Facebook Twitter
ბს-277-267(კ-09) 17 ივნისი, 2009წ

ბს-277-267(კ-09) 17 ივნისი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. გ-იას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. გ-იამ 22.07.04 წ. სარჩელით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქნახშირის მიმართ და შრომის უნარის დაკარგვის გამო პენსიის მიუღებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიში განხილვისას, 27.12.06 წ. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხე _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის 1992 წლის აპრილიდან 2000 წლის 27 ნოემბრამდე, ასევე 27.11.2000 წლიდან 2006 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით მისაღები საპენსიო თანხების გადახდა, ი. გ-იას ოჯახის საარსებოდ, მკურნალობის მიზნით მისი მოსკოვში გამზავრებისა და საავადმყოფოში მკურნალობისთვის აღებული ვალების პროცენტის _ 7150 ლარის, სამედიცინო მომსახურების ხარჯის _ 2797 ლარის, საქმის განხილვის გაჭიანურებისა და ხელახალი კომისიის გავლის (შემოწმების) გამო გაწეული ხარჯის (მატერიალური ზიანის) _ 2000 ლარის, ასევე ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 1836 ლარის (4%) ანაზღაურება მოითხოვა. სარჩელის ფასი ჯამში შეადგენს 45.503 ლარს. მოსარჩელე ი. გ-იამ ასევე მოითხოვა მოპასუხეს _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალოს ყოველთვიურად 234 ლარის ოდენობით საზღაურის (სარჩოს) გადახდა;

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ საბოლოოდ მხარეთა სტატუსი განსაზღვრული იქნა შემდეგნაირად: მოპასუხე _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, მესამე პირები _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ს/ს «...».

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.05.07 წ. გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს _ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს მოსარჩელის ი. გ-იას სასარგებლოდ დაეკისრა 27.11.2000 წლიდან 27.12.2006 წლამდე პერიოდში მიუღებელი საპენსიო თანხის _ 3000 (სამი ათასი) ლარისა და 55 (ორმოცდათხუთმეტი) თეთრის გადახდა; მოსარჩელე ი. გ-იას სარჩელის დანარჩენ მოთხოვნებს ეთქვა უარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.05.07 წ. მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. გ-იამ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტომ, როგორც საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახლმწიფო ფონდის უფლებამონაცვლემ. ი. გ-იამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შედეგად მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ი. გ-იასათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.08 წ. განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.05.2007 წ. გადაწყვეტილება 2768,80 ლარის ნაწილში და ამ ნაწილში ¹3ბ/1734-07 ადმინისტრაციულ საქმეზე ი. გ-იას სარჩელისა გამო მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიმართ, რეგრესული პენსიის 2768,80 ლარის (2228.05+180.05X3/540,75=2768.80) ანაზღაურების ნაწილში შეწყდა წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო. შესაბამისად სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივრები არსებითად განიხილა მხოლოდ დარჩენილი თანხების ნაწილში. სააპელაციო პალატის 18.09.08 წლის გადაწყვეტილებით ი. გ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ _ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.05.07 წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ი. გ-იას სასარგებლოდ დაეკისრა 231.75 ლარის ანაზღაურება და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი. გ-იას უარი ეთქვა 231,75 ლარის ოდენობით რეგრესული პენსიის დაკისრებაზე, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.08 წლის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ი. გ-იამ, რომლითაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მოპასუხისათვის 2000 წლის 27 ნოემბრამდე პერიოდის პენსიის _ 21691,80 ლარის, მკურნალობის მიზნით მისი მოსკოვში გამზავრებისა და საავადმყოფოში მკურნალობისთვის აღებული ვალების პროცენტის _ 7150 ლარის, ასევე სამედიცინო მომსახურების ხარჯის _ 2797 ლარის, საქმის განხილვის გაჭიანურებისა და ხელახალი კომისიის გავლის (შემოწმების) გამო გაწეული ხარჯის (მატერიალური ზიანის) _ 2000 ლარის, ასევე ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 1836 ლარის (4%) დაკისრება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 27.02.09 წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. გ-იას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ი. გ-იას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. გ-იას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.08წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.