Facebook Twitter
¹ბს-279-269(კ-09) 1 ივლისი, 2009წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ შპს “...» (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _1) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)
2) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
3) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო (მოპასუხე)

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა


გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განჩინება


კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს “...» 2008 წლის აგვისტოში სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს 2008 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილების ¹05-04/7365-ის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2008 წლის 27 ივნისის ¹1415 ბრძანების (რომლითაც შპს «...» უარი ეთქვა 2008 წლის 6 მაისის საჩივრის დაკმაყოფილებაზე), 2008 წლის 31 მარტის ¹000712 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმისა და შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის 2008 წლის 17 აპრილის ¹07/5954 საბაჟო შეტყობინების (რომლის საფუძველზეც შპს «...» დაეკისრა ჯარიმა 5909,87 ლარის ოდენობით) ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს «...» სარჩელი მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განმხილველი საბჭოს მიმართ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის 5 მარტს შპს «...» მიერ წარდგენილ სატვირთო საბაჟო დეკლარაციაში არასწორად იქნა დაფიქსირებული საქონლის რაოდენობა, საქონლის ბრუტო და ნეტო წონები, საქონელი არ იქნა მიტანილი დანიშნულების ადგილზე საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით განსაზღვრულ ვადაში, რაც მოქმედი კანონმდებლობით სამართალდარღვევას წარმოადგენს; სასამართლოს განმარტებით, იმპორტიორის მიერ სატვირთო დეკლარაციაში საქონლის რაოდენობის შესახებ შეტანილი იქნა არასწორი მონაცები. დეკლარაციის მიხედვით წარმოდგენილი საქონლის ბრუტო და ნეტო წონები არ დაემთხვა რეალობას. სასამართლომ გამოიყენა საქართველოს საბაჟო კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილი და ამავე კოდექსის 253-ე მუხლი.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 45-ე მუხლით მოწესრიგებულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილების წესი. საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ საქონელი მიტანილი უნდა იქნეს განსაზღვრულ ადგილზე და წარედგინოს საბაჟო ორგანოს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში იგულისხმება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საქონლის მიტანა, რამდენადაც საბაჟო საზღვრის გადაკვეთა დროში უსწრებს მის მიტანას და წარდგენას ამ საბაჟო ორგანოში ან მის მიერ შერჩეულ ადგილზე. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 50-ე მუხლით დადგენილია ზოგადი დეკლარირების ფორმების და მისი წარმდგენი პირის განმარტება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქონელზე ზოგადი მონაცემების წარდგენა აუცილებელია საბაჟო დამუშავების ოპერაციის შერჩევამდე მისი იდენტიფიცირებისათვის.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ტვირთის-დანიშნულების საბაჟო ორგანომდე ტრანსპორტირებისა და მასზე საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების მიზნით სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ გამოწერილი იქნა საბაჟო კონტროლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა დანიშნულების ადგილზე საქონლის წარდგენის კონკრეტული დრო. აღნიშნული მოთხოვნა შპს «...» მიერ არ იქნა შესრულებული დადგენილ ვადაში, რაც სასამართლოს მოსაზრებით წარმოადგენს სამართალდარღვევას და მასზე ვრცელდება საქართველოს საბაჟო კოდექსის 253-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია 300 ლარის ოდენობით. აღნიშნული საჯარიმო თანხა შპს «...“ მიერ გადახდილი იქნა საბაჟო შეტყობინების გამოცემამდე.
ამასთან სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლით დადგენილია საბაჟო საზღვარზე საქონლის უკანონო გადატანა ან გადმოტანის პროცედურა. მოცემული ნორმის პირველ ნაწილის თანახმად საქონლის საბაჟო საზღვარზე მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონრტოლის გვერდის ავლით, ან მისგან მალულად ან/და საბაჟო დეკლარაციაში ან სხვა საბაჟო დოკუმენტში ყალბი დოკუმენტის შეტანა იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას ამ მოძრავი ნივთის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2000 ლარისა ან/და საბაჟო სამართალდარღვევის სატრანსპარტო საშუალებისა და საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში შპს «...» მიერ არასწორი მონაცემების მქონე ინვოისით მოხდა საქართველოში საბაჟო საზღვარზე საქონლის გადმოტანა და სასაზღვრო საბაჟო ორგანოში მისი ზოგადი დეკლარირება. კერძოდ, დეკლარაციაში მითითებული საქონლის ბრუტო წონის ხელოვნურად გაზრდით შემცირებულ იქნა საქონლის ნეტო წონა, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს «...» მიმართ საბაჟო ორგანოს მიერ, საბაჟო კოდექსის 34-ე მუხლის შესაბამისად მოხდა არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა, რამაც შეადგინა 5248.41 ლარი. საბაჟო კოდექსის 253-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისათვის შპს «...» დაკისრებული ჯარიმა თანხით 300 ლარი გადახდილი იქნა მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ასევე მის მიერ დღგ-ს ძირითად გადასახადში გადახდილია 200 ლარი, რამაც გამოიწვია გადასახდელად 641.7 ლარის დარიცხვა, ნაცვლად 841.7 ლარისა.
სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელის გამარტება იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა საბაჟო სამართალდარღვევა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის ნაწილში და ჩათვალა, რომ ფორმალური თვალსაზრისით გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები ასევე არ ეწინააღმდეგება კანონს, არსებითად არ არის დარღვეული მათი მომზადებისა და გამოცემის სზაკ-ის 194-ე მუხლით დადგენილი წესი.
სასამართლოს განმარტებით, საქმის მოსამზადებლად მომჩივანისთვის ოპერატიულად დაკავშირების მიზნით და იმის გათვალისწინებით, რომ შპს «...» შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარზე არ ჰქონდა მითითებული უფლებამოსილი წარმომადგენლის საკონტაქტო მონაცემები, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოძიებულ იქნა შპს «...» ბლანკი და მასზე მითითებული იურიდიული მისამართის საკონტაქტო ნომრები, შესაბამისად ზეპირი შეტყობინება ვერ გადაიცა, რამდენადაც მათ მიერ მოძიებულ საკონტაქტო ნომრებზე დაკავშირება ვერ მოხერხდა.
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 146-ე მუხლის მე-10 ნაწილი, რომლის თანახმად მომჩივანს ან მის წარმომადგენელს სხდომის ჩატარების ადგილი და დრო ეცნობება არსებული ტექნიკური საშუალებებით. თუ ვერ მოხერხდა მომჩივანთან ან მის წარმომადგენელთან დაკავშირება, დავა განიხილება მათი მონაწილეობის გარეშე.
სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ზეპირ განხილვაზე დაინტერესებული პირის გამოუცხადებლობა არ ნიშნავს, რომ მისი მონაწილებით ჩატარებული სხდომა განსხვავებული გადაწყვეტილების გამოტანის გარანტიაა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს შემოსავლების სამსახურში ადმინისტრაციული საჩივრის გამო ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევისა და კანონმდებლობის სხვა მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გასაჩივრებული 2008 წლის 4 აგვისტოს ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები, ვინაიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროში არსებული საკითხის ადმინისტრაციული წესით განხილვისას დაინტერესებული პირის მიერ არ ყოფილა წარდგენილი ახალი გარემოება სადავო საკითხთან მიმართებაში, რაც შეიძლება გამხდარიყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...».
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განჩინებით შპს “...» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება და ჩათვალა, რომ არსებითად შპს «...» სააპელაციო საჩივარში არ არის მოყვანილი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული დასკვნების გამაბათილებელი არგუმენტაცია.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “...»
და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-მუხლი, მაშინ როცა ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.
კასატორმა აღნიშნა, რომ საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სანქციის გამოყენება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ საქონლის წონა არ შეესაბამებოდა დეკლარაციაში მითითებულს. დეკლარაციაში მითითებული წონა გამომდინარეობდა მათთვის საქონლის მწარმოებლის მიერ გამოგზავნილ ინვოისში არსებული მონაცემებიდან. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სწორედ ამ მონაცემებით გადმოლახა საქონელმა თურქეთის საზღვარი. კასატორის განმარტებით მწარმოებლის მიერ საქონლის მიწოდება ხორციელდება მუყაოს ყუთებით და ანგარიშწორება ხდება საქონლის რაოდენობიდან გამომდინარე. ინვოისში მითითებული ფასი და რაოდენობა შეესაბამებოდა ერთმანეთს. კასატორმა აღნიშნა, რომ ექსპერტიზის შედეგად საქონლის რაოდენობაში გამოვლინდა განსხვავება, რამაც შეადგინა მხოლოდ ერთი ყუთი. სამართალდარღვევის ოქმით გათვალისწინებული სანქცია კი აღემატება ერთი ყუთის ღირებულებას. კასატორის მოსაზრებით დეკლარაციაში მითითებულ წონასა და ექსპერტიზის მიერ დადგენილ მონაცემებს შორის სხვაობა გავლენას ვერ მოახდენდა საქონლის რაოდენობაზე, აღნიშნული დასტურდება დასკვნითაც, სადაც რაოდენობაში მხოლოდ ერთი ყუთია განსხვავება და ამ ერთი ყუთის წონა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ექსპერტიზის მიერ დადგენილი განსხვავება წონაში. კასატორის განმარტებით სადავო არ არის, რომ წონის არაწორად მითითებას, რაც გამოწვეული იყო ინვოისში მითითებული მონაცემების პირდაპირი გადატანით საბაჟო დეკლარაციაში არ გამოუწვევია საქონლის საბაჟო ღირებულების შესახებ არასწორი ინფორმაციის შეტანა დეკლარაციაში. კასატორის მოსაზრებით მოცემულ შემთხვევაში დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანსაც არ ჰქონია ადგილი. გაყალბება წარმოადგენს წინასწარ განზრახულ ქმედებას, რასაც მიზნად გარკვეული შედეგების დადგომა უნდა უკავშირდებოდეს. კასატორი თვლის, რომ მისი ქმედებით ბიუჯეტს არანაირი ზიანი არ მიდგომია. კასატორის მტკიცებით საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლით გათვალისიწნებულ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და ამდენად, ამ მუხლის მითითება სამართალდარღვევის ოქმში უკანონოა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს «...» საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2008 წლის 17 აპრილის ¹07/5954 საბაჟო შეტყობინების მე-2 პუნქტში აღნიშნულია, რომ 2008 წლის 5 მარტს შპს «...» მიერ წარმოდგენილ ¹ც799 სატვირთო საბაჟო დეკლარაციაში არასწორად იქნა დაფიქსირებული საქონლის რაოდენობა, საქონლის ბრუტო და ნეტო წონები (საქონელი არ იქნა მიტანილი დანიშნულების ადგილზე საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა ¹D 16694-ით განსაზღვრულ ვადაში); იქვე მითითებულია, რომ ზემოხსენებული წარმოადგენს საქართველოს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 253-ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევას; ამავე საბაჟო შეტყობინების მე-5 პუნქტის თანახმად კი საქმის განხილვისას დადგინდა შემდეგი გარემოებები : იმპორტიორის მიერ სატვირთო საბაჟო დეკლარაციაში საქონლის რაოდენობის შესახებ შეტანილი იქნა არასწორი მონაცემები, კერძოდ დეკლარაციის მიხედვით წარმოდგენილი საქონლის ბრუტო და ნეტო წონები არ დაემთხვა რეალობას, რის გამოც საბაჟო ორგანოს მიერ, საბაჟო კოდექსის 34-ე მუხლის შესაბამისად მოხდა არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა, რამაც შეადგინა 5248.41 ლარი. ყოველივე ამის გამო შპს «...» დაერიცხა საბაჟო გადასახდელი 5909.87 ლარი (ტ.I ს.ფ. 17-18)
სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ შპს «...» მიერ არასწორი მონაცემების მქონე ინვოისით მოხდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის
გადმოტანა და სასაზღვრო საბაჟო ორგანოში მისი ზოგადი დეკლარირება. კერძოდ, დეკლარაციაში მთითებული საქონლის ბრუტო წონის ხელოვნურად გაზრდით შემცირებულ იქნა საქონლის ნეტო წონა, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით (ტ.I ს.ფ. 197).
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ დეკლარაციაში მითითებული წონა გამომდინარეობდა საქონლის მწარმოებლის მიერ გამოგზავნილ ინვოისში არსებული მონაცემებიდან. მოსარჩელის მითითებით, სწორედ ამ მონაცემებით გადმოლახა საქონელმა თურქეთის საზღვარი. მწარმოებლის მიერ საქონლის მოწოდება განხორციელდა მუყაოს ყუთებით და ანგარიშწორება მოხდა საქონლის რაოდენობიდან გამომდინარე. მოსარჩელის მოსაზრებით, ინვოისში მითითებული ფასი და რაოდენობა შეესაბამება ერთმანეთს. ექსპერტიზის შედეგად საქონლის რაოდენობაში გამოვლინდა განსხვავება, რამაც შეადგინა მხოლოდ ერთი ყუთი. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სამართალდარღვევის ოქმით გათვალისწინებული სანქცია კი აღემატება ერთი ყუთის ღირებულებას (ტ.I ს.ფ. 10)
სააპელაციო სასამართლომ ისე გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ არ გამოიკვლია და სამართლებრივი შეფასება არ მისცა იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებზედაც მოსარჩელე აფუძნებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ არ შეამოწმა თუ რამდენად შეესაბამება მოცემულ შემთხვევაში სამართალდარღვევის სიმძიმე მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობის ღონისძიებებს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი; ამ ნორმის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ერთობლიობაში უნდა შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათი ანალიზის საფუძველზე დაადგინოს არსებობს თუ არა მოპასუხისათვის საბაჟო გადასახადის დარიცხვის საფუძველი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო

საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1" ქვეპუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «..." საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.