Facebook Twitter
ბს-321-311(კ-09) 19 ნოემბერი, 2009წ

ბს-321-311(კ-09) 19 ნოემბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს «...» (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები _ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური (მოპასუხე)

დავის საგანი – ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს «...» 2007 წლის აგვისტოში სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით შპს «...» სარჩელი არ დაკმაყოფილდა; შპს «...» სასარჩელო მოთხოვნას ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამასახურის 2007 წლის 7 აგვისტოს ¹00000077 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს «...» წარმოადგენს სამედიცინო და კოსმეტიკურ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, რომელიც ფუნქციონირებს 1999 წლიდან. კომპანიამ 2003 წელს შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ... ქ. ¹52-ში და ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2005 წლის 22 აპრილის ¹20/153 ბრძანებისა და 2005 წლის 8 ივნისის ¹ნ/140 მშენებლობის ნებართვის საფუძველზე აწარმოა მშენებლობა, რომლის პროცესშიც გამოიკვეთა საქვაბისა და ელექტრო გენერატორის დანადგარის ატმოსფერული ნალექებისაგნ დასაცავად სათავსოს მოწყობის აუცილებლობა. აღნიშნული დანადგარები გადახურული იქნა მსუბუქი ტიპის კონსტრუქციის სახურავით, რაც კანონმდებლობის შესაბამისად მოითხოვდა შესაბამისი ცვლილების შეტანას შეთანხმებულ პროექტში.

ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 7 ივლისის ¹00000077 დადგენილებით შპს «...» დაჯარიმებული იქნა 15 000 ლარით. მათ შორის 10 000 ლარით ექსპლუატაციაში მიუღებლად ობიექტის ფუნქციონირებისათვის და 5 000 ლარით მიწერილობის შეუსრულებლობისათვის.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2007 წლის 25 ივნისის ¹00000077 მიწერილობით შპს «...» განუსაზღვრა 30 დღის ვადა დარღვევის გამოსასწორებლად, რომელიც 2007 წლის 26 ივნისს ხელზე ჩაიბარა შპს «...»-ს უფლებამოსილმა პირმა.

2007 წლის 26 ივლისის შემოწმების აქტით დადასტურებული იქნა, რომ ზემოთ მითითებული მიწერილობა შპს «...»-ს მიერ არ იქნა შესრულებლი. ამიტომ სასამართლომ უდავოდ დადენილად ცნო ობიექტის ექსპლუატაციაში მიუღებლად ფუნქციონირებისა და მიწერილობაში მითითებული მოთხოვნების შეუსრულებლობის ფაქტი.

საქალაქო სასამართლომ გამოიყენა «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-41 მუხლის მე-4 პუნქტის «ა» ქვეპუნქტი, ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი და ამავე მუხლის მე-7 პუნქტის «გ» ქვეპუნქტი.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 7 აგვისტოს ¹00000077 დადგენილება არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «...».

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 დეკემბრის განჩინებით შპს «...» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «...» და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2007 წლის 25 ივნისს ¹00000077 მიწერილობა, რომლითაც შპს «...» განესაზღვრა 30 დღიანი ვადა დარღვევის გამოსასწორებლად არ შეასრულა და სამედიცინო ცენტრის ექსპლუატაციაში მიუღებლად ფუნქციონირებს. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შპს «...» არაერთხელ ჰქონდა მიმართვა თბილისის ურბანული დაგეგმარების სამსახურის მიმართ პროექტის კორექტირების შესახებ, რაც ურბანულმა სამსახურმა არ გაითვალისწინა და საკითხის განხილვა გააჭიანურა.

სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ შპს «...» კლინიკის მშენებლობა დამთავრებული იყო და მხოლოდ სახურავზე განლაგებული საქვაბე და ელექტროგენერატორის დანადგარების ატმოსფერული ნალექებისაგან დაცვის მიზნით, მშენებლობის პროცესში გამოიკვეთა მისი გადახურვის აუცილებელი საკითხიც, რის გამოც სახურავი გადახურული იქნა მსუბუქი ტიპის კონსტრუქციის სახურავით.

კასატორი უთითებს, რომ ამჟამად პროექტი ლეგალიზებულია და მათ მიერ ჩატარებული იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ბიუროში საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომლის თანახმად შპს «...» სახურავზე განთავსებული მსუბუქი კონსტრუქციის მოხსნა და დაშლა იქნება როგორც უსაფრთხოების ნორმების, ასევე მათი ექსპლუატაციის წესების დარღვევა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს «...» საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 დეკემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა საკასაციო პალატაში მხარეთა მიერ წარმოდგენილ იქნა მორიგების აქტი; აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე. ამ ნორმის მოთხოვნაა, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ შეამოწმა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება პირის ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების თაობაზე და თვლის, რომ კანონი არ ითვალისწინებს შესაბამისი სამართლებრივი წანამძღვრების გარეშე პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას; ამასთან საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი არ არის მორიგების კონკრეტული პირობები, რის გამოც მოცემული საქმის მორიგებით დამთავრების თაობაზე მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის მიერ 2007 წლის 7 ივლისის ¹00000077 დადგენილებით, შპს «...» დაჯარიმებული იქნა 15 000 ლარით; მათ შორის 10000 ლარით ექსპლუატაციაში მიუღებლად ობიექტის ფუნქციონირებისათვის და 5 000 ლარით მიწერილობის შეუსრულებლობისათვის (სფ.4-5).

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ქ. თბილისში, ... ქ. ¹52-ში შპს «...» მიერ განხორციელდა სამედიცინო ცენტრის შენობის ფუნქციონირება ექსპლუატაციაში მიუღებლად. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 25 ივნისის ¹00000077 მიწერილობით შპს «...» განესაზღვრა 30 დღის ვადა დარღვევის გამოსასწორებლად, რომელიც 2007 წლის 26 ივნისს ჩაიბარა შპს «...»-ს უფლებამოსილმა პირმა. 2007 წლის 26 ივლისის შემოწმების აქტით დადასტურებულ იქნა, რომ ზემოთ მითითებული მიწერილობა შპს «...»-ს მიერ არ იქნა შესრულებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ უდავოდ დადგენილად ცნო ობიექტის ექსპლუატაციაში მიუღებლად ფუნქციონირებისა და მიწერილობაში მითითებული მოთხოვნების შეუსრულებლობის ფაქტი.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-41 მუხლის მე-4 პუნქტის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, შემოწმების აქტის საფუძველზე, თუ აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას დამრღვევის დაჯარიმების შესახებ. ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები განიხილავენ დარღვევებს და იღებენ გადაწყვეტილებებს დამრღვევის მიმართ სანქციების გატარების თაობაზე, ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, ზედამხედველობის ორგანოებს უფლება აქვთ დარღვევის არსებობის შემთხვევაში მშენებლობაში მონაწილეთათვის გასცენ მიწერილობა პროექტის სამშენებლო ნორმებისა და წესების, ასევე სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის დარღვევათა გამოსწორების შესახებ.

საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ შპს «...» სახელზე გაგზავნილი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებით, ასევე შპს «...» სახელზე გაგზავნილი და 2007 წლის 3 აგვისტოს ჩაბარებული ¹22/165 უწყებით და 2007 წლის 6 აგვისტოს ოქმით დადასტურებულია, რომ სადავო ადმინსტრაციული აქტი მომზადებულია და გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმასათან დაკავშირებით, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2007 წლის 7 აგვისტოს ¹00000077 დადგენილება არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც შპს «...» საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. არ დაკმაყოფილდეს შპს «...» საკასაციო საჩივარი;

2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 დეკემბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.