Facebook Twitter

ბს-307-297(კ-09) 29 მაისი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი(მოპასუხე) _ სსიპ «საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო»

მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) _ მ. დ-ძე

მესამე პირები – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.01.09წ. განჩინება

დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

07.10.08წ. მ. დ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მუშაობდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტში ... თანამდებობაზე. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მისაღები დარჩა 1155.06 ლარის ხელფასი. მ. დ-ძემ აღნიშნული თანხის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.11.08წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაეკისრა მ. დ-ძის სასარგებლოდ 1155 ლარისა და 06 თეთრის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. სასამართლომ აღნიშნა, რომ «სახელმწიფო რეესტრის შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების ღონისძიებათა თაობაზე» საქართველოს მთავრობის 09.07.04წ. ¹56 დადგენილების I პუნქტის თანახმად, ლიკვიდირებული იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი და დადგენილებით განისაზღვრა ლიკვიდაციის შემდგომ ყოფილი მიწის მართვის დეპარტამენტის ქონებრივი და სამართლებრივი მდგომარეობა, დეპარტამენტის უფლებამონაცვლე. დადგენილებაში აღინიშნა, რომ «სახელმწიფო რეესტრის შესახებ» კანონის თანახმად, შეიქმნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელსაც გადაეცა მიწის მართვის დეპარტამენტის მატერიალურ - ტექნიკური ბაზა, შენობები, მონაცემთა საინფორმაციო ბანკი და სხვა ქონება, აგრეთვე, საშტატო რიცხოვნება და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსება. სასამართლომ მიუთითა, რომ უფლებამონაცვლეობის საკითხი ასევე დადასტურებული იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 12.12.07წ. განჩინებითაც. სასამართლომ მიიჩნია, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე მოსარჩელეს უფლება ჰქონდა მიეღო სახელფასო დავალიანება 1155 ლარი და 06 თეთრი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.01.09. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.01.09. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ «საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ».

28.05.09წ. მ. დ-ძემ სასარჩელო განცხადებაზე უარის თქმის შესახებ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ «საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონით გათვალისწინებულია გარკვეული თანხა ლიკვიდირებული მიწის მართვის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების სახელფასო დავალიანების დასაფარავად. იუსტიციის სამინისტროდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 26.01.09წ. ¹11 §18 ბრძანებით შეიქმნა კომისია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ყოფილი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელთა სასარგებლოდ არსებული კრედიტორული დავალიანების რეალობის დადგენის მიზნით. კომისიამ დაადგინა მის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების ოდენობა და იუსტიციის სამინისტროს ეკონომიურმა დეპარტამენტმა მოითხოვა მოსამსახურე ბანკის რეკვიზიტები და ანგარიშის ნომერი, რომელზეც ჩაირიცხება მისი ხელფასი. მ. დ-ძემ მიუთითა, რომ იუსტიციის სამინისტრო მზადაა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით გაისტუმროს მისი სახელფასო დავალიანება. განმცხადებელმა მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა სარჩელზე უარის თქმის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ განიხილა მ. დ-ძის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რის შესაბამისადაც მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამდენად, მოსარჩელემ, მ. დ-ძემ განაცხადა რა უარი სარჩელზე, გამოხატა თავისი ნება საპროცესო უფლების განსაკარგავად, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის.

სამოქალქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ვინაიდან სასკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელზე უარის თქმის განცხადებაზე.

საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს განუმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. დ-ძის განცხადება სარჩელზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.01.09. განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.11.08წ. გადაწყვეტილება და მ. დ-ძესა და სსიპ «საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს» შორის არსებულ დავაზე საქმის წარმოება შეწყდეს მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო;

3. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა სარჩელით იმავე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.