საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-291-281(კ-09) 27 მაისი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავჯდომარე, მომხსენებელი)
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ჯ. ბ-ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ ჯ. ბ-ძის სარჩელისა გამო მოპასუხე ქ. ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ჯ. ბ-ძემ 2008 წლის აპრილში სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მიერ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობის საკუთრების უფლებით ჯ. ბ-ძისათვის გადაცემაზე უარის თქმის შესახებ 2008 წლის 18 იანვრისა და 2008 წლის 14 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე ახალი აქტის გამოცემა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით ჯ. ბ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიერ 2008 წლის 18 იანვარს მიღებულ გადაწყვეტილებას არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობის საკუთრების უფლებით ჯ. ბ-ძისათვის გადაცემაზე უარის თაობაზე, სარჩელის დაუშვებლობის მოტივით; ბათილად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიერ 2008 წლის 14 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება ჯ. ბ-ძის განცხადების განხილვაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხე, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიას დაევალა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობის საკუთრების უფლებით გადაცემის თაობაზე ჯ. ბ-ძის განცხადებასთან დაკავშირებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საპელაციო წესით გაასაჩივრა თვითმმართველი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედმა კომისიამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქალაქ ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება ქალაქ ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 14 თებერვლის ¹22 საოქმო გადაწყვეტილების (ჯ. ბ-ძის ნაწილში) ბათილად ცნობის და ადმინისტრაციული ორგანოსათვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემის დავალების შესახებ და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ. ბ-ძის სარჩელი ქალაქ ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 14 თებერვლის ¹22 საოქმო გადაწყვეტილების (ჯ. ბ-ძის ნაწილში) ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ჯ. ბ-ძემ და მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო პალატამ ჯ. ბ-ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობების შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 მარტის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინებით ჯ. ბ-ძეს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი დავის საგნის ღირებულების 5%, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ან ცნობა იმის შესახებ, რომ იგი, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული იღებს საარსებო შემწეობას. მასვე განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 მარტის ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება ჯ. ბ-ძეს საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა 2009 წლის 6 მარტს და ჩაჰბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით 2009 წლის 12 მარტს; შესაბამისად, კასატორისთვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად დაიწყო 2009 წლის 13 მარტს და ამოიწურა ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2009 წლის 19 მარტს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ხუთშაბათი, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის საკასაციო საჩივრის ავტორმა ხარვეზი არ შეავსო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ჯ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველად იქნეს დატოვებული ჯ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებაზზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.