ბს-280-270(კ-09) 13 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ ე. მ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ თბილისის სარეგისტრაციო სამსახური
მესამე პირი _ ი. ბ-შვილი
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2004 წლის 6 თებერვალს ე. მ-ოვამ (ამჟამად ე. მ-ძემ) სარჩელი აღძრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე - თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2004 წლის 22 იანვარს გამოცემული ¹მ-25 ადმინისტრაციული აქტის, 2001 წლის 21 ივნისს გამოცემული საინვენტარიზაციო გეგმის, 2001 წლის 25 ივნისის ადმინისტრაციული აქტისა და 2001 წლის 28 სექტემბრის ცნობა-დახასიათების ბათილად ცნობა /იხ.ს.ფ. 2-3, ტ.I/.
საქმის გარემოებები:
ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2004 წლის 22 იანვრის ¹მ-25 წერილით გაირკვა, რომ თბილისში, ... ქ. ¹95-ში მდებარე სახლის 1/2 წილი, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 16 აგვისტოს ¹2/1163 გადაწყვეტილებით, ეკუთვნოდა მ. ვ-იანს. ამასთან, რადგან სახლს ჰყავდა ორი მფლობელი, სახლის მეორე ნახევარი - 1/2 წილი დარჩა პ. მ-ოვს.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
მოსარჩელის მითითებით, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 16 აგვისტოს ¹2/1163 გადაწყვეტილებით, მამამისის კუთვნილ სახლში მცხოვრებ მ. ვ-იანს განესაზღვრა საკუთრების უფლება სახლის 1/2 რეალურ წილზე. აღნიშნული გადაწყვეტილება იმავე რაიონულმა სასამართლომ 2002 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ბათილად ცნო, რაც შევიდა კანონიერ ძალაში. ამის შემდეგ მოსარჩელემ მოითხოვა მასალები ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურიდან. მასალებში, კერძოდ კი რომ მითითებული სამსახურის მიერ გ. ვ-იანზე გაცემულ საინვენტარიზაციო გეგმასა და 2001 წლის 25 ივნისის ¹12-884 წერილში აღმოჩნდა, რომ სახლის 1/2 წილის მესაკუთრედ მოიხსენიებოდა მოსარჩელის მამა - პ. მ-ოვი, ხოლო 1/2 წილის მესაკუთრედ _ მ. ვ-იანი. ამავე სამსახურის მიერ 2001 წლის ივნისამდე გაცემულ სხვა საინვენტარიზაციო გეგმებში არსად არ იყო აღნიშნული სახლის ნაწილებად დაყოფა, ასევე არაფერი იყო ნათქვამი სამსახურის მიერ 2001 წლის 29 ივნისს გაცემულ ცნობაში.
სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:
ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2004 წლის 22 იანვრის ¹მ-25 წერილი, როგორც ადმინისტრაციული აქტი, ეწინააღმდეგება კანონს და უხეშად არღვევს მოსარჩელის, როგორც ... ქ. ¹95-ში მდებარე სახლის მესაკუთრის (პ. მ-ოვის კანონიერი მემკვიდრის), უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. ამასთან, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ 2001 წლის 16 აგვისტოს ¹2/1163 გადაწყვეტილება გამოიტანა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 311-ე მუხლის დარღვევით, რადგან იმავე მოსამართლეს გაცილებით ადრე, წარმოებაში ჰქონდა მიღებული ე. მ-ოვას სასარჩელო განცხადება სახლზე საკუთრების უფლების დადგენის შესახებ.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. მ-ოვას მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2004 წლის 22 იანვარს გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, შესაბამისად, ასევე ბათილად იქნა ცნობილი ამავე სამსახურის 2001 წლის 21 ივნისის საინვენტარიზაციო გეგმა, 2001 წლის 25 ივნისის ადმინისტრაციული აქტი და 2001 წლის 28 სექტემბრის ცნობა-დახასიათება /იხ.ს.ფ. 34-38, ტ.I/.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 2004 წლის 5 ივლისის განჩინებით დასაშვებად ცნო ლ. ვ-იანის წარმომადგენელ ნ. ბ-შვილისა და ი. ბ-შვილის განცხადება თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ /იხ.ს.ფ. 1, ტ.II/.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 2005 წლის 11 აპრილის განჩინებით ბათილად ცნო თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა /იხ.ს.ფ. 62, ტ. II/.
საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მესამე პირმა ი. ბედოშვილმა არ ცნო ე. მ-ძის სარჩელი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 108, ტ. II/.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2004 წლის 22 იანვრის ადმინისტრაციული აქტი, შესაბამისად _ ამავე სამსახურის მიერ გაცემული 2001 წლის 21 ივნისის საინვენტარიზაციო გეგმა და მათი შედეგები, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
ი. ბ-შვილის ადვოკატმა გ. ნ-ძემ და ლ. ვ-იანის წარმომადგენელმა ნ. ბ-შვილმა იშუამდგომლეს, საქმეში მესამე პირად ჩართულიყვნენ ლ. ვ-იანი, როგორც მ. ვ-იანის წარმომადგენელი და ი. ბ-შვილი, რადგან საქმე მათ საკუთრებასა და ინტერესებს შეეხებოდა, ხოლო ე. მ-ოვას წარმომადგენელმა ნ. ჩ-ელმა იშუამდგომლა, რომ საქმე განხილულიყო მოპასუხის დაუსწრებლად და რაიონულ სასამართლოს მიეღო გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდებოდა ე. მ-ოვას სარჩელი და საქმეში მესამე პირებად არ ჩართულიყვნენ ი. ბ-შვილი და ლ. ვ-იანი, რამდენადაც განსახილველ საქმეზე არ იყო წარმოდგენილი ი. ბ-შვილის მიერ სახლის სადავო ნაწილის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა; იგი არ ესწრებოდა სხდომას და მის ადვოკატს საერთოდ არ ჰქონდა ი. ბ-შვილისაგან სპეციალური მინდობილობით მინიჭებული ასეთი მოთხოვნის უფლებამოსილება, ხოლო ლ. ვ-იანსა და მის წარმომადგენელ ნ. ბ-შვილს არ გააჩნდათ მინდობილობა მ. ვ-იანისაგან საქმის წარმოების შესახებ. რწმუნებულება, რომელიც საქმეში იდო, ვადაგასული იყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ. ვ-იანსა და მის წარმომადგენელ ნ. ბ-შვილს საქმეში მხარედ მონაწილეობის უფლება არ გააჩნდათ, ვინაიდან სადავო აქტები მათ საკუთრებასა და კანონიერ ინტერესებს ვერანაირ ზიანს ვერ აყენებდა. ასევე აღსანიშნავი იყო, რომ გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მ. ვ-იანს განესაზღვრა საკუთრების უფლება ... ქ. ¹95-ში მდებარე სახლთმფლობელობის 1/2 რეალურ წილზე, ბათილად იქნა ცნობილი იმავე სასამართლოს 2002 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, რაც შევიდა კანონიერ ძალაში.
ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ 2001 წლის 21 ივნისს გაცემულ საინვენტარიზაციო გეგმაში, ამავე სამსახურის მიერ გაცემულ 2001 წლის 25 ივნისის ¹12-884 წერილში, 2001 წლის 28 სექტემბრის ¹3-285 ცნობა-დახასიათებასა და საინვენტარიზაციო გეგმაში, უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისში, ... ქ. ¹95-ში,½1/2 წილის მესაკუთრედ მოიხსენიებოდა მოსარჩელის მამა აწ გარდაცვლილი პ. მ=ოვი, ხოლო სახლის დანარჩენ 1/2 წილის მესაკუთრედ კი _ მ. ვ=იანი. ამავე სამსახურის მიერ ე. მ-ოვას სახელზე გაცემული იყო 2001 წლის 9 აგვისტოს ცნობა-დახასიათება ¹მ/585, რომლის თანახმადაც უძრავი ქონების წილობრივი დაყოფა არ იყო ფიქსირებული. ასევე, ამავე სამსახურის მიერ 2001 წლის ივნისამდე გაცემულ საინვენტარიზაციო გეგმაში წილობრივი საკუთრება არ ფიქსირდებოდა. 2003 წლის 16 ივნისის ¹24-2080 ცნობით დადგინდა, რომ სამსახურის მოვალეობაში არ შედიოდა თავისი ინიციატივით დაედგინა ერთ-ერთი მფლობელის წილობრივი საკუთრება საერთო სახლის ნაწილზე.
რაიონული სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ აქტად ითვლებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებაში შემავალი საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყოლოდა სამართლებრივი შედეგი. ამავე მუხლის «ბ» ქვეპუნქტისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემული იყო ადმინისტაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესებზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, უფლებამოსილი იყო, აღეძრა სარჩელი იმ ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, რომლის მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
კონკრეტულ შემთხვევაში, ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ გამოცემული სადავო აქტები და ამავე სამსახურის ქმედება პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მოსარჩელეს, როგორც მემკვიდრის კანონიერ ინტერესს, მიეღო საკუთრების უფლება აღნიშნულ სახლთმფლობელობაზე. ასევე, თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურმა წერილობით აღიარა, რომ არ ჰქონდა საკუთარი ინიციატივით წილობრივი დანაწილების უფლება.. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც ეყრდნობოდა გასაჩივრებული აქტები, ბათილად არის ცნობილი ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით /იხ.ს.ფ. 110-116, ტ.II/.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე ე. მ-ოვამ (ე. მ-ძემ), რომელმაც მოითხოვა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 ივლისის განჩინების, 2005 წლის 11 აპრილის განჩინების, 2005 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება /იხს.ფ. 171-174, ტ.II/.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ბ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში /იხს.ფ. 122-124, ტ.II/.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 16 ივნისის განჩინებით ი. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, რაც მან კერძო საჩივრით გაასაჩივრა /იხ.ს.ფ. 135-137, ტ.II/.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთ პალატის 2005 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ი. ბ-შვილის კერძო საჩივარი; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 16 ივნისისა და 8 ივლისის განჩინებები /იხ.ს.ფ. 158-163, ტ.II/.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 იანვრის განჩინებით მოპასუხე - ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის უფლებამონაცვლედ დადგინდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე ი. ბ-შვილი ჩაბმულ იქნა მესამე პირად /იხ.ს.ფ. 250, ტ.II/.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. მ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ი. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლომ მიიღო ახალი გადაწყვეტილება; ე. მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურმა 2001 წლის 21 ივნისს დაამზადა მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების (მდებარე ქ. თბილისში, ... ქ. ¹95-ში, რომლის 1/2 წილი ირიცხებოდა პ. მ-ოვზე, ხოლო 1/2 წილი _ მ. ვ-იანზე) საინვენტარიზაციო გეგმის ასლი. ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2001 წლის 25 ივნისის ¹12-884 წერილით ნაძალადევის რაიონის ადვოკატურის გამგეს მის მიმართვაზე ეცნობა, რომ ... ქ. ¹95-ში მდებარე სახლის 1/2 წილი ირიცხებოდა პ. მ-ოვზე, 1/2 წილი კი _ მ. ვ-იანზე. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2001 წლის 28 სექტემბრის ¹3-285 ცნობა-დახასიათება სანოტარო ბიუროში წარსადგენად მიეცა მ. ვ-იანს თავისი წილის გასაფორმებლად მასზედ, რომ თბილისში, ... ქ. ¹95-ში მდებარე სახლთმფლობელობა ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მასალებში პირადი საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო მოქალაქეებზე: ვ-იანი მ. პ. ძე - წილობირივი მონაწილეობა და ბინის ტექნიკური დახასიათება: 1/2; მ-ოვი პ. მ. ძე - წილობრივი მონაწილეობა და ბინის ტექნიკური დახასიათება: 1/2; 2001 წლის 28 სექტემბრის ¹3-285 ფორმა ¹6 ამოწერილ იქნა სარეგისტრაციო წიგნიდან. სახლი აღირიცხა 1961 წელს.
2001 წლის 10 აგვისტოს გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის თანახმად, 172 წელს გარდაცვლილი პ. მ-ოვის მემკვიდრედ ცნობილ იქნა მისი შვილი _ ე. მ-ოვა, მცხოვრები ... ქ. ¹95-ში. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი სამკვიდროს დამტოვებელს ეკუთვნოდა თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 09.08.2001 წელს გაცემული ¹მ/585 სარეგისტრაციო მოწმობით. ¹მ/585 ცნობა-დახასიათებით განიმარტა, რომ კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა რეგისტრირებული უნდა ყოფილიყო საჯარო რეესტრში. თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს 2001 წლის 28 სექტემბრის ¹მ/585 ცნობა-დახასიათება სანოტარო ბიუროში წარსადგენად მიეცა ე. მ-ოვას მემკვიდრეობის გასაფორმებლად მასზე, რომ თბილისში, ... ქ. ¹95-ში მდებარე სახლთმფლობელობა ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მასალებში პირადი საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო მოქალაქეებზე: მ-ოვი პ. მ. ძე და ვ-იანი მ. პ. ძე.
სააპელაციო პალატამ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და განმარტა, რომ მითითებული კოდექსის 2.1. «დ» მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის, პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2001 წლის 21 ივნისის მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების (მდებარე ქ. თბილისში, ... ქ. ¹95-ში, რომლის 1/2 წილი ირიცხებოდა პ. მ-ოვზე, ხოლო 1/2 წილი _ მ. ვ-იანზე) საინვენტარიზაციო გეგმის ასლი არ ჩაითვლებოდა საქარტველოს ზოგადი ამდინისტრაციული კოდექსის 2.1. «დ» მუხლით რეგლამენტირებულ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, ვინაიდან კონკრეტული მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების საინვენტარიზაციო გეგმის ასლის დამზადება არ წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებას მოქალაქეთა თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის წილების გადანაწილების თაობაზე, არამედ აღნიშნული წარმოადგენდა ამ სამსახურში დაცულ, ტექნიკური ხასიათის ინფორმაციის ასლს, რომელიც მოიცავდა ტექნიკური აღრიცხვის, ინვენტარიზაციის, პასპორტიზაციის, საინვენტარიზაციო ნახაზების შედგენასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ქ. თბილისში, ... ქ. ¹95-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული სხვა უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობის, საზღვრების შესახებ.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავოდ გამხდარი ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2001 წლის 25 ივნისის ¹12-884 წერილი ნაძალადევის რაიონის ადვოკატურისადმი, სანოტარო ბიუროში წარსადგენი თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2001 წლის 28 სექტემბრის ¹3-285 ცნობა-დახასიათება და ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2004 წლის 22 იანვრის ¹მ/25 წერილი მოქ. ე. მ-ოვასადმი - აგრეთვე არ ჩაითვლებოდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. «დ» მუხლით რეგლამენტირებულ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, ვინაიდან ისინი ასევე არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებას მოქალაქეთა თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის წილების გადანაწილების თაობაზე და არ იყო ინფორმაციული ხასიათის ცნობები, რომლითაც ნაძალადევის რაიონის ადვოკატურას, სანოტარო ბიუროს, ე. მ-ოვას მიეწოდათ მათთან დაცული ინფორმაცია ქ. თბილისში, ... ქ. ¹95-ში მდებარე მოქალაქეთა თანასაკუთრებაში არსებული სახლთმფლობელობის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მის მიერ ადმინისტრაციულ აქტებად მიჩნეული, ინფორმაციული ხასიათის დოკუმენტების ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, უსაფუძვლობის გამო /იხ.ს.ფ. 46-57/.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. მ-ძემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტიების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:
კასაციის მოტივი:
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. ამასთან, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც მისი ბათილად ცნობის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
კასატორის მოსაზრებით, გადაწყვეტილება გამოტანილია იმ მოსამართლის მიერ, რომელიც ადრე მონაწილეობდა ამ საქმის განხილვაში. ამდენად, მან საქმე განიხილა მიკერძოებულად, ვინაიდან საკუთარი აზრი გამოთქმული ჰქონდა წინა გადაწყვეტილებაში. სასამართლომ ასევე არსებითად დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, რამაც არსებითად იმოქმედა გადაწყვეტილების გამოტანაზე. კონკრეტულ შემთხვევაში, ი. ბ-შვილი არასწორად იქნა ჩართული საქმეში მესამე პირად და სასამართლომ მას უკანონოდ მისცა უფლება, მხარეთა კამათის დროს შეეცვალა მოთხოვნა და სწორედ ეს შეცვლილი მოთხოვნა დაუკმაყოფილა. კასატორის აზრით, ი. ბ-შვილს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები არანაირად არ აყენებს პირდაპირ და უშუალო ზიანს. ეს აქტები ტექნიკური აღრიცხვის სამსახურმა შეადგინა ყალბად, რომლის საფუძველზეც მ. ვ-იანმა აღრიცხა სახლის 1/2 ნაწილი საკუთრების უფლებით, რის საფუძველზეც სასამართლომ დაადგინა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი და მ. ვ-იანი ცნო ... ქ. ¹95-ში მდებარე სახლის 1/2-ის მესაკუთრედ. ასევე, ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის პასუხით ირკვევა, რომ მათ არ გააჩნდათ უფლებამოსილება, თვითნებურად გაეყოთ (დაედგინათ) წილები, შესაბამისად, გასაჩივრებული აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში ადმინისტრაციულ-სამართლებრივ საკითხებზე 2006 წლის 19 თებერვალს, 2 აპრილს, 2007 წლის 21 ივლისსა და 7 ოქტომბერს შემდგარ მოსამართლეთა შეხვედრებზე ჩამოყალიბდა რეკომენდაციები, მათ შორის, რეკომენდაცია ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად ამა თუ იმ უწყების მიერ გაცემული დოკუმენტის ჩათვლის თაობაზე. რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ ზაკ-ის 2.1. «დ» მუხლი ადმინისტრაციულ აქტად ასევე ასახელებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ან დადასტურებულ დოკუმენტს, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ სასამართლოს მიერ იმის გასარკვევად, მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან თუ ამ ორგანოს მიერ გაცემულ ინფორმაციასთან, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, გააჩნია თუ არა ცნობის მომთხოვნ პირს ინტერესი, მიიღოს ისეთი ცნობა, რომლითაც ადმინისტრაციული ორგანო აღიარებს მის უფლებას. თუ პირს გააჩნია ასეთი ინტერესი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი ვერ ჩაითვლება ინფორმაციის გაცემად და იგი მიჩნეულ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ეწინააღმდეგება ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას და საკასაციო საჩივრის განხილვა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საკითხის ირგვლივ ჩამოყალიბდეს ერთიანი მიდგომა /იხ.ს.ფ. 68-77/.
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ წერილობით მოსაზრებაში ი. ბ-შვილის წარმომადგენელმა ი. ბ-ძემ განმარტა, რომ ე. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე /იხ.ს.ფ./.
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 25 მაისის განჩინებით ე. მ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. «გ» პუნქტის საფუძველზე /პროცესუალური კასაცია/.
საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის _ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელმა არ ცნო საკასაციო საჩივარი, მოითხოვა საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება /იხ.ს.ფ/.
საკასაციო სასამართლომ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეებს შესთავაზა მორიგება, რაც მიღწეულ ვერ იქნა. ამდენად, საქმის განხილვა გადაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდადარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დაურღვევია სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; სასამართლომ სწორად განმარტა კანონი; საპროცესო ნორმები არ დარღვეულა; სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ე. მ-ძეს არ წარმოუდგენია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2. მუხლის საფუძველზე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურმა 2001 წლის 21 ივნისს დაამზადა მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების (მდებარე ქ. თბილისში, ... ქ. ¹95-ში, რომლის 1/2 წილი ირიცხებოდა პ. მ-ოვზე, ხოლო 1/2 წილი _ მ. ვ-იანზე) საინვენტარიზაციო გეგმის ასლი. ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2001 წლის 25 ივნისის ¹12-884 წერილით ნაძალადევის რაიონის ადვოკატურის გამგეს მის მიმართვაზე ეცნობა, რომ ... ქ. ¹95-ში მდებარე სახლის 1/2 წილი ირიცხებოდა პ. მ-ოვზე, 1/2 წილი კი _ მ. ვ-იანზე. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2001 წლის 28 სექტემბრის ¹3-285 ცნობა-დახასიათება სანოტარო ბიუროში წარსადგენად მიეცა მ. ვ-იანს თავისი წილის გასაფორმებლად მასზე, რომ თბილისში, ... ქ. ¹95-ში მდებარე სახლთმფლობელობა ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მასალებში პირადი საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო მოქალაქეებზე: ვ-იანი მ. პ. ძე – წილობირივი მონაწილეობა და ბინის ტექნიკური დახასიათება: 1/2; მ-ოვი პ. მ. ძე - წილობრივი მონაწილეობა და ბინის ტექნიკური დახასიათება: 1/2; 2001 წლის 28 სექტემბრის ¹3-285 ფორმა ¹6 ამოწერილ იქნა სარეგისტრაციო წიგნიდან. სახლი აღირიცხა 1961 წელს.
2001 წლის 10 აგვისტოს გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის მიხედვით, 1972 წელს გარდაცვლილი პ. მ-ოვის მემკვიდრედ ცნობილ იქნა მისი შვილი ე. მ-ოვა, მცხოვრები ... ქ. ¹95-ში. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი სამკვიდროს დამტოვებელს ეკუთვნოდა თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 09.08.2001 წელს გაცემული ¹მ/585 სარეგისტრაციო მოწმობით. ¹მ/585 ცნობა-დახასიათებით განიმარტა, რომ კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა რეგისტრირებული უნდა ყოფილიყო საჯარო რეესტრში. თბილისის ტექინვენტარიზაციის ბიუროს 2001 წლის 28 სექტემბრის ¹მ/585 ცნობა-დახასიათება სანოტარო ბიუროში წარსადგენად მიეცა ე. მ-ოვას მემკვიდრეობის გასაფორმებლად მასზე, რომ თბილისში, ... ქ. ¹95-ში მდებარე სახლთმფლობელობა ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მასალებში პირადი საკუთრების უფლებით რეგისტრირებული იყო მოქალაქეებზე: მ-ოვი პ. მ. ძე და ვ-იანი მ. პ. ძე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი «მიწის რეგისტრაციის შესახებ» კანონით დადგენილი იყო უძრავი ქონების მიმართ უფლებათა სახელმწიფო რეგისტრაციის წესი, კერძოდ, კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო ფურცელი დგებოდა თითოეულ მიწის ნაკვეთზე და მოიცავდა ინფორმაციას ამ ნაკვეთსა და მასზე არსებული სხვა უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობისა და საზღვრების შესახებ, ასევე რეგისტრირებული უფლებების ობიექტების გეგმას (გრაფიკული ასახვა მოცემული იყო ცალკე კადასტრულ რუკაზე). კანონის 2.5. მუხლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო რეგისტრაცია ხდებოდა საჯარო რეესტრში ამ კანონით განსაზღვრული ჩანაწერის ერთიანი სისტემის მიხედვით, ხოლო 66-ე მუხლის შესაბამისად, მიწისა და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების რეგისტრაცია რეგისტრატურაში ხდებოდა. დგებოდა და ინახებოდა გეოგრაფიული ზონის რეგისტრაციის კადასტრული რუკა და მიწის სარეგისტრაციო ბარათები, ასევე საკუთრების უფლების გადასავლასთან დაკავშირებული ყველა ხელშეკრულება და სხვა აქტები, რომლებიც შეეხებოდა უფლებას მიწასა და უძრავ ქონებაზე.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასაციის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება ჩამოაყალიბა სადავო აქტებთან დაკავშირებით და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების (მდებარე, თბილისში, ... ქ. ¹95-ში) 2001 წლის 21 ივნისს დამზადებული საინვენტარიზაციო გეგმის ასლი, არ წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. «დ» მუხლით რეგლამენტირებულ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რამდენადაც, ასეთად მიიჩნევა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საინვენტარიზაციო გეგმის ასლის დამზადება არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებას მოქალაქეთა თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის წილების გადანაწილების თაობაზე, არამედ აღნიშნული განეკუთვნება ამ სამსახურში დაცული ტექნიკური ხასიათის ინფორმაციას და მოიცავს ტექნიკური აღრიცხვის, ინვენტარიზაციის, პასპორტიზაციის, საინვენტარიზაციო ნახაზების შედგენასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ქ. თბილისში, ... ქ. ¹95-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული სხვა უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობისა და საზღვრების შესახებ.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სადავოდ გამხდარი, ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2001 წლის 25 ივნისის ¹12-884 წერილი ნაძალადევის რაიონის ადვოკატურისადმი, სანოტარო ბიუროში წარსადგენი, თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2001 წლის 28 სექტემბრის ¹3-285 ცნობა-დახასიათება და ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2004 წლის 22 იანვრის ¹მ/25 წერილი მოქ. ე. მ-ოვასადმი - აგრეთვე არ განეკუთვნება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. «დ» მუხლით რეგლამენტირებულ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რამდენადაც მითითებული დოკუმენტები ასევე არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებას მოქალაქეთა თანასაკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის წილების გადანაწილების თაობაზე, არამედ ისინი განეკუთვნება ინფორმირებული ხასიათის ცნობებს, რომლითაც ნაძალადევის რაიონის ადვოკატურას, სანოტარო ბიუროს, ე. მ-ოვას ეცნობათ ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული ინფორმაცია ქ. თბილისში, ... ქ. ¹95-ში მდებარე მოქალაქეთა თანასაკუთრებაში არსებული სახლთმფლობელობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასაციის მოტივს, რომ ი. ბ-შვილი არის არასათანადო მხარეს, რამდენადაც ი. ბ-შვილი წარმოადგენს ქალაქ თბილისში, ... ქუჩა ¹95-ში მდებარე სახლთმფლობელობის წილის მესაკუთრეს. ამდენად, ის წარმოადგენს იმ დაინტერესებულ საპროცესო სუბიექტს, რომელსაც უფლება ჰქონდა, სსსკ-ის 422-ე მუხლის საფუძველზე მიემართა სასამართლოსათვის განცხადებით და მოეთხოვა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასაციის მოტივს ი. ბ-შვილის არასათანდო მხარედ მიჩნევასთან დაკავშირებით, მისი იურიდიული დაუსაბუთებლობის გამო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს ე. მ-ძის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.