Facebook Twitter
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-316-306(კ-09) 12 ივნისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა

კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შპს «...» დირექტორის კ. კ-ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2009 წლის 27 თებერვალს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-316-306(კ-09) შპს «...» დირექტორის კ. კ-ძის საკასაციო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 მარტის განჩინებით შპს «...» დირექტორის კ. კ-ძის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3 მუხლის მოთხოვნას, რადგან საკასაციო საჩივარზე კასატორს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. შესაბამისად, მითითებული ხარვეზის შესავსებად კასატორს მიეცა საპროცესო ვადა 5 დღე (იხ. ს.ფ. 51-52).

კასატორმა ხარვეზი არ შეავსო და საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ შპს «...» დირექტორის კ. კ-ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორს საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 9 მარტის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 9 მარტის განჩინების ასლი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, გაიგზავნა შპს «...» იურიდიულ მისამართსა და მისი დირექტორის – კ. კ-ძის საცხოვრებელ მისამართზე. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებების თანახმად, შპს «...» საკასაციო სასამართლოს გზავნილი არ ჩაჰბარდა ადრესატებს იმის გამო, რომ შპს «...» დროებით არ მუშაობდა, ხოლო მისი დირექტორი _ კ. კ-ძე ბინაზე არ იმყოფებოდა (იხ. ს.ფ. 55-58). 2009 წლის 7 მაისს უზრუნველყოფილ იქნა ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 6 მარტის განჩინების ჩაბარება შპს «...» იურისტისათვის _ შ. გ-ძისათვის, რომელსაც წარმომადგენლობითი უფლებამოსილება აქვს მინიჭებული შპს «...» დირექტორის კ. კ-ძის მიერ (იხ. ს.ფ. 65; ტ.I).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლის შესაბამისად, სასამართლო მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს უგზავნის სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინების ან ბრძანების ასლს. წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.1 მუხლის თანახმად, გაგზავნილი დოკუმენტი მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამავე კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 9 მარტის განჩინება ჩაჰბარდა კასატორის წარმომადგენელს – შ. გ-ძეს 2009 წლის 7 მაისს, შესაბამისად, განჩინება ჩაბარებულად ითვლება მხარისთვისაც, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის, კასატორს ხარვეზის შევსების მიზნით, საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს «...» დირექტორის კ. კ-ძის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს «...» დირექტორის კ. კ-ძის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.