Facebook Twitter
ბს-323-313(კ-09) 14 მაისი, 2009 წელი

ბს-323-313(კ-09) 14 მაისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს ,,...” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2004 წლის 4 თებერვალს და 22 ივლისს შპს ,,...” სასარჩელო და დაზუსტებული სასარჩელო განცხადებებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2004 წლის 1 მარტს ჩატარდა აუქციონი, რომელზეც შპს ,,...” სარგებლობაში არსებული სახელმწიფოს კუთვნილი ავტომანქანების რეალიზაცია განხორციელდა. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული აუქციონი ჩატარებულია კანონის დარღვევით, რადგან შპს ,,...” წესდების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საწარმოს წილთა 100%-ის მფლობელია სახელმწიფო, რომლის უფლებამოსილებასაც ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ,,საწარმოთა მართვის სააგენტო”. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად ,,საწესდებო კაპიტალი პარტნიორს შეტანილი აქვს წესდების ხელმოწერისთანავე _ სახელმწიფოს 100%-ით საკუთარი ქონებით”.

მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა.ა” ქვეპუნქტის თანახმად, როდესაც აუქციონზე გასატანი ქონება არის სახელმწიფო საკუთრება, აღმასრულებელი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ სახელმწიფო ქონების მართვის სამსახურს, რაც არ განხორციელებულა ამ შემთხვევაში და ამით დაირღვა აუქციონზე რეალიზებული ავტომანქანების მესაკუთრის ანუ სახელმწიფოს ინტერესები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2004 წლის 1 მარტს ჩატარებული აუქციონის შედეგების და რეალიზებულ ავტომანქანებზე უფლების გადაცემის შესახებ ამ აუქციონის შედეგად გაცემული განკარგულებების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 11 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 14 თებერვლის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ კ. ა-ური, ბ. გ-შვილი, ნ. ბ-ძე, გ. ფ-ძე, ვ. ო-შვილი, პ. ა-შვილი, დ. ნ-შვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით, შპს ,,...” სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...” და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ნოემბრის განჩინებებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ტ. მ-ოვი; პ. ა-შვილის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა გ. კ-იანი; ვ. ო-შვილის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ზ. ა-ული; გ. ფ-ძის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა შპს ,,...”; დ. ნ-შვილის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ნ. ბ-შვილი; ბ. გ-შვილის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ზ. თ-შვილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 დეკემბრის განჩინებით შპს ,,...” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს ,,...” საკასაციო საჩივარი; შპს ,,...” მიერ სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდის საკითხის გადაწყვეტა განისაზღვრა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,...” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან შპს ,,...” საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,...” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 17 დეკემბრის განჩინება;

3. შპს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას” დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.