Facebook Twitter
¹ბს-309-299 (2კ-09) 9 სექტემბერი, 2009წ

¹ბს-309-299 (2კ-09) 9 სექტემბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – 1) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

2) ნ. ჯ-ავა (მოსარჩელე)

დავის საგანი – სახელფასო დავალიანებისა და სამივლინებო თანხების ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ნ. ჯ-ავას საკასაციო საჩივრის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ნ. ჯ-ავასათვის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. ჯ-ავამ 2008 წლის თებერვალში სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მიუღებული სახელფასო დავალიანების და სამივლინებო თანხების ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ავას სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელის მიუღებული სახელფასო დავალიანების და სამივლინებო თანხების გადაანგარიშება და ანაზღაურება.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოიყენა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის «თ» ქვეპუნქტი, ასევე 37-ე მუხლის პირველი ნაწილი და «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 მუხლი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილების იმ ნაწილის შეცვლით, რომლითაც მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა, მოსარჩელე ნ. ჯ-ავას მიუღებელი სამივლინებო თანხების გადაანგარიშება და ანაზღაურება; სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ. ჯ-ავას სარჩელი სამივლინებო თანხების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა, მოსარჩელე ნ. ჯ-ავას მიუღებელი სახელფასო თანხების გადაანგარიშება და ანაზღაურება დატოვებული იქნა უცვლელად.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2001 წლის 5 ოქტომბრის ¹2780 ბრძანებით სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტალის ..., სამედიცინო სამსახურის ლეიტენანტი ნ. ი. ასული ჯ-ავა, 2001 წლის 3 ოქტომბრიდან 2003 წლის 31 მარტამდე წარგზავნილი იქნა სასწავლებლად გერმანიის ფედარაციულ რესპუბლიკაში (კომპიუტერული ტომოგრაფიის კურსებზე). საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის 2003 წლის 17 მარტის ¹753 ბრძანების ამონაწერის თანახმად გერმანის ფედერაციულ რესპუბლიკაში კომპიუტერული ტომოგრაფიის კურსებზე წარგზავნილ ს/ს ლეიტენანტ ნ. ჯ-ავას, რომელსაც სასწავლო მივლინების ვადა უმთავრდება 2003 წლს 31 მარტს, მივლინების ვადა გაუგრძელდა 2003 წლის 30 ივნისამდე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების დეპარტამენტის უფროსის 2003 წლის 25 აგვისტოს ¹3651 ბრძანების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს/ს ლეიტენანტი ნ. ი. ასულ ჯ-ავამ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაამთავრა კომპიუტერული ტომოგრაფიის კურსები, იგი ჩაითვალა სასწავლო მივლინებიდან დაბრუნებულად და მიეცა კუთვნილი შვებულება 2003 წლის 3 აგვისტოდან ოცდაათი კალენდარული დღით.

სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოიყენა ნ. ჯ-ავას გერმანიის ფედერაციულ რეპუბლიკაში სასწავლებალდ წარგზავნის დროისათვის მოქმედი, “მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 აპრილის ¹220 ბრძანებულების ¹2 დანართი (ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი); აღნიშნულის თანხმად, თუ მუშაკის მივლინებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმღები მხარე უზრუნვლეყოფს კვების ხარჯებით, მაშინ მათ აუნაზღაურდებათ დღიური ნორმის 30% და ამ ბრძანებულების ¹4 დანართით გათვალისწინებული დანამატები; უცხოეთში მოსწავლეთა (სკოლის, უმაღლესი სასწავლებლის, სხვა სასწავლებლის) დელეგაციების გაგზავნისას, თუ მიმღები მხარე უზრუნველყოფს მხოლოდ კვებით, მაშინ მათ უნაზღაურდებათ დღიური ნორმის 15%; საზღვარგარეთ საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯები ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯების მიხედვით საშუალო თანრიგის სასტუმროში.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის, ნ. ბ-ძის, 2008 წლის 17 ნოემბრის ¹1211747 წერილზე ამავე სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსისადმი, რომლითაც ადრესატს მათი 2008 წლის 27 ოქტომბრის ¹8/5432 წერილის პასუხად გაეგზავნა ნ. ჯ-ავას გერმანიის ფედარაციულ რესპუბლიკაში ტომოგრაფიის კურსებზე (03.10.01-30.06.03) სწავლის პროგრამის ასლი გერმანულ ენაზე. მოცემული წერილით ირკვევა, რომ ამ პროგრამის ფარგლებში მგზავრობის ხარჯების, ფულადი (დღიური) თანხის, საცხოვრებლის კეთილმოწყობის, მომსახურების ჩამონათვალის, განთავსების (კვება, მგზავრობის ხარჯები), ადმინისტრაციული საკითხების მოგვარების ხარჯები აანაზღაურა გერმანულმა მხარემ. აღნიშნული პროგრამის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სასწავლებლად წარდგენილი ნ. ჯ-ავას მიერ გაწეული ყველა ხარჯი აანაზღაურა მიმღებმა მხარემ.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს ნ. ძ-ურის 2008 წლის 29 იანვრის ¹3-121/683 წერილი, რომლის თანხმადაც 2001 წლისათვის გერმანიაში სასწავლო მივლინებისათვის გათვალისწინებული იყო დღიური ხარჯის 15% 11.7 გერმანული მარკის ოდენობით; ასევე საქართველოს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2005 წლს 14 მარტის ¹9/574 წერილი იმის თაობაზე, რომ აღნიშნული სახის დავალიანებების დაფარვა შესაძლებელია საქართველოს ფინანასთა სამინისტროს შესაბამისი მიზნობრივი დაფინანსების გამოყოფის ხარჯზე და შესაბამისა წყაროს არსებობის შემთხვევაში კვლავ დაუბრუნდება დავალიანებების საკითხის განხილვას, ვინაიდან სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დასტურდება აღნიშნული წერილების გაცემის ფაქტობრივ -სამართლებრივი საფუძვლების არსებობა.

სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანად ჩათვალა, ვინაიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2001 წლის 5 ოქტომბრის ¹2780 ბრძანების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ სამხედრო მოსამსახურეების, მათ შორის, ნ. ჯ-ავას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (კომპიუტერული ტომოგრაფიის კურსებზე), წარგზავნა მოხდა თანამდებობის და ფულადი სარგოს შენარჩუნებით; სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მეორე პუნქტი; იმის გამო, რომ მოსარჩელის განმარტებით, მას ანაზღაურებული აქვს ოთხი თვის ფულადი სარგო, რაც მისმა დედამ მინდობილობის საფუძველზე მიიღო, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ სარჩელი ამ ნაწილში საფუძვლიანად მიიჩნია.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინიტრომ და ნ. ჯ-ავამ.

კასატორმა-საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორმა-ნ. ჯ-ავამ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ნ. ჯ-ავასთვის სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

კასატორი-საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თვლის, რომ მოსარჩელესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული ურთიერთობა წარმოადგენდა სახელშეკრულებო ურთიერთობას; კასატორი მიიჩნევს, რომ სარჩელის შეტანის დროს მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა როგორც სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი, ისე «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 127-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადები.

კასატორის ნ. ჯ-ავას მოსაზრებით, «მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 აპრილის ¹220 ბრძანებულება განსაზღვრავდა ამ მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესს. სახელმწიფომ არაერთხელ აღიარა განთავისუფლებული საჯარო მოხელეების მიმართ არსებული საბიუჯეტო დავალიანებები, რომელთა გაცემა უნდა განხორციელებულიყო წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ნ. ჯ-ავას საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2001 წლის 5 ოქტომბრის ¹2780 ბრძანებით სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტალის ..., სამედიცინო სამსახურის ლეიტენანტი ნ. ი. ასული ჯ-ავა, 2001 წლის 03 ოქტომბრიდან 2003 წლის 31 მარტამდე წარგზავნილი იქნა სასწავლებლად გერმანიის ფედარაციულ რესპუბლიკაში (კომპიუტერული ტომოგრაფიის კურსებზე). საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის 2003 წლის 17 მარტის ¹753 ბრძანების ამონაწერის თანახმად, გერმანის ფედერაციულ რესპუბლიკაში კომპიუტერული ტომოგრაფიის კურსებზე წარდგენილ ს/ს ლეიტენანტ ნ. ჯ-ავას, რომელსაც სასწავლო მივლინების ვადა უმთავრდებოდა 2003 წლს 31 მარტს, მივლინების ვადა გაუგრძელდა 2003 წლის 30 ივნისამდე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების დეპარტამენტის უფროსის 2003 წლის 25 აგვისტოს ¹3651 ბრძანებით ს/ს ლეიტენანტი ნ. ი. ასული ჯ-ავა, რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაამთავრა კომპიუტერული ტომოგრაფიის კურსები, ჩაითვალა სასწავლო მივლინებიდან დაბრუნებულად და მიეცა კუთვნილი შვებულება 2003 წლის 3 აგვისტოდან ოცდაათი კალენდარული დღით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანამხად, მოსამსახურეს აქვს მისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით; ასევე იმავე კანონის 39-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, უცხოეთში გრძელვადიან მივლინებად ითვლება მოსამსახურის გაგზავნა უცხო სახელმწიფოში ერთ თვეზე მეტი ვადით.

ნ. ჯ-ავას მივლინებაში ყოფნის პერიოდში 2001 წლის 3 ოქტომბრიდან სამივლინებო თანხების ანაზღაურების წესს განსაზღვრავდა ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 აპრილის ¹220 ბრძანებულება, რომლის ¹2 დანართის (,,ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი”) მე-3 პუნქტის თანახმად, მუშაკებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გრძელვადიანი სამსახურებრივი მივლინებისას დღიური ხარჯები უნაზღაურდებოდათ ამავე ბრძანებულების ¹3 დანართის მიხედვით საზღვარგარეთ საქართველოს დაწესებულებათა მუშაკებისათვის მოკლევადიანი მივლინებისას იმ სახელმწიფოს შიგნით, სადაც ეს დაწესებულება მდებარეობს. დანართი ¹2-ის მე-5 და მე-6 პუნქტების თანახმად კი, თუ მუშაკების მივლინებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმღები მხარე უზრუნველყოფს მხოლოდ კვების ხარჯით, მაშინ მათ უნაზღაურდებათ დღიური ნორმის 30 პროცენტი და ამ ბრძანებულების ¹4 დანართით გათვალისწინებული დანამატი. უცხოეთში მოსწავლეთა (სკოლის, უმაღლესი სასწავლებლის, სხვა სასწავლებლის) დელეგაციების გაგზავნისას, თუ მიმღები მხარე უზრუნველყოფს მხოლოდ კვებით, მაშინ მათ უნაზღაურდებათ დღიური ნორმის 15 პროცენტი. ამავე დანართის მე-7 პუნქტის თანახმად საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯები ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯების მიხედვით, საშუალო თანრიგის სასტუმროში, გარდა სამთავრობო დელეგაციებისა. როცა მიმღები მხარე ჯავშნის სასტუმროს ნომერს, ამ შემთხვევაში დასაშვებია დაქირავებულო ნომრის ღირებულების გადახდა მიუხედავად მისი საფასურისა.

ტ.II,სფ.40-ზე წარმოდგენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის 2008 წლის 17 ნოემბრის ¹12/1747 წერილი, ამავე სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსისადმი, რომლითაც ადრესატს 2008 წლის 27 ოქტომბრის ¹8/5432 წერილის პასუხად გაეგზავნა; ამ წერილს თან ახლავს დანართის სახით ნ. ჯ-ავას გერმანიის ფედარაციულ რესპუბლიკაში კომპიუტერული ტომოგრაფიის კურსებზე (03.10.01-30.06.03) სწავლის პროგრამის ასლი გერმანულ ენაზე; ამ პროგრამაში მითითებულია გერმანიის ფედერაციული რეპუბლიკის ფინანსური ვალდებულობა კურსანტის მიმართ, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: სასწავლო ღონისძიება ხორციელდება 09.06.98 სამხედრო კურსანტის დირექტივების დანართი I საფუძველზე; აღნიშნული პროგრამის შინაარსით ირკვევა, რომ გერმანიის სახელმწიფომ ნ. ჯ-ავას მიმართ იკისრა მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება; ფულადი (დღიური) თანხის ანაზღაურება; საცხოვრებლის კეთილმოწყობა; განთავსება (კვება, მგზავრობის ხარჯები); ადმინისტრაციული საკითხების მოგვარების და მომსახურების ხარჯები. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სასწავლებლად წარდგენილ ნ. ჯ-ავასთან მიმართებაში მიმღები მხარის მიერ გაწეულ იქნა ყველა ხარჯი. ამასთან საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქმეში არ მოიპოვება პირადად ნ. ჯ-ავას მიერ ხარჯების გაწევის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტაცია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამივლინებო თანხა მოიცავს მგზავრობის, განთავსების, სადღეღამისო (მათ შორის კვების) ხარჯებს; მოცემულ შემთხვევაში კი საქმის მასალებით დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელე ნ. ჯ-ავასთან მიმართებაში ყველა აღნიშნული ხარჯი გაღებულია მიმღები სახელმწიფოს მიერ; აღნიშნული დადასტურებულ იქნა თავად მოსარჩელის მიერ სააპელაციო პალატის 2008 წლის 9 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე (ტ.II, სფ.80); რის გამოც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა სამივლინებო ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე; საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2001 წლის 05 ოქტომბრის ¹2780 ბრძანებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ ნ. ჯ-ავა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (კომპიუტერული ტომოგრაფიის კურსებზე), წარგზავნილ იქნა თანამდებობის და ფულადი სარგოს შენარჩუნებით; “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მივლინების პერიოდში მოსამსახურეს უნარჩუნდება მოხელის ან დამხმარე მოსამსახურის დაკავებული თანამდებობა და შესაბამისი შრომითი გასამრჯელო (ხელფასი, დანამატი); «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მივლინებაში ყოფნის მთელ პერიოდში არსებული სახელფასო დავალიანება. ამიტომ საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის მოტივს სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც ნ. ჯ-ავას და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. არ დაკმაყოფილდეს ნ. ჯ-ავას და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები;

2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.