Facebook Twitter
ბს-273-266(კ-08) 15 იანვარი, 2009 წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე),
მარიამ ცისკაძე, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს “........”, სს “.......”, შპს “......” და შპს “.......” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.12.07წ. გადაწყვეტილებაზე.


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს «...» სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 27.11.95წ. და 25.12.95წ. დადგენილებების გაუქმება, აგრეთვე, სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს მიერ სსგ «ე-ან» სახელმწიფო ქონების ტრესტ «კ-ის» შრომითი კოლექტივისათვის უსასყიდლოდ გადაცემის კანონიერების დადასტურება, შემდეგი საფუძვლით:
16.08.91წ. ჩატარებული საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე ტრესტი «კ-ის» შრომითმა კოლექტივმა თხოვნით მიმართა სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს ტრესტის ბალანსზე რიცხული ქონების შრომითი კოლექტივისათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ, რაც სამინისტროს 27.08.91წ. წერილით, «საწარმოთა განსახელმწიფოებრიობისა და პრივატიზაციის ძირითადი საწყისების შესახებ» სსრკ კანონის ნორმების საფუძველზე, დაკმაყოფილდა. სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს 09.09.91წ. ¹ვმ 3470 მითითებით, «საწარმოთა განსახელმწიფოებრიობისა და პრივატიზაციის ძირითადი საწყისების შესახებ” სსრკ კანონის საფუძველზე ტრესტ «კ-ს” ნება დაერთო კოლექტიურ საწარმოდ გარდაქმნაზე, მისთვის 1997წ. 1 ივლისის მდგომარეობით დამაგრებული ქონების უსასყიდლოდ გადაცემით.
28.08.91წ. სპეციალიზებულ სამშენებლო გაერთიანება «ე-ს», რომელიც იმყოფებოდა სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში და ტრესტ «კ-ს” შორის გაფორმდა ¹11 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ტრესტს გადაეცა 01.07.91წ. მდგომარეობით მათ ბალანსზე რიცხული ქონება კოლექტიურ საკუთრებაში უსასყიდლოდ. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული განხორციელდა სსრკ მინისტრთა საბჭოს 06.11.90წ. ¹1860 განკარგულების საფუძველზე, რომლითაც სსრ კავშირის ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს მიეცა მისი შიდა საუწყებო ორგანიზაციების ქონების მართვისა და განკარგვის უფლება.
«სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის თანახმად და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 05.04.91წ. ¹261 დადგენილების საფუძველზე, ტრესტი სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარდა კოლექტიური საწარმო «კ-ის” სახით. 1994წ. სექტემბერში კოლექტიური საწარმო «კ-ის” შრომითი კოლექტივის კონფერენციის გადაწყვეტილებით ამავე საწარმოს ბაზაზე დაფუძნდა დახურული ტიპის სს «კ-ი”, რომლის რეგისტრაციაში გატარების მიზნით მასალები წარედგინა ქ. თბილისის ვაკის რაიონის გამგეობას, რომელმაც დამფუძნებელი დოკუმენტაცია შესათანხმებლად გადაუგზავნა სქმ სამინისტროს. ამ უკანასკნელმა 27.11.95წ. და 25.12.95წ. დადგენილებებით არაკანონიერად ცნო ტრესტის შრომითი კოლექტივისათვის ქონების კოლექტიურ საკუთრებაში გადაცემა.
მოსარჩელის განმარტებით, სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს მიერ მისთვის ქონების უსასყიდლოდ გადაცემის დროისათვის არ მოქმედებდა სსრკ პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული სახელმწიფო ქონების ფონდი, არ არსებობდა «საწარმოთა განსახელმწიფოებრიობისა და პრივატიზაციის ძირითადი საწყისების შესახებ» კანონი. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე თვლიდა, რომ სსგ «ე-ს”, «საწარმოთა შესახებ» სსრკ კანონის თანახმად, უფლება ჰქონდა დაქვემდებარებული საწარმოს, კერძოდ, ტრესტ «კ-ის» 01.07.91წ. მდგომარეობით რიცხული ქონების განკარგვისა. ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საწარმო უფლებამოსილი იყო, გაეყიდა, გადაეცვალა, გადაეცა სხვა საწარმოებისა და დაწესებულებებისათვის, გაეცა იჯარით, დაეთმო უფასოდ დროებით სარგებლობაში ან ჩამოეწერა ბალანსიდან კუთვნილი ქონება. მოსარჩელემ ტრესტის შრომითი კოლექტივისათვის ქონების უსასყიდლოდ გადაცემის ფაქტი მიიჩნია «საწარმოთა განსახელმწიფოებრიობისა და პრივატიზაციის ძირითადი საწყისების შესახებ” კანონის სამოქმედოდ შემოღების თაობაზე” სსრკ უმაღლესი საბჭოს 01.07.91წ. დადგენილების შესაბამისად განხორციელებულად, რაც მოსარჩელის მტკიცებით, შეესაბამებოდა, აგრეთვე «სსრ კავშირში საკუთრების შესახებ” სსრკ კანონს, რომლის მე-12 მუხლის თანახმად, კოლექტიური საწარმოს საკუთრების წარმოქმნა შესაძლებელი იყო საწარმოს მთლიანი ქონების შრომითი კოლექტივისათვის საკუთრებაში გადაცემის გზით. ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო ახორციელებს რა ქონების სრული სამეურნეო მართვის უფლებას, ფლობს, სარგებლობს და განკარგავს მას საკუთარი შეხედულებისამებრ.
მოპასუხე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მოპასუხემ მიუთითა, რომ 28.08.91წ. ხელშეკრულების დადებისას დაირღვა ხელშეკრულების დადების დროისათვის მოქმედი «საწარმოთა განსახელმწიფოებრიობისა და პრივატიზაციის ძირითადი საწყისების შესახებ” კანონის მე-13 მუხლი, რომლის თანახმად, სახელმწიფო საწარმოს კოლექტიურ საწარმოდ გარდაქმნა შესაძლებელი იყო მხოლოდ ქონების გამოსყიდვის გზით, ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქონების უსასყიდლოდ გადაცემა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუU იგი სახელმწიფო საწარმოს ბალანსზე რიცხულ საწარმოსა და სოციალური დანიშნულების ობიექტებს ეხება და არა მთლიანად საწარმოს ქონებას. სახელმწიფო საწარმოს კოლექტიურ საწარმოდ გარდაქმნის პროცესი რეგულირდებოდა, აგრეთვე, «სსრ კავშირში საკუთრების შესახებ" კანონით, რომლის მე-10 მუხლის თანახმად, კოლექტიური საკუთრების წარმოქმნა ხორციელდებოდა სახელმწიფო საწარმოს იჯარით გადაცემით, შრომითი კოლექტივისათვის მიღებული შემოსავლების ხარჯზე სახელმწიფო ქონების გამოსყიდვის უფლების მინიჭებით, სახელმწიფო საწარმოთა სააქციო საზოგადოებად გარდაქმნის, კოოპერატივთა, სააქციო საზოგადოებათა სხვა სამეურნეო საზოგადოებად და ამხანაგობათა შესაქმნელად მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა ქონების ნასყიდობის გაერთიანების გზით. სქმ სამინისტრომ სადავოდ გახადა, აგრეთვე, «კოლექტიური საწარმოს” რეგისტრაციის სისწორე, რეგისტრაციისას 05.04.91წ. ¹261 დადგენილების მოთხოვნების დარღვევის გამო. მოპასუხემ აღნიშნა აგრეთვე, რომ სსრკ მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილება სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროსათვის მის დაქვემდებარებაში მყოფი საწარმოების ქონების მართვისა და განკარგვის უფლების დელეგირების შესახებ აღემატებოდა სსრკ მინისტრთა კაბინეტის კომპეტენციას.
საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 19.03.97წ. განჩინებით საქმეში თანამოსარჩლეებად ჩართულ იქნა ტრესტ «კ-ის» ბაზაზე შექმნილი სს «....», სს «....», სს «....» და სს «კ-ის» მუშათა მომარაგების სამმართველო.
საქართველოს უზენაესმა საარბიტრაჟო სასამართლომ 03.04.97წ. გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ 06.11.90წ. ¹1860 _ რ განკარგულებით, სსრკ სახელმწიფო ქონების ფონდის ფუნქციონირების დაწყებამდე, სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროზე დელეგირებულ იქნა მისი შიდასაუწყებო ორგანიზაციების ქონების მართვის უფლება. სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტრომ 27.11.90წ. ბრძანებით დაავალა დაქვემდებარებულ უწყებებს ზემოაღნიშნული განკარგულების ცნობად მიღება და სარგებლობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ «საწარმოთა შესახებ” სსრკ კანონის 10.4. მუხლის თანახმად, სპეცსამშენებლო გაერთიანება «....” უფლება ჰქონდა, განეკარგა ტრესტის ქონება, საამისოდ არსებობდა აგრეთვე ზემდგომის _ სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს თანხმობა, რომელსაც დელეგირებული ჰქონდა სსრკ მთავრობის მიერ ქონების განკარგვის უფლება. სასამართლომ აღნიშნა, აგრეთვე, რომ კოლექტიური საწარმოს რეგისტრაცია განხორციელდა მთავრობის 05.04.91წ. ¹261 დადგენილების საფუძველზე, შესაბამისად, კანონიერია სსგ «ე-სა” და ტრესტ «კ-ს” შორის 28.08.91წ. ¹11 ხელშეკრულებით ტრესტის ბალანსზე რიცხული ქონების შრომითი კოლექტივისათვის უსასყიდლოდ გადაცემა. მიუხედავად ამისა, სქმ სამინისტრომ 28.08.91წ. ¹11 ხელშეკრულების კანონიერების სასამართლოში დასმის გარეშე არაკანონიერად ცნო ტრესტის შრომითი კოლექტივისათვის ქონების უსასყიდლოდ გადაცემა, უფრო მეტიც, ამ ქონების ბაზაზე ჩამოყალიბდა ხუთი სააქციო საზოგადოება, რომლებიც თვლიან, რომ სქმ სამინისტრომ უკანონო ქმედებით შელახა მათი ქონებრივი უფლებები და სარჩელით მიმართეს სასამართლოს. საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 03.04.97წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე ორგანიზაციების სასარჩელო მოთხოვნა, კანონიერად იქნა ცნობილი 28.08.91წ. ¹11 ხელშეკრულება, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის 27.11.95წ. და 25.12.95წ. დადგენილებები, გაუქმდა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 08.08.95წ. ¹1-3/459, 1-3/460, 1-3/458, 1-3/456, 1-3/457 ბრძანებები: «კ-ის», «კ-ის ავტოსატრანსპორტო საწარმოს», «...”, «.....” და «კ-ის” თბილისის სამშენებლო სამმართველოს აქციონირების შესახებ.
საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს ზედამხედველობის კოლეგიის 03.06.97წ. დადგენილებით უცვლელად იქნა დოტოვებული საქართველოს უზენაესი სარბიტრაჟო სასამართლოს 03.04.97წ. გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პროტესტის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდიუმის მიერ გადაისინჯა ამავე სასამართლოს 03.04.97წ. გადაწყვეტილების კანონიერება და 13.11.97წ. დადგენილებით საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება კვლავ ძალაში დატოვა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს 13.05.99წ. განცხადებით მიმართა სქმ სამინისტრომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 03.04.97წ. გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ. განმცხადებელმა ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითა რუსეთის ფედერაციის სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ცნობა (წერილი ¹01-02-44,22.03.99წ), რომლითაც ირკვევა, რომ უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოში წარდგენილი სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს მითითება ¹ვმ 3470 არ გაცემულა 09.09.91წ.. განმცხადებელი ახლადაღმოჩენილ გარემოებად თვლის საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 03.04.91წ. ¹254 დადგენილებას, რომელსაც თან ახლავს საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროს სამშენებლო კომპლექსში შემავალ ორგანიზაციათა ნუსხა, რომელთა შორის არის ტრესტი «კ-ი”, აგრეთვე, 16.08.91წ. ¹680 დადგენილებას, რომლიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკის სამინისტროს გამგებლობაში შემავალ ორგანიზაციათა ჩამონათვალში შედიოდა ტრესტი «კ-ი”.
იდენტური განცხადებებით, ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს 07.09.99წ. მიმართეს შპს «....” და სამხატვრო სამკერვალო საამქროს ამხანაგობამ.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 01.09.99წ. განჩინებით სქმ სამინისტროს მოადგილის, ი. ქ-ის, განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მიჩნეულ იქნა დასაშვებად. რაიონული სასამართლოს 26.10.99წ. განჩინებით ხსენებული განცხადება დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სქმ სამინისტროს საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს არ ჰქონდა შესაძლებლობა წარედგინა განცხადებაში მითითებული დოკუმენტები და მიეთითებინა საქმისათვის საჭირო გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რაც რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად.
ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 10.09.99წ. განჩინებებით შპს «....” და საქართველოს კულტურის სამინისტროს დამხმარე საწარმოთა და მომარაგების სამმართველოს ქართული-ეროვნული ტანსაცმლის სამკერვალო - სამხატვრო საამქროს შრომითი კოლექტივი საქმეში მოპასუხე მხარედ ჩააბა, ხოლო 26.10.99წ. განჩინებით მოსარჩელე სს «კ-ის” შუამდგომლობის საფუძველზე სს «კ-ის” მუშათა მომარაგების სამმართველო საქმის განხილვაში ჩართულ იქნა მესამე პირად.
სქმ სამინისტრომ 11.01.2000წ. შეგებებული სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ტრესტ «კ-ან” უკანონო მფლობელობაში არსებული ქონების გამოთხოვა და მესაკუთრისათვის დაბრუნება. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 11.01.2000წ. განჩინებით დაკმაყოფილდა სქმ სამინისტროს განცხადება შეგებებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და სს «კ-ს”, შპს «....”, სს «ს-ს”, სს «....»-ს, სს «....” აეკრძალად სადავო ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედების განხორციელება, რასაც შეეძლო გამოეწვია სადავო ქონების დატვირთვა მესამე პირის უფლებებით.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ საქმე არსებითად იქნა განხილული და 29.06.2000წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელე სს «კ-ს” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სქმ სამინისტროს შეგებებული სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს სსგ «ე-სა” და ტრესტ «კ-ს” შორის 22.08.99წ. დადებული ¹11 ხელშეკრულება, ტრესტ «კ-ის” ქონება ცნობილ იქნა სახელმწიფო საკუთრებად (ტ. 4, ს.ფ. 288-298). რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსრკ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ვ. მ-ის, 27.08.91წ. ¹ვმ-3446 წერილის მიხედვით 28.08.91წ. დადებული ¹11 ხელშეკრულების საფუძველზე ქონების გადაცემა ეწინააღმდეგებოდა «საწარმოთა განსახელმწიფოებრიობისა და პრივატიზაციის ძირითადი საწყისების შესახებ” 01.07.91წ. სსრკ კანონის, “სსრ კავშირში საკუთრების შესახებ” სსრკ კანონის, აგრეთვე, «საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის შესახებ” 09.08.91წ. კანონის მოთხოვნებს. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 03.04.91წ. ¹254, 16.08.91წ. ¹680, 07.03.92წ. ¹273, 10.02.93წ. ¹78 და 12.03.93წ. ¹223 დადგენილებების მიხედვით ტრესტი «კ-ი” წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფო საკუთრებას. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 15.09.91წ. დადგენილების შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სსრკ დაქვემდებარების საწარმოები საქართველოს საკუთრებად გამოცხადდა. ამდენად, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს სსგ «ე-ის” მიერ ტრესტ «კ-ის” ბალანსზე რიცხული ქონების შრომითი კოლექტივისათვის უსასყიდლოდ გადაცემა განხორციელდა როგორც საკავშირო, ისე საქართველოს რესპუბლიკის იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით. სასამართლომ მიუთითა, რომ რფ სათბობენერგეტიკის სამინისტროს სამმართველოს უფროსის ი. ბ-ოს 22.03.99წ. ¹01.02-44 წერილის თანახმად სამინისტროს არქივში მინისტრის მოადგილის ვ. მ-ის 27.08.91წ. ¹ბმ-3446 წერილი და 09.03.91წ. BM-3570 მითითება არ ინახება. იგივეს ადასტურებს მოკვლევის შედეგად შედგენილი რფ უშიშროების სამსახურის ცნობა. საქართველოს სსრ სკ-ის 48-ე, ახალი სკ-ის 54-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სს «კ-ის”, სს «.....””, სს «....”. სს «ე-სა” და სს «ს-ის” რწმუნების საფუძველზე სააპელაციო წესით გასაჩივრდა ნ. მ-ის მიერ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 30.04.03წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 29.06.2000წ. გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების წინმსწრები შემდეგი განჩინებები: 10.09.99წ. განჩინება საქართველოს კულტურის სამინისტროს ეროვნული ტანსაცმლის სამხატვრო _ სამკერვალო სახელოსნოს მოპასუხედ ჩაბმის თაობაზე; 09.10.99წ. განჩინება შპს «.....» მოპასუხედ ჩაბმის თაობაზე; 26.10.99წ. განჩინება სქმ სამინისტროს განცხადების, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილების თაობაზე; 11.01.2000წ. განჩინება სქმ სამინისტროს შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით, უსაფუძვლობის გამო, არ დაკმაყოფილდა სქმ სამინისტროს განცხადება ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს მიერ 10.09.99წ. განჩინებით საქმეზე მოპასუხეებად საქართველოს კულტურის სამინისტროს ეროვნული ტანსაცმლის სამხატვრო-სამკერვალო სახელოსნოსა და შპს «...” ჩაბმით უხეშად დაირღვა სამართალწარმოების წესები, რადგან აღნიშნული პირების მოპასუხეებად ჩართვისას სასამართლოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ნამსჯელი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ სქმ სამინისტროს განცხადების საფუძვლიანობაზე, ამასთანავე, მოსარჩელეს თანხმობა არ განუცხადებია ზემოთ მითითებული სუბიექტების მოპასუხეებად ჩაბმის თაობაზე, გაურკვეველია, აგრეთვე თუ რომელი მოთხოვნის მიმართ მიიჩნია სასამართლომ შპს «....” და სამხატვრო _ სამკერვალო საამქრო მოპასუხეებად, ვინაიდან დავის საგანს წარმოადგენდა სქმ სამინისტროს აქტები. სააპელაციო პალატამ მიუთითა, აგრეთვე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით 22.08.91წ. ¹11 ხელშეკრულების ბათილად ცნობით დაირღვა სსკ-ის 248-ე მუხლი, ვინაიდან ამგვარი მოთხოვნა შეგებებულ სარჩელში სამინისტროს არ აღუძრავს, არ ყოფილა მხარედ ჩაბმული ¹11 ხელშეკრულების ერთ-ერთი მონაწილე _ სსრკ ენერგეტიკის და ელექტროფიკაციის სამინისტროს სსგ «ე-ის” სამართალმემკვიდრე. ამასთანავე, რაიონულ სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია და არ გადაუწყვეტია შპს «....” და სამხატვრო-სამკერვალო საამქროს მიერ შეტანილ განცხადებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა შესახებ საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტების მოსაზრება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ სქმ სამინისტროს განცხადების უსაფუძვლობის შესახებ და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს 22.03.99წ. ¹01-02-44 წერილი არ წარმოადგენს საქმის წარმოების განახლების საფუძველს. აღნიშნული წერილით, რომელსაც ხელს აწერს რუსეთის ფედერაციის სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს საქმეთა მმართველი, ირკვევა, რომ სსრკ ენერგეტიკის სამინისტროს 1991 წლის განმავლობაში ტრესტ «კ-ის” ქონების გადაცემის საკითხი არ გადაუწყვიტავს და 09.09.91წ. ¹ვმ 3470 მითითება არ გაუცია. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსკ-ის 423.1 მუხლის «ა” ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძველი დასაშვებია თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი ან, თუ სისხლის სამართლის პროცესის დაწყება და ჩატარება ვერ ხორციელდება არა მტკიცებულებათა უკმარისობის, არამედ რაიმე სხვა მიზეზით (სსკ-ის 423.2 მუხ. ). დოკუმენტის სიყალბის თაობაზე არ არსებობს არათუ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, არამედ არ აღძრულა სისხლის სამართლის საქმე, შესაბამისად, არ არსებობს სსკ-ის 423.1 მუხლის «ა” ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძველი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, აგრეთვე, რომ არ არსებობს სსკ-ის 423.1 «ვ" ქვეპუნქტით საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა, ვინაიდან ახლად აღმოჩენილი გარემოების სახით წარმოდგენილი ¹01-02-44 წერილი 22.03.99წ. არის შედგენილი, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ მიღებულია 03.04.97წ., შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ შეუძლებლად მიიჩნია ამ მტკიცებულების წარმოდგენა საქმის განხილვის დროს. ამასთანავე, აღინიშნა, რომ სქმ სამინისტროს საქმის უზენაეს საარბიტრაჟო სასამართლოში განხილვისას შეეძლო მიემართა რუსეთის ფედერაციის შესაბამისი სამინისტროსათვის და გაერკვია მინისტრის მოადგილის _ ვ. მ-ის ბრძანების უტყუარობა.
ახლად აღმოჩანილ გარემოებად არ იქნა აგრეთვე მიჩნეული საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 16.08.91წ. ¹680 და 03.04.91წ. ¹254 დადგენილებების დანართები. სასამართლომ მიუთითა, რომ ხსენებული დადგენილებები ნორმატიულ აქტებს წარმოადგენენ, შესაბამისად, ორგანიზაციების ნუსხა ნორმატიული აქტის ნაწილს შეადგენს, იგი არ შეიძლება მიჩნენულ იქნეს ახლად აღმოჩენილ გარემოებად, ვინაიდან სსკ-ის 423-ე მუხლის მიხედვით ნორმატიული აქტი არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველს. ახლად აღმოჩენილ გარემოებად არ იქნა აგრეთვე მიჩნეული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 25.03.99წ. განჩინებით დადგენილი გარემოება იმის შესახებ, რომ ტრესტ «კ-ის” მუშათა მომარაგების სამმართველო არ შედიოდა ტრესტის შემადგენლობაში და მათ შორის ურთიერთობა დამყარებული იყო ხელშეკრულების საფუძველზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ვინაიდან არ არსებობს საქმის განახლების საფუძველი, დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული აგრეთვე რაიონული სასამართლოს 11.01.2000წ. განჩინება სქმ სამინისტროს შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ. სამინისტრომ დაუშვებლად მიიჩნია სსკ 426-ე მუხლით განსზღვრული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადის გამოყენება და დადგენილად მიიჩნია, რომ განმცხადებელს დაცული აქვს განცხადების შეტანის 1964წ. სსკ-ის 348-ე მუხლით დადგენილი სამთვიანი ხანდაზმულობის ვადა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 30.04.03წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, საქართველოს კულტურის სამინისტროს დამხმარე საწარმოთა და მომარაგების სამმართველოს ქართული ეროვნული ტანსაცმლის სამკერვალო- სამხატვრო საამქროს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის, შპს «...” მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.02.04წ, განჩინებით საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, შპს «....” და საქართველოს კულტურის სამინისტროს დამხმარე სამხატვრო საამქროს შრომითი კოლექტივის ამხანაგობის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 30.04.03წ. განჩინება და საქმე ხელახლა არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ 22.08.91წ. ¹11 ხელშეკრულების ბათილად ცნობით პირველი ინსტანციის სასამართლო სსკ-ის 248-ე მუხლის დარღვევით გასცდა სქმ სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სქმ სამინისტროს შეგებებულ სარჩელში დასმული მოთხოვნა ტრესტ “კ-ის” ქონების მესაკუთრისათვის დაბრუნების შესახებ მოიცავდა 28.08.91წ. ¹11 ხელშეკრულების ბათილად ცნობასაც, რისი დადგენა პალატას შეეძლო სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად. ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 15.09.01წ. დადგენილების შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სსრ კავშირის დაქვემდებარების საწარმოები საქართველოს საკუთრებად გამოცხადდა, არ არსებობდა სსგ “ე-ის” უფლებამონაცვლის საქმეში ჩართვის აუცილებლობა. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის წარმოების განახლების უსაფუძვლობა არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში სსკ-ის 423-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტიდან და ამავე მუხლის მე-2 ნაწილთან დაკავშირებით მოყვანილი მსჯელობით, ვინაიდან სქმ სამინისტროს განცხადება დაკმაყოფილდა სსკ-ის 423.1 მუხლის “ვ” ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე.
საკასაციო პალატის განმარტებით, სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის «ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ და ახლადგამოვლენილ გარემოებებში იგულისხმება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი ფაქტები, რომლებიც არსებობდნენ საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მომენტში, მაგრამ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ამ გარემოებებზე. ხსენებული ნორმით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წერილში აღწერილ გარემოებებს, რომლებიც არსებობდნენ საქმის განხილვის დროისათვის, ინფორმაციას მათ შესახებ და არა ინფორმაციის მატარებლის, წერილის შედგენის პერიოდს. წერილი შეიცავს ინფორმაციას 1991 წელს სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტაციის შესახებ, ამდენად, უმართებულოა მისი აღქმა, როგორც უმაღლეს საარბიტრაჟო სასამართლოში საქმის განხილვის შემდგომ წარმოქმნილ ფაქტობრივ გარემოებად.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ წერილში მოყვანილი გარემოების დადგენა არ იყო შესაძლებელი საქართველოს უმაღლეს საარბიტრაჟო სასამართლოში საქმის განხილვის დროს. რუსეთის ფედერაციის სათბობისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ი. კ-ის 03.03.95წ. ¹კი –1276 წერილით (ტ1, ს.ფ. 33) აღინიშნა, რომ ტრესტ «კავკასელექტროქსელმშენის” შრომითი კოლექტივისათვის კოლექტიურ საკუთრებაში ქონების უსასყიდლო გადაცემა განხორციელდა სსრკ მინისტრთა საბჭოს 06.11.90წ. ¹1860-რ განკარგულების საფუძველზე, რომლითაც სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს დელეგირებული ჰქონდა საკავშირო დაქვემდებარების ორგანოების ქონების მართვისა და განკარგვის უფლება, მაშინ როდესაც «სსრკავშირის ენერგეტიკის სამინისტროსადმი დროებით დაქვემდებარებული ზოგიერთი საწარმოს ქონების მართველობის საკითხების შესახებ” სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს 06.11.90წ. ¹1860-რ განკარგულების თანახმად, სამინისტროს ჰქონდა მხოლოდ მართვის უფლება (ტ.2, ს.ფ. 22). საკასაციო სასამართლოს აზრით, სასამართლოს არ უმსჯელია იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა მითითებულ აქტს ნორმატიული ხასიათი, მოიცავდა თუ არა სსრკ სამინისტროს დაქვემდებარაბული საწარმოების ქონების მართვის უფლება ამ ქონების განკარგვის, საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის უფლებას.
ტრესტ «კ-ე” რიცხული ქონების ოდენობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ ქონების უსასყიდლო გადაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, მუდმივ შენახვას ექვემდებარებოდა. აღნიშნულს, პალატის აზრით, ადასტურებს სსრკ სათბობის და ელექტროფიკაციის სამინისტროს დოკუმენტალური უზრუნველყოფის მეთოდური კურატორის _ რუსეთის ეკონომიკის სახელმწიფო არქივის 04.07.2000წ. ¹566 და 24.07.2000წ. ¹606 ცნობები, რომელთა თანახმად, დარგის ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, მათ შორის, საწარმოების განსახელმწიფოებრიობისა და პრივატიზაციის საკითხებზე, ინახება მუდმივად და დადგენილი წესის მიხედვით ექვემდებარება გადაცემას სახელმწიფო არქივებში. აღნიშნული დასტურდება აგრეთვე ფედერალური საარქივო სამსახურის 10.04.01წ. ¹4/1216 და საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის 22.03.01წ. ¹04-29/48 ცნობებით. რუსეთის ფედერაციის სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტროს 19.01.2000წ. ¹01-07-25 წერილის მიხედვით სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს 1982-91წ.წ. მუდმივი შენახვის დოკუმენტები ინახება რუსეთის ფედერაციის სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტროს არქივში. ტრესტ «კ-ე” რიცხული ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ 28.08.91წ. ¹11 ხელშეკრულებას საფუძვლად დაედო სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის მინისტრის მოადგილის, ვ. მ-ის, 27.08.91წ. ¹ვმ-3446 ნებართვა. ტრესტზე რიცხული სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ გადაცემა დადასტურდა აგრეთვე იმავე სსრკ მინისტრის მოადგილის 09.09.91წ. ¹ვმ- 3470 მითითებით. მიუხედავად ამისა, რუსეთის ფედერაციის სათბობისა და ენერგეტიკის საქმეთა მმართველის უფროსის, ი. ბ-ოს 22.03.99წ. ¹01-02-44 წერილის მიხედვით სამინისტროს არქივში მითითებული წერილი არ ინახება, ხოლო 09.09.91წ. გაცემულ მითითებათა ნომრებს შორის არ მოიპოვება სსრკ მინისტრის მოადგილის ვ. მ-ის 09.09.91წ. ¹ვმ - 3470 მითითება. წერილში აღნიშნულია, აგრეთვე, რომ 1991 წელს ტრესტ «კ-ის” ქონების უსასყიდლოდ გადაცემის საკითხი არ გადაწყვეტილა. აღნიშნული დასტურდება აგრეთვე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მოკვლევის შედეგებით, რფ სათბობისა და ენერგეტიკის სამინისტროს სამართლებრივი სამმართველოს 25.01.2000წ. ¹20-01/25 წერილით, მინისტრის პირველი მოადგილის 21.01.2000წ. ¹აგ-418, 21.01.2000წ. ¹აგ-419, 10.08.01წ. ¹აგ-6118 წერილებით, სამინისტროს საქმეთა მმართველის 14.09.01წ. წერილით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.12.07წ. გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 29.07.2000წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს სსგ «ე-სა» და ტრესტ «კ-ს» შორის დადებული 22.08.1991წ. ¹11 ხელშეკრულება, «კ-ის» ქონება ცნობილ იქნა საქართველოს სახელმწიფო საკუთრებად. სააპელაციო პალატამ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაცია საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ მიიჩნია, რომ ვინაიდან საქმეში სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებით შეიცვალა მხარეები, კერძოდ, შპს «....» და სს «კ-ს» მუშათა მომარაგების სამმართველო და კულტურის სამინისტროს დამხმარე საწარმოთა სამმართველოს ქართული ეროვნული ტანსაცმელის სამკერვალო-სამხატვრო საამქროს შრომითი კოლექტივი ამოირიცხენ მოპასუხეებიდან და საქმეში ჩართნენ მესამე პირებად მიღებული უნდა ყოფილიყო ახალი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სს «კ-მა,» სს «ე-ამ,» შპს «...» და შპს «ე-მა», “სს ს-ს” გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. კასატორების აზრით სასამართლომ 28.08.1991წ. ¹11 ხელშეკრულბის ბათილად ცნობით შეგებებული სარჩელის ავტორს მიაკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა, რითაც დაარღვია სსსკ-ის 248-ე მუხლი. სსრკ მინისტრთა საბჭოს 06.11.1990წ. ¹1960-რ განკარგულების საფუძველზე სახეზეა საკუთრების მინდობის კლასიკური მაგალითი, სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის მე-5, მე-7 მუხლები, მე-14 თავი, რის გამოც ტერმინს “მართვა” არ მიეცა კანონმდებლობით დადგენილი მნიშვნელობა. სასამართლომ არ გამოიყენა “სსრკ-ში საკუთრების შესახებ” კანონის მე-2 მუხლი, «განსახელმწიფოებრიობის და პრივატიზაციის ძირითადი საწყისების შესახებ» სსრკ კანონის მე-3, მე-10 და მე-20 მუხლები, რომელთა თანახმად ქონების გადაცემა შესაძლებელია საზღაურის გარეშე. ხსენებული კანონის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პერიოდში პროვატიზება შესაძლებელი იყო სახელმწიფო ქონების ფონდის მეშვეობით მაშინ, როდესაც ფონდს ფუნქციონირება არასოდეს არ დაუწყია. სასამართლომ მიიჩნია, რომ ტრესტი შედიოდა სხვადასხვა სამინისტროების შემადგენლობაში, აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან მთავრობის დადგენილებით მოხდა მხოლოდ ოპერატიული ურთიერთობების განსაზღვრა და არ შეცვლილა ქონების სტატუსი. სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 423-ე მუხლის «ვ» ქვეპუნქტი, რადგან განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებელი იყო, ვინაიდან შეტანილი იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა, როგორც პროცესუალური, ასევე შინაარსობრივი დარღვევით. სამინისტროს საქმეთა მმართველის ხელმძღვანელები ქონების გადაცემას მიიჩნევენ კანონიერად, განცხადებაში არ არის მითითებული სსკ-ის 423-ე მუხლის რომელი ნაწილით საჩივრდება გადაწყვეტილება, არ არის დაცული სსკ-ის 427-ე მუხლით დადგენილი განცხადების შინაარსი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ სს «კ-ის,» სს «ე-ის,» შპს «...» და შპს «ე-ის» საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სს «კ-ის,» სს «ენერგიის,» შპს «...» და შპს «ე-ის» საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: “თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%”. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სს “კ-ს” უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარი) 70% (5600 ლარი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს «კ-ის,» სს «ე-ას,» შპს «...» და შპს «ე-ის» საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. სს “კ-ს” დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარი) 70% _ 5600 ლარი ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი _ 300773150, გადახდის დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს იზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები _ ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ 220101222.
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.