ბს-278-268(კ-09) 27 თებერვალი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა გ. კ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებასა და განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 15 ნოემბერს გ. კ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობისა და მესამე პირის – დ. ი-ის მიმართ და საჯარო ინფორმაციის სახით მოითხოვა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომელთა მისამართების გაცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით გ. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. კ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 სექტემბრის განჩინებით გ. კ-ას სარჩელზე, მოპასუხე – ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობისა და მესამე პირის – დ. ი-ის მიმართ, საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე დ. ი-ის, თ. ჯ-ის, ლ. მ-ის ნაწილში, დავის საგნის არარსებობის გამო, შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. კ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით გ. კ-ას სარჩელი გ. ქ-ის, ო. მ-ის, ჟ. თ-ის, ა. მ-ისა და ზ. რ-ის მიმართ საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. კ-ამ, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 სექტემბრის განჩინებისა და გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გ. კ-ას საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად კი ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ჩაბარება მითითებული კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. საქმეში დაცული დასტურიდან ირკვევა, რომ გ. კ-ამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და განჩინება ჩაიბარა 2008 წლის 15 დეკემბერს (ს.ფ. 180), მან კი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანა 2009 წლის 16 იანვარს, ე.ი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლში მითითებული ერთთვიანი ვადის გადაცილებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. კ-ას საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 2009 წლის 15 იანვრის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო კასატორის მიერ საკასაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2009 წლის 16 იანვარს, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. კ-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული გასაჩივრების ვადის გადაცილების გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 63-ე, 390-ე, 397-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. კ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.