Facebook Twitter

ბს-282-272(3კ-09) 30 მარტი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს “...-ის”, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 15 ივნისს შპს “...-მ” სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსა და გორის საგადასახადო ინსპექციის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა: შპს “...-ის” ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2007 წლის 28 თებერვლის ¹466-ს ბრძანების, აუქციონის მსვლელობისა და შედეგების შესახებ გორის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 15 იანვრის ¹1 ოქმის (შპს “...-ის” ქონების აუქციონზე რეალიზაციის თაობაზე) ბათილად ცნობა; გორის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2007 წლის 15 იანვარს კასპის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 დეკემბრის ¹3-98 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, შპს “...-ის” ქონებაზე ჩატარებული აუქციონისა და ამ აუქციონის შედეგების ბათილად (იურიდიული მნიშვნელობის არმქონედ) ცნობა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2007 წლის 30 მაისის (¹88 სხდომის ოქმი) გადაწყვეტილების (გადაგზავნილი 2007 წლის 6 ივნისით დათარიღებული ¹05-04/5803 წერილით) ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 1 ოქტომბრის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს “სკ.-ა”.

შპს “...-მ” დაზუსტებული სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს, გორის საგადასახადო ინსპექციისა და შპს “სკ.-ის” მიმართ. მოსარჩელემ დამატებით მოითხოვა: შპს “...-ის” ქონებაზე ჩატარებულ აუქციონზე, გორის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2007 წლის 22 იანვარს გაცემული, შეძენილ ქონებაზე უფლების მიღების ¹... სერტიფიკატის (მოწმობის) ბათილად ცნობა; როგორც აუქციონისა და გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობის თანამდევი შედეგი, გორის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2007 წლის 15 იანვარს კასპის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 დეკემბრის ¹3-98 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ჩატარებული აუქციონის შედეგად მიღებული ქონების შპს “...-თვის” გადაცემის შპს “სკ.-თვის” დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ¹3/2069-07 ადმინისტრაციულ საქმეზე შპს “...-ის” დაზუსტებული სარჩელი მოპასუხე შპს “სკ.-ის” მიმართ, ნივთის ფაქტიურ მფლობელობაში დაბრუნების თაობაზე, განსჯადობის წესის დაცვით, გადაეგზავნა უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 19 მაისის განჩინებით, დაუშვებლობის გამო, შეწყდა მოსარჩელე შპს “...-ის” სარჩელზე საქმის წარმოება გორის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2007 წლის 15 იანვარს კასპის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 დეკემბრის ¹3-98 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, შპს “...-ის” ქონებაზე ჩატარებული აუქციონის ბათილად, იურიდიული ძალის არმქონედ ცნობის, აგრეთვე, აუქციონის მსვლელობისა და შედეგების შესახებ გორის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 15 იანვრის ¹1 ოქმის ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნათა ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით შპს “...-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2007 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება (ასახული 2007 წლის 6 ივნისის ¹05-04/5803 წერილში); ბათილად იქნა ცნობილი შპს “...-ის” საჩივრის დაკმაყოფილებაზე (განხილვაზე) უარის თქმის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2007 წლის 28 თებერვლის ¹466-ს ბრძანება; მოსარჩელეს უარი ეთქვა გორის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 22 იანვრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღების ¹49 სერტიფიკატის (მოწმობის) ბათილად ცნობაზე; მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 5360 ლარის გადახდა სოლიდარულად დაეკისრათ მოპასუხეებს _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელე შპს “...-ის” სასარგებლოდ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა შპს “...-მ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი და მოსარჩელეს აუნაზღაურდა სახელმწიფო ბაჟი და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი და მოსარჩელეს აუნაზღაურდა სახელმწიფო ბაჟი და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა შპს “...-მ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებულ ნაწილში მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლისა და 11 მარტის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს “...-ის” საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, 2009 წლის 26 თებერვლისა და 11 მარტის განჩინებების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივრები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “...-ის”, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან შპს “...-ს” საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 8000 ლარის ოდენობით, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “...-ის”, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 ოქტომბრის განჩინება;

3. შპს “...-ს” დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 5600 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.