¹ბს-300-293(კ-08) 24 ივლისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები)_– ც. ჯ-შვილი და გ. ჯ-შვილი
მესამე პირები _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური
დავის საგანი _ თანხის დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.08წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ც. ჯ-შვილმა და გ. ჯ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას და მოპასუხე საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსათვის 584 266 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 27.06.97წ. ¹328 ბრძანებულებით დამტკიცდა ნულოვანი საწყისი ფასით გასაყიდი სააქციო საზოგადოებების სია. მითითებული ბრძანებულების შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ ჩაატარა აუქციონი. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 09.09.97წ. ¹2-3/550 ბრძანებით დამტკიცდა ნულოვანი აუქციონის შედეგები, რომელზეც პრივატიზებული იქნა სს «...» 70 946 ცალი აქცია 26 685 ლარად. ამავე მინისტრის 13.11.97წ. ¹06/397 ბრძანებით სააქციო საზოგადოების დირექტორს დაევალა აქციების შემძენი პირებისათვის შესაბამისი სერთიფიკატების გაცემა. გორის რაიონული სასამართლოს 11.02.98წ. დადგენილებით სს «...» შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა სს «...» და შეიცვალნენ აქციონერები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 27.07.99წ. გადაწყვეტილებით სს «...» ნულოვან აუქციონზე გასაყიდ ობიექტთა სიაში შეტანა არაკონსტიტუციურად ჩაითვალა. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 27.09.2000წ. ¹1-3/622 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი სს «...» აქციათა პრივატიზება ნულოვან აუქციონზე. გორის რაიონული სასამართლოს 11.01.01.წ. დადგენილებით რეგისტრაციაში იქნა გატარებული სს «...», 100%-ის მესაკუთრედ დაფიქსირდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო. ხსენებული სააქციო საზოგადოების დაფუძნებისას არ იქნა გათვალისწინებული მოსარჩელეთა ინტერესი, რომლებსაც აუქციონზე ჰქონდათ შეძენილი აქციები და მათი საკუთრების უფლება შეძენილ აქციებზე დადასტურებული იყო სქმ მინისტრის 09.09.97წ. ¹1-3/550 ბრძანებით. ჯ. ჯ-შვილს და ც. ჯ-შვილს შპს «...» გაფორმებული ჰქონდათ ხელშეკრულება ქ. გორში მდებარე სს «...» საკუთრების ნაწილზე. ხსენებული ხელშეკრულება ძალაში შევიდოდა საწარმოდან რეალური წილის გამოყოფის შემდეგ. სააქციო საზოგადოებიდან მათი წილების გამყოფის თაობაზე მიმართეს სს «...» ხელმძღვანელობას, რომელმაც აცნობა, რომ საკითხის განხილვა გადაიდებოდა საკონსტიტუციო სასამართლოში სს «...» აქციათა პრივატიზების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ საწარმოს შრომითი კოლექტივის კონსტიტუციური სარჩელის განხილვამდე. საკონსტიტუციო სასამართლოსა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ აქციათა პრივატიზების ბათილად ცნობის შემდეგ, 11.01.01წ. დაფუძნებულ ახალ სააქციო საზოგადოებაში მოსარჩელეთა ინტერესი გათვალისწინებული არ იქნა – საწარმო დაფუძნდა 100%-იანი სახელმწიფო წილით. მოსარჩელეთა განმარტებით, 384 266 ლარის ზიანი განიცადეს, ვინაიდან ვერ მიიღეს შპს «...» გაფორმებული ხელშეკრულების შეუსრულებლობით გათვალისწინებული თანხა. მოპასუხე მხარემ სრულად დაიბრუნა მოსარჩელეთა აქციები, მათ კი ყოველდღიურად ადგებოდათ ზიანი მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით, რამაც ჯამში 200 000 ლარი შეადგინა. მოსარჩელეებმა მოპასუხისათვის 584 266 ლარის დაკისრება მოითხოვეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 11.05.04წ. განჩინებით საქმეში მე-3 პირებად ჩაებნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური. ამავე სასამართლოს 06.07.04წ. განჩინებით მითითებული უწყებები საქმეში მოპასუხეებად ჩაებნენ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 16.07.04წ. გადაწყვეტილებით მოპასუხეებს ც. ჯ-შვილისა და გ. ჯ-შვილის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 8000 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ც. ჯ-შვილმა, გ. ჯ-შვილმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 09.03.05წ. განჩინებით ც. ჯ-შვილის, გ. ჯ-შვილის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 19.05.05წ. განჩინებით სასკ-ის 16.1 მუხლის საფუძველზე ფინანსთა სამინისტრო და სახაზინო სამსახური მე-3 პირებად ჩაებნენ საქმეში. 14.07.05წ. განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.05.06წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გ. ჯ-შვილისა და ც. ჯ-შვილის თითოეულის სასარგებლოდ დაეკისრა 18 514 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის 1-ლი და მე-5 ნაწილების თანახმად, როცა ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მიღებული სარგებელი და შესრულება უბრუნდებათ მხარეებს. ასეთ შემთხვევაში კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ამავე კოდექსის 394-ე მუხლის შესაბამისად. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეებს მხოლოდ მათ მიერ აქციათა შესაძენად გადახდილი თანხა, 8000 ლარი უნდა დაჰბრუნებოდათ. სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ «...» პრივატიზებისას დაარღვია «მეწარმეთა შესახებ» კანონი _ ობიექტი ისე შეიტანა საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში, რომ კანონით დადგენილი წესით არ მოუხდენია სააქციო საზოგადოების დაფუძნება და მისი რეგისტრაცია, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთ საფუძვლად იქნა მიჩნეული. ხელშეკრულების მოშლის შედეგად ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით მოპასუხე _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უნდა დაკისრებოდა გ. ჯ-შვილის სასარგებლოდ 18 514 აშშ დოლარის და ც. ჯ-შვილის სასარგებლოდ ასევე 18 514 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. შპს «...» გაფორმებული ხელშეკრულებების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი, სასამართლოს აზრით, არ უნდა ანაზღაურებულიყო, ვინაიდან მოსარჩელეებმა ვერ წარმოადგინეს ხელშეკრულებათა დედნები. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეებს არ გააჩნდათ აქციათა სერთიფიკატები, რის გამოც მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას მსგავსი ხელშეკრულებები გაეფორმებინათ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.07წ. განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.07წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ. კასატორმა აღნიშნა, რომ სააქციო საზოგადოების აქციათა 100%-ს ფლობდა სახელმწიფო, საწესდებო კაპიტალში მოსარჩელეთა წილი განსაზღვრული არ ყოფილა. კასატორის განცხადებით, დაუშვებელია პროცენტული წილის შესყიდულ აქციებთან გათანაბრება და ამ წესით რესტიტუციის გამოყენება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 508-ე მუხლის თანახმად, ყოველი მხარე ვალდებულია დაუბრუნოს ერთმანეთს ის რაც ხელშეკრულებით მიიღეს. სამინისტროს მოსარჩელეებისაგან დაუბრუნდა 8000 ლარად ღირებული 21 272 ცალი აქცია და სამაგიეროდ მათ უნდა დაბრუნებოდათ 8000 ლარი. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976.1 მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადაეცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. კონკრეტულ შემთხვევაში გარიგების ბათილობის გამო არ არსებობს ვალდებულება. კერძოდ, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ც. ჯ-შვილმა და გ. ჯ-შვილმა მონაწილეობა მიიღეს სს «...» აქციათა პრივატიზების მიზნით გამართულ აუქციონში და 21 272 ცალი აქციის შეძენის მიზნით თითოეულმა 4000, სულ ერთად 8000 ლარი გადაიხადეს. ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 27.07.99წ. გადაწყვეტილებით სს «...» ნულოვან აუქციონზე გასაყიდ ობიექტთა სიაში შეტანა არაკონსტიტუციურად ჩაითვალა, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 27.09.2000წ. ¹1-3/622 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი სს «...» აქციათა პრივატიზება ნულოვან აუქციონზე. გორის რაიონული სასამართლოს 11.01.01წ. დადგენილებით რეგისტრაციაში იქნა გატარებული სს «...», რომლის აქციათა 100%-ის მესაკუთრედ დაფიქსირდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ც. ჯ-შვილს და გ. ჯ-შვილს უფლება ჰქონდათ გარიგების ბათილობის შემდეგ სახელმწიფოსაგან მოეთხოვათ მათ მიერ გარიგების შესრულების მიზნით გადახდილი თანხა _ თითოეულს 4000 ლარი.
დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება გ. ჯ-შვილისა და ც. ჯ-შვილისათვის 4000 ლარის ნაცვლად 18 514 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის, სს «...» აქციათა 31%-ის გაზრდილი ღირებულების დაბრუნების თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში ფიზიკურმა პირებმა იმ ვალდებულების შესრულების მიზნით გადაიხადეს სადავო თანხა, რომელიც აღარ არსებობს გარიგების ბათილობის გამო. უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებები აკისრებენ ვალდებულ პირს კრედიტორის ადრინდელი ქონებრივი მდომარეობის აღდგენას. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მოსაზრებას განსახილველი დავის სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების საფუძველზე გადაწყვეტის შესახებ, რომლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ და კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების მხარეებს უარი არ უთქვამთ ხელშეკრულებაზე. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 27.09.2000წ. ¹1-3/622 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი სს «...» აქციათა პრივატიზება ნულოვან აუქციონზე, რისი სამართლებრივი შედეგიც არის ხელშეკრულების დადებამდე არსებული ვითარების აღდგენა. ასეთ შემთხვევაში მხარეებს ერთმანეთის მიმართ კანონით ზუსტად განსაზღვრული მოთხოვნის უფლება გააჩნიათ. სამოქალაქო კოდექსის 979.1 მუხლის თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით. ამავე კოდექსის 981-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მიმღები არ იღებს სარგებელს, რომელიც მას შეეძლო მიეღო მეურნეობის სათანადოდ გაძღოლის შედეგად, მაშინ ანაზღაურების მოვალეობა ეკისრება იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი მიუძღვის. ამავე ნორმის მე-2 წინადადებით განსხვავებულად არის მოწესრიგებული ფულის დაბრუნების პირობები. კანონი ითვალისწინებს ფულად ვალზე პროცენტის გადახდას. ასეთ შემთხვევაში სარგებლის მიუღებლობაში მოვალის ბრალის დადგენას სამართლებრივი მნიშვნელობა არ გააჩნია. აღნიშნული გამომდინარეობს ფულადი ქონების თავისებურებებიდან, რაც განსხვავდება სხვა ქონებრივი ობიექტებისაგან. ფულად საშუალებებს ყოველთვის შეუძლია სარგებელი მოუტანონ მის მესაკუთრეს. უსაფუძვლოდ გამდიდრებულ პირს ეკისრება არმიღებული ქონების ანაზღაურება.
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 27.07.99წ. გადაწყვეტილებით სს «...» ნულოვან აუქციონზე გასაყიდ ობიექტთა სიაში შეტანა არაკონსტიტუციურად ჩაითვალა იმის გამო, რომ საწარმოს ნულოვან აუქციონზე გატანისას «...» სააქციო საზოგადოებად დარეგისტრირებული არ იყო და არც მისი აქციები არსებობდა(ტ.1 ს.ფ. 137). ამდენად, მოპასუხისათვის ხელშეკრულების ხარვეზის არსებობა ცნობილი უნდა ყოფილიყო აუქციონის ჩატარების დროს, რის გამოც, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სადავო თანხაზე დასარიცხი პროცენტის ანაზღაურება უნდა დაეკისროს თანხის გადაცემის მომენტიდან. ამასთანავე, საქმეზე არ არის დადგენილი მოსარჩელეების მიერ თანხის გადაცემის მომენტი, აგრეთვე მოპასუხის მიერ აქციების შესაძენად გადახდილი თანხის დაუბრუნებლობის ფაქტი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია და არ დაუდგენია სადავო თანხით მისაღები სარგებელის ოდენობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენა და შესაბამისი თანხის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის დაკისრება არ გამოიწვევს დავის საგნის შეცვლას ან გაზრდას, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნას გადახდილი თანხის დაბრუნება და ზიანის ანაზღაურება შეადგენს. 8000 ლარზე დასარიცხი შესაბამისი პროცენტის მოპასუხისათვის დაკისრება წარმოადგენს სწორედ ამ თანხის დროულად დაუბრუნებლობით გამოწვეული ზიანის, მიუღებელი სარგებლის, ანაზღაურებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არის დაუსაბუთებელი, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს, რის გამოც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.12.08წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს იმავე სასამართლოს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.