ბს-322-312(კ-09) 16 ივნისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს «...» დირექტორის გ. ბ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ოქტომბრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2006 წლის 20 ივლისს შპს «...» დირექტორმა გ. ბ-შვილმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის ისანი-სამგორის განყოფილებისა და თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა შპს «...» გადასახადისა და ჯარიმა-საურავების დარიცხვის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის ისანი-სამგორის განყოფილების 2006 წლის 4 ივლისის ¹1410 «საგადასახადო მოთხოვნისა» და თბილისის საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა აუდიტის სამმართველოს გასვლითი საგადასახადო შემოწმების განყოფილების 2006 წლის 10 ივნისის შემოწმების აქტის ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-2).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 15 მარტის საოქმო განჩინებით საქმეში სათანადო მოპასუხედ ჩაერთო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექცია (იხ. ს.ფ. 41-42).
მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი და მითითებულ მოთხოვნებთან ერთად მოითხოვა თბილისის საგადასახადო ინსპექციის ისანი-სამგორის განყოფილების 2006 წლის 4 ივლისის ¹დ/337 ბრძანების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 44).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 მარტის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (იხ. ს.ფ. 48-49).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით შპს «...» დირექტორის გ. ბ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 136-145).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «...» დირექტორმა გ. ბ-შვილმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 154-158).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 აპრილის საოქმო განჩინებით სსსკ-ის 92-ე მუხლის შესაბამისად, თბილისის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლედ დადგინდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის რეგიონალური ცენტრი (იხ. ს.ფ. 193-196).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით შპს «...» დირექტორის გ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 236-250).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «...» დირექტორმა გ. ბ-შვილმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 257-271).
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 24 აპრილის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული შპს «...» დირექტორის გ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 312-314).
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს მხარეებმა.
კასატორმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:
კასატორის მითითებით, საგადასახადო შემოწმება, რის საფუძველზეც გამოიცა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ჩატარდა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც შემოწმების შედეგად მოპოვებულ მტკიცებულებებს არა აქვს იურიდიული ძალა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2006 წლის 30 მარტის დადგენილებით უარი უთხრა საგადასახადო ინსპექციას შპს «...» სამეწარმეო საქმიანობის შემოწმების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნულის მიუხედავად, საგადასახადო ორგანომ გამოსცა ბრძანება გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარებაზე, რაც უკანონოდ განხორციელდა, რადგან შემოწმების აქტში ჩატარების საფუძვლად მითითებულია სასამართლოს დადგენილება, რაც შემოწმების ჩატარებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა. სასამართლოს დადგენილებაში მიეთითა, რომ «სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ» კანონის მე-4 მუხლი, რომლის მიხედვით, კონტროლის ეს წესი არ ვრცელდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. ამდენად, საგამოძიებო ორგანოს შეიძლებოდა ეხელმძღვანელა ამ ნორმებით და არა გასვლითი საგადასახადო შემოწმების მარეგულირებელი ნორმებით. მითითებული ნორმები ითვალისწინებს დოკუმენტალური რევიზიის ჩატარებას, რომლის შესახებ არსებობს ფინანსური პოლიციის 2006 წლის 22 მარტის წერილი საგადასახადო ორგანოსადმი დოკუმენტალური რევიზიისა და ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ და გამომძიებლის დადგენილება დოკუმენტალური რევიზიის ჩატარების შესახებ, მაგრამ ამ წესით რევიზია არ ჩატარებულა.
ამდენად, კასატორის მოსაზრებით, გასვლითი საგადასახადო შემოწმება ჩატარდა კანონდარღვევით.
კასატორის მოსაზრებით, არ უნდა იქნეს გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ სასამართლოს დადგენილება საფუძველს ქმნიდა რევიზიის ჩატარებისათვის, რადგან დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის «ი» პუნქტით გათვალისწინებული საგამოძიებო-საპროცესო მოქმედების _ რევიზიის ჩატარების უფლება აქვს გამომძიებელს მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე და მის მიერ გამოტანილი დადგენილების შესრულება სავალდებულოა. ამ შემთხვევაში, საუბარია რევიზიის, როგორც საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე და არა საგადასახადო საკონტროლო შემოწმებაზე, როგორც სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის სახეზე.
კასატორის მითითებით, საგადასახადო შემოწმების აქტის უსაფუძვლობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ 2003 წლის პერიოდის საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებით სამართალწარმოება მიმდინარეობს ასევე შპს «...» სარჩელთან დაკავშირებით და სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილია გადაწყვეტილება, რომლითაც პრაქტიკულად უკანონოდ და დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული ამავე ნაწილში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რაც პირდაპირ და არაპირდაპირ უკავშირდება სადავო საკითხსაც, კერძოდ, 2003-2004 წლების საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებაში. ამჟამად საქმე იმყოფება უზენაეს სასამართლოში საგადასახადო ორგანოთა საკასაციო საჩივრებით განსახილველად.
შემოწმების აქტში მითითებული დარიცხვა უკავშირდება აგრეთვე სხვა რეზიდენტი იურიდიული პირისაგან მიღებულ სასესხო ვალდებულებას, რომელიც გადახდის შემთხვევაში, უნდა დაიბეგროს საგადასახადო კოდექსსი 196-ე მუხლის შესაბამისად. კასატორის მოსაზრებით, შპს «...» საგადასახადო კოდექსის 196.4 და 205-ე მუხლების შესაბამისად, სრული უფლება ჰქონდა სასესხო ვალდებულებასთან დაკავშირებული გადასახდელი პროცენტი აესახა გამოსაქვით ხარჯებში, რომლის საწინააღმდეგო რაიმე სამართლებრივი საფუძველი შემოწმების აქტით არ დაფიქსირებულა.
კასატორის მითითებით, 2004 წლის 5 იანვარს საზოგადოების მიერ საწვავის იმპორტსა და ადგილობრივ შესყიდვებთან დაკავშირებით, კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით განხორციელდა დაბეგვრის ოპერაციები, დასაბეგრი ბრუნვის დეკლარირება-აღრიცხვა და ამ მხრივ რაიმე პრეტენზიის საფუძველი არ არსებობს.
ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული დასკვნები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგება სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად შეაფასა ის გარემოება, რომ პრაქტიკულად საგადასახადო დარიცხვა განხორციელდა ერთსა და იმავე საფუძვლით ერთსა და იმავე ფაქტის მიმართ, ორი სხვადასხვა აქტით.
ამდენად, კასატორმა მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის «ა» და «ბ» ქვეპუნქტების მოთხოვნებს (იხ. ს.ფ. 323-328).
მოწინააღმდეგე მხარემ _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა შემდეგი მოტივით:
მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებით, საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს.
მოწინააღმდეგე მხარემ უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ გაიზიარა კასატორის არგუმენტები, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, რამაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა განაპირობა. სასამართლოებმა დეტალურად შეისწავლეს ფაქტობრივი გარემოებები და სწორად შეაფასეს ისინი, ასევე სწორად განიმარტა საგადასახადო კოდექსის მე-80 და 113-ე მუხლები.
მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებით, არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული და განმარტებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროებაც.
ამდენად, მოწინააღმდეგე მხარემ მიიჩნია, რომ საქმე განხილულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი (იხ. ს.ფ. 329-333).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს «...» დირექტორის გ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორის _ შპს «...» დირექტორის გ. ბ-შვილის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი და მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ შპს «...» დირექტორის გ. ბ-შვილის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს «...» დირექტორის გ. ბ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს «...» დირექტორის გ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს _ შპს «...» უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 30%-ის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რადგან საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 24 აპრილის განჩინებით, კასატორს სსსკ-ის 48-ე მუხლის შესაბამისად, გადაუვადდა საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამასთან, სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის სრული ოდენობის 70% ექვემდებარება დაბრუნებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორ შპს «...» მიერ საკასაციო საჩივარზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს სსსკ-ის 39.1 მუხლის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, 90 ლარს (300-ის 30%), რაც უნდა გადახდეს კასატორს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს «...» დირექტორის გ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორს შპს «...» დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის 30% _ 90 ლარის გადახდა შემდეგ ანგარიშზე: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900 (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი _ 300773150, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ 220101222);
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.