საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-29-29(კ-09) 9 მარტი, 2009წ. ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი. პ.-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე _ ი. პ.-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების _ წალკის რაიონული სასამართლოსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) მიმართ, საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ.
სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ი. პ.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების წალკის რაიონული სასამართლოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) მიმართ და მოითხოვა საჯარო ინფორმაციის იძულებით გაცემა _ ქმედების განხორციელების დაკისრება.
თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს 2006 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ი. პ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. პ.-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ი. პ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილადა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ი. პ.-მა.
საკასაციო სასამართლომ ი. პ.-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობების შემოწმების შედეგად ჩათვალა, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 20 იანვრის განჩინებით ი. პ.-ს დაევალა ხარვეზის შესავსებად ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. ამავე განჩინებით განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.
ზემოაღნიშნული განჩინება ი. პ.-ს ჩაჰბარდა 2009 წლის 28 იანვარს.
ი. პ.-მა 2009 წლის 3 თებერვალს განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ჯანმრთელობის სირთულეებისა და მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, კერძოდ ბანკიდან აღებული სესხის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 თებერვლის განჩინებით ი. პ.-ს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა, რომლითაც კასატორს დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 300 (სამასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
ი. პ.-მა 2009 წლის 26 თებერვალს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და მოითხოვა საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის შემცირება 150 ლარით და ხარვეზის შესავსებად სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადასახდელად ხარვეზის განსაზღვრა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით სასამართლოს მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს კასატორის სახელმწიფო ბაჟის გადახდის შემცირების პროცესუალური წინაპირობა, რადგან კასატორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან შემცირების შესახებ არ არის საკმარისად მოტივირებული და ის ფაქტი, რომ მას ბანკთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების გამო არ შესწევს უნარი სრულად გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი რაც გამოწვეულია სს «საქართველოს სახალხო ბანკთან» დადებული სესხის ერთწლიანი - საკრედიტო ხელშეკრულებით, რის დამადასტურებელი დოკუმენტებიც წარმოადგენილი აქვს, არ წარმოადგენს გადახდისუუნარობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას, რადგან არ ასახავს კასატორის ქონებრივ მდგომარეობას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან კასატორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ი. პ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველად დარჩეს ი. პ.-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.