ამავე წლის «...» 2004 წლის 09 სექტემბრის ¹550/2 წერილისა და მასზე თანდართული მონიტორინგის ჯგუფის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, ივნისი, ივლისი, აგვისტოს და სექტემბრის თეეებში 38-ე არხზე თV-4-ის მაუწყებლობის 24 საათიანი დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ ტელეკომპანია არ ფუნქციონირებდა 25, 26, 27, 28 ივნისს მთელი დღის განმავლობაში, 3, 6, 14, 15, 16, 17, 18, 19 და 20 ივლისს, მთელი დღის განმავლობაში ტელეკომპანია ჩართული იყო მაუწყებლობის გარეშე, მონიტორზე გადიოდა ტელეკომპანიის ლოგო _ ტიხარით; 18 აგვისტოს ტელეკომპანია არ ფუნქციონირებდა მთელი დღის განმავლობაში, დანარჩენ დღეებში, ტელეკომპანია მაუწყებლობდა სტაბილურად; 1-8 სექტემბრის ჩათვლით, ტელეკომპანია მაუწყებლობდა სტაბილურად.
სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია «კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ» კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის «დ» ქვეპუნქტი. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნითი ნაწილი ლიცენზიის გაუქმების თაობაზე, შეადგენს მასში ასახული ფაქტობრივი გარემოებების კანონის შესაბამისი მუხლიდან გამომდინარე სამართლებრივ შეფასებას. სააპელაციო პალატა ერთი მხრივ დაეთანხმა რა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სატელევიზიო მაუწყებლობის პერიოდული შეჩერება არ შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო ლიცენზიანტის მიერ ნებადართული საქმიანობის შეწყვეტად და საჭირო იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის დამატებით გამოკვლევა-შეფასება, მაგრამ არ მიუთითებია იმაზე, თუ რატომ იყო შეუძლებელი თავად მიეღო გადაწყვეტილება სადავო საკითხის გადასაჭრელად საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებით დგინდება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სწორად იქნა თუ არა დადენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიეცა თუ არა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება. კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, არ დაუსაბუთებია, თუ რატომ იყო აუცილებელი მითითებული ნორმის გამოყენება და რატომ იყო სააპელაციო სასამართლოსთვის შეუძლებელი, თვითონ გამოეკვლია საქმის გარემოებები და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტით, საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილება მიეღო.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა შემოწმებულ უნდა იქნეს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, რის გამოც საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო საჩივრის იმ არგუმენტს, რომელზეც სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში მსჯელობა არ არის. სააპელაციო საჩივრის ავტორი თვლიდა, რომ შპს «...» 2004 წლის 7 ივლისის ¹3/25 და იმავე წლის 6 აგვისტოს ¹3/30 წერილებით, ასევე სამაუწყებლო ბადის წარუდგენლობით ადასტურებდა, რომ სადავო პერიოდში იგი ფაქტიურად არ მაუწყებლობდა. ამავე ფაქტობრივ გარემოებას, კასატორი მიუთითებს საკასაციო საჩივრის დასასაბუთებლად და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები დაადგინა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების გარეშე. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების გამოკვლევა და სწორი შეფასება შექმნიდა სრულ სურათს და ხელს შეუწყობდა საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, შპს «...» 2004 წლის 12 აგვისტოდან წარმოადგენს სს «...» უფლებამონაცვლესა და სამართალმემკვიდრეს ¹478-ე ლიცენზიით სარგებლობის ფარგლებში. საქმეში წარმოდგენილი შპს «...» 2004 წლის 01 სექტემბრის ¹09/291 წერილით (ტ. I, ს.ფ. 19) დგინდება, რომ 38-ე სატელევიზიო არხზე 2004 წლის 19 აგვისტომდე ხდებოდა «...» _ «...»-ის პროგრამის მაუწყებლობა, ხოლო 19 აგვისტოდან წარმოებდა «...» პროგრამის ტრანსლირება. საქმეში წარმოდგენილი კომისიის აპარატის ტექნიკური სამსახურის 2004 წლის 12-18 ივლისის მონიტორინგის შედეგების თანახმად, 38-ე სატელევიზიო არხზე «...» გადიოდა ეთერში, ხოლო ამავე სამსახურის 18-19 აგვისტოს მონიტორინგის შედეგების თანახმად, «...» 38-ე არხზე ეთერში არ გადიოდა. ასევე შპს «...» რადიო სარელეო სამსახურის სამუშაო ჟურნალიდან ამონაწერით დგინდება, რომ ამავე სატელევიზიო არხზე 2004 წლის 17 აგვისტოს 16:30 საათიდან 19 აგვისტოს 18:00 საათამდე, მაუწყებლობა შეწყვეტილი იყო.
ამდენად, კასატორის მოსაზრება, რომ 2004 წლის 7 ივლისის ¹3/25 და იმავე წლის 6 აგვისტოს ¹3/30 წერილები, ასევე 2004 წლის 1-4 თვის რეგულირების თანხის გადაუხდელობა, მაუწყებლობის ბადის წარუდგენლობა, სხვა მტკიცებულებებთან ერთად ადასტურებდა შპს «...» მიერ მაუწყებლობის განუხორციელებლობის ფაქტს, უდავოდ გაზიარებული ვერ იქნება. აღნიშნული არგუმენტები უნდა შეფასდეს საქმეში არსებულ მასალებთან ერთობლიობაში, რათა ქრონოლოგიურად დადგინდეს სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტში ასახულ პერიოდში ლიცენზიის მფლობელის მიერ 38-ე სატელევიზიო არხზე მაუწყებლობის განხორციელების ფაქტი. საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა დადგინდეს, სადავო პერიოდში ლიცენზიის მფლობელის მიერ მაუწყებლობის ზემოთ აღნიშნული შეფერხებებით განხორციელება და სხვა ტელეკომპანიების პროგრამების ტრანსლირება, უნდა იქნეს თუ არა მიჩნეული მაუწყებლობის შეწყვეტად. ასევე 38-ე სატელევიზიო არხზე განხორციელებული მაუწყებლობის ფორმატი შეესაბამება თუ არა სალიცენზიო პირობებს და აღნიშნული ქმნის თუ არა ლიცენზიის გაუქმების კანონით დადგენილ შესაძლებლობას. საჭიროების შემთხვევაში სააპელაციო პალატამ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებზე დაყრდნობით, თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების შეგროვების მიზნით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით რეგლამენტირებული საპროცესო ნორმის გამოყენებისას სასამართლომ უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არის მისთვის შეუძლებელი საქმის გარემოებების გამოკვლევა და სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტა საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებით, ასევე ის გარემოება, რომ კონკრეტული გარემოებების გამოკვლევა და შეფასება შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, რის გამოც სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გამოიკვლიოს და სათანადოდ შეაფასოს საქმის გარემოებები, რომ აღნიშნულით იგი შესაძლებელია, შეიჭრას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაში. ამდენად, დაუშვებელია ზემოთ მოყვანილი დასაბუთების გარეშე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის ნორმის საპროცესო რეალიზება _ ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტით გათვალისწინებული, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, ხსენებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თუ სააპელაციო სასამართლო მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას საჭიროდ მიიჩნევს სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებას, მან უნდა დაასაბუთოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საპროცესო ნორმის გამოყენების აუცილებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევა-შეფასების შედეგად, თვითონ გადაწყვიტოს სადავო საკითხი და საქმეზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.