Facebook Twitter
ბს-28-28(კ-09) 11 ივნისი, 2009წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე

სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი

კასატორი – ზ. ჯ-ავა

მოწინააღმდეგე მხარეები – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი; წარმომადგენელი – თ. ფ-ძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – უფლების აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2006 წლის 7 დეკემბერს ზ. ჯ-ავამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, უფლების აღდგენის თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1992 წლის 19 ოქტომბრიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე ირიცხებოდა აფხაზეთის ყოფილი სამხედრო პოლიციის სამმართველოში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აფხაზეთის სამხედრო პოლიციის სამმართველოს უფროსის ¹210 ბრძანებით ზ. ჯ-ავა ჩაირიცხა სამხედრო პოლიციის სამმართველოში .... საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამხედრო კომისარიატის ¹210 ბრძანების საფუძველზე გაიცა ცნობა შეღავათების მიღების მიზნით.
საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ¹134 ბრძანებით აღრიცხვიანობის წესრიგში მოყვანის მიზნით, გაუქმებული ნაწილებისა და შენაერთების პირადი შემადგენლობა, გარდა იმ სამხედრო მოსამსახურეებისა, რომლებიც დანიშნულნი იყვნენ შეიარაღებულ ძალებში თანამდებობებზე, სამხედრო ნაწილების გაუქმების დღიდან ორი თვის შემდეგ, მათ შორის მოსარჩელეც, ითვლებოდნენ დათხოვნილად ნამდვილი სამხედრო სამსახურიდან და თადარიგში ჩარიცხულად 1994 წლის 6 ივლისიდან (ამონაწერი გაცემული 1995 წლის 17 მარტს). მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ იგი ირიცხებოდა სამხედრო პოლიციის სიებში (ამონაწერი გაცემული 2006 წლის 3 ნოემბერს ¹კოლ/207), რასაც ადასტურებს სამხედრო პოლიციის ომის ვეტერანთა და ინვალიდთა კავშირის მიერ გაცემული საბრძოლო მოკვლევა. საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების 2006 წლის 19 მაისის მოწმობის ნიმუშების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის ¹1058 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე ¹323 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების დამადასტურებელ ძველ ნიმუშებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდათ 2006 წლის 1 აგვისტომდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2 აგვისტოდან პენსიის მიღება შეუჩერდათ იმ ვეტერანებს, რომლებსაც ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლიათ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტში. აღნიშნულს მოსარჩელე ადასტურებს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის მიერ გაცემული ამონაწერით. მოსარჩელის განმარტებით, მან მიმართა ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს და მოითხოვა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის გაცემა, ხოლო მათ მოსთხოვეს თავდაცვის სამინისტროდან წარმოედგინა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ცნობა. თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტმა უარი განაცხადა ასეთი ცნობის გაცემაზე იმ მოტივით, რომ მათ არ მოეპოვებათ ინფორმაცია ზ. ჯ-ავას საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი ვერ სარგებლობს იმ კანონიერი უფლებებით, რაც გათვალისწინებულია ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართევლოს კანონით. ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12, მე-13, მე-15 და მე-17 მუხლების თანახმად, ირღვევა მოსარჩელის ინტერესები და უფლებები, რის გამოც სარჩელი ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ცნობის გაცემის ნაწილში არ დაეთანხმა და მოითხოვა ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით ზ. ჯ-ავას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს დაევალა ზ. ჯ-ავაზე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემა; ზ. ჯ-ავას სარჩელი მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ცნობის გაცემის დავალების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლო გადაწყვტილებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აფხაზეთის სამხედრო პოლიციის სამმართველოს უფროსის 1992 წლის 19 ოქტომბრის 210 ბრძანებით ჯ-ავა ზ. ნ. ასული ჩაირიცხა სამხედრო პოლიციის სამმართველოში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამხედრო კომისარიატის მიერ 1999 წლის 21 დეკემბერს გაცემული ¹1218/1 ცნობის თანახმად, ზ. ჯ-ავა 1992 წლის ოქტომბრიდან 1993 წლის სექტემბრამდე იმყოფებოდა სამხედრო სამსახურში და არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე. აღნიშნული ცნობა გაიცა შეღავათების მისაღებად, რომელიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით, სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის. მთავარსარდლის 1994 წლის 6 ივლისის ბრძანებით გაუქმდა სამხედრო პოლიციის სამმართველო და მის დაქვემდებარებაში მყოფი შენაერთები და აღრიცხვიანობის წესრიგში მოყვანის მიზნით გაუქმებული ნაწილებისა და შენაერთების პირადი შემადგენლობა, გარდა იმ სამხედრო მოსამსახურეებისა, რომლებიც დანიშნულნი იყვნენ შეიარაღებულ ძალებში თანამდებობებზე, სამხედრო ნაწილების გაუქმების დღიდან ორი თვის შემდეგ ჩაითვალნენ დათხოვნილად ნამდვილი სამხედრო სამსახურიდან და თადარიგში ჩარიცხულად 1994 წლის 6 ივლისიდან. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის 2006 წლის 3 ნოემბრის ¹კოლ/207 საპასუხო წერილიდან დგინდება, რომ ზ. ჯ-ავა ირიცხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მცხოვრებლების საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის ოქმით გადმოცემულ სამხედრო პოლიციის სიებში. აფხაზეთის ომის ინვალიდთა და ვეტერანთა კავშირი ,,სოხუმის” 2006 წლის 2 მაისის ¹1/416 საბრძოლო მოკვლევიდან დგინდება, რომ აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ზ. ჯ-ავა ირიცხებოდა აფხაზეთის ყოფილი სამხედრო პოლიციის სამმართველოში ... შტატში 1992 წლის 19 ოქტომბრიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე. აღნიშნულს ადასტურებს აფხაზეთის ყოფილი სამხედრო პოლიციის სამმართველოს უფროსი, თადარიგის პოლკოვნიკი ს. ა-ია, ყოფილი სამხედრო პოლიციის სამმართველოს გულრიფშის ასეულის მეთაური, თადარიგის მაიორი ე. შ-ავა, სამხედრო პოლიციის შრომის ასეულის ზემდეგი ჯ. ქ-ავა. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის აფხაზეთის ავტონომიური რესპულიკის ფილიალის 2006 წლის 10 ნოემბრის ¹25/70 საპასუხო წერილიდან ირკვევა, რომ ზ. ჯ-ავას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილის პენსიის ჩარიცხვა შეუწყდა ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტიდან ახალი ნიმუშის ვეტერანის მოწმობის წარმოუდგენლობის გამო, ხოლო აღნიშნულის წარმოდგენის შემთხვევაში პენსია იქნებოდა აღდგენილი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹ ხ/2415 წერილის თანახმად, საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004 წლის 20 ივლისის ¹175 ბრძანებით დამტკიცებული ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის პირადობის მოწმობის დამზადების და გაცემის წესის შესახებ” ინსტრუქციის მე-6 მუხლის ,,დ” პუნქტის ,,დ.ა.” ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანმა უნდა წარმოადგინოს ძალოვანი უწყების კადრების ცნობა იმის შესახებ, რომ ფორმირება, რომელშიც პირი მსახურობდა (ჩარიცხული იყო) საბრძოლო მოქმედებების პერიოდში, იმყოფებოდა საბრძოლო მოქმედებების ზონაში და აღნიშნულ პირს მონაწილეობა აქვს მიღებული საბრძოლო ოპერაციებში. ეგრეთ წოდებული ,,ყვითელი ცნობა” წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს, რომელიც ადასტურებს პირის მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში. ადმინისტრაციული აქტის გამოცემა რეგულირდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის 2006 წლის 15 დეკემბრის ¹ ჯ-2397 წერილის თანახმად, ვეტერანის სტატუსის მისანიჭებლად წარდგენილ უნდა იქნეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობა, რომელიც დაადასტურებს საბრძოლო მოქმედებებში ზ. ჯ-ავას მონაწილეობას. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2006 წლის 8 ნოემბრის ¹5910 საპასუხო წერილიდან ირკვევა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 1992-1994 წლების საარქივო მასალებში არ მოიპოვება ინფორმაცია ზ. ჯ-ავას საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ, რის შესახებაც არაერთხელ ეცნობა ზ. ჯ-ავას. ხოლო ზ. ჯ-ავას მიერ წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აფხაზეთის სამხედრო პოლიციის სამმართველოს უფროსის 1992 წლის 19 ოქტომბრის ¹210 ბრძანების ამონაწერი არც შინაარსითა და არც რეგისტრაციის თარიღით არ შეესაბამება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის საარქივო მასალებში არსებულ ამავე წლის ამავე ნომრით რეგისტრირებულ ბრძანებას.
საქალაქო სასამართლომ გამოიყენა «ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დამზადებისა და გაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის» მე-6 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტი და განმარტა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანმა პირადობის მოწმობის დასამზადებლად საჭირო ანკეტის შევსებისათვის უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: ძალოვანი უწყებების კადრების სამსახურის ცნობა იმის შესახებ, რომ ფორმირება, რომელშიც პირი მსახურობდა (ჩარიცხული იყო), საბრძოლო მოქმედების პერიოდში საბრძოლო მოქმედებების ზონაში იმყოფებოდა და მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში. ცნობას დართული უნდა ჰქონდეს მისი გაცემის საფუძველი (ფორმირებაში სამსახურის, ჩარიცხვის ან ამორიცხვის შესახებ, ბრძანებიდან ამონაწერი, მივლინების შესახებ ბრძანებიდან ამონაწერი, საბრძოლო მოკვლევა, სასარჩელო წესით განხილვის შედეგად დეპარტამენტის წარმომადგენლის მონაწილეობით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება. დეპარტამენტის ვეტერანობის დამდგენი კომისიის გადაწყვეტილება). თუ სათანადო ბრძანება არ იყო გაფორმებული და არ მოიპოვება, საჭიროა წარმოდგენილ იქნას ცნობა უწყებიდან, რომლითაც დადასტურდებოდა ასეთი საბუთების მიღების ან მათი მიღების შეუძლებლობა. ასეთ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს საბრძოლო მოკვლევა, რომლის დროსაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა დამტკიცდება სხვა მტკიცებულებებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ქმედება უკანონოა, ვინაიდან ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის სტატუსი მოსარჩელე ზ. ჯ-ავას უკვე მინიჭებული აქვს თავად მოპასუხე მხარისაგან, მის მოთხოვნას წარმოადგენდა მხოლოდ ვადაგასული მოწმობის გამოცვლა და არა გაუქმებული სტატუსის აღდგენა, ვინაიდან აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2001 წლის 18 ივლისის ¹155 ბრძანებით დატკიცებული იყო საბრძოლო მოკვლევის წარმოების წესის შესახებ დებულება. ამავე დებულების მე-14 ნაწილის თანახმად, საბრძოლო მოკვლევით დადგენილი ფაქტების საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურეებს, რეზერვისტებსა და მოქალაქეებს შესაძლებელია დაუდასტურდეთ: ა) შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვა-ამორიცხვა; ბ) საბრძოლო მოქმედების დროს (თავდაცვის მინისტრის, მათი მოადგილეების, კორპუსის მეთაურების მიერ) მათთვის სიტყვიერად მინიჭებული სამხედრო წოდებები. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 3 აპრილის ¹158 ბრძანების თანახმად ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული ,,საბრძოლო მოკვლევის წარმოების წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2001 წლის 18 ივლისის ¹155 ბრძანება. შესაბამისად, მოსარჩელე ზ. ჯ-ავას სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში, როგორც უსაფუძვლო, სასამართლოს მოსაზრებით არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტმა.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 21 დეკემბრის ¹351/ნ ბრძანებულების (რომლითაც დამტკიცებულია დეპარტამენტის დებულება) მე-2 მუხლის ,,ე” პუნქტის თანახმად დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი პირების ზუსტი აღრიცხვა და მათზე ვეტერანის ერთიანი ნიმუშის მოწმობის გაცემა. ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლით, აღნიშნული კანონის დებულებების შესრულების სისტემური კონტროლი ევალება ვეტერანთა დეპარტამენტს. შესაბამისად, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი ვეტერანის სტატუსს კი არ განსაზღვრავს, არამედ აღრიცხავს სხვადასხვა კატეგორიის ვეტერანებს და გასცემს მათზე შესაბამის მოწმობებს, ასევე ევალება ამ საქმის სისტემური კონტროლი და მონიტორინგი, ე.ი. შეუძლია ნებისმიერ დროს დააყენოს ეჭვქვეშ მოწმობის გაცემის საფუძვლიანობა და მოსთხოვოს ვეტერანობის მაძიებელს დამატებითი საბუთების წარმოდგენა, რასაც ადგილი ჰქონდა კონკრეტულ შემთხვევაში.
ამასთან, საქმეში არ მოიპოვება ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის წერილობითი უარი, რაც განსაზღვრულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე და 24-ე მუხლებში. სასამართლომ უარყოფით პასუხად მიიჩნია დეპარტამენტის მიერ თ. ხ-შვილისთვის გაგზავნილი 2006წ. 13 დეკემბრის ¹ხ/2415 წერილი. განცხადება, რომელიც საფუძვლად დაედო დეპარტამენტის აღნიშნულ წერილს, თ. ხ-შვილმა დეპარტამენტში შემოიტანა, როგორც მოქალაქემ და არა, როგორც ზ. ჯ-ავას წარმომადგენელმა, რის გამოც არ არსებობს პირდაპირი ზიანი, რომელიც მიადგა მოსარჩელის ინტერესებს, რასაც ასევე დისპოზიციურად ითხოვს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-24-ე მუხლები. ამასთან, მოსარჩელის მიერ დარღვეულია ერთვიანი გასაჩივრების ვადა, ვინაიდან თ. ხ-შვილმა წერილი ჩაიბარა 14.12.2006წ, ხოლო სარჩელი დეპარტამენტის მიმართ აღძრულია 13.04.2007წ. /იხ.ს.ფ. 85-86.
სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელეზე საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხვისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის რეგიონში საბრძოლო ოპერაციებში მისი მონაწილეობის შესახებ ცნობის გაცემა, ხოლო ზ. ჯ-ავას სარჩელი ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიმართ ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004 წლის 20 ივლისის ¹175 ბრძანებით დამტკიცებული "ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის პირადობის მოწმობის დამზადებისა და გაცემის წესის შესახებ" ინსტრუქციის მე-6 მუხლის "დ" ქვეპუნქტი და განმარტა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანმა უნდა წარმოადგინოს ძალოვანი უწყების კადრების სამმართველოს ცნობა იმის შესახებ, რომ ფორმირება, რომელშიც პირი მსახურობდა (ჩარიცხული იყო) საბრძოლო მოქმედებების პერიოდში, იმყოფებოდა საბრძოლო მოქმედებების ზონაში და აღნიშნულ პირს მონაწილეობა აქვს მიღებული საბრძოლო ოპერაციებში.
სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ზ. ჯ-ავას ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტისათვის არ წარუდგენია ზემოაღნიშნული ინსტრუქციით გათვალისწინებული ცნობა, რაც შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებდა უფლებას, უარი ეთქვა ზ. ჯ-ავას მიმართ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემაზე, რამდენადაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, პირის განცხადების საფუძველზე, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი _ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადასტურებული, გარკვეული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი (ცნობა), რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი, პირისთვის რაიმე უფლების მინიჭების ან სარგებლის მიღების სახით. ასეთი აქტის გამოცემის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს უარი დასაბუთებული უნდა იყოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია საქალაქო სასამართლოს მიერ სარჩელის იმ ნაწილის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა თავდაცვის სამინისტროს დავალდებულებას საბრძოლო მოქმედებებში მისი მონაწილეობის დამადასტურებელი ცნობის გაცემის შესახებ, ვინაიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აფხაზეთის სამხედრო პოლიციის სამმართველოს უფროსის 1992 წლის 19 ოქტომბრის ¹210 და საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 1995 წლის 17 მარტის ¹134 ბრძანებები არ არის გაუქმებული და მათი არსებობა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის დამადასტურებელი ცნობის გაცემის პირდაპირი საფუძველია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილის განჩნებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 05 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილბით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის 2007 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების მე-2 ნაწილის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ. ჯ-ავას სარჩელის მოთხოვნა ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიმართ, ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემის თაბაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკსაციო წესით გაასაჩივრა ზ. ჯ-ავამ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ მას არ ჰქონდა შესაძლებლობა ჯერ კიდევ საქალაქო სასამართლოში წარედგინა კიდევ ერთი დამადასტურებელი მტკიცებულება როგორიცაა შრომის წიგნაკიდან ამონაწერი მუშაობის შესახებ რაც ადასტურებს აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს მისი მონაწილეობის ფაქტს და ასევე თავდაცვის სამინისტროს აფხაზეთის სამხედრო პოლიციის სამმართველოს უფროსის ბრძანება ¹210. ეს მტკიცებულებები სასამართლოსათვის ცნობილი რომ ყოფილიყო, საქმე ასეთი შედეგით არ დასრულდებოდა და სასამართლო გადაწყვეტილებაც ობიქტური და გამჭვირვალე იქნებოდა, რომლითაც დაცული იქნებოდა ზ. ჯ-ავას როგორც სამართლებრივი ისე მატერიალური უფლებები. Aმდენად, სახეზეა კანონის არსწორი განმარტების, მისი არასწორად გამოყენების, არასრული და დაუსაბუთებლი გადაწყვეტილების მიღების ფაქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ჯ-ავას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით, ზ. ჯ-ავას სარჩელის საფუძველზე, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს დაევალა ზ. ჯ-ავაზე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემა, ხოლო ზ. ჯ-ავას სარჩელი, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობის დამადასტურებელი ცნობის გაცემის დავალების ნაწილში, არ იქნა დაკმაყოფილებული.
მითითებული გადაწყვეტილება გასაჩივრდა მხოლოდ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ, რის შედეგადაც მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
საქმის განხილვის მოცემულ ეტაპზე საკასაციო სასამართლოსათვის ცხადია ის პროცესუალური წინააღმდეგობა, რაც თან ახლავს სარჩელის სრული მოცულობით განხილვას, მაგრამ იმავდროულად პრინციპულად მიიჩნევს მოსარჩელის უფლებების დაცვას, მით უფრო, მისი სოციალური სტატუსიდან გამომდინარე და თვლის, რომ სასამართლო ვალდებულია, საქმეში დაცულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, განსაზღვროს, ზ. ჯ-ავა რეალურად მიეკუთვნება თუ არა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანს და ხომ არა აქვს ადგილი მისი უფლებების შელახვას მხოლოდ ფორმალური ნიშნით.
იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში წარმოდგენილია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ეჭვქვეშ აყენებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და, თავის მხრივ, ყურადღებას მიაქცევს შემდეგზე: საქმეში, ს.ფ. 204-ზე წარმოდგენილია ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, საიდანაც ირკვევა, რომ ზ. ჯ-ავა 1992 წლის 10 ოქტომბრის ¹210 ბრძანებით დანიშნულია აფხაზეთის სამხედრო პოლიციის სამმართველოს ... კომენდატურაში, ხოლო 1993 წლის 27 სექტემბრის ¹103 ბრძანებით, სხვა ტერიტორიაზე გადასვლასთან დაკავშირებით, გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან.
საქმეში ს.ფ. 8-ზე დაცულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აფხაზეთის სამხედრო პოლიციის სამმართველოს უფროსის ¹210 ბრძანების ამონაწერი, რომლის შინაარსიც თანხვედრაშია ზ. ჯ-ავას შრომის წიგნაკის ჩანაწერთან და ადასტურებს მისი სამხედრო პოლიციის სამმართველოში დანიშვნის ფაქტს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე ს.ფ. 9-ზე წარმოდგენილ საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ¹134 ბრძანების ამონაწერს, რომლის შინაარსი არსებითად ემთხვევა ამავე ბრძანების დედანს.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ საქმის არსებითად სწორი გადაწყვეტისათვის სააპელაციო სასამართლოს მხრიდან კვლევის საგნად უნდა იქცეს ზემოაღნიშნული ბრძანების დედნები, რომლებიც სათანადო წესით გამოთხოვილი უნდა იყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან.
საკასაციო სასამართლო მით უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნული ბრძანებების დედნის სახით შესწავლა-გამოკვლევას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2006 წლის 08-11 ¹5910 წერილის შინაარსიდან გამომდინარე, სადაც მითითებულია, რომ აფხაზეთის სამხედრო პოლიციის სამმართველოს უფროსის 19.10.92წ. ¹210 ბრძანების ამონაწერი არც შინაარსით და არც რეგისტრაციის თარიღით არ შეესაბამება საარქივო მასალებში არსებულ ამავე წლის ამავე ნომრით რეგისტრირებულ ბრძანებას.
საგულისხმოა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის მხრიდან ვერ იქნა უარყოფილი ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული ¹210 ბრძანება შეეხება აფხაზეთის სამხედრო პოლიციის სამმართველოს პირადი შემადგენლობის თანამდებობებზე დანიშვნის წესს.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, დაუშვებელია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის ¹5910 წერილის შინაარსის უპირობო გაზიარება, რა მოტივითაც საკასაციო სასამართლო სავალდებულოდ მიიჩნევს მითითებული ბრძანებების მხოლოდ დედნების სახით სასამართლოში წარმოდგენას და სიაში ზ. ჯ-ავას თაობაზე ჩანაწერის არსებობის ფაქტის გამოკვლევას თანამშრომელთა უწყვეტი ნუმერაციის გათვალისწინებით. აქვე საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში, ს.ფ. 11-ზე წარმოდგენილ წერილს, რომელიც მიუთითებს ზ. ჯ-ავას აფხაზეთის ა/რესპუბლიკის მცხოვრებთა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტის დამდგენი კომისიის სხდომის ოქმით გადმოცემულ სამხედრო პოლიციის სიებში აღრიცხვის ფაქტზე.
საკასაციო სასამართლო ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს დამატებითი მტკიცებულებების მოძიების გზით ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დამატებით დადგენა-გამოკვლევას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 19.1 მუხლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა ისარგებლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით და საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების შეკრება-მოძიების გზით მოახდინოს მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვა, რაც უზრუნველყოფს საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილების მიღებას, რა მიზნითაც საქმეს ხელახალი განხილვისათვის უბრუნებს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. ჯ-ავას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.